(არა)ნორმალურობა
16.02.2018, 18:10

ზედმეტად უცნაური სახელი ერქვა, ნამდვილად უცნაური იყო ჩემთვის. უეცრად ყურში, რომ მოგხვდება და დარწმუნებული ხდები ასე ადვილად რომ არ დაგავიწყდება, თუმცა როგორც კი თვალს მიეფარა, მისი სახელიც თითქოს ვიღაცამ წამსვე წაშალა ჩემი ტვინის ხვეულებიდან. არაფრით განსხვავებული გარეგნობა არ ჰქონდა, სხვებისაგან წამსვე ამით რომ გამოგერჩია, მაგრამ სწორედ ასეთები ხვდებიან თვალში ადამიანებს. თითქოს სოციალური ურთიერთობებისგან გადაღლილებს რომ ჰგვანან, სინამდვილეში კი მარტოსულად გრძნობენ თავს... უხდებოდა ყველაფერს და ყველაფერი ერგებოდა მას.

მწვანე მინდვრები ერთიანად იწყებდნენ ზღვის ტალღებივით ლივლივს, ყვავილები კი მაშინვე შლიდნენ კოკრებს და ეფიცხებოდნენ მზის სხივებს, როდესაც იგი ჩნდებოდა მათ სიახლოვეს.

უცნაური იყო... უტყვი, უგრძნობი, უსაზღვრო და უკიდეგანოდ ვრცელი. მის თვალებში მთელი დედამიწის წყლები იყო დაგუბებული და თამამად ითქმოდა მათზე უძირო. უცნაური იყო, უცნაურობებით სავსე. უყურებდი და ვერ გრძნობდი, რომელი გრძნობა უნდა გეგრძნო პირველად. ვერ გაიგებდი შეგყვარებოდა თუ შეგძულებოდა. არ იყო ნორმალური, ან კი პირიქით, ამდენ არანორმალურში ერთადერთ დალაგებულ არსებად ასაღებდა თავს.  თქმით არაფერს ამბობდა, უბრალოდ თვალებით შეეძლო ყველა სიtყვა ეთქვა ან გაეღიმა მრავლისმთქმელად. არ ვიცი  რატომ დაარქვეს ასე, ან რას ნიშნავდა მისი სახელი უცნაურობის და განსხვავებულობის მეტს. ეს მისი განსხვავებულობა ნამდვილად არ გავდა ახლა ასე მოდურ ინდივიდუალურიბისკენ სწრაფვას, ეს იყო ჭეშმარიტება... სისუფთავე,... სხვა დანარჩენი კი სიცრუე და ჭუჭყი, რომელიც რაც  არ უნდა ძლიერ ხეხო ვერ მოიშორებ. ვერ ამოძირკვავ, მაინც რჩება ხორცში და ჯიუტად უმწარებს კაცთა მოდგმას ცხოვრებას.

ამიტომაც იყო ალბათ კიდევ უფრო უცნაური ადამიანი, იგი არავის ამწარებდა, არავის ტკენდა, მაგრამ არც ახარებდა.. იყო და თან არც იყო...  ხედავდი და თან ვერ ამჩნევდი. მასთან გრძნობდი ყველაფერს და დიდი ფიქრის შედეგად ხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი არაფერი იყო და არაფერზე დიდი ბედნიერება საერთოდ არაფერი იყო. თავიდან ბოლომდე ანტაგონისტური იყო. წინააღმდეგობის მთელი რიგი ჯაჭვებისგან ასხმული. ისევ ჩავფიქრდი... ისევ დავტოვე უცნაურ სახელიანი.. დავრჩი სიგიჟისა და ჭუჭყის სამყაროში, ერთნაირებში და ვითომ რადიკალურობისკენ მიმავალ ადამიანებში, რომლებიც სინამდვილეში ერთნაირად ტალახიანები ვართ, ისეთი ტალახიანები, რომელსაც ვერცერთი მდინარე და ზღვა  ვერ ჩამორეცხს ჩვენი კანიდან. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ უსახურ გრძნობებს, სულში ხელებს რომ გვიჭერენ და ზიზღით გვავსებენ. გვეზიზღება ყველაფერი, ყველა ნივთი, ყველა ქცევა, თუ სიტყვა საკუთარი უბადრუკი სულისა და საცავად ქცეული სხეულის გარდა... ბედნიერი იყო ის უცნაურსახელიანი - უყველაფრო და მაინც ყველაფრით სავსე...

კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: NANO
ნანახია: 745 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
avatar
0 Spam
1
<3 <3 :*
avatar
0 Spam
2
<3 <3 <3
avatar
0 Spam
3
ყოჩაღ <3
avatar
0 Spam
4
მადლობაა
avatar