დაკარგული წერილები...
10.04.2016, 19:11
დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ...
არ ვეცდები შენ დავიწყებას, მაინც არაფერი გამომივა, მაგრამ ვეცდები უშენოდ ცხოვრება ვისწავლო...
გუშინ კინაღამ მიუტევებელი ცოდვა ჩავიდინე.
ხიდის მოაჯირზე ვიდექი...
მე, რომელსაც სიმაღლის პანიკურად მეშინია...
ვიდექი...
ადიდებულ მტკვარს ვუყურებდი...
გული ნაფლეთებად ქცევას ლამობდა...
მეგონა წუთი-წუთზე სისხლი მიმოქცევას შეწყვეტდა და მოაჯირს მივეყინებოდი...
უამრავი რამ გამახსენდა კადრებად...
ცუდია!
ცუდია, რომ პირველი შენ გამახსენდი!
ცუდია, რომ მე ვიღაც მოკვდავი გავაიდეალე ოდესღაც!
მაგრამ არა!
შენ უბრალო მოკვდავი არ ხარ!
შენ რაღაც მეტი ხარ!
ან ვიღაც...
მეორე ვინც გამახსენდა, მამაჩემი იყო...
მე რომ თავი მომეკლა, ჩათვალე, მამაჩემს მოვკლავდი...
მე შეიძლება გავხდე სუიციდის მსხვერპლი, მაგრამ არასდროს მკვლელი!
კანკალით ჩამოვედი მოაჯირიდან და მაშინ, როცა კინაღამ ფეხი დამიცდა და წყალში გადავეშვი, ღმერთს მთელი გულით შევავედრე გადარჩენა...
ხო, მე შეიძლება ლაჩარი ვარ!
შეიძლება სუსტი ვარ, რადგან არასდროს ვაკეთებ იმას, რაც ჩემ გულს უნდა...
მე ხომ ყოველთვის გონებას ვუსმენ და არა გულს...
მერე კიდევ დიდხანს ვიდექი და გაგიჟებულ მდინარეს ვუყურებდი...
თითქოს სარკეში ვიხედებოდი...
ის ჩემ სულიერ მდგომარეობას ზედმიწევნით ხატავდა...
წვიმა რომ დაიწყო, ვიფიქრე, სახლში წავალ-მეთქი, მაგრამ გამახსენდა როგორ გიყვარდა შენ წვიმა...
წარმოვიდგინე, როგორ იდექი იმ წამს რომელიმე გორაკზე ხელებგაშლილი და სახე წვიმისთვის გქონდა მიშვერილი...
ხოდა, მეც ზუსტად ასე დავდექი და თავს დავდებ, გიგრძენი!
თითქოს გვერდით მედექი და ნახევარ არსებას მითბობდი...
მალე წვიმამაც გადაიღო და მეც სახლში წავედი...
მამას ისევ სავარძელში ჩასძინებოდა, როგორც ყოველთვის...
პლედი მივაფარე და აივანზე გავედი...
ციოდა...
ძვლებს სუსხი შეეპარათ...
ზუსტად ისე დავჯექი, როგორც შენ იცოდი ხოლმე და ჭადრის ხეს გავხედე, რომელსაც თითქოს ეშხი დაეკარგა...
სიცოცხლის ხალისი მასაც ჩემსავით დაკარგული ჰქონდა და იმ წამს აღმოვაჩინე, რომ მე ახალი მეგობარი აღმოვაჩინე... უფროსწორად კარგად დავიწყებული ძველი!
რამდენიმე საათი მასთან საუბარში გავლიე...
მერე მორფეოსმა შემაწუხა, დაჟინებით მეძახდა...
ხო!
ერთი რამ ნამდვილად არ შეცვლილა ჩემში...
მე ისევ ძილის მონა ვარ!
ძილზე გამახსენდა...
ჩემი წასვლის დროა...
მალე ძილი წამართმევს თავს...
მე კი არ მინდა შუაზე გაწყვეტილი სიტყვა დამრჩეს...
ხვალ ისევ მოგწერ...
ძილინებისა!

0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
მაპატიე...
მოწერა ვერ მოვახერხე...
ბევრი რამ დამიგროვდა მოსაყოლი, უბრალოდ ახლა არა მგონია რამის მოყოლა მოვახერხო...
გახსოვს, რომ მეუბნებოდი, ვიღლები, სულიერად ვიღლებიო?!
ეგ თუ გახსოვს, ისიც გემახსოვრება, რომ მე მეცინებოდა და შენ სიტყვებს სერიოზულად არ ვიღებდი...
ახლა ვფიქრობ და ვხვდები, რომ მაშინ უბრალოდ პატარა გოგო ვიყავი...
პატარა, გამოუცდელი გოგონა, რომელიც ჯერ კიდევ არ იცნობდა ცხოვრებას თავისი სიმწარით...
ბოლო პერიოდია რაღაც ისეთს ვგრძნობ, რაც ჩემთვის უცხოა...
სახელს დღემდე ვერ ვარქმევდი, მაგრამ ახლა ვიცი, რომ ეს დაღლილობაა...
ზუსტად ის დაღლილობა, რაზეც შენ მესაუბრებოდი...
მაპატიე, რომ მაშინ ვერ გიგებდი...
არ მესმოდა, როგორ შეიძლებოდა სულიერად დაღლილიყო ადამიანი...
ახლა მესმის...
თორმეტი თებერვალია...
ნუ, უკვე ცამეტი...
დილიდან მზე ანათებდა...
და დღეს ცხოვრებაში პირველად გამაღიზიანა მზის კაშკაშმა...
თბილოდა...
მე კი სითბოც აღარ მინდა...
ალბათ უშენოდ...
საშინლად დავიღალე...
მართლა საოცარ დაღლილობას ვგრძნობ...
თითქოს რაღაც, ის, რაც შიგნით მაქვს (ალბათ სული), ბეწვზე კიდია...
ვფიქრობ, ორგანიზმი მალე თვითონ დაიღლება და პროტესტანტ სულს აჯანყებას მოუწყობს...
ამ აჯანყებას კი თავად ორგანიზმი შეეწირება...
ორგანიზმს სული...
პრინციპში, სული უკვე გადამწვარია...
ისევ ვერ ვხვდები, რას ვლაპარაკობ...
რას ვწერ...
ისევ მგონია, რომ ბოდვას ვიწყებ...
ბოლო დროს ეს ხშირად მგონია...
შეიძლება მთელი ჩემი არსებობა ბოდვაა...
შეიძლება არცაა...
ხედავ?!
ისევ...
ისევ უაზროდ ვისვრი სიტყვებს...
ისევ ვერ ვაყალიბებ სათქმელს...
მინდა გაგაგებინო, რას ვგრძნობ, მაგრამ არ გამომდის!
უნიჭო ვარ!
გრძნობების გადმოცემაც არ შემიძლია!
უნდა წავიდე!
უკვე ძალიან ხშირად ვფიქრობ წასვლაზე...
არა ფიზიკურ, კონტინენტურ, არამედ სულიერ წასვლაზე...
ხო, ალბათ ვგიჟდები...
ალბათ მალე ჭკუიდან შევიშლები, მაგრამ რა გავაკეთო, ვერ ვუმკლავდები საკუთარ თავს...
ისე, შენ ხომ არ გახსოვს ჩემი ცრემლები?!
რა თქმა უნდა, არ გემახსოვრება!
ის არავის ახსოვს!
მეც კი არ მახსოვდა...
სანამ არ ავტირდი...
ახლა კი არ მახსოვს, ყოველდღე ვხვდები...
მე, ადამიანი, რომელიც არასდროს ვტიროდი, ახლა ყოველდღე და დღეში რამდენჯერმეც ვტირი...
ავირიე!
ვეღარ ვხვდები, რა ვთქვა...
გონება რომ უამრავი აზრით გიმძიმდება, ხვდები რა გრძნობაა?!
აი, მასე ვარ ახლა მეც...
მომენტებში მგონია, რომ თავი იმდენად დამამძიმებს, რომ გადამწონის და ტვინს დავასხავ ასფალტზე...
იქნებ ასეც აჯობებს...
მეძინება...
წავედი...
ტკბილი ძილი!
00000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
საოცარი დღეები მაქვს...
გახსოვს, რომ გეუბნებოდი, ერთხელ ისე დავთვრები, საკუთარ თავს ვერ ვიცნობ-მეთქი?!
მართალია მაგ დონემდე ვერ გავქაჩე, მაგრამ გუშინ წინ ვიყავი გალეწილი...
თავიდან სამყარო ჩემი მეგონა...
მერე მივხვდი, რომ ყველასი იყო, ჩემ გარდა...
დაძინებას ვცდილობდი უშედეგოდ...
და ბოლოს გამოვიდა, რომ მთელი ღამე უნიტაზთან ჩახუტებულმა გავატარე...
ეგ არაფერი...
ოდესმე ხომ მეც უნდა გამომეცადა ეს საზიზღარი გრძნობა...
რა თქმა უნდა, დილით თავი ისე მქონდა დამძიმებული, მეგონა წუთი-წუთზე გადამწონიდა...
მთელი დღე ზომბირებული დავდიოდი და თავი ყველაზე უბედური მეგონა...
გუშინ შედარებით რთული დღე მქონდა...
ფაქტობრივად სიკვდილს წავეთამაშე...
თავს ცუდად ვგრძნობდი...
მერე მაგიდას რომ დავეყრდენი, მას მერე არც არაფერი მახსოვს...
გონზე მოვედი და მთელი სამეზობლო თავზე მადგა...
სველი ვიყავი, იმდენი წყალი მასხეს...
ტუჩები სულ დაგლეჯილი მაქვს, როგორც ჩემ მეზობელს თითები...
ერთიანად ვკანკალებდი...
მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა და იმდენად საშინლად ვგრძნობდი თავს, წინა დღის ნაბახუსევი სანატრელი გამიხდა...
თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირი მეგონა...
სასწრაფო, პოლიცია, ექსპერტიზა და დეტექტივები თავს მეხვეოდნენ...
შემთხვევის ადგილს ამოწმებდნენ...
გახსოვს, რომ გეუბნებოდი ხანდახან მინდა ჩემი ცხოვრება ფილმს გავდეს, ჟანრს მნიშვნელობა არ აქვს-მეთქი?
აი, ეს სურვილიც ამიხდა!
ახლა ცოტა გაბრუებული ვარ...
მთელი დღეა ვწევარ და შენზე მეფიქრება, როგორც ყოველთვის...
ახლა რომ შენ აქ მყავდე, ალბათ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა...
გუშინ წინ რომ შენ ჩემთან ყოფილიყავი, შეიძლება სულაც არ გავლეწილიყავი...
ან უფრო მეტი დამელია და შენ იმედზე ვყოფილიყავი...
პრინციპში, შენ რომ იქნებოდი, დალევის სურვილიც არ გამიჩნდებოდა...
გუშინ რომ შენ ჩემ გვერდით მდგარიყავი, ახლა ტვინის შერყევაც არ მექნებოდა...
შეიძლება სახლშიც კი არ ვყოფილიყავი...
ხედავ?!
რაც არ უნდა მოხდეს, ბოლოს ისევ შენამდე მოვიდივარ...
დავიღალე...
ხანდახან მინდა გაქრე...
თან ისე, თითქოს არც არასდროს ყოფილხარ ჩემ ცხოვრებაში...
ხანდახან მინდა, ისე დავივიწყო შენი არსებობა, რომ აღარასდროს გამახსენდე...
ხანდახან ყველაფერზე ვარ წამსვლელი, შენ დასავიწყებლად...
მაგრამ საერთო ჯამში შენ რომ არ არსებობდე, ჩემი ცხოვრება ისევ შავ-თეთრი იქნებოდა...
შენ რომ არ გამოჩენილიყავი, ახლა ვინ ვიქნებოდი?!
არავინ!
მორიგი უიღბლო ქალი, რომელიც რუტინულ არსებობაში იხრჩობა...
ახლა კი თუნდაც მოგონებებით შემიძლია დღეების გაფერადება...
ჩვენი მოგონებებით!
ოპ!
წამლის დალევის დრო მაქვს...
ჩემი წასვლის დროა...
საღამოს ისევ მოგწერ...
იმ კაცის შესახებ უნდა მოგიყვე, რამდენიმე დღის წინ რომ გავიცანი...
დროებით!
0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
დილა მშვიდობისა!
პრინციპში, რაღა დილამშვიდობისა...
წინა დღის ინციდენტის გამო, მამაჩემი სახლიდან ფეხის გადგმის უფლებასაც არ მაძლევს, რამდენიმე დღე დასვენება გჭირდებაო...
მეც, ვწევარ და ვისვენებ, უკვე დასვენებამაც დამღალა...
რაღაცის მოყოლას ვაპირებდი, ხომ?!
გამახსენდა...
რამდენიმე დღის წინ მორიგი „შეტევა“ მქონდა...
როგორც ყოველთვის სახლიდან შეშლილივით გავვარდი და ქუჩებში გზააბნეულივით დავიწყე ბოდიალი...
ლამაზი იყო ღამის თბილისი, მაგრამ მე მთები მერჩივნა...
ვუყურებდი განათებულ სკვერებს და ვხედავდი გვირილებით მორთულ მდელოებს...
ვუყურებდი შადრევნებს, თუმცა მხოლოდ ჩანჩქერს ვხედავდი...
ვუყურებდი უცხო ხალხს, მაგრამ შენ გხედავდი!
რამდენიმე საათი ისე უაზროდ დავხეტიალობდი, როგორც არასდროს...
არაფრისგან და ყველაფრისგან ვიბოღმებოდი და საკუთარ თავს მალე გასკდომას ვუწინასწარმეტყველებდი...
ერთ-ერთ სკვერში შევბარბაცდი და ხის სკამზე გადავეკონწიალე...
-ნაყინი გიყვარს? - უცებ არსაიდან მომესმა ხმა და თავი ნელა წამოვწიე. ჩემ წინ მოხუცი მამაკაცი იდგა და სერიოზული გამომეტყველებით დამცქეროდა.
-კი! - იჭვნეულად ვუპასუხე და წამოვჯექი.
-მერე, რატომ ზიხარ ახლა აქ და არა სანაყინეში? ან თუნდაც სახლში უამრავი ნაყინით ხელში...
-არ ვიცი... - წამით დაფიქრების შემდეგ ვუპასუხე და ისევ ჩავფიქრდი. - და თქვენ ამით რისი თქმა გსურთ?
-ნაყინი საუკეთესო ანტიდეპრესანტია! თუ რა თქმა უნდა, მე დამიჯერებ, ოთხმოცდასამი წლის დაჩაჩანაკებულ ბებერს...
-გეპატიჟებით! - ფეხზე წამოვდექი და ხელკავი გავუყარე...
-თქვენ ძალიან ლამაზი თვალები გაქვთ! -გამიღიმა მან. არ ვიცი, როგორ დაინახა ჩემი თვალები. - და ის აუცილებლად ინანებს მათ დაკარგვას!
სანაყინეში წავედით და რამდენიმე საათი შეუსვენებლად ვსაუბრობდით, ნაყინის თანხლებით...
საოცარი ადამიანი იყო, საოცარი წარსულით... მტკივნეული აწმყოთი და ბუნდოვანი მომავლით...
ამ კაცმა ძალიან ჩამაფიქრა... წარმოგიდგინე და მივხვდი, რომ ადრე თუ გვიან მართლა ინანებდი ჩემი თვალების დაკარგვას, რომლებიც ასე ძალიან გიყვარდა შენ... იქნებ ახლაც გიყვარს...
არა!
ვერასდროს დავიჯერებ, რომ უბრალოდ წახვედი და ვითომც არაფერი, ისე დამივიწყე!
შენ ამას ვერ გააკეთებდი და ვერც ვერასდროს გააკეთებ!
აი, ასე!
შენ არ გაქვს ამის უფლება, იმ ყველაფრის მერე, რაც ერთად გამოვიარეთ!
შეიძლება ჩვენ არ ვიმსახურებდით ერთმანეთის გვერდზე ყოფნას, მაგრამ არც ერთმანეთის დავიწყებას ვიმსახურებთ!
ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც გაჩნდნენ ერთმანეთზე საფიქრალად და არა ერთმანეთისთვის!
და ვიცი, რომ შენც ისევე გეფიქრება ჩემზე, როგორც მე შენზე!
იქ...
იქ, სადაც ახლა ხარ...
მაღალმთიან ხევსურეთში...
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: mrs_animal
ნანახია: 1736 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
avatar
0 Spam
1
რაცანაირი ჩანახატია, სულსა და გულში ჩაგწვდება ♥♥♥
avatar
0 Spam
2
რაკარგია. რაღაცნაირად სულში ჩამწვდომი და სხვანაირად კარგი❤❤
avatar
0 Spam
3
ვგიჟდები heart
avatar
0 Spam
4
ეს ჩანახატი არ ვიცოდი. მართლა საოცარია. საერთოდ შენი ჩანახატები ძალიან ემოციურია ხოლმე <3
avatar