ტოქსიკური სიყვარული
20.05.2020, 17:37

ჩემი ტოქსიკური სიყვარული ნელ-ნელა სუნთქვას მიკრავს.

უსიამოვნება მთელ სხეულზე ტაოს მაყრის. მწველ სიმხურვალეს გამყინავი სიცივით ანაცვლებს.

ვგრძნობ, როგორ მიცვივდება თვალები სადღაც სიღრმეში, მათ ადგილას კი დასკდომამდე მისული კაპილარები ჩამომსხდარან.

ჩემს ტოქსიკურ სიყვარულს მაგნიტზე ძლიერი ხელები აქვს. ძალიან მინდა მოვშორდე. ჩემი გზით წავიდე, მაგრამ მისი ხელები ისე მიზიდავენ, რომ ეს მიზიდულობა მთლიანად მაცლის ენერგიას. წინააღმდეგობის გაწევის თავიც აღარ მაქვს და მთელი ძალით ვეკვრი მის მკერდს.

ჩემი ტოქსიკური სიყვარული მოსვენებას არ მაძლევს. სულ ჩემთან უნდა. რომ შეეძლოს კანზე მჭიდროდ მიმიკერებდა და არასოდეს მომცემდა მისგან თავის დაღწევის საშუალებას.

არადა, მე წარსულს უკვე კარგად მიკედლებული უთქმელი სუტყვები, გადაყლაპული ბრაზის ლუკმა, დალეული მლაშე ცრემლები და წყენისაგან შეკავებული სუნთქვა მახრჩობს.

ის ჩემს დაკარგულ თავს უფრო სწრაფად მაცლის ხელიდან ვიდრე ეს წარმომედგინა.

ვიცი გვიანია, მაგრამ ახლა საბოლოოდ უნდა გავიქცე. ჩემი მარტოობის საბურველში მჭიდროდ უნდა გავეხვიო.

ჩემს პრობლემებს შუბლით უნდა შევასკდე.

ჩემს პასუხისმგებლობებს მარტომ ორივე ხელით უნდა დავეჭიდო.

ჩემს თავს სარკეში იქამდე უნდა ველაპარაკო სანამ ცრემლები თვალის ჯებირებს არ გაექცევიან და ჭიპთან მისულნი გახურებულ კანზე არ აორთქლდებიან.

ჩემს სამზარეულოში იმდენი კერძი უნდა გავაკეთო, სანამ ყველაფერს ჩემთან ერთად ცეცხლის ალი არ მოეკიდება.

ჩემს ჩაბნელებულ საძინებელში აყროლებული ღვინო იქამდე უნდა ვსვა, სანამ ყოველ კუთხეში მოცეკვავე აჩრდილებს არ დავინახავ.

შუა ღამით სულდამძიმებულმა იქამდე უნდა ვწერო, სანამ შუა თითზე წყლული არ გამისკდება…

 

ჩემს ტოქსიკურ სიყვარულს  მართლაც სიგიჟმდე ვუყვარვარ. მთელი გულით უნდა, რომ ჩემს ლამის გამქრალ ცხოვრებაზე იზრუნოს, დამიცვას, გამათბოს და როდესაც მისი დახმარება დამჭირდება თვალისდაუხამხამებლად დამეხმაროს. ხანდახან მგონია ჩემს გამო ნებისმიერს მოკლავს საკუთარი თავის გარდა.

ჩემი ტოქსიკური სიყვარული ყოველ საღამოს დაუზარელად მელოდება სანამ სამსახურიდან არ დავბრუნდები.

როდესაც დაღლას მატყობს უსიტყვოდ მიცხელებს ხოლმე მაცივრიდან ახლად გამოდგმულ ცივ კერძს.

ანერვიულებულს როცა მხედავს, ფეხაკრეფით მიიპარება სამზარეულოში და დასამშვიდებლად მიმზადებს გვირილის ან პიტნის არომატულ ჩაის, მე რომ ძლიერ მიყვარს აი სწორედ ისეთს.

თვალების ტრიალით ხვდება ჩემს მავნეს ჩვევას. ქუჩის სიმყრალეს, როგორც კი სახლის კარს ზურგს უკან მოვუხურავ ლამის ტანზე ვიხევ ტანსაცმელს და აქეთ-იქეთ, უგზოუკვლოდ ვყრი. ის კი მაშინვე კრეფს  დაყრილ ტანსაცმელს და ლამაზად კეცავს. ეზიზღება უწესრიგობა, რომელსაც მე ვიწვევ.

მერე უხმოდ გაიხურავს ხოლმე აბაზანის კარს და ჩემთვის სასურველი ტემპერატურის წყლით ავსებს შოკოლადის სუნით აყროლებულ ვანას. ხანდახან მგონია, რომ ამ შოკოლადის გელში სპეციალურად მალბობს, ტკბილად რომ მომინელოს.

ჩემი ტოქსიკური სიყვარული სინამდვილეში მისი უსაზღვროებით მგუდავს.

მაგრამ რამდენიმე დღეში თავს დავაღწევ. ვიცი ყოველ ჩემს მცდელობას რომლითაც ჩემი გაშვების მიზეზს ავუხსნი ტუჩის კანკალით და  ცრემლით შეხვდება.

ყოველ ჩემს გაჟღერებულ სურვილს ცაში დააბზრიალებს და ისე შეაბრუნებს თითქოს მასთან ერთად ნამდვილად შევძლებ იმას, რაც გულით მსურს, რადგან ის მეხმარება და ხელს არაფერში მიშლის. მერე იმასაც მეტყვის, რომ ჩვენი სიყვარული მთებს გადადგავს. ერთად ყველაფერს შევძლებთ და  ამ სიტყვებს კიდევ ათას სისულელეს მოაყოლებს, რომელიც გულს ამირევს. თვალს ვერ გავუსწორებ და გაქცევა მომინდება.

მაგრამ იმ მომენტამდე დავიცდი ერთმანეთის დადანაშაულებაზე რომ გადავალთ.

ჩემი ტოქსიკური სიყვარული უმადურობაში დამადანაშაულებს. მეტყვის, რომ ვერ დავაფასე მისი გრძნობები, ვერც ის ენერგია და მზრუნველობა, რაც მან ჩემს კეთილდღეობას შესწირა. მან ჩემს გამო საკუთარ მომავალზე უარი თქვა და თავი მე მომიძღვნა, ეს კი მაშინ როდესაც მე მზერითაც კი არ მითხოვია მისთვის ამხელა მსხვერპლის შემოწირვა. ის მაინც თავისას გააგრძელებს, ჩემი მოსმენა ერთი წამითაც არ მოუნდება და მეტყვის, რომ სამაგიეროს ყველაზე უკანასკნელი ფორმით ვუხდი.

მეტყვის, რომ ეგოისტი და ნაძირალა ვარ.

კიდევ ძალიან ბევრ მჟავე სიტყვას მეტყვის და ამ მომენტში მე დავემსგავსები გაფუჭებულ კონსერვს, რომელმაც მთელი მისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში მჟავე გაზები ისე აგროვა, რომ ვერაფერი გაიგო. ახლა კი ხუფს ხმაურით მოისვრის და სულ ფეხებზე დაიკიდებს ვის დააბრმავებს და ვის არა.

 

მერე მეც ბევრ რამეს  ვეტყვი. გულს ძალიან ვატკენ. ალბათ ისე ძლიერ, რომ დიდი დროის შემდეგ ჩემთან მაინც მოსული ყოველ ახლად წარმოთქმულ სიტყვას თავის ტკივილში ამოავლებს და ისე მომახლის. მერე საიდანღაც მოთრეულ ნიშნისმოგებით, ცალწარბაწეული გადმომხედავს - ჯერ კიდევ არ გაუვლია შენს მიმართ გაჩენილ წყენასო მიმანიშნებს და სულმოუთქმელად გადაჰკრავს ჩემთვის მომზადებულ პიტნის ჩაის.

 

ჰო, ჩემს მზრუნველ ტოქსიკურ სიყვარულს საბოლოოდ ჩემს თავთან, სახლში უნდა გავექცე, მანამ სანამ ყოველ უჯრედს მისი ცრემლებით და მწველი ტუჩებით მომიწამლავს. იმ ტუჩებით, რომელსაც ყოველ დილით მონდომებით უხილავი საწამლავის სქელი ფენით რომ ფარავს.

ვიცი წინ გაქცეულს ბრაზისაგან ანთებული თვალებით გამომხედავს და ორივე ხელს ჩაავლებს ჩვენს შორის გაჭიმულ თოკს, რომელიც ახლა იმდენად გაცრეცილი და მოუქნელია, რომ გაწელვის გარეშე გაწყდება სადღაც შუა წერტილთან ახლოს.

მერე ჩემი ტოქსიკური სიყვარული მოწყვეტით დაეცემა ახლადნაწვიმარ მიწაზე. მუხლების გადაყვლეფის  და მისი კვნესის ხმა ჩემს ყურებს მწარედ დასუსხავს. მე კი ინერციით წინ სწრაფად გაქანებული უკანასკნელი ნაბიჭვარივით მოვიქცევი და უკან არ მოვიხედავ. შემეშინდება ჩემი სისუსტის. შემეშინდება მისი განადგურებული სახის დანახვის. პანიკური შიშით შემეშინდება ძლივს გაწყვეტილ თოკს ხელი რომ არ წამოვავლო და კანკალით ერთმანეთს არ გადავაბა. შემეშინდება საბოლოოდ არ დავუსვა წერტილი ჩვილ  თავისუფლად მსუნთქავ დამოუკიდებელ არსებობას და ხელახლა არ ავიზილო ამ ბლანტ სიყვარულის საწამლავში…

კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: NANO
ნანახია: 310 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar