შავი სათვალე
27.10.2020, 10:45
ერთი,ორი,სამი...მეოთხე დამამშვიდებელს ვსვამ და ვიცი,არც ეს იქნება საკმარისი.
ერთი,ორი,სამი...მეოთხე ცრემლს ვყლაპავ და ვიცი,ჩასაყლაპი კიდევ ბევრია.
ერთი,ორი,სამი... მეოთხე ღერი სიგარეტი. ვიცი, კიდევ ბევრჯერ გავატან სიგარეტის კვამლს ჩემს დარდებს. კი არ ვატან, ვცდილობ, გავატანო. ვცდილობ, შევეგუო ჩემი ტანჯული ცხოვრების მტანჯველ ფინალს.
ვეჭიდები ხავსს, უიმედოდ,უშედეგოდ...
ვიცი, ჭაობში ამოვყოფ თავს, მაგრამ მაინც ვეჭიდები იმ ხავსს,რომელიც მცირედ იმედს მაძლევს და ყოველი მცდელობის ბოლოს, ძირს თავადვე მანარცხებს.

მეხუთე დამამშვიდებელი, მეხუთე სიგარეტის ღერი, ცრემლი კი, უკვე-მეათასე... და ჯერ სად ვარ, ვიცი, კიდევ ბევრი იქნება.
მოგესალმებით, ფსიქიკურად შეშლილთა სასაკლაოზე, სადაც ერთმანეთს ჩემი საკუთარი ათი, ასი და ათასი “მე” ერკინება.
მე ვარ ფსიქიკურად შეშლილი.
გაუწონასწორებელი.
სახიფათო...
ამას კი მეუბნებიან, მაგრამ როგორ გინდა, რომ შეეგუო?
მე ვარ სალვა.
18 წლის.
უბრალოდ, ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ბიჭი, სალვა...
ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით,
ანუ, თავში შეუჩერებელი ხმაურისა და ტანჯვის დიაგნოზით.
წიგნის დაწერა ხომ რთულია, მითუმეტეს ჩემთვის, ალმაცერად რომ მიყურებენ ახლობლები და სიგიჟის მორიგ ნაფლეთად მიიჩნევენ ჩემს წერისგან დაკუჭულ რვეულებსა და დაღლილ ხელებს...მაგრამ წაკითხვა? ბევრად რთული იქნება თქვენთვის, თუ ერთხელ მაინც არ გიგრძვნიათ ის, რასაც მე ვგრძნობ 13 წლიდან. ანუ, იმ დროიდან, ვარდისფერი სათვალე, შავმა რომ ჩაანაცვლა.
და,აი, რას ვგრძნობ მე...
დაუოკებელ წყურვილს, ვიყო გამორჩეული.
ეს კი ამიხდა ნაწილობრივ, მე ხომ „გიჟი” ვარ, ამდენ „ნორმალურში”;
ჟინი მაქვს, ყველამ დაინახოს, რამდენი რამ შემიძლია.
მინდა, ოხ, როგორ მინდა,გაიგონ, რამდენად ძლიერი ვარ. იმდენად ძლიერი, რომ არცერთხელ მინატრია, ეგრძნოთ ის, რასაც მე მაგრძნობინებდნენ...
მივეჩვიე იმას, რომ ქუჩაში მარტო არ უნდა
გავიდე. რომ უნდა დავემორჩილო ოჯახის წევრებს და ისინი თუ მიყვირებენ, მე უნდა გავჩუმდე, რადგან ერთი მცირედი მიზეზი და ფსიქიატრიულში, ოთხ კედელს შუა ამომაყოფინებენ თავს. ვიცი, რომ ოჯახში ზედმეტი ვარ, მაგრამ ისიც ვიცი, იქ ბევრად ზედმეტი ვიქნები. ვიცი, იქაურობა ჩემთვის არაა და ვიბრძვი, ეს სხვებსაც გავაგებინო.
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: likatadiashvili
ნანახია: 47 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0
1
ძალიან მტკივნეული და გულში ჩამწვდომი ჩანახატი იყო huh
მწერალი.ქომი გისურვებთ წარმატებებს❤️
avatar
0 Spam
2
დიდი მადლობა❤️❤️
avatar