Hello, Mrs. Grinch!
10.04.2016, 19:15
თავისუფალი თეატრის კიბეები ჩავამთავრე და კაშნე ცხვირამდე ავიფარე. იმაზე მშვიდი იყო იქაურობა, ვიდრე ოდესმე.
რამდენიმე მეტრი, ისევ კიბეები და აი, უკვე თავისუფლების მეტროსთან ვიდექი.
უნდა ამერჩია ტაქსით წავსულიყავი თუ მეტროთი... დიდ პატივს ვცემდი ორივეს, მაგრამ ნამდვილად არ მქონდა არც ერთის თავი, ამიტომ ფეხით გავლა გადავწყვიტე...
ქალაქი უკვე მორთული იყო ათასგვარი განათებით. ამრეზით ავხედე გზის თავზე გაჭიმულ „ელექტროკარდიოგრაფიას“ და თვალები გადავატრიალე. საოცარი ქალაქია, საოცარი მაცხოვრებლებით.
ჯიბეებში კომფორტულად და თბილად მოვათავსე ხელები და გზას დავუყევი. არც ისე ბევრი ხალხი ირეოდა... საახალწლო განწყობაც არ გამოსჭვიოდა მათ მზერასა თუ ქმედებებში, ისევე როგორც ჩემსაში... ერთადერთი განსხვავება ჩემსა და ამ ხალხს შორის ის იყო, რომ ისინი მივიდოდნენ სახლში, გაიღიმებდნენ და ახალი წლის მოსვლით „გაიხარებდნენ“, მე კი მივიდოდი სახლში და არაფერი შეიცვლებოდა, ისევ ისეთი ანტისაახალწლო განწყობა მექნებოდა, როგორიც მანამდე...
-დამდეგს გილოცავთ, დეიდა! - შემომეგება პატარა ბიჭუნა და ხელი გამომიწოდა. დახმარებას მთხოვდა... - დედაჩემს გულის მანკი აქვს, პურის ფულ... - დაიწყო ბიჭმა, მაგრამ გავაწყვეტინე, ჯიბიდან ხურდა ამოვიღე და მუჭაში ჩავუყარე. თვალები გაუფართოვდა, არაფერი უთქვამს, ისე გაიქცა.
„დეიდა“ - დავიჯერო ასე გამოვიყურები ჩვიდმეტი წლის გოგო?“ - უხალისოდ გავიფიქრე და გზა გავაგრძელე. – „გულის მანკი... ალბათ დედამისის ელექტოკარდიოგრაფიაა გაჭიმული მთელ თავისფულებაზე და საახალწლო განათებას სწამებენ...“ - ამაზრზენად გავიფიქრე და ჩემ ფიქრებზე ამაზრზენადვე ჩამეცინა.
უკვე წლებია ახალი წელი აღარ მიხარია! წლებია გრინჩი ვარ, სტაჟიანი გრინჩი! გაინტერესებთ რითი განვსხვავდებით მე და გრინჩი? ის ბოლოს კეთილი ხდება და ახალი წელიც უყვარდება, აი, მე კი...
შარშან წინ ჩემი ძმის დაჟინებული თხოვნით მივიღე მონაწილეობა სახლის მორთვასა და გალამაზებაში... დედას გეფიცებით ყველანაირად ვცდილობდი მათთვის არაფერი მეგრძნობინებინა და ერთი საღამოთი მაინც ვყოფილიყავი ძველი, ახალ წელზე შეყვარებული გოგო, მაგრამ ეტყობა ზედმეტი ვიყავი... თავში ნაძვის ხის შუშის სათამაშო დამეცა, ზედ თავზე დამემსხვრა და მეც ის ღამე საავადმყოფოში გავატარე... ორმაგად შემძულდა ახალი წელი და ყველაფერი მასთან დაკავშირებული.
შარშან სოფელში გავატარე ახალი წელი. ათის ნახევარზე ჩამეძინა და სამის ნახევარზე გამეღვიძა. ვეღარ დავიძინე... ავდექი... ბებიას და ჩემ ძმას უკვე ეძინათ... დავჯექი მაგიდასთან და დავისხი... ერთ ჭიქას მეორე მოყვა, მეორეს - მესამე... დილით ბებიამ გამაღვიძა, ჯონჯოლიდან თავი ამაღებინა და საწოლში გადამიტანა!
წელს? წელს ალბათ სახლში შევხვდები, შეიძლება მერე მეგობრებთან ერთადაც გავიარო, მაგრამ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? არანაირი!
ფიქრებიდან შეჯახებამ გამომარკვია... ჩემ წინ ბიჭი იდგა, წვერით და ისეთივე ცივი გამომეტყველებით, როგორითაც მე...
ხმა არც ერთს ამოგვიღია, არც დავძრულვართ... უბრალოდ ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და კაცმა არ იცის რაზე ვფიქრობდით!
-შენც ფიქრობ რომ ეს განათება ელექტროკარდიოგრამას გავს? -ვკითხე სასხვათაშორისოდ და ყურსასმენები მოვიხსენი. თავი დამიქნია. - კარგია! ანუ მარტო მე არ ვარ რაღაცნაირი... - მხრები ავიჩეჩე, გვერდი ავუარე და გზა განვაგრძე.
-მოიცა! - უცებ დამეწია, გვერდით ამომიდგა და სიმაღლის გამო ზემოდან დამხედა. - რატომ გძულს?
-რა, ახალი წელი? არ ვიცი! ალბათ, იმიტომ რომ ბაბუას გარეშე ხიბლი დაკარგა... - მხრები ავიჩეჩე. - შეიძლება არც მძულს, უბრალოდ... არ ვიცი, საახალწლო განწყობა მაქვს დაკარგული!
-აი, მე კი მძულს!
-რატომ?
-ოცდათერთემტში ღამით დედა გახდა ცუდად, პირველში გამთენიისას დაიღუპა.
ვერაფერი ვუთხარი... თურმე სხვებსაც სძულდათ ახალი წელი და ჩემზე „საპატიო“ მიზეზიც ქონიათ...
სახლამდე მიმაცილა და წავიდა... სახელი არ უთქვამს, მაგრამ ძალიან ბევრ რამეზე ვისაუბრეთ.

-დედაა, მოვედი! - შევძახე ხმამაღლა, მანტო გავიხადე და საკიდზე დავკიდე.
-ჰეეეეეეი! - ყვირილით შემომეგება ჩემი ძმა და ხელში ფერადი წვიმა მომაჩეჩა. - წამოდი, ოთახებს ვრთავთ!
უსიტყვოდ და უხალისოდ გავყევი წვიმით ხელში...
-მოხვედი დე? - გამიღიმა დედამ. - როგორი იყო სპექტაკლი?
-ფსიქოლოგიური. - მშრალად ვუპასუხე და წვიმას ამრეზით დავხედე. - ამას რა ვუყო?
-თავზე დამადე! - სარკასტულად დამიღრინა ძმამ. მეც მივუახლოვდი, წვიმა თავზე დავადე და საძინებლისკენ წავედი. - უჟმური! - სმენას ჩემი ძმის სიტყვები მოსწვდა, რასაც საძინებლის კარის ბრახუნი მოყვა.

საწოლზე გავწექი და ჭერს მივაშტერდი.
„ჰმ, ოთახი შემეშალა მგონი!“ - გავიფიქრე, როცა ფერადი ნათურები შევამჩნიე ჭერზე, არადა უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი ძმის ნამოქმედარი იყო...

000

ოცდათერთმეტში დილით ადრე ავდექი, სახლში უკვე ფუსფუებდნენ... არ მინდოდა არაფერი!
დედას დაველაპარაკე, ყველაფერი ავუხსენი და წავედი...
„მოხუცთა თავშესაფარი“ - ამოვიკითხე ადგილზე მისულმა.
მთელი დღე იქ გავატარე... მათ არ ყავდათ ოჯახის წევრები, ახლობლები, მაგრამ ერთმანეთი და ყავდათ და ახალი წელიც ისე უხაროდათ, როგორც მე მიხაროდა სულ სულ პატარა რომ ვიყავი, მაშინ.

შემდეგი გაჩერება ბავშვთა სახლში მქონდა. თავს ყველაზე ცუდ ადამიანად ვგრძნობდი! იგივე მდგომარეობა იყო იქაც! ბავშვებს ახალი წელი უხაროდათ, მეგობრები უხაროდათ, ელოდნენ საშობაო სასწაულს: მშობლების დაბრუნებას... ალბათ, გულის სიღრმეში იცოდნენ კიდეც, რომ ისინი არ დაბრუნდებოდნენ, არ ჩაკიდებდნენ ხელს და არ წაიყვანდნენ სახლებში, მაგრამ მაინც ელოდნენ! მაინც ბედნიერები იყვნენ, იცინოდნენ უხაროდათ!

-შენც არავინ გყავს? - გვერდით მომიჯდა გოგონა და ფეხები ააბაკუნა. დავფიქრდი, ჩემ თავზე გავბრაზდი! არაფერი მითქვამს... - ახალი წელი ჯადოსნურიაო, აღმზრდელი ამბობს... არ მჯერა, არც ახალი წელი მიხარია, მაგრამ ჩემი მეგობრები ბედნიერები არიან, სჯერათ და უხარიათ...მე კი სწორედ ეს მიხარია...
-უნდა წავიდე! - ფეხზე წამოვხტი და გოგონას დავხედე. - მადლობა! ბავშვებს ბოდიში მოუხადე და ჩემ მაგივრად მიულოცე! შეხვედრამდე!

პირდაპირ სახლში წავედი. სახლის კართან ვიყავი, უკვე პირველი იყო დაწყებული... ახალ წელს ქუჩაში შევხვდი... არაუშავს, ეს ჩემთვის ისევ არ წარმოადგენდა პრობლემას!
სახლში ყიჟინით შევვარდი, სათითაოდ ჩავკოცნე ოჯახის წევრები, ახალი წელი მივულოცე და მაგიდასთან დავჯექი.
-უცხოპლანეტელებმა მოგიტაცეს, ტვინი გამოგირეცხეს და დაგაბრუნეს? - ეჭვით დამეკითხა მამაჩემი.
-არ ვიცი, არ მახსოვს! - სიცილით ვუპასუხე და გოზინაყი ყბაში გავიქანე.

მთელი ღამე ვიღიმოდი, ვიცინოდი და ჩემებთან ერთად ვზეიმობდი... გამთენიისას მივაკითხე საწოლს, ისევ ჭერს მივაშტერდი და დავფიქრდი, გონებაში ჩემი თავიც შევაქე.
ისევ იგივე განწყობა მქონდა, ისევ არ მიყვარდა ახალი წელი, არც მიხაროდა, მაგრამ ერთ რამეს მივხვდი, ჩემი უხასიათობის გამო სხვებს განწყობა კი არ უნდა გავუფუჭო, პირიქით... უნდა ვცადო, რომ მათ თვალწინ მაინც ვიყო ბედნიერი, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი გავაბედნიერო.
თვალები დავხუჭე და გადაჭრით გადავწყვიტე, რომ მეორე დღეს „იმ“ წვეროსანს მოვძებნიდი და... და ალბათ თავადაც ხვდებით რასაც გავაკეთებდი...
ხო, ესეც ასე! ქალბატონმა გრინჩმა შეიძლება სულაც არ შეიყვარა შობა-ახალი წელი, მაგრამ...
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: mrs_animal
ნანახია: 1668 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
გრინჩიც მიყვარს, შენც და ახალი წელიც❤
avatar
0 Spam
2
გრინჩი და ახალი წელი, მიყვარხარ რა მაგდა
avatar