ნი, ყველაზე ყვითელი გოგო
21.02.2018, 01:15

 ხმაურით გამოვიჯახუნე კარები და ჩქარი ნაბიჯით დავტოვე სახლი.

ქურთუკის ელვა ყელამდე შევიკარი და კიდევ უფრო ხმაურით ჩავუქროლე დროსთან ნაჯახირებ კიბეებს, მაინც ეშმაკის მანქანებით ფორმა, რომ შეუნარჩუნებინათ.

შენობიდან გასვლისთანავე სახეში ცივი ქარი შემეჯეხა, ოღონდ შეჯახება არასდროს ყოფილა ჩემთვის ასე მტკივნეული. შიგნით ძალიან მეტკინა რაღაც, სიცივეს დავაბრალე და უფრო თბილად უნდა ჩამეცვა, - მეთქი გავიფიქრე.

ახლა, რომ ვფიქრობ მეცინება, მიშველიდა ვითომ თბილად ჩაცმა რაიმეს ?!

ეს ოჯახური გაუგებრობები უკვე ყელში მქონდა ამოსული, დაწყევლილი დრო იყო. გაქცევა მინდოდა, წასვლა მინდოდა აქედან, ჰაერიც მეცოტავებოდა საჭმელზე, რომ აღარაფერი ვთქვა. ეს გოდოსავით პურის მოლოდინით შეიარაღებული, დაუსრულებელ რიგში მდგარი, გათოშილი, ცხვირაწითლებული (დამეფიცება, მასზე ლამაზი ცხვირი ქვეყნად არსად მენახა, არც მანამდე და არც ახლა) გადედაკაცებული დედაჩემი. არც, რომ მანებებდა შევნაცვლებოდი, არა დიდად არ გამომითქვამს სურვილი, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმით ვიყავი დაკავებული, როგორიც იყო ბირჟავიკობა და მისი ჯანი, თუმცა მაინც.

ახლა, რომ ვიხსენებ ყველა გაყინული დედაჩემის შემცივნებისთვის მტკივა.

ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე და ტაატით გავუყევი გზას. მოსახვევში ნი დავლანდე. ყველაზე ყვითელი გოგო მთელს თბილისში. როგორც ყოველთვის კაშნე თბილად მოეხვია, თავზე ქუდი, მხოლოდ თვალები მოუჩანდა, მაგრამ საკმარისი იყო.

სულ ინტერესს იწვევდა ჩემში, მუდამ წიგნებით მოძრაობდა. არც ვინმე მინახავს მის გვერდით, რომ მეკითხრა რა და როგორ ჰქონდა მოწყობილი ტვინში. დედა არ ჰყავდა, მამასთან ერთად ცხოვრობდა, ისიც ბიბლიოთეკარი შვილს მუდამ ამარაგებდა წიგნებით. ოღონდ მაშინ, წიგნიანებს ეჭვის თვალით უყურებდნენ,  არ იყო ტრენდული და რამე, რასაც ბირჟავიკობაზე ვერ ვიტყვი.

საქმე არაფერი მქონდა და ავედევნე.

როგორც ჩანს შენიშნა და ჩემდა გასაკვირად შეანელა სვლა, მალე დავეწიე.

კარგა ხანს მივყვებოდით, უსულო და მაინც ჩემზე სულიერ ფოთლებს ვაბიჯებდი ფეხს და მსიამოვნებდა ხმა, რომელიც ამის შედეგად გამოიცემოდა.

მისი ბინა ვიცოდი, სადარბაზოც, არ შესულა. სხვაგან მიდიოდა, აშკარად არც ჩემი ეშინოდა, მაინც ისეთი დრო იყო უნდა შეშინებოდა. ცოტა გამიკვირდა. შიგადაშიგ გამომხედავდა, მაგრამ მე არ მიყურებდა, სადღაც ჩემს იქით იყურებოდა ჩემი გავლით. უცნაური გრძნობა მეუფლებოდა ყოველ გამოხედვაზე.

ბოლოს, რომელიღაცა სკვერში ამოვყავით თავი, აქ დაბადებულ-გაზრდილს, უბნებში მოძრწიალს გამიკვირდა აქ რომ არასდროს ამომეყო თავი.

-აბა როგორ მოგწონს ?

ხმა ჰქონდა ხრინწიანი, იმდენად ცივი, რომ შემცივნებისგან შესამჩნევად გამაკანკალა. თან არასდროს მომისმენია აქამდე მისი ხმა.

-მშვენიერია._ვუთხარი და მხოლოდ მას შემდეგ მომავლე ნორმალურად თვალი იქაურობას, მართლა ძალიან მშვიდი, მყუდრო და რაღაცნაირი ადგილი იყო. თან არეული და თან ძალიან დალაგებულიც.

-მიხარია.

თქვა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.

-ლამაზი დღეა არა ?

ლამაზი ?! შიგნით რაღაცამ ხარხარი დაიწყო. რა ლამაზი ?! ამ სიტყვასთან ჩავლილიც არ ჰქონდა დღევანდელ დღეს, ჯერ სახლის სიტუაცია, მერე ქალაქშიც, როგორ ბნელოდა. მეგონა კარცერში გამომამწყვდიეს.

-ჰო ლამაზია.

ეს მე არ ვიყავი, მინდოდა ბილწისტყვაობის კორეანტელი დამეყენებინა იქ, მთელი ბოღმა მასზე დამენთხია, მაგრამ ვუყურებდი, როგორ მტოვებდა ეს სურვილები, ის მე მაცარიელებდა.

-წასვლა გინდა ?

-სად ?

-შორს.

რატომ მკითხა ?! ტვინი ამიდუღდა ლამის. რა ჯანდაბა მჭირდა, ვერც აზრებს, ვერც სიტყვებს, ვერც ქმედებებს, ვერაფერს ვაკონტროლებდი.

-არვიცი მინდა.

-ცუდია, რომ არ იცი და უფრო ცუდია რომ გინდა.

-თუ არ წავედი დიდხანს ვერ გავქაჩავ.

რა ჯანდაბის გამო ვუყვებოდი ამ გოგოს მსგავსს რაღაცებს, ჩემს უახლოესს ძმაკაცებთანაც კი სიტყვა არ დამიძრავს ამ თემაზე.  რა მჭირდა ?! დღესაც ვერ ამიხსნია. მაგრამ შიგნით ვიღაც ჩამჩურჩულებდა, რომ ეს არ მავნებდა, პირიქით.

-დამოკიდებულებები შეცვალე, ყოველი დღე თავისი არსით მშვენიერია.

-არა, მშვენიერება დავკარგეთ ადამიანებმა.

-თუ მოვინდომებთ ვიპოვით ყველაფერს, რაც დაგვიკარგავს.

-მშვენიერებას ვერა.

-დედაშენი მშვენიერია რას იტყვი ?

მოარტყა, მივხვდი საითაც წაიყვანდა ლაპარაკას, მე დავმარცხდებოდი.

ამის გააზრება მარტივი არ იყო, თან ჩემთვის.  

ამიტომაც პასუხად  დუმილი შევაგებე.

-ჰოოოო..._გაეღიმა.

ახლაც ამდენი წლის მერე, მახსოვს მისი ღიმილი. ასე თუ შეეძლოთ გაღიმება კვლავ,  მაშინ რას წარმოვიდგენდი.

-შენ კი ამბობ წასვლა მინდაო, არადა ასეთი მშვენიერება სახლში გყავს, შენ კი გაქცევა და დატოვება გინდა. ვის უტოვებ მარტოობას ?! მერტოობისთვის განწირული დედაშენი მეცოდება.

-ხომ იცი, რომ ვერსადაც ვერ წავალ...

-ეს იმიტომ, რომ არ შეგიძლია, რომ შეგეძლოს ?

ისე მართლა რომ შემძლებოდა ?! ალბათ დაუფიქრებლად ავახვევდი აქედან, ეს ქალაქი მიყვარდა, მაგრამ ის ჩემში ყველაფერს კარგს კლავდა, ახმობდა, აუფერულებდა.

-ალბათ წავიდოდი.

-ამიტომაც გიჭირს აქ, იმიტომ რომ ჩვეულებრივის არაჩვეულებრივობას ვერ ხედავ, ვერ მშვენიერებას დაინახავ.გგონია იქ სხვანაირად იქნები, უფრო გაგიჭირდება. დასანანია,  შენ ხომ დაბრმავდი.

-მე შენ გხედავ.

და გამახსენდა  სადღაც (ახლა კი ვიცი სადაც) ამოკითხული ფრაზა, „და ირწევიან ვითარცა ლერწამი, ქართაგან ძლიერთა“, აი ასეთი სიძლიერის იყო ჩემი პასუხი იმ წამს.

-ვერ მხედავ, შენ ხედავ გოგონას ყვითელი ჯინსის კურტკით, გაცრეცილი ბოტებით, კაშნეთი და ქუდით, რომელიც აშკარად დიდად აქვს. ცოტას თუ დამაკვირდები იქნებ ისიც დაინახო, კურტკა ალაგ-ალაგ დაკენკილი რომ არის დროს ვერ უძლებს, აპატიო იქნება.  კაშნეც გახუნებული, მაგრამ არც ამდენად დამკვირვებიხარ. შენ ჩემში ადამიანს ვერ ხედავ. განა მარტო ჩემში. შენ ზედაპირული ხარ, ტივტივებ, არადა მე ცურვას გირჩევდი. არსი ?! არსი სად არის ?!  

-დავმარხე.

დამეფიცება ეს მე არ ვიყავი, ეს მე არ მიპასუხია. ახლაც ამდენი ავლილ-ჩავლილი წყლის მერეც, იმავეს ვფიქრობ.

-ზუსტად ! მეც ამას ვამბობ, ჩვენ, ყველაფერს ჩვენ ვაქრობთ, მერე გარემოს ვაბრალებთ, იქნებ მართლაც ცუდია, მაგრამ არა ამდენად.

არ ვიცოდი რა მეპასუხა, ვხვდებოდი მართალი იყო.

ისევ ქარი, ისევ ისეთი ცივი, გაყინული...

და ავცახცახდი.

წამში ამიტანა სიცივემ ისე...

ისე...

უბრალოდ ვერც კი ავღწერ, სულში დამიარა ჭიანჭველებად.

თვალები ცრემლით ამევსო, გამოვბრუნდი.

მოვტრიალდი, ძალიან ნელა, მძიმედ.

რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, მერე ავაჩქარე და რამდენიმე წამში გავრბოდი მთელი სისწრაფით. მეგონა ფეხებს არ ვახებ მიწას და დავფრინავ, - მეთქი.

ცრემლებს სახიდან ვიწმენდი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა მდინარედ დამიდიოდა ღაწვებზე.

სწრაფად, სულ რამდენიმე ნაბიჯში ავირბინე  ბინის კიბეები, კარი კიარ გამოვაღე გამოვგლიჯე.

გაგიჟებული შევვარდი შიგნით.

-დედაა !

-დედილო !

არავინ მცემდა ხმას. ნუთუ პურისთვის წავიდა, ვერ ვიჯერებდი, რომ შესაძლოა დამეგვიანა.

-სამზარეულოში ვარ.

ასე არასდროს მდომებია მისი ხმის გაგონება,  მდინარე მოვიწმინდე და სამზარეულოში შევედი.

დანახვისთანავე თმასავით გაუთეთრდა სახე.

მე კი ამის შემხედვარეს გამეღიმა. ოოო, თან ისე გულიანად, ისე კმაყოფილებით აღსავსეს.

-რა ? ... რა მოგივიდა ?_ხმა აუკანკალდა.

მართალი იყო ნი, ის დედა ჩემი იყო მშვენიერება, სულ რომ ყველა და ყველაფერი დაქცეულიყო, სულ რომ სიბნელეს დაესადგურებინა, ის იქნებოდა ჩემი ლამპარი, ის გამიყვანდა გაღმა ნაპირზე.

არაფერი მითქვამს, ჩავეხუტე.

ჯერ დაიბნა, შემდეგ კი გათოშილი ხელები მხრებზე შემომხვია და მივხვდი, რომ პირადი მშვენიერება ვიპოვე და დროსგან ნაწამებ თმებში სიხარულის ცრემლები დავმალე.

 

კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: ნინი-21
ნანახია: 674 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar