არადა თითქოს...

10.04.2016, 19:13 | |
გაყინულ ოთახში ვზივარ და ვფიქრობ. ამინდს ვერ გადაუწყვიტავს ზამთარს დანებდეს თუ შემოდგომას. ვერც მე გადამიწყვიტავს გავთბე თუ გავიყინო. რვა დეკემბერია, მაგრამ ფანჯარაში ვიყურები და ოქტომბრის რვა მგონია. ხეები ჯერ არ გაშიშვლებულან, ყოველ შემთხვევაში ჩემ ფანჯრებში. მეორე ოთახში ჩემი ძმა რაღაც კლასიკურს უსმენს, ნეტავ როდიდან... მუსიკის ხმა ბუნდოვნად აღწევს ჩემამდე. მე ხელში კალამი მიჭირავს, რომელიც თავად ავსებს ფურცლებს ლურჯი მელნით. ფიქრები ისეთივე არეული მაქვს, როგორც ტანსაცმლის უჯრები... თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა არეულობაზეა ახლა საუბარი. სასაცილოა! არ მიყვარს ზარმაცი ხალხი, მაგრამ ვფიქრდები და ვხვდები, რომ ამ ქვეყნად ჩემზე ზარმაცი მეორე არ დადის. ისევ მეცინება... სიმწრით, რა თქმა უნდა! გამჭვირვალე ჭიქაში გამომწყვდეულ მწვანე ჩაის ვუყურებ და ვფიქრბ, რა სიამოვნებით დალევდა ახლა ბაბუა... მაგრამ მას ხომ აღარ შეუძლია! თვალი რომ მიშტერდება, ყოველთვის მას ვხედავ, როგორც რამდენიმე წამის წინ. ბედნიერების რამდენიმე წამი... კარზე კაკუნია... ალბათ ვინმე ისეთია, ვინც... კარგი, წავედი, კარი ჩამოიღო. მეზობელი იყო. ორი კოვზი ყავა მთხოვა. მივეცი, რა თქმა უნდა, მაგრამ გამიკვირდა, ყავა მეზობელმა პირველად მთხოვა... ხო... სად გავჩერდი? რა მნიშვნელობა აქვს სად გავჩერდი, მთავარია ახლა აქ ვდგავარ. ჩემი ძმა საავადმყოფოდან გამოწერეს და ისე ემზადება ახალი წლისთვის, როგორც მე ადრე. ახლა ვცდილობ გავიხსენო, ეს როდის იყო და მაგასაც ვერ ვიხსენებ. უკვე წლებია გრინჩის როლში ვარ... შობას ვერ ვიპარავ, მაგრამ... უფრო სწორად, სხვებს ვერ ვპარავ, თორემ საკუთარი თავის გაძარცვა კარგად გამომდის. ქალაქში საახალწლო განათებების დამონტაჟება დაიწყეს... ნერვებს მიშლის! მინდება სათითაოდ ჩამოვგლიჯო და მერიის შესასვლელთან ჯართივით დავყარო! ხო, უკვე სკოლაზ შეკაზმეს. ერთი სული მაქვს, როდის დავამთავრებ! განა სკოლა არ მიყვარს, უბრალოდ ის ღორები მძულს იქ რომ ირევიან და ადამიანობას იბრალებენ. ზოგადად კაცთმოყვარე ვიყავი და ვარ კიდეც, მაგრამ დღევანდელობა მაბოროტებს! ყველაზე მეტად ის მაგიჟებს და მწყინს, რომ მეც ამ ღორების და სიბინძურის ნაწილი ვარ! მეც ისევე ღორულად ვცხოვრობ ტალახში, როგორც სხვები! იმ საქართველოდანაც კი მინდა გაქცევა, რომელიც ასე ძალიან მიყვარს... უბრალოდ მე და ის ვეღარ ვძლებთ ამ სიბინძურეში! მე შემიძლია გაქცევა, მას - არა! სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არსად არ გავრბივარ, ჩემ ადგილზე მყარად ვდგავარ! გუშინ წინ ვნახე ერთი, შევხედე და მთელი გულით გავიფიქრე ჩავეხუტებოდი-თქო, მაგრამ გვერდი ავუარე და შენობაში შევედი. ძალიან მინდა ყველა ასეთი პატარა სურვილი ავისრულო და ყველაფერი გავაკეთო, რაზეც გავიფიქრებ, რომ „გავაკეთებდი“-თქო, მაგრამ აბა ვინ მომცა მე ამის გამბედაობა. ხო... ისეთი ადამიანი მინდა გვერდით, რომელიც ათას სიგიჟეს და სისულელეს გამაკეთებინებს, რომელიც ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც მე მინდა ვიყო და ვერ ვარ... არ აქვს მნიშვნელობა გოგო იქნება თუ ბიჭი, დიდი იქნება თუ პატარა, მეგობარი იქნება თუ უბრალოდ გამვლელი... არ ვიცი... ვფიქრობ და ვიღლები... ბედნიერება მინდა! ხო ვიცი, ბედნიერება წვრილმანებშია, მაგრამ ყველაფერი წარმავალია! არ ვიცი... ვფიქრობ და ვიღლები... ფანჯარაში ვიყურები და უკვე გაშიშვლებულ ხეებს სევდიან მზერას ვავლებ... არადა, თითქოს რამდენიმე წუთის წინ ყველაფერი სულ სხვანაირად იყო, სულ სხვანაირად... | |
ნანახია: 1617 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | |
სულ კომენტარები: 2 | |
| |