ესეც მარტოობის ბრალია ...
13.11.2016, 22:53
შემოგიჩნდება ხოლმე მარტოობა და არ განებებს თავს.
ძალიან მაგრად გიჭერს ხელებს ყელზე და გახრჩობს,
სუნთქვა გინდა,
არსებობა გინდა,
ბედნიერება გინდა და არ გაძლევს უფლებას.
ძალიან პატარა ოთახის კუთხეში ზიხარ,სავარძელში.
ლიმნიანი ჩაის ჭიქით ხელში, უკვე მერამდენედ გააკეთე ვინ იცის და ისევ გაგიცივდა.
ისევ ვერ დალიე ნორმალურად.
ესეც მარტოობის ბრალია.
ტკივილების გარდა არაფერი გაქვს, რომ შეგახსენოს რა გააკეთო.
თითქმის გაიყინე და ესეც მარტოობის ბრალია, არავინ გყავს რომ გაყინულს თბილი პლედი მოგახუროს და უხმაუროდ გაიკეტოს შენი ცივი ოთახის კარი, ან უბრალოდ მოვიდეს, ძალიან მაგრად ჩაგეხუტოს და შენი სიჩუმე გაიგოს.
ზიხარ და არარსებულ რაღასას უყურებ ფანჯრიდან.
არ იცი რას და არც გაინტერესებს.
ხედავ როგორ ცარიელდება ხე ფოთლებისგან და გეღიმება.
ეგოისტურად გიხარია ვინმე ან რამე ამხელა პლანეტაზე შენზე მეტად ცარიელი რომ იქნება.
ჭიქას იღებ, ხელებს ხვევ რომ გაყინული თითები მაინც გაგითბეს, მაგრამ არ გამოგდის.
უკვე აღარ გაინტერესებს.
საერთოდ უკვე დიდი ხანია, რაც აღარაფერი გაინტერესებს.
გეტირება.
ყველაფრისგან,
მარტოობა, ეს ისაა რისიც ყველაზე მეტად გეშინოდა და ახლა იმდენად მარტო ხარ ვეღარც გეშინია.
აი რაღაცნაირი სიტყვაა.
სიკვდილივით გიყურებს და ყველაფერს გართმევს რაც გაქვს ან არ გაქვს.
თვალებს ხუჭავ რომ არ იტირო და ამ საშინელებებზე ფიქრი შეწყვიტო და მაინც არაფერი გამოდის.
რთულია დიდხანს რომ ცხოვრობ ოცნებებით და რაღაც დროის შემდეგ, ერთ წამში ყველაფერი ნამსხვრევებად იქცევა.
ნადგურდება ყველაფერი და ამ განადგურებას შენც თან მიჰყვები.
მთელი შენი სამყარო, რომელშიც წლების მანძილზე ცხოვრობდი ქრება თითქოს არც არასდროს არსებობდა და რჩები მარტო, ყველას და ყველაფრის გარეშე.
ზუსტად ერთ წამში  ხდება ყველაფერი.
თვალებს დახუჭავ და რომ გაახელ მერე უკვე არაფერი აღარ არის ისე როგორც იყო.
ტირილს რომ ამთავრებ შენს მარტოობაზე ნერვებ მოშლილი დგები, ცარიელი ჭიქა ოთახიდან გაგაქვს და სადღაც ტოვებ, ძალიან სწრაფად ბრუნდები ოთახში და შენს ადგილს უბრუნდები.
ფანჯარას უშტერებ ისევ თვალს, ახლა კი რაღაცებს აკვირდები და არა არ არსებულ საგნებს.
თოვს.
ძალიან ძალიან ნელა და ლამაზად მოფარფატებენ ფიფქები და ფოთლებისგან დაცარიელებულ ხეს ეფინებიან.
ვიღაც ავსებს ხეების სიმარტოვეს, ბევრ რაღაცას კარგავენ შემოდგომაზე მაგრამ ბოლომდე მარტო არ რჩებიან.
შენ კი ისევ მარტო დარჩი.
ისე ძალიან გინდა მოვიდეს გეჩვენება რომ კართან დგას და აკაკუნებს.
მერე ბრახუნზე გადადის და ბოლოს გესმის შენი სახელი.
გეძახის, 
ის არის,
მისი ხმა,
ძალიან სწრაფად დგები და კარისკენ გარბიხარ, 
არ გჯერა, არადა გინდა გჯეროდეს რომ არ გეჩვენება და ის მოვიდა.
რომ ხეების მსგავსად შენც არ დაგტოვეს ბოლომდე.
1 წამში ხდება ესეც,
კარს აღებ დგას და გიღიმის,
არ გჯერა...
ხურავ,
ისევ აღებ,
ისევ არ გჯერა,
ისევ ხურავ
და ისევ აღებ,
კიდევ იქ დგას,კედელზე მიყრდნობილი და ისე იღიმის თვითონ რომ იცის.
თვალებს ხუჭავ და რომ ახელ უკვე მის სუნთქვას გრძნობ ძალიან ახლოს.
ეხუტები და მზად ხარ ეს 1 წამი ისე გაგრძელდეს მთელი შენი ცხოვრება რომ არ მოგბეზრდეს.
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: aanuca3
ნანახია: 1361 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
მეტიც არ მინდოდა ცუდად დასრულებულიყო ეს!!
აი შენეული სტილით დაიწყე რაღაცნაირი სულ მარტოობით რომ არის გაჟღენთილი და მოწყენილობის, სევდის გარდა არაფერია მის ირგვლივ მაგრამ მერე ისე საოცრად დასრულდა რომ ჩამათბო.
გყვარობ❤❤❤
avatar
0 Spam
2
ჟანუკ მადლობა ,❤❤მეც
avatar