ორაკული
25.11.2018, 18:59
საღამოპირს , როდესაც ღამემ კოცონთან მოიკალათა და შორში გამოკიდებული მთვარე ნელ-ნელა გაიზარდა , აქა იქ გაბნეულმა ვარსკვლავებმაც ისურვეს გამოჩენა . ჯერ ერთი აკიაფდა სადღაც შორეთში , შენდეგ მეორე და წამში გაათასდა სოფლის ორღობეში მოფუსფუსე ციცინათელებივით .
მოკლედ ღამემ გაივაკა , როგორც მთაში იტყვიან და ეს გაბნეული ვარსკვლავთმირიადები სულ მძივად შეიბა ყირმიზივით ყელზე ...
„ ქარიშხალში გაცემულ დაპირებებს , მშვიდ ამინდში ივიწყებენ „
„ ქარიშხალში გაცემულ დაპირებებს , მშვიდ ამინდში ივიწყებენ „
- ღმერთო გამახსენე , სად წამიკითხავს , ღმერთო გამახსენე ..
და მოჰყვა ქალი ოთახის ბნელ კუთხეში ძნად დადგმული ფურცლების ქექვას . მცირე სარკმლიდან შემოჭრილ მთვარის შუქს მცირე ტალანი ვერ გაენათებინა თუმცა კი გარკვევით ჩანდა , რომ ქალს შიშველ ფეხთ მხოლოდ ნაკონკი ტოლაღები ამოეცვა , ისიც ჟამის შეუფერებელი , ძველი და ბინძური . ციბრუტივით მოქნილსა და გახრეკილ ტანს კი ჟამმორჭმული ზიზილებიანი კაბა სამადლოდ უფარავდა ( კაბა წინათ უჩუქებიათ , გოგობის ჟამს , კარგ დროებაში - როგორც თავად იტყოდა ხოლმე ) ეს უკანასკნელი კი გახლდათ მისი განძიცა და უბრალოებაც , წარსულიცა და აწმყოც .
ეძება , ეძება და რომ ვერ იპოვა , ზაფრადაცემულ სახეზე მთლად კოპები შემოეჯარა , ზრზენამ ერთიანად დარია ხელი და მოსვენება არ მისცა ამ მთვარიან ღამეს .
ზოგჯერ ქალი სიზმრებს აბრალებდა ხოლმე საკუთარ შფოთვას და საათობით იჯდა ფიცრულის წინ მრბოლ ვეება მდინარის პირას . იჯდა , ასე უტყვი და მისჩერებოდა ტალღების დრტვინვას . თავზე ერთმანეთზე დიდი ჭიუხები დაჰყუდებოდნენ და ისინიც ხვდებოდნენ , რომ ყოველი წუთი თანაზიარი ექნებოდათ ვიდრე ამ სუსტ არსებაშიც არ გაწყდებოდა სიცოცხლის უკანსკნელი ძაფი , შემდეგ კი ისიც ისევე წავიდოდა სამუდამოდ ეთერის ქვეყანაში , როგორც მისი შიო წავიდა .
- შაიტან , გიპოვე !
აღმოხდა სიხარულით .
- „ ქარიშხალში გაცემულ დაპირებებს , მშვიდ ამინდში ივიწყენებენ „ - უილიამ შექსპირი .
ქალმა სამფეხა სკამს ირმის დორბლები მოსწმინდა და უნდოდ ჩამოჯდა .
- შიო , ეგაა შენი კაცობა ? ამ ძველმანი სკამივით უნდო ყოფილა შენი სიტყვები ! ქარიშხალში მოცემული პირობაც მხოლოდ სიტყვები ყოფილა თურმე , თურმე ...
- ის კაბაც დაძველდა , დაუშნოვდა . ისევე , როგორც მე .
- ახლა ვზივარ კუდიანი ორაკულივით , საკუთარ თავთან მოუბარი და ველოდები მაგ შენს ეთერის ქვეყანას . ჯოჯოხეთია ეს კედლები და ეს მთები გარშემო , ეს ღამეც უნდოდ მიყურებს და ამ უხიაგესმა ხორცმაც ამოიჯინა ეს ჩემი სული .
სულიერი არ ჭაჭანებდა იმ ღამეს ჭაუხებში , ორაკულს საკუთარ ფიცრულში ჩასძინებია ფიქრით გადაღლილს , ქოხის გვერდით დაგებულ კაკანათში კი მხოლოდ გაბმული ჩიტის ფრთხიალი თუ მოისმოდა .
დილა ცრიატი გათენდა , გარემოს ღამით ცვლილება განეცადა , აწოწილ ტინს თურმე მთელი კუთხე ჩამოშლოდა ზედ შუა ღამეს და იქ მდგომი ფიცრული სულ მთლად ვეება მდინარეში ჩაეტანა ...

„ამქვეყნად არაფერია სრულყოფილი გარდა უბედურებისა „ -ონორე დე ბალზაკი .
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: ფავნი
ნანახია: 41 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar