ჩემი კიბორჩხალა
20.05.2020, 15:20

ჩემს საავადმყოფოს არც თუ ისე პატარა ბაღი აქვს, სადაც პაციენტებს და მომსახურე პერსონალს თავისუფლად შეუძლიათ ბუნების სილამაზით დატკბობა. ჩიტების ჭიკჭიკი და ყოველ კუთხეში დარგული სხვადასხვა ჯიშის ყვავილი თავს მართლაც, რომ ჯერ უნახავ სამოთხეში გაგრძნობინებს.  ეს საავადმყოფოს შენობა კი არაფრით ჰგავს იმ შენობას, როგორ განწყობასაც მისი საზიზღარი სახელი მიქმნის.

ჩემდაუნებურად ბევრ საავადმყოფოსთან მქონია კავშირი, სრულიად ჯანმრთელსაც კი. და ახლა, რომ წარმოვიდგენ ქართულ საავადმყოფოებს ვხვდები, რომ ვერც ერთ საავადმყოფოს ეზოში ვერ წავაწყდებოდი იმ სიმშვიდეს რასაც აქ. ჩვენთან თითქოს კედლებში გამომწყვდეული გამძვინვარებული მხეცი გამოქცევას ლამობს და გაგიჟებული შეუსვენებლად აწყდება არც თუ ისე მყარ კედლებს.  აქ კი გერმანულ შემაღონებელ სიმშვიდეს რომელიღაც ნეკერჩხლის ხეზე  შემოსკუპებული ყვავი არღვევს.

  ჩემს წინ სამი, უსაშველოდ დიდი, წითელი ნეკერჩხლის ხე საზარლად არის წამოჭიმული. მათი ფოთლების შრიალს ჩემი ბუტბუტი ერთვის თან და  გონებაში აზელილ ფიქრებს ვერც ერთი ჩიტს ხმა ვერ ფარავს.

რა მოხდება ჩემს ბურუსსში გახვეულ მომავალში, ან ახლა რა უნდა გავაკეთო? - ამაზე სასურველ პასუხს ალბათ ვერც ვერასოდეს ვიპოვი. უბრალოდ ვერ მოვასწრებ…

დღეს, 19 მაისს ჩემი მომავალი სრულიად ამოყირავდა.

ძალიან ბევრჯერ დავფიქრებულვარ იმაზე თუ რას გავაკეთებდი მსგავს გამოუვალ სიტვაციაში. რას მოვიმოქმედებდი თუ კი უკურნებელ სენს ჩემი სხეული კარს მოულოდნელად და ფართოდ გაუღებდა. ჭკუიდან შემცდარივით ხშირად მიფიქრია ამაზე. განა ვინმე არის მსგავსი შემთხვევისგან დაცული?

ალბათ პირველად მაშინ შევცდი, როდესაც მსგავს ფიქრებს ჩემს თავში თარეშის უფლება მივეცი, რადგან ყოველი ფიქრი შფარულად დამპყრობელია, როდესაც დროს იხელთებს მთლიანად მოგწამლავს და შენზე იქამდე იბატონებს, სანამ ყველა ალვეოლი ჰაერისგან არ დაგეცლება.

ახლა კი, როდესაც რეალობას მთელი ძალით შევასკდი სრულებით განსხვავებული ტკივილით ამტკივდა სულიც და ხორციც.

ახლა ისე არაფერი მეზიზღება, როგორც შიგნიდან წამოსული გონების ხმა, რომელიც ყოველ უჯრედთან საზარელი ხმით, შეუჩერებლად ჩურჩულებს ჩემი დაავადების შესახებ.

მეოთხე სტადია = სიკვდილს.

ჰო სიკვდილს, რომელიც ორ თვეში ამაყად წარსდგება ჩემს წინაშე და თავის მომხიბვლელ თვალებს მომანათებს. ალბათ სიშავეშეპარულ, წითელი ნეკერჩხლისფერ ლაბადაში გამახვევს. ჯოჯოხეთის ცეცხლზე გამთბარ მკლავებს მომხვევს და გულზე მძლავრად მიმიკრავს, რადგან მე ძალა არ მეყოფა სიკვდილის სახლისკენ ფართოდ გაშლილ გზას მარტომ გავუყვე, რადგან ჩემმა დაუნდობელმა კიბომ ყოველი კიდური უმოწყალოდ გამოხრა და თვალის დახამხამებაში მოინელა კიდეც.

ნუ იფიქრებთ, რომ ფიტულად დარჩენილ ძვლებთად ერთად სიცოცხლის წყურვილი თავისი მარწუხებით მახრჩობს. ამ წყურვილზე უფრო მძაფრი გრძნობები მიტევენ და იმედი მაქვს, შემორჩენილი ძალებით გავუძლებ მათ.

ნურც იმას იფიქრებთ, რომ ბედნიერებით გაჟღენთილ ცხოვრებას ვიტოვებ უკან. არამც და არამც. ერთადერთი ვისზეც მეფიქრება დედაჩემია.

ქალი, რომელიც ჩემთვის სამაგალითო დედაა.

ქალი, რომელმაც ერთადერთი შვილი თავისი გზის საძებნელად ,,ცხრა მთას``იქეთ გაუშვა, თვითონ კი ყოველ ღამით დარდის საბურველში გახვეული ძლივსღა იძინებს.

ვდარდობ ქალზე, რომელსაც ამ წამს ჩემი ნახვა სიკვდილამდე ენატრება და ერთი სული აქვს მის კალთაში  თავჩადებული დამიგულოს.

ტკივილით ახლა მხოლოდ მისი ჯერ არ განცდილი ტკივილი მტკია. მტკივა, ერთადერთი შვილის გარეშე დარჩენილი გატეხილი, განადგურებული დედა, რომელიც ვიცი ჩემთან ერთად მოკვდება ორ თვეში. მხოლოდ მისი გულისათვის მოვინდომებდი ამ უაზრო სიცოცხლის გაგრძელებას, რომ შეიძლებოდეს… მაგრამ სიკვდილს იმდენად მაცდური თვალები აქვს, რომ ხელს ასე ადვილად ვერ ვკრავ.

მოულოდნელად ამოვარდნილი ცივი ქარი სახეში რაღაც სევდისმაგვარს მახლის. თვალებს კი თბილი მზის სხივები მიბრმავებს და მიჭირს უცებ ამ სევდის ამოცნობა. თუმცა მალევე ვხვდები, რომ ეს არ განცდილი ბედნიერების სევდაა.

ხელიდან გამოცლილი ცხოვრების სევდა, რომელიც თავის დროზე თითებიდან დამისხლტდა და გულში ვერ ჩავიკარი. ახლა კი ჩემს უკან მოტოვეულ ცხოვრებას ჩემი საყვარელი, თუმცა არ არსებული ადამიანების ცრემლით სავსე თვალები აქვს და მათი მზერა მწვავს.

ნეკერჩხლის ხეების პირქუში სახე და მათი ფოთლების შრიალი გამოფიტული ძვლებს მარტივად იმორჩილებენ და კანკალს ვერ ვწყვეტ. მთელი ძალით მინდა კიდურების დამორჩილება, მაგრამ არ შემიძლია. თბილი მზის ქვეშ მყოფს მაინც ძალიან მცივა.

ვერაფრით ვთბები.

სიამოვნებით წავიდოდი სახლში, მზისგან გამთბარ საბანს ან დედის მკლავებს დავიფარებდი და თავს საბნიდან არასდროს ამოვყოფდი. მაგრამ შორს ვარ… საკმაოდ შორს.

წარსულში დარჩენილ ყოველ დილას, როდესაც თვალებს ვახელდი ჩემს გონებაში ერთი და იგივე აზრები მოფარფატებდნენ და მაუწყებნენ, რომ ეს დღე ცვლილებების დასაწყებად საუკეთესო იყო. თუმცა ეს ფიქრები ყოველთვის განუხორციელებელ ფიქრებად რჩებოდნენ, რადგან მთელი გულით მჯეროდა, რომ დრო რომელიც სიკვდილამდე იწელება, ჩემთვის იმდენად მეტი იყო ვიდრე წარმოდგენა შემეძლო, თუმცა შევცდი. თანაც მოულოდნელად და ძალიან მწარედ…

ახლა კი რა უნდა გავაკეთო საავადმყოფოდან გასულმა? წავიდე სახლში, რომელიც ჩემი არ არის, ჩაი დავაყენო და ძველი, სიმჟავეშეპარული ნამცხვარი მივირთვა? ჰმ, რა აზრი აქვს რა მოწამლავს ჩემს ისედაც მოწამლულ სხეულს? ან იქნებ სჯობს სავარძელში ჩაფლულმა გავატარო დარჩენილი ორი თვე, რომელიც ზუსტად ვიცი ისე გაიწელება, რომ უკან მოტოვებულ მკრთალ წლებს გადააჭარბებს.

ნეტავ რას აკეთებენ სხვა სიკვდილმისჯილი ადამიანები სანამ თვალებციმციმა სიკვდილს შეხვდებიან? ნეტავ რამე საქმე მაინც მქონდეს, რომელსაც ჩემს გარდა ვერავინ შეძლებს და სიკვდილამდე აუცილებლად უნდა მოვასწრო. თუმცა ჩემს ცხოვრებაში მსგავსი არაფერი არსებობს. ერთადერთი რაც ახლა მავალია ლოდინია.

შეიძლება სიკვდილით გათამამებულმა ეს ორი თვე იმის კეთებაში გავლიო, რასაც ჩვეულებრივ ვერც კი გავბედავდი. რა სულელური აზრია არა? გულის ამრევია ასეთი სიმარტივე - გავაკეთებ იმას, რაც ჩემი თავისთვის შეუფერებელია. მერე თუკი ვინმე გამინაწყენდება შეურაცხყოფილი სახით, თვალში ცრემლაციმციმებული თვალებით მივუბრუნდები და დაბალი სისინა ხმით მივახლი, რომ დიდი დღე არ დამრჩენია. მე ვკვდები და სულ ფეხებზე მკიდია საზოგადოების მკაცრად დადგენილი წესები, მათ დამცველებიანად. ის კი საწყალ სახეს მიიღებს, შეიძლება სახეზე ხელიც შემორტყას ცრემლმორეულმა და ვიშვიშიც დაიწყოს. მერე სამოწყალოდ ჩემი უმსგავსო საქციელი მაპატიოს კიდეც. მე ხომ დიდი დღე არ დამრჩენია არა? მე ხომ ვკვდები…

 

კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: NANO
ნანახია: 260 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar