შემოდგომის'ეული
05.09.2016, 00:11
შემოდგომის ერთი ჩვეულებრივი , თითქოს და არაფრით გამორჩეული დილა გათენდა.
არა , ადამიანები ზედმეტად ვაუბრალოებთ ყველაფერს.
როგორ შეიძლება მორიგი დილა წინებისგან არაფრით გამოირჩეოდეს ?!
ფოთოლცვენა , სიყვითლე შერეული ხეები და ადამიანის ბინძური ნაკვალევი ამ მშვენიერებაზე.
ხო , ხელოვანები კი ყველაფერს ზედმეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ.
თუმცა ხელოვნება არაფერ შუაშია , ვერ ვხვდები როგორ არ უნდა გიყვარდეს ბუნება. ღმერთის სასწაული. განსაკუთრებით კი შემოდგომით. როცა ყველაფერს სულ სხვა ფერი აქვს , ყველაფერი სულ სხვანაირად ლამაზია და უბრალოდ , შემოდგომისეულია.
და მაინც , ფეხით ვთელავდი იმ ფოთლებს , ხიდან წამის წინ რომ ჩამოცვენილიყვნენ , მომკვდარიყვნენ და ახალი სამყაროსკენ ეწყოთ სვლა. ისინი ხის შვილები იყვნენ , ბუნების შვილები და ალბათ ცაც სწორედ მათ დასტიროდა. ალბათ ამიტომ ჩამოიქცა ქვეყანა.
ჩემს წინ ახალგაზრდა ბიჭი მიდიოდა. ჩვეულებრივი გარეგნობის , მხრებში ოდნავ მოხრილი. სევდიანი ნაბიჯები ჰქონდა. ხო , ნაბიჯებზეც კი ეტყობოდა სევდა. ალბათ ამასაც ხელოვანობას მიაწერთ , თუმცა სულერთია , როგორც გინდათ.
გადავწყვიტე ბიჭს მივყოლოდი. არც ისე კარგი საქციელია , მაგრამ ესეც ხელოვანობას მიაწერეთ , როგორც სხვა დანარჩენი. ისიც ჩემსავით თელავდა ბუნების ამ მშვენიერებას. მასაც ჩემსავით ეცემოდა მოტირალი მშობლის ცრემლები და ისიც ჩემსავით ვერაფერს ამჩნევდა ირგვლივ. ერთ ხაზზე მივდიოდით , ცხოვრების ერთ გზას მივუყვებოდით და ალბათ მხოლოდ ღმერთმა და შეიძლება ბუნებამაც იცოდნენ , სად მიგვიყვანდა ეს გზა. ბიჭი არ გაჩერებულა , არც სვლისთვის შეუცვლია სიჩქარე. ისე მიდიოდა , თითქოს წვიმასაც ვერ გრძნობდა. არადა ვხედავდი , როგორ საგრძნობლად უცახცახებდა მხრები. და მაინც , იქნებ არ იყო ეს წვიმისა და სიცივის ბრალი ? იქნებ თავად ბიჭის გული იყო გაყინული.
არ ვიცოდი კიდევ რამდენ ხანს მომიწევდა წანწალი ან როგორ დავსველდებოდი , მე ერთადერთი მიზანი მქონდა. ერთადერთი სამიზნე მყავდა - წინ მიმავალი ბიჭი. ისეთი შეგრძნება მქონდა , თითქოს იცოდა , რომ მივყვებოდი. თითქოს სპეციალურად არ ჩერდებოდა. თითქოს ის მე მაკვირდებოდა , ჩემს ნაბიჯებს , ჩემს სურვილებსა და ფიქრებს. იქნებ ისიც ისევე ცდილობდა ჩემს ამოცნობას , როგორც მე - მისას ?! ესეც მხოლოდ ღმერთმა იცოდა და შეიძლება მომტირალმა ბუნებამ.
ირგვლივ მხოლოდ ჩვენს მიერ გათელილი ფოთლების შრიალი და წვიმის ხმა ისმოდა. არც მანქანა მიდიოდა , არც ადამიანი. თითქოს სვლა შენელებულიყო. თითქოს საათის ისრებს მოძრაობა შეეწყვიტათ , დრო გაჩერებულიყო და მხოლოდ ჩვენ ორნი მივდიოდით გაუთავებლად. ყველაფერს გვერდს ვუქცევდით. ხმას არ ვიღებდით , ერთმანეთის თვალებსაც კი არ ვუყურებდით და მაინც , თითქოს გვესმოდა ერთმანეთის. ან მე მეჩვენებოდა ეს ყველაფერი. იქნებ ბიჭი ჩემს არსებობასაც ვერ გრძნობდა ? იქნებ მისთვის მეც ისევე ვიყავი გაჩერებული , როგორც ჩემთვის სხვა დანარჩენი ? მაგრამ ეგოისტურად არ მინდოდა ამის დაჯერება. ეგოისტურად მწამდა , რომ ისიც გრძნობდა იმ ყველაფერს , რასაც მე.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიარეთ. მხოლოდ მტკვრის პირას მისულები შევჩერდით. ბიჭი რომ გაჩერდა წამით ჩემმა გულმაც შეწყვიტა მუშაობდა და როგორც კი შემომხედა ისეთი სიჩქარით ამოძრავდა , მეგონა გაქცევას ლამობდა. თითქოს უნდოდა ამ მწარე რეალობას მოშორებოდა და ბუნების წიაღს შეერთებოდა. ბუნების , რომელმაც ყოველთვის იცოდა რა სურდა. მან ყოველთვის ყველაფერი იცოდა.
ჩემს გულს არ უნდოდა იმ მწარე რეალობაში ფეთქვა , რომელშიც ის ბიჭი ტიროდა. მხრების ცახცახიც ამის ბრალი იყო. ცრემლი დაშრობოდა და თვალები უჩვეულოდ ჩასისხლიანებული ჰქონდა. თითქოს ყველას ტვირთს ისინი ატარებდნენ. ორნი იყოფდნენ ამ ტკივილს და მაინც ზედმეტი იყო.
ჯერ მე გამისწორა თვალი , შემდეგ მდინარეს გახედა. მდინარეს , რომელიც ღმერთმა უწყის რამდენი უბედურებისა თუ ბედნიერების მომსწრე გამხდარა. მტკვარი იმ თვალებსაც ხედავდა , რომელსაც მეგონა , მხოლოდ მე ვამჩნევდი. ის ყველას უგებდა , მას ყველა უყვარდა. იქ მისულს გულდაწყვეტილს არავის უშვებდა. ყველას ეხმარებოდა. ყველას ათავისუფლებდა ხელბორკილისგან , რომელიც ბოჭავდა. ყველას ტკივილის თავის თავზე იღებდა , ყველას ტვირთს მხრებზე იკიდებდა და ყველას უშვებდა იმ ზღაპრულ სამყაროში , რომლიდანაც არავინ ბრუნდება. ან კი ვინ იცოდა იყო თუ არა ის სამყარო ზღაპრული ? ყველას სხვადასხვა წარმოდგენა ჰქონდა , მაგრამ მდინარესთან მისულს ყველას ერთი რამ აერთიანებდა. იმ სამყაროს , სადაც მტკვარი მიიყვანდათ , ყველა ზღაპრულად თვლიდა. აბა სხვაგვარად როგორ შეეძლოთ ყველა და ყველაფერი მიეტოვებინათ და ჯიუტად გაეცურათ იქით ?!
ბიჭმაც ყველა დაივიწყდა. მეც დამივიწყა. მისი ცისფერი თვალები მდინარეს შეერწყა და მანაც იქით გაცურა , ზღაპრული სამყაროსკენ , საიდანაც არავინ ბრუნდება. ყველაფერი ისე მალე მოხდა , მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გავიგე. "თავს გაუფრთხილდი , მშვიდობით." და წამის მეასედში გაქრა თვალები , რომელიც რამდენიმე წუთში ჩემთვის ყველაზე საყვარელი გახდა. ისეთი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს მდინარემ ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი წამართვა. თითქოს ცხოვრების სიყვარული დავკარგე. თითქოს ბიჭმა მიღალატა. თავს ვერ ვპატიობდი , რომ ეს დავუშვი.
და მაინც , ეგოისტურად მესიამოვნა , რომ სიცოცხლის ბოლოს ის ჩემზე ფიქრობდა. რომ მისთვისაც რაღაც დოზით მაინც გავხდი ძვირფასი. რომ მისი ბოლო სიტყვები მე მოვისმინე და მისი თვალები ბოლოს მე ვნახე. თითქოს თავისი წილი ცხოვრება მე დამიტოვა. თითქოს ჩემი განვლილი ცხოვრებაც თან წაიღო და მომავალი დამიტოვა. მე მას არ ვიცნობდი , არ ვიცოდი ეს რატომ გააკეთა , მაგრამ მისი თვალების ნახვა საკმარისი იყო იმისთვის , რომ მის მიმართ გრძნობები გამჩენოდა. მისი მხრების ცახცახი საკმარისი იყო სიყვარულისთვის. მისი ცრემლებიც საკმარისი იყო. მაგრამ მან დამტოვა. იქნებ ასეც ჯობდა. ამ რამდენიმე საათში ის ნებისმიერ სხვა ადამიანზე ძვირფასი გახდა ჩემთვის და ხო , უფლებას გაძლევთ ესეც ხელოვანობას დააბრალოთ.
მეც გადმომვარდა ობოლი ცრემლი , რომელმაც უკანასკნელ გზაზე გააცილა ბიჭი. თითქოს ნუგეშად დამიტოვაო , ერთი ფოთოლი მხარზე დამეცა , ან ესეც ხელოვანობის ბრალია და მე აღვიქვი რაღაც ზედმეტად. ამ დროს თითქოს მისი ხელის შეხება ვიგრძენი მხარზე და შემდეგ მესმოდა , როგორ დასტიროდა ბუნება თავის შვილს. იქნებ წინასწარ გრძნობდა , წინასწარ იცოდა და წეღანაც იმიტომ ტიროდა ? რას გაიგებ.
უბრალოდ ერთად ვტიროდით მე და ცა. ვტიროდით იმ ადამიანის დაკარგვის გამო , რომელიც არც არასდროს ყოფილა ჩვენი.
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: Dark°
ნანახია: 1555 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar