სიბნელე , ხმაური , სისხლი!
07.09.2016, 15:01
პატარაობიდან მიყვარდა მარტოობა და ამას ხშირად აღნიშნავდნენ კიდეც. ჯერ კიდევ ორი წლის ვიყავი , მთელი დღე სავარძელზე რომ ვიჯექი ხოლმე ჩემს სათამაშოებთან ერთად და ხმას არ ვიღებდი. ვინმე თუ არ მოვიდოდა , მე არ მოვიკითხავდი და თამაშს განვაგრძობდი. რომ წამოვიზარდე ჩემი ეს ხასიათი უკვე პრობლემატური გახდა. გარკვეული გარემოებების გამო ბაღშიც არ მივლია და პირდაპირ სკოლასთან და „ამხელა საზოგადოებასთან“ შეჭიდება ექვსი წლის გოგოს საკმაოდ გამიჭირდა. არ მიყვარდა ხალხთან ურთიერთობა , საკუთარ თავში ჩაკეტილი ვიყავი და მეექვსე კლასამდე საუკეთესო მეგობარიც არ მყოლია. შემდეგ სხვა სკოლაში გადავედი და იქ ვიპოვე ჩემი დაქალი. დიდი სამეგობრო წრით აქაც არ გამოვირჩეოდი , ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა , იდეალური კი - მხოლოდ ერთთან. ამის გამო ზოგი ავადმყოფს მეძახდა , ზოგიც უცნაურს. თუმცა დღემდე ვერ ვხვდები რა არის უცნაური იმაში , თუ ამ პირფერ , მატყუარა ხალხთან კავშირი არ გინდა? უცნაურია , თუ არ გსიამოვნებს იმ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა , რომლებიც შენ კი არა საკუთარ დედასაც გაყიდიან საკუთარი ტყავის გადასარჩენად ?!
დედა.. ხო , დედა.. დედასთანაც კი არ მქონია იდეალური ურთიერთობა. ზოგადად ჩემი ოჯახის არც ერთ წევრთან ვიყავი ნორმალურზე უფრო ახლო. არა , ნორმალურადაც არ ვიყავი. ისინი ამასაც ჩემს ჩაკეტილობას აბრალებდნენ , სინამდვილეში კი სულ სხვა მიზეზი მქონდა. უბრალოდ საერთო ენას ვერ ვპოულობდი ძალადობის მოყვარულ ადამიანებთან. ხალხთან , რომლებიც მუდამ ჩხუბობდნენ. რომლებიც ვერ იტანდნენ ერთმანეთს , სულ ყვიროდნენ , ერთმანეთს ხელითაც ეხებოდნენ , ხალხში კი მაინც მოსიყვარულე ოჯახის სტატუსით სარგებლობდნენ. მე არ მინდოდა ასეთი ოჯახის წევრი ვყოფილიყავი. არ მინდოდა ჩემით ეძალადათ , ან მე მეძალადა მათით. მეშინოდა მათი ყვირილისაც კი. მეშინოდა ყოველი ღამის , როცა მამაჩემი მთვრალი მოდიოდა. მეშინოდა , რადგან მეგონა , დილით გავიღვიძებდი და დედა აღარ დამხვდებოდა. მეგონა დაახრჩობდა , გაგუდავდა , სცემდა ან რამე მსგავს დაუშავებდა. არა , ეს ნამდვილად არ ყოფილა ჩემი პარანოიის ბრალი.
ყველაფერი 2015 წლის 22 თებერვალს დაიწყო.
მამაჩემი სახლში მთვრალი მოვიდა. ჩვეულებრივზე მეტად იყო გაღიზიანებული. ამ ყველაფერს ისიც დაემატა , რომ ბებიაჩემი ტიროდა და სახლიდან წასვლით იმუქრებოდა. რატომ ? იმიტომ , რომ აღარ შეეძლო ეყურებინა , როგორ იხრჩობდა მისი შვილი სასმელში თავს. როგორ ინადგურებდა ღვიძლს , როგორ ინადგურებდა მთლიანად ცხოვრებას და როგორ გვანადგურებდა ჩვენ.
იმ ღამიდან ყველაფერი იმაზე ნათლად მახსოვს , ვიდრე გგონიათ. დედა ჭურჭელს რეცხავდა , მამა ყელში რომ სწვდა და ყვირილი დაუწყო , ყველაფერი შენი ბრალიაო ! მერე ყველგან სინათლეები ჩააქრო , ოთახის კარი შეიჯახუნა და კარგადაც გვაგინა. ის სიბნელე ყველაზე მეტად მახსოვს , რადგან იმ დღის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში აღარ განათებულა.
გგონიათ ამით მორჩა ? არა , რამდენიმე წუთში ისევ რაღაცამ წამოუარა. ისევ მიეჭრა დედას და ამჯერად სახეში დაარტყა. დაარტყა ისეთი ძალით , რომ ცხვირი გაუტეხა. ის ხმაც კარგად მახსოვს , რადგან მას შემდეგ გამუდმებით ჩამესმის ყურებში.
ჩემს ძმას ეძინა. მეორეც იწვა. მეც ვიწექი. პატარა ხმაურმა გააღვიძა და ღმერთმა იცის რამხელა ძალისხმევა დამჭირდა , რომ ოთახში გამეკავებინა. განადგურებული , შოკირებული და აცახცახებული მთელი ძალით ვხვევდი ხელებს , რომ არ გასულიყო. მას არ უნდა ენახა , როგორ სცემდა მისი „სათაყვანებელი მამიკო“ დედამისს. ეს არაკაცობა მის პატარა თვალებს არ უნდა ენახათ. მის პატარა გულს არ უნდა ეგრძნო ! მაგრამ იგრძნო !
მახსოვს ზარები. სასწრაფოს მანქანის ხმა. ექიმების ხვეწნა. საავადმყოფოში წასვლა.
სიბნელე...
ხმაური...
სისხლი...
სადღაც ათ წუთში ჩვენმა ყველა ახლო ნათესავმა იცოდა მომხდარი. საკუთარი ნამოქმედარით ამაყმა მამაჩემმა ყველას დაურეკა , დედაჩემის ძმის ჩათვლით !
სისხლდენა რომ ვერ შეუჩერეს საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ.
სასწრაფო მოვიდა.
ანკეტას ავსებდნენ , დედას სთხოვდნენ ოჯახური ძალადობა არ ჩაწერო , თორემ მამაკაცის დაჭერა მოგვიწევსო.
უარზე იყო... მაინც დაითანხმეს..
სასწრაფოს და ჩემი მშობლების წასვლა და ნათესავების სათითაოდ , ერთმანეთის მიყოლებით მოსვლა ერთი იყო.
ყველა მეკითხებოდა , რა მოხდა.
და მეც , დაპროგრამებულივით ვიმეორებდი ერთი და იგივეს.
ჩემი გონება კიოდა.
სიბნელე...
ხმაური...
სისხლი...
დედას ყველა თავს ევლებოდა. ისინიც კი , ვისთანაც არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ქალური სოლიდარობა თუ რაღაც მსგავსი.
ბიძაჩემი სოფლიდან რომ ჩამოვიდა და ბიცოლაჩემმა გულში ჩამიხუტა , მას შემდეგ აღარაფერი მახსოვს. მაგ დროს ვიტირე ყველაზე ბევრი. ვერ შევძელი და ვერ მოვუყევი რა მოხდა , სხვისგან გაიგო მოგვიანებით , მაგრამ მაინც მთელი ძალით ჩამიკრა გულში და თითქოს ყველაფერი იცოდა , ზედმეტი არაფერი უკითხავს.
მერე დედა მოიყვანეს . მამაც მოჰყვა. მერე მამა და კაცები გავიდნენ.
არ ვიცი რა მოხდა.
მე დავწექი , დავწექი და მთელი ღამე ვტიროდი.
მეღვიძა , მაგრამ არაფერი მესმოდა.
ვერაფერს ვგრძნობდი.
ჩემი გონება ისევ კიოდა.
სიბნელე ...
ხმაური...
სისხლი...
მეორე დღეს სკოლაში არ წავსულვართ. დედა ოთახიდან არ გამოდიოდა. დრო და დრო სველი საფენები შემქონდა , დალურჯებულ ცხვირზე რომ დაედო.
მესამე დღეს სკოლაში ვიყავით. დედა ისევ არ გამოსულა.
არც მეოთხე დღეს გამოსულა , არც მეხუთე.
არც ჭამდა , არც სვამდა. იწვა და ტიროდა.
მომდევნო ერთი კვირა დედას დასიებულ თვალებს , გალურჯებულ ცხვირს და ცრემლებს ვხედავდი. ის გოგო , ბავშვობაში ბედნიერებაზე რომ ოცნებობდა ყველაზე უბედური ქალი იყო ამქვეყნად.
კიდევ ერთი კვირა ვუყურებდი იგივეს.
ერთი თვე.
მერე თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდა , გარდა ჩემი გონებისა.
რომელიც ისევ კიოდა.
სიბნელე ...
ხმაური ...
სისხლი ...
და მას შემდეგ ყოველთვის , როცა მამაჩემი მთვრალი ბრუნდება სახლში ფარული შიში მიპყრობს. მე მამაჩემის მეშინია.
მეშინია სიბნელის.
მეშინია ხმაურის.
მეშინია სისხლის.
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: Dark°
ნანახია: 1055 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
sad :( რა საშინელებაა sad cry
რატომ იტანჯავს თავს დედა ან რატომ გტანჯავთ თქვენ sad
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
avatar