წინააღმდეგობა
14.04.2019, 17:36

ხო, ზოგიერთს რაღაც ამოუცნობი მუხტი აქვს. ხანდახან სრულიად მოულოდელად გეღობებიან წინ, უმოქმედოდ დადგებიან ხოლმე, დაუშვებენ მიწისკენ ხელებს. გიყურებენ და თან არ გიყურებენ, მაგრამ შენ გრძნობ საოცარ ძალას, რომელიც ფეხის თითიდან იწყებს ცოცვას და თმის ღრებამდე ღოღვით აღწევს. ნელი სვლით უფრო გაბრუებს, მეტყველებს უნარს გაკარგვინებს და რჩები ერთ ადგილზე გახვებული. თითქოს დროის ათვლა ფერხდება, კადრები ნელი ტემპით ენაცვლებიან ერთმანეთს, შენ კი თითქოს მაინც ერთ ადგლას დგახარ, არადა გრძნობ რომ სიმაღლეში იზრედები და ყველაფერი ვიწროვდება, გრძელდება, თითქოს წრე იკვრება და ამ წრის შუა რჩებით, ირგვლივ კი ყველა საგანი თუ ადამიანი ერთმანეთში იზილება- ფერადდება და ფორმას კარგავს. შენ კი გინდა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ, მაგრამ ნაბიჯს ვერ დგავ, გეგონება ფეხები მიწაში ჩაგეფლო და საკმარისი ენერგია არ გაქვს მათ გასათავისუფლებლად....

რამდენჯერაც ვიხსენებ ამ დღეს, იმდენჯერ იგივე ემოციები მიტევენ, მაფორიაქებენ და თავგზას მირევენ. თითქოს შემაჩვიე ჯერ უამრავი ემოციის ერთდროულად განცდას და შემდეგ თავგზაარეული ცხოვრების დინების საპირისპიროდ ცურვას. თითქოს გავიშინაგანე ეს ყოფა და სწორედ მაშინ გაქრი. გაქრი უკვალოდ, ყოველგვარი ახსნისა და განმარტების გარეშე. მე კი აღმოვჩნდი საშინლად აზვირთებული მდინარის ხახაში, ლოდებისა და ბობოქარი ტაღების გვერდით, ახლად გამოაშკარავებულ ერთ-ერთ მესთან ერთად, რომლის გაცნობის სურვილიც არასდროს მკლავდა. მაშინებდა მისი სისუსტე, მდგომარეობის უპირობო მიმღებლობა და უბრძოლველი, მხოლოდ კომფორტის ზონაზე ორიენტირებული დამოკიდებულება. ვეღარ გამეგო მებრძოლა წყლის ძალის წინააღმდეგ თუ ჩემივე ნებით გამეტანებინა ახლად დაბადებული თავი მისთვის... საზიზღარი გაურკვევლობა მჭამდა, თავადაც არ ვიცოდი როგორ ვახერხებდი ფიქრს.

დროის გასვლასთან ერთად ვრწმუნდებოდი რომ ,,რაც არ გკლავს გაძლიერებს“  ჭეშმარიტებას ღაღადებდა ეს სიტყვები და მეც ნაკლებად გავურბოდი ხიფათს, თუკი დარწმუნებული ვიყავი ჩემს ,,უკვდავებაში“. უკვდავებაც ჩემი ერთ-ერთი სულის ნაწილის ხელში იყო, რომელიც მეტი ძლიერებით, გამბედაობითა და სიმტკიცით გამოირჩეოდა. თუ შენ ჩათვლი რომ მკვდარი ხარ სხვები მაშინვე მიწას მოგაყრიან, რომც სუნთქავდე. ბოლო ხანებში ის  იმარჯვებდა სუსტ და დამყოლ ნაწილზე, მართავდა მის უსუსურობას და არ აძლევდა საშუალებას მთლიანობა დაგვეკარგა. ახლა ეს  ბატონობდა ჩემზეც, თითქოს ძლიერ და ამავე დროს იმპულსურ, რომანტიულ ტიპზე. რომელსაც აქამდე მხოლოდ შენი დანახვაც კი ჰყოფნიდა მთლიანად, რომ მონდობილიყო შენზე, იპყრობდა ჟინი, ავიწყდებოდა ყველა და ყველაფერი გარდა შენი არსებობისა. ახლა კი საკუთარი თავის იმ ნაწილს ვყვებოდი რომელიც ცდილობდა გადავერჩინე და მისი ყოველი მცდელობა მიბნევდა თავგზას და მტოვებდა გზაგასაყარზე, რომლიდანაც ჯერ ვერც-ერთი გზა ვერ ამომერჩია...

თავისუფლად შემეძლო მომეძებნე, შენი სურვილის წინააღმდეგაც კი წავსულიყავი და უარი მეთქვა ჩემს თავმოყვარეობაზე, მაგრამ შემეშინდა ყველა შედეგის რაც კი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას. ყველაზე მეტად კი პრინციპებმა და დაუწერელმა კანონებმა ერთ ადგილას გამაქვავეს, თუმცა ყოველი გაელვებული ფიქრი გაგიჟებული მიძვრებოდა ტვინიდან და  გაასმაგებული ენერგიით მაჭერდა სხეულის მყიფე ნაწილზე ფეხს, და მეშინოდა შენზე ფიქრებსაც, რომ არ გაენგრიათ ჩემი სამყაროს კარი და ცარიელ ფიტულად არ ვექციე, რომელშიც ყველამხრიდან მონაბერი სიო აღწევს და კიდევ უფრო აშრობს მის ისედაც მსხვრევად კანს. ბევრი ვუთმინე შიშს და სიმხდალეს, ამ თმენაში კი ჩემი უსუსურობა და საიდანღაც მოვლენილი დამცველის ჩრდილი თავიანთ მხარეს მექაჩებოდნენ და მე, რომელსაც ათასი სურვილი მქონდა ვერც ერთის მხარეს ვხედავდი იმ რესურს, რაც ყველა სურვილს ასე თუ ისე ამისრულებდა.

ამიტომაც, გზაგასაყარზე მყოფი იმდენად გავჯიუტდი ტკივილსა და დახმარებას ზედაც არ შევხედე და გავექეცი იმ გზით, რომელის ადგილასაც მწვანე უსაზღვრო მდელო მოჩანდა. მივრბოდი და თავად ვქმნიდი ვიწრო ბილიკს წვიმის წვეთებს ჩემს ნაკვალევთან ერთად რომ აეზილა ტალახში და ახლა გზააბნეულ, არც თუ ისე მყარი ნაბიჯებით მოსიარულეს მოთმინებით მელოდა, თუ როდის ავირჩევდი  ადგილს ჩემი არ არსებული სახლისთვის. რომელსაც ავავსებდი ათასი დარდით, სევდით, მომავალზე ფიქრით, სიყვარულით და რაც მთავარია ჩვენს წარსულს სახლის მიღმა არ დავტოვებდი. პირიქით, მივიღებდი ისე როგორც საპატიო სტუმარს და ოთახის ერთ კუთხეში დავსვავდი. წვიმიან დღეებში, მასაც შევთავაზებდი ლიმნიან ჩაის, მეტი ლიმნითა და ნაკლები შაქრით და გასათბობად პლედსაც სიამოვნებით მოვახურავდი. მერე რა რომ სიცივის ნაცვლად ძველი ცოდვები მოჰგვრიდა კანკალს? მე მაინც გადავშლიდი ჩვენს არ არსებულ ალბომს მასთან ერთად და მოვყვებოდი ძველ მტკივნეულ ისტორიას ახალი განცდებით, ნაკლები ტკივილით, მეტი გულისწყდომითა და რაც მთავარია მომავლის სიყვარულით. მეორე კუთხეში მომავლის გასაგონად ხაზს გავუსვამდი ჩემში შეუცვლელ გულუბრყვილობას და მის მწარე ღიმილს ისევ გულუბრყვილოდ გავუღიმებდი. ვეტყოდი, იცი რა მომავალო. მე უკვე მეტკინა, იმედებიც გამიცრუვდა,  დაუცველიც ვყოფილვარ და ამის მიუხედავად კარგადაც მიბრძოლია მარტოს, დავცემულვარ და ნელა, გაჭირვებით წამოვმდგარვარ კიდეც, ამ ყველაფრის მიუხედავად კი მე მაინც იმედი მაქვს ჩემი ცხოვრება უკეთესი იქნებათქო. მერე კი ჯიუტად მოვთხოვდი შანს მივეყვანე რაღაც ახალის კარამდე, რომლის ფერიც ისეთი ჭრელი ყოფილიყო რომ თვალის შევლებისთანავე თავბრუ დაეხვია. მოვთხოვდი ისეთ სიახლეს ჩემს გამოფიტულს ემოცებს რომ ააყვავებდა და ნაყოფის გამოსასხმელად მოამზადებდა. არც მოვერიდებოდი წარსულს და სწორედ მის ფონზე ვიპოვიდი იმ შანს, რომელსაც ჩემი ახლიდან დაბადება და შენი დაღუპვა ერქმეოდა ჩემს აწმყოში...

 

კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: NANO
ნანახია: 91 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar