გზა "ალუდაის" ხევსურეთისკენ
10.04.2016, 20:13


როდესაც ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთო მომავალში, უამრავი აზრი მებადება. ჩემს რაღაც ნაწილს მსახიობობა, სცენაზე მუხლმოყრილი დგომა სურს, რაღაც ნაწილი კი ესპანეთისკენ მექაჩება და ვნებიანი თვალებით პასოდობლეს ცეკვას მაიძულებს. რაღაც მხრივ კარიერისტიც ვარ, პიარ-მენეჯერობა მინდა. მინდა ქვეყნის ერთიანობისთვის ვიბრძოლო და ამ ომში მტრის ნასროლმა ტყვიამ მიმსხვერპლოს. ასევე დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი ბათუმში სამუდამოდ და წვიმიან ამინდში ზღვის ნაპირას ცრემლმორეული ვისეირნებდი. თუმცა, ჩემში არის რაღაც განსხვავებული, თითქოს ტრადიციულიც და ამავე დროს ზეციური სურვილი. ხევსურ ბიჭს მინდა გავყვე ცოლად და შატილში დავიდო ბინა. აი იქ ყველაფერი განსხვავებულად იქნება . მეყოლება შავი, გრძელფეხება ფაფარაშლილი ცხენი, ზედ უნაგირის გარეშე შემოვჯდები და თითქოს არაფერი, ისე გავაჭენებ. მოვივლი მთასა და ველს, შავ, მოწითალო ფერშეპარულ, გრძელ დალალებს ქარი გამიფანტავს და ამიბურდავს. ჩემი ბედაური იქნება ყველაზე სწრაფი, ლამაზი და საიმედო. მეყოლება ორი ხუჭუჭთმიანი შვილი. ერთი-ბიჭი, მეორე-გოგო. ჩემს ქმარს ყველაზე მეტად ვეყვარები. ვიქნები თამარ-ქალი. ჩემს შვილებს ხშირად გავუმეორებ „წეს ას! წეს ას!“ . ყველაზე განსხვავებულ და ჟრუანტელის მომგვრელ გრძნობას ჩემი მეუღლე მომანიჭებს: ხელებს წელზე შემომიჭერს, ნაზად, თითქოს შეეშინება რომ არაფერი არ მატკინოს, მაგრამ ამისდა მიუხედავად უმწეო ნიბლიად ვიგრძნობ მის მკლავებში თავს. თმაზე ძროხის, ცხენის შარდის, მიწის და რძის სუნი მექნება, ხოლო ხელები მუშაობისგან დაკოჟრილი, გაუხეშებული, შუბლი შეჭმუხნვისგან დანაოჭებული. და აი ისიც... ჩემი საყვარელი საღამო, გარეთ თოვს, ყინავს. მე და ჩემი ქმარი კერიასთან ვსხედვართ, თავი მის მხარზე მაქვს ჩამოდებული. იქვე თივისა და ქვის „საწოლებზე“ ჩვენი პატარები მიხუტებიან ერთმანეთს. ბიჭს შუბლი შეუჭმუხნავს და შავი კულულები შუბლზე ჩამოყრია, ალიკვალი მამამისია... გოგონა პირს უცნაურად აცმაცუნებს, ტუჩები გაუბუსხავს და მასაც განსხვავებული, უცხოებისთვის გაუგებარი გამომეტყველება აქვს. გარეთ ბარდნის, ყინავს, მაგრამ მე არ მცივა.... მე სახლში ვარ... ჩემს ოჯახთან ერთად... სამყაროსგან ძალიან შორს... ხევსურეთში... იქ სადაც მკაცრი ნიღბის იქით გულუბყვილო ბავშვი იმალება, რომელსაც უყვარს... გარეთ თოვს, ალბათ მალე ერთ მეტრსაც მიაღწევს... ხვალ ადრე უნდა ავდგე და მეუღლესთან ერთად გზა გავკვალო... აბა ნახვამდის, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ მეგობრებო... მშვიდობიან ღამეს!
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: თალალა
ნანახია: 1030 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
რა კარგი და სასიამოვნო წასაკითხი იყო.❤❤ მომეწონა ძალიან.. :*
avatar