"წერილი მომავალ მეს!"
11.04.2016, 18:34
წერილი მომავალ მეს!

ახლა 23.11.2024 წელია? შენ სოფო კაკალია ხარ? თუ ასეა მაშ, წერილი ადრესატთან მისულა.
ძვირფასო მომავალო მე!
ახლა ალბათ იღიმი არა? ცოტა გაკვირვებულიც იქნები, ოღონდ სასიამოვნოდ გაკვირვებული. მეც მეღიმება და მიკვირს, რომ გწერ. ეს ნორმალურია? ვზივარ და უკვე 25 წლის სოფოს წერილს ვწერ. ჰო, 25 წელი, ბევრია ხომ? ახლა ვფიქრობ რომ ბევრია, მაგრამ ღმერთმა იცის შენ რა გიტრიალებს თავში, რას ფიქრობ, როგორ ფიქრობ. ძნელია 25 წლის, უკვე დიდი სოფოს აზრების წინასწარმეტყველება. თურმე იმაზე ძნელი ვიდრე მოველოდი.
ალბათ უკან დაბრუნება გინდა. აი, ახლა ამ დროში იყო, ისევ 16 წლის უდარდელი სოფო, ოჯახზე და კლასელებზე რომ გიჟდება. აბიტურიენტობის გამო წიგნებს თავში რომ იხლის. აი, ის სკოლის დამთავრება რომ ესიკვდილება, რადგან ცხოვრებას ამ ყოველდღიურობის გარეშე ვერ ხედავს. მაგრამ შენ ახლა 25 წლის ხარ და დარწმუნებული ვარ ჩემი გშურს (ეს ხუმრობით), ან იქნებ იმდენად კარგად ხარ, რომ არც გშურს. იქნებ არც გახსოვარ, თუმცა... არა! ეს შეუძლებელია! ბავშვობას ხომ ვერავინ ივიწყებს, თუნდაც ძალიან უნდოდეთ. შენ კი იმდენად ბედნიერი ბავშვობა გქონდა, შეუძლებელია ამ წლების დავიწყება გინდოდეს.
თუ ახლა ამას კითხულობ, ესე იგი 9 წელი გავიდა, შენ კი ცოცხალი ხარ. ცოცხალი, საღსალამათი და ვიმედოვნებ უზომოდ ბედნიერიც. აი, ისეთი ბედნიერი სულ რომ ოცნებობდი, წარმოიდგენდი. თვით ამ ბავშვური ოცნებებითაც კი ბედნიერდებოდი.ხომ იცი არა? შენ და ჩემი ოჯახის წევრები არიან ის პირველი პიროვნებები ვისთვისაც ულევი ბედნიერება მემეტება, მერე არიან სხვები.
რომ იცოდე, როგორ მაინტერესებს შენი ცხოვრების ყოველგვარი დეტალი. სასაცილოა, მაგრამ ისიც მინდა ვიცოდე რას ჭამ, რა გაცვია, როგორ იწყება შენი დილა, რომელ ჩაის სვამ, ისევ გიყვარს კარაქიანი პური ტყემლის მურაბით? ისევ იგივე სიარულის მანერა გაქვს? პატარა ნაბიჯები და სწრაფი სიარული-ეს ხომ შენი სავიზიტო ბარათია, იმედია ახლაც არ დაგცინიან. დამიჯერე, ეგრე სიარული, პირიქით, გიხდება. ბევრია, რაც მაინტერესებს. არ მინდა ვიმკითხაო, მაგრამ ვატყობ სხვა გზა არ მაქვს.
ალბათ უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრე. შეუძლებელია ასე არ იყოს, მე ხომ თავს ვიკლავ ოღონდაც სწავლა განვაგრძო. იმედია ყველაფერი არ აგირევია, თორემ ჩათვალე მკვდარი ხარ! ხედავ რა ემოციური ვარ? იმედია შეიცვალე და ძალიან არ მგავხარ, თორემ ალბათ ძალიან მალე ვინმეს შემოაკვდები. მითუმეტეს ფილოლოგი ხარ, ვიმედოვნებ უკვე პროფესიონალი. მუშაობა დაიწყე? იმედია მოსწავლეები დიდად არ გაბრაზებენ. თუმცა ამას რას ვამბობ? შენი ხასიათი, ხომ ხუთი თითივით ვიცი, შენ ვის ათქმევინებ ზედმეტ სიტყვას. ხშირად სკოლაში ამის გამო არ გექმნებოდა პრობლემები? არავის სიტყვას, რომ არ ატოვებდი, ხომ არ დაგავიწყდა? ხო მართალია ზოგჯერ სამართლიანად უბრუნებდი ენას, თუმცა ეს მაინც ცუდი საქციელია, დაიმახსოვრე!
გახსოვს დირექტორს რომ შეეტლიკინე? აი, მე-11-ში შატალოზე, რომ წახვედით მთელი კლასი და დირექტორის გაკვეთილი გააცდინეთ. გაგახსენდა? ახლა ალბათ ხარხარებ, ხო მართლა სასაცილოები იყავით, დენდარტყმულები რომ მირბოდით ქუჩაში. დამრიგებელი კი უკან მოგდევდათ, თავისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით. არა რა აი, მაშინ დავრწმუნდი, რომ სირბილი მაღალ ქუსლებზე სულაც არ ყოფილა ძნელი და არაკომფორტული. მერე? მერე სად წახვედით? ა, ხო...სადგურში. იდექით ყველა ერთად შეჯგუფებულები და სკოლაში ატეხილ განგაშზე ბოლო ხმაზე გეცინებოდათ. არადა ხომ იცოდით რაც გელოდათ? დირექტორის რისხვა რომ არ აგცდებოდათ, პლიუს სასჯელი. მაგრამ ვის აინტერესებდა? იმ დროს უბრალოდ ბედნიერები იყავით და მორჩა.
მერე... მერე დაგიბარეს სკოლაში მშობლებიანად. დაგაწერინეს ახსნა-განმარტებითი ბარათი და შეგაგდეს დირექტორთან ყველაფრის ასახსნელად. შენი კლასელი გოგონები თავდახრილები იდგნენ, ბიჭები არ მოვიდნენ.
დადგა შენი დაკითხვის ჯერიც. არ ვიცი, ახლაც არ მაქვს წარმოდგენა რამ მოგიარა. თავი მაღლა ამაყად ასწიე, უტიფარი გამომეტყველება აიკარი და გამომწვევი მზერით მიაჩერდი დირექტორს. აი, იმ დირექტორს სიტყვის შებრუნებას რომ არ უბედავდნენ თვით მასწავლებლებიც კი. ყველა კითხვას მოკლედ და მოჭრილად პასუხობდი და თვალებში უყურებდი. საიდან ასეთი გამბედაობა? ნამდვილად არ ვიცი. და აი, მაშინ, როცა დირექტორმა ყველაფერი ბიჭებს გადააბრალა ისე, რომ არაფერი იცოდა შენ ვერ მოითმინე და გალანძღვისთვის მადლობა გადაუხადე. და...ნეტა კრინტი არ დაგეძრა. ხომ აღარ გახდებოდი ყველაზე ენამწარე ქალის სიტყვების მსხვერპლი? ჰო და აი, ასე მოგნათლეს ენატლიკინად. შატალოს უბრალოდ მაინც არ ჩაუვლია. სასჯელი მთელი სკოლის ეზოს დასუფთავება აღმოჩნდა. და მაინც...დარწმუნებული ვარ ეს დღეები ღიმილით გახსენდება და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობ.
კარგია თუ ისევ მარტივით ცვალებადი არ ხარ, არადა იანვარში დაიბადე. ხო მართლა, არ დაგავიწყდეს 14 იანვარს დაბადების დღე ზუგდიდში აღნიშნე მშობლებთან და კლასელებთან ერთად. ალბათ ძალიან დაკავებული ხარ, მათ ხშირად ვერ ნახულობ და ენატრებით. შენი კუთხე არ დაივიწყო კარგი? „გახსოვდეს ვისი გორისა ხარ“_მთელი ბავშვობა ამას ტყულად ხომ არ გაიძახოდი? მადლობა ალექსანდრე ყაზბეგს, ასეთი ბრძნული ფრაზისთვის. მეგრელი ხარ და მეგრელადვე დარჩი!-ეს ჩემი ყველაზე დიდი თხოვნაა.
ახლა, შემიძლია ჩემს თავს ბედნიერი ვუწოდო. ეს რეალობა, რომელშიც ახლა ვცხოვრობ ძალიან ძვირფასია ჩემთვის და არაფრის შეცვლა არ მინდა, მაგრამ დრო თავისას შვრება და მეც იძულებული ვარ ფეხი ავუწყო. მეშინია მომავლის, მეშინია რომ რაღაც ისე ვერ იქნება. რთულია ცხოვრების დიდ ასპარეზზე გახვიდე ისე, რომ შიში არ გქონდეს, ვფიქრობ, შეუძლებელიც კია. მაიმედებ შენ და მაიმედებს შენი რწმენა. ვიცი, არაფრის დიდებით რომ არ დანებდებოდი და ყველაფერს გააკეთებდი ღირსეული ცხოვრებისთვის. გიცნობ, ჰო გიცნობ ისე, როგორც საკუთარ თავს უნდა იცნობდე, მაგრამ შიშის ჭია მაინც არ მასვენებს. შენ უკვე გაიარე ცხრა წელი, არ ვიცი როგორ, მაგრამ გაიარე და ახლა მე მელი. თან ზუსტად იცი რა მიდევს წინ, იმედია ძალიან ჩახლართული გზა არა.
ახლა ვფიქრობ, უკან ვიხედები, იქამდე სადამდეც ჩემი მეხსიერება წვდება ან მშობლების მონაყოლის მიხედვით ვმსჯელობ. რთული ყოფილა შენი აღზრდა, რომ დაიბადე კიდევ უფრო დამძიმებულა ოჯახის მდგომარეობა. იმ დროს ხომ ცხოვრება მარტივი არ იყო. დედა, რომ მიყვება გული მიკვდება, ყველას უჭირდა თურმე, დასაწვავი წლები იყო. მაგრამ არა! 1999 დასაწვავ წლად არ მემეტება. იყოს მაინც, მე და შენ ხომ მაშინ მოვევლინეთ ამ ქვეყანას, არა? მერე თანდათან წამოვდექით ფეხზე, შენ იყავი ამ ოჯახის მთვარეც და მზეც. ცელქი ყოფილხარ, ზოგჯერ ისე გაქრებოდი თვალთახედვიდან, რომ მთელ ოჯახს გადარევდი, აანერვიულებდი,თავს აძებნინებდი. შენ კი თურმე უკანა ეზოში გადიოდი და მეზობლის ჟოლოს მადიანად ატკბარუნებდი.
გახსოვს შენი სახელის ისტორია? მამამ ყველაფერი რომ აურია. სინამდვილეში ნინი რომ უნდა დაერქმიათ, საბოლოოდ კი ორი სახელი შეგრჩა, იზა და სოფო. ადრე არც ერთი არ მოგწონდა, ახლა? იმედია ახლა მაინც შეეგუე. ხო, მერე იყო დედის მუცლის გაზრდა, გაბერვა, დამრგვალება, შენი ეჭვიანობის უფროდაუფრო მომატება. გახსოვს რას ამბობდი? „დედიკოს წამართმევს, მამიკოს წამართმევს, ბებიკოს წამართმევს, სათამაშოებს წამართმევს“. მაშინ ოთხი წლის იყავი, ნამდვილი თხა, მამიკო ახლაც თხას მეძახის, ალბათ შენც. მშობლების ჩაგონების მიუხედავად, მაინც მისი მოკვლით იმუქრებოდი და სათამაშოებს გამეტებით ტენიდი კარადის ქვედა უჯრაში, სადაც შენი აზრით ვერავინ იპოვიდა.
მაგრამ ყველაფერი შეიცვალა...
ერთხელაც მამიკომ საძულველი ბაღიდან მოგიყვანა. შენც, როგორც ყოველთვის ბაღიდან დაბრუნების გამო მხიარული, სიცილით შებაჯბაჯდი ოთახში და მომენტალურად საძინებელი ოთახის შეღებული კარისკენ გაიხედე.
დაა...
2003 წელი, დარჩა შენი ცხოვრების უსაყვარლეს წლად. თვალი გაუშტერე, ლოგინზე მჯდარ დედის ხელებში მოქცეულ პატარა არსებას. გიკვირს, რომ ასე დეტალებში მახსოვს ხომ? ხო მახსოვს, იმიტომ რომ ის წუთები, ყველაზე ბედნიერი იყო ჩემთვის. და იმ წამიდან შენ დაგავიწყდა ყველა გეგმა, რომლითაც საკუთარი ძმა უნდა მოგეკლა და შენს გულში სიყვარულმა დაიდო ბუდე. აი, იმ სიყვარულმა დღითიდღე, რომ იზრდება და პიკი არ გააჩნია.
დაიმახსოვრე, არაფერია ოჯახზე უფრო ძვირფასი. შეეცადე პირველ პლანზე ყოველთვის საყვარელი ადამიანები გყავდეს. ეს, იმიტომ რომ მარტო არ დარჩე. ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, მარტო ყოფნა კი, კიდევ იფრო შეამოკლებს მის ხანგრძლივობას. იყავი მომთმენი, რადგან ასე მოიგებ. იყავი გულწრფელი საკუთარ თავთან და ჩადენილი შეცდომები აღიარე, რომ აღარ გაიმეორო. მშობლებს დაეხმარე, თუ, რა თქმა უნდა, გაქვს ამის საშუალება. მათ გაგზარდეს, გიპატრონეს ახლა დროა შენ უპატრონო.
25 წლის ხარ, ვეღარ იტყვი ბავშვი ვარო, ჭკუა არ მომეკითხებაო. ახლა შენ ხარ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი და შეეცადე იმედები არ გაუცრუო.
ვინ გყავს გვერდით? ხო ზუსტად მიხვდი, საპირისპირო სქესის წარმომადგენელს ვგულისხმობ. იმედი მაქვს შენს სიმპატიურ, მაღალ, დაკუნთულ, შავგვრემან, ცისფერთვალება, მოსიყვარულე, ვნებიან, განათლებულ ქმარს ამ წერილს არ წააკითხებ, თორემ ხომ ხვდები? ორივე შევრცხვებით.
მგონი შენი ქმრის აღწერისას ზედმეტი მომივიდა, ან იქნებ არც მომივიდა? რა იცი რა ხდება, იქნებ ბედმა შენამდეც მოაღწია, პატარა იღბალი გაჩუქა და ზუსატად ისეთი ქმარუკა გარგუნა, როგირც ზემოთ აღვწერე.
მაგრამ იცი რა? სულაც არ არის საჭირო შენი რჩეული ღმერთკაცივით გამოიყურებოდეს. მთავარია ჰქონდეს ის თვისებებები მე და შენ რომ ვოცნებობდით. გამგებიანი, თბილი, მოსიყვარულე. აი, ისეთი სულ გვერდში რომ გედგება და ზურგს გაგიმაგრებს. ღამით ბავშვი ტირილს რომ მორთავს, ის კი თვითონ წამოდგება და შენ მოსვენების საშუალებას მოგცემს. აი, ის ცხოვრების ნამდვილი, ღირსეული თანამგზავრი რომ იქნება.
აი, მაშინ იქნება ყველაფერი კარგად, მაშინ იქნები სრულყოფილად ბედნიერი ქალი!
დაიმახსოვრე, არასოდეს დანებდე! ყველაფერი შესაძლებელია!
მოიცა გავიხსენო რა ფრაზა შეთხზი ბავშვობასი...ჰო!
„ჩვენს ბედს თვითონვე ვქმნით! ყოველთვის შესაძლებელია ბედისწერის შეცვლა! ყოველთვის შესაძლებელია უფსკრულიდან მწვერვალზე ასვლა!“
აი, ასე ჩემო კარგო. თუ ეს სიტყვები გონებაში ღრმად ჩაგიჯდება იმედს არასოდეს დაკარგავ.
მგონი უნდა დავასრულო შენთან ჭორაობა, სამეცადინო თავზე საყრელად მაქვს.
დამშვიდობებამდე რამდენიმე თხოვნა, არა მოთხოვნა!!!
პირველ ბიჭს მამიკოს სახელს არქმევ დავითს, მეორეს დემეტრეს, პატარა გოგოს კი ელენეს ან ნატალის, არჩევანის საშუალებას გაძლევ.
ახლა კი მართლა უნდა წავიდე რა, ვიცი გული გწყდება მაგრამ...
დღეს 13 ნოემბერია, 1015 წელი. წარმოგიდგენია რამდენი წელი მოითმინე ამ წერილის მიღებამდე? მგონი ღირდა ხომ? მხოლოდ შენს ერთ გაღიმებად ღირდა.
ბედნიერი იყავი, რადგან თუ შენ თავს ბედნიერად იგრძნობ, გამოდის მეც ბედნიერი ვარ.

პ.ს. იცოდე, კიდევ ერთხელ გაფრთხილებ, წერილი შემთხვევით შენს ქმარუკას არ ჩაუვარდეს ხელში, თორეეემ „ვავა სკან ცოდა“.
Just A Smile Baby…
სიყვარულით შენი 16 წლის მე!
23.11.2015
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: სოფო
ნანახია: 1138 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar