***
05.01.2021, 23:44
თოვდა...
მისი სიჩუმე და სიცივის შიში გულს მიწვრილებდა..
საწოლზე გულაღმა ვიწექი და ვერაფრით ვიძინებდი.
ვფორიაქობდი.
ცოტა ხანს კიდევ ვიწრიალე, მერე ავდექი და სამზარეულოში გავედი. ნათურა ავანთე, რომელიც ძლივს ბჟუტავდა და ქილაში დარჩენილი ბოლო კოვზი ყავა მოვიმზადე. მაგიდასთან დავჯექი და ჩაბნელებულ ქალაქს გადავხედე ფანჯრიდან, რომელსაც მხოლოდ თეთრი ფიფქები ანათებდა.
არასდროს მიყვარდა ზამთარი, ან რა შესაყვარებელი იყო? ეგ მხოლოდ ისეთ ადამიანებს უყვართ, ვინც უზრუნველად ზის აგიზგიზებული ბუხრის წინ ძვირადღირებული ჩაით ხელში და ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს დღეებს.
მე კი მარტოობით და ტკივილით გაყინული, რა თავში ვიხლიდი თოვლს.
სულ იმის შიშში ვიყავი, ვაი რომ გადასახადების გადახდა ვერ შევძლო, სიცივეს როგორ გავუძლებთქო. ამ შიშის გამო მეეზოვედ დავიწყე მუშაობა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. სხვა სამსახურში კი არ მიმიღეს, ორმოც წელს გადაცილებული ადამიანი არ აგვყავსო რამდენჯერმე მომაძახეს. მეც პატარა ბავშვივით გულნატკენი და აცრემლებული მოვდიოდი ყოველ ჯერზე უკან და მერე საერთოდ შევწყვიტე ძებნა.

დღეს საღამოს საჩუქრები დაგვირიგეს სამსახურში. მიხაროდა იმიტომ, რომ შემეძლო ნათურაც და გამათბობელიც უფრო დიდხანს მქონოდა ჩართული, რადგან პროდუქტით უკვე უზრუნველყოფილი ვიყავი.
 პარკები სახლში მოვიტანე და გახარებულმა დავიწყე პროდუქტების ამოლაგება, რომელიც ორი კვირა მაინც მეყოფოდა და გული სიხარულით ამევსო, დავმშვიდდი.
-შვილო ნუ მოიწყენ, ღიმილით უნდა შეეგებო ყოველ ახალ წელს და სურვილები ჩაიფიქრო, იქნებ ერთ დღეს აგიხდეს და საჩუქრები მოგიტანოს თოვლის ბაბუამ. _ სამზარეულოში მჯდომს, ჩემი მეზობლის ტკივილიანი და დარდიანი ხმა შემომესმა.
-დედა, მე მხოლოდ ნამცხვარი მინდა, ამ ახალ წელს რომ ტკბილეული გვქონდეს, უჰ რა ბედნიერი ვიქნები.
-მთავარია არ მოგვშივდეს და ერთ დღეს აუცილებლად გვექნება ნამცხვარი, გპირდები დედი. _ ხმა უკანკალებდა ქალს და ეტყობოდა, რომ ცრემლებს ძლივს იკავებდა.
გული შემეკუმშა, ცრემლი მომერია და ცხოვრებაში პირველად  მომინდა ბევრი ფული მქონოდა. მინდოდა ყველა ოცნება ამესრულებინა პატარა გოგონასთვის, რომელიც დედის ხათრით თავის სურვილებს ვერ ამხელდა და მხოლოდ ნამცხვარზე ოცნებასაც ჯერდებოდა.
ფეხზე წამოვდექი, კარადაში შენახული პროდუქტები უკან გამოვალაგე და ნამცხვრის გაკეთება დავიწყე. შვიდი საათი სრულდებოდა და ახალ წლამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი.
მომზადება რომ დავასრულე, ჟანგმოკიდებული გაზქურის კარები ძლივს გამოვაღე და თხელი მასა ფორმაში ჩავასხი იმ იმედით, რომ გამიმართლებდა და გამოცხვებოდა. ჩემდა გასაკვირად გაზქურამ ბოლომდე იმუშავა და ნახევარ საათში ფუმფულა ნამცხვრის ფირფიტა მზად მქონდა.
სასაჩუქრე პარკში რამდენიმე პაკეტი "სოკის" ფხვნილიც აღმოვაჩინე. კრემში შევურიე და ცისარტყელასავით ფერადი გამოვიდა მორთულ_მოკაზმული ნამცხვარი. რომ დავყნოსე ნერწყვი მომადგა, მაგრამ მერე პატარა გოგონას ნატვრა გამახსენდა. ტირილამდე მისულს  ჭამის მადა სულ დამეკარგა და ღმერთს გამუდმებით ვთხოვდი ყველა ბავშვს ულხინე დედამიწაზეთქო.
ღამის 12 საათი სრულდებოდა, ნამცხვარი ფრთხილად გავიტანე გარეთ, ჩემი მეზობლის კარებზე დავაკაკუნე და აჩქარებული ნაბიჯით შემოვედი სახლში. ამასობაში ხალხი გარეთ გასულიყო ახალი წლის შესაგებებლად, უკვე თითებზე ითვლიდნენ ბოლო წამებს და ამ დროს ჩემი მეზობლის სახლიდან ისევ შემომესმა ხმა, ოღონდ ამჯერად სიხარულით, ღიმილით და ბედნიერებით გაჟღენთილი.
-დედიკო, რა ლამაზი ნამცხვარია, შეხედე როგორი ფერადია. _ ფეხებს იატაკზე აბაკუნებდა გახარებული გოგონა.
-ხედავ დე? სასწაულების უნდა გჯეროდეს, ახალ წელს ყველა ოცნება სრულდება. _ გაკვირვებული, მაგრამ ბედნიერი და მადლიერი ხმა ჰქონდა ქალს.
ვხედავდი იმ ღამეს როგორ ენთო მთელი ღამე შუქი ჩემი მეზობლის სახლში. და გაღებული სარკმლიდან აღწევდა მათი ბედნიერი ხმა ჩემამდე, რომლებმაც იმ ღამეს ირწმუნეს სასწაულების არსებობის.

ეს ყველაზე ბედნიერი ახალი წელი იყო ჩემთვის. მივხვდი, რომ ყველას შეგვიძლია სიკეთე ვაკეთოთ და გარშემომყოფებს ჯადოსნური ახალი წელი ვაჩუქოთ. 
ჩემი მეზობლები ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ მათსავით ღარიბი მეზობელი გაუწევდა დახმარებას, რომელიც ახალ წელს ცარიელი მაგიდით და თეფშებით, თუმცა სიხარულით სავსე გულით შეხვდა.
/ჟანნეტ ბოგვერაძე/

01.01.2021

#აკეთეთსიკეთე და დააჯერეთ გარშემომყოფებს სასწაულების არსებობის!
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 47 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar