ზოის დღიურებიდან...
10.04.2016, 19:08
მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება რაღაცით ვარ უკმაყოფილო!
ჩემი თავით განსაკუთრებით!
იმდენად მარტოსული ვიყავი, მეტი უბრალოდ შეუძლებელია!
არავინ მყავდა!
არც ნათესავი, არც მეგობარი... არავინ!
კატაც კი არ მყავდა.
ჩემი ცხოვრების მხოლოდ ერთი სიტყვით დახასიათება თუ შეიძლებოდა: რუტინული!
არ ვიცი, შეიძლება სიახლის შიში მქონდა, შეიძლება არც მქონდა და უბრალოდ სიახლეები ჩემთვის არ იყო...
არ ვიცი და ალბათ არც არასდროს მეცოდინება...
მაგრამ უსასრულო ხომ არაფერია...
ხოდა, ამ არაუსასრულო უსასრულობაში გამოჩნდა ათანასეც...
ის არ გავდა არავის...
მას არ გავდა არავინ...
ის მხოლოდ საკუთარ თავს გავდა და ერთადერთი ადამიანი, ვინც მას გავდა, ეს თავად ათანასე იყო!
როგორ გავიცანი?
ჩვეულებრივად... ან არაჩვეულებრივად... რა ვიცი...
შემოდგომა იყო... ოქტომბრის ექვსი...
სამსახურიდან როგორც ყოველთვის შებინდებისას გამოვედი და იმ პარკისკენ წავედი, რომელსაც ყოველ საღამოს ვსტუმრობდით მე და ჩემი ძველი წიგნები...
ღამის განათებები უკვე ჩართულიყო და ყვითელი ფოთლებით დაფარულ მიწას ოქროსფრად ანათებდა...
ამოჩემებულ ხის სკამზე ჩამოვჯექი, ყურასმენები მოვირგე და ჩემი შოკოლადისფერი, ხმარებისგან შელახული ჩანთიდან, კითხვისგან შელახული წიგნი ამოვიღე.
„ყვითელი ფოთლები თან მიაქვს ქარს“... - და ქარმაც დაუბერა...
წიგნი გადავშალე და...
-მაპატიეთ... არ მინდა კითხვაში ხელი შეგიშალოთ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს გუშინ სად ბრძანდებოდით? - არ ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ იმდენად სასიამოვნო ხმა ჰქონდა, რომ...
-უკაცრავად?! - გულწრფელად გამიკვირდა... არ მესმოდა, რას გულისხმობდა...
-ყოველ საღამოს მოდიხართ აქ, ღამის განათებაზე კითხულობთ წიგნს და... გუშინ არ გამოჩენილხართ!
ხო... წინა საღამოს სამსახურიდან გამოსვლა დამაგვიანდა და ტრადიციაც დამერღვა, ჩემდა უნებურად...
-თქვენ რა, მითვალთვალებთ?
-უბრალოდ გამჩნევთ... - მხრები აიჩეჩა მან. -კარგი, ჩემი წასვლის დროა. მიხარია, რომ კარგად ხართ! -ესღა თქვა და წავიდა.
წასულს თვალი გავაყოლე...
მუქი ფერის შარვალი, დამუშავებული ხისფერი ბათინკები და ამავე ფერის ქურთუკი ეცვა...
შემოდგომას უხდებოდა, ვერაფერს იტყვი.

მხრები ავიჩეჩე და წიგნის კითხვა დავიწყე...

...

რა თქმა უნდა, ისევ, ყოველ საღამოს, ტრადიციულად იმ პარკში მივდიოდი და წიგნს ვკითხულობდი...
ოღონდ ამჯერად უკვე ვამჩნევდი იმ უცნობ/ნაცნობს და ზოგჯერ თავის დაკვრითაც კი ვესალმებოდი.
უკვე ნოემბერი იყო...
ნოემბრის ექვსი...
მერე...
მერე, ვირუსი შემეყარა და პარკში კი არა, სამზარეულოში ძლივს გავდიოდი ჩაის გასაკეთებლად.
მესამე დღე იყო ჩემი სახლში გამოკეტვისგან გასული...
კარზე ზარი მეუცხოვა...
წელი ძლივს ავითრიე და კარისკენ ნაცრისფერ სპორტულებში გამოწყობილი, თმა აჩეჩილი, ცხვირდაწითლებული და საშინლად დისორიენტირებული წავედი.
უცნაურია, მაგრამ არ გამკვირვებია მისი დანახვა.
-საშინლად გამოიყურებით! - მითხრა და ოთახში დაუპატიჟებლად შემოვიდა.
ხმით ჩამეცინა, კარი დავხურე და მისაღებისკენ გავუძეხი.
-რომ აღარ გამოჩნდით, ვიფიქრე... - დაიწყო და როდესაც ისევ ჩემ სახეს წააწყდა, ინტერესით ჩაილაპარაკა. - თქვენ რა, კვდებით?
-ღმერთო ჩემო! - ჩახლეჩილი ხმით შევიცხადე. - შემოგეპარებინათ მაინც ეგ რიტორიკული კითხვა, რა უმსგავსობაა!
-ჩაი გაქვთ?
-მაქვს, მაგრამ იმედი არ გქონდეთ, რომ მოგიმზადებთ! - დაღლილმა ვუპასუხე და დივანზე დავჯექი.
-უბრალოდ სამზარეულო მიმასწავლეთ...
მივასწავლე...
ისიც წავიდა და შვიდ წუთში ორი ფინჯანით დაბრუნდა უკან.
ვინ იყო?
რა უნდოდა?
რატომ იყო ჩემ სახლში?
რატომ ვგრძნობდი თავს მშვიდად?
არ ვიცოდი, არ ვიცი და ალბათ არც მეცოდინება...

ორი დღე ჩემი სახლიდან ფეხიც არ გაუდგამს...
ჩემი ავადმყოფობის ორი დღე...
მესამე დღეს, როცა გამოვჯანმრთელდი და წავიდა...
მოვძებნე და დავაბრუნე...
ფაქტობრივად ერთად ვცხოვრობდით...
ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ ეს სულაც არ მეხამუშებოდა ან მეუცნაურებოდა...
ვუსმენდით ყანჩელს, მოცარტს... დრო და დრო ბითლზებიც შემოგვესმინებოდა...
ვკითხულობდით დუმბაძეს, ტაბიძეს... ზოგჯერ რემარკსაც... ცოტ-ცოტას ყველაფერს!
მივირთმევდით ციტრუსს... ძირითადად ლიმონს...
ვუკრავდით... მე როიალზე, ის - გიტარაზე...
მას ხატვა უყვარდა, მე - მისი ყურება...
ის ლექსებსაც წერდა, მე - ვერ ვწერდი...
მღეროდა კიდეც, ჩემგან განსხვავებით...
ხშირად თვალი უშტერდებოდა... თითქოს რეალობას წყდებოდა და თავის გამოგონილ სამყაროში გადადიოდა, სადაც ჩემი წარმოდგენით ყველაფერი ზედმეტად პოეტური იყო...
გრძელი, ლამაზი თითები ჰქონდა... და როცა საღებავით ესვრებოდა, შეეძლო, დამჯდარიყო და საათობით ეცქირა მას თავისი თითებისთვის, მე - მისთვის...
არაბუნებრივად გრძელი წამწამები ბუნებრივად ჰქონდა...
ცხვირი - სწორი და ოდნავ გაბუშტული...
ტუჩები - არც თხელი, არც სქელი...
თვალები? - თვალები ჩემი ფერი!
წვერი - უხდებოდა...
თმა - არეული...
ჭკუას კარგავდა, როცა თმაზე მეფერებოდა... მე დაკარგული მქონდა!

ერთხელ, როცა ის რაღაც ჩანახატებს აკეთებდა, მე კი ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი „მესაფლავეს“ ვკითხულობდი, სიჩუმე ცივად გაკვეთა მისმა ნელ-თბილმა ხმამ.
-ძალიან მინდა, შემეძლოს, სამუდამოდ მხოლოდ შენ გხატო!
-შეგიძლია!
-არა, არ შემიძლია!
არაფერი მითქვამს... რა უნდა მეთქვა...

ერთხელ, იატაკზე დაწვა და ჭერს ააცქერდა.
-„აღარ ჭორაობენ, სამწუხაროდ გიჟი აღარავის გონიხარ... რაც ნიშნავს, რომ მათ ემსგავები... ეს კი თავისთავად სიკვდილია... ყველაზე საზარელი სიკვდილი!“ (თ.ნ) - ჩაილაპარაკა და ქუთუთოები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს.
-სისულელეა! - შევეწინააღმდეგე მე. - შენ არავინ გგავს! შენ არავის გავხარ!
-ცდები ზოი! მე წავალ, შენ გახვალ ქუჩაში და დაინახავ უამრავ მსგავსებას ჩემთან!
-შენ არ წახვალ! - მტკიცედ ვუთხარი და ოთახი დავტოვე.

თქვენი აზრით, რა მოხდა შემდეგ?
ხო, თქვენ მართალი ხართ ან არა, თქვენ შეცდით!
მოკლედ...
ის წავიდა!
აი, ასე... ადგა და წავიდა!
დილით, როცა გავიღვიძე და ციტრუსის სურნელი ვერ ვიგრძენი, მეუცნაურა...
ფეხშიშველა, ფეხისწვერებზე შემდგარი წავედი მისაღებისკენ...
არც იქ არ იყო...
სამაგიეროდ სამზარეულოს მაგიდაზე უამრავი ფურცელი იყო არეულად დაყრილი...
ვგრძნობდი, რაღაცის დასასრულს...
უსასრულო ხომ არაფერია...
ფურცლებს დავხედე და ყველა მათგანზე საკუთარი თავი დავინახე...
მე - პარკში, ხის სკამზე, წიგნითა და ყურსასმენებით, ირგვლივ კი ყვითელი ფოთლებით და ოქროსფერი განათებით...
მე - კართან, წითელცხვირა, არეული დ მოუწესრიგებელი...
მე - დივანზე ორად მოკეცილი, კლეჩატი პლედით...
მე - ფანჯრის რაფაზე, წიგნითა და ჩაის ფინჯნით ხელში...
მე საძინებელში, მძინარე, არეული თმითა და ოდნავ შეხსნილი ბაგეებით...
მე, მე, მე... ყველგან მე!
სუნთქვა გამიჭირდა... პირი გამიშრა...
ონკანთან მივედი... ლიმნიანი წყლის ჭიქა იდო, მიწებებული ქაღალდით, რომელზეც ეწერა: „დალიე და ჩემზე არ იფიქრო... ან პირიქით, ძალიან ბევრი იფიქრე!“
წყალი დავლიე და სკამზე ჩამოვჯექი... ნახატების დათვალიერება განვაგრძე...
ისევ მე ვიყავი ყველა ნახატზე, სხვადასხვა სიტუაციასა და მდგომარეობაში...
ბოლო ფურცელი აღარ იყო ნახატი... წერილი იყო...

„ვიცოდი, რომ არ უნდა გამოვჩენილიყავი შენ ცხოვრებაში, მაგრამ მაინც გამოვჩნდი... ბოლო წუთამდე მქონდა იმედი, რომ შენამდე არ მომიშვებდი, მაგრამ შენ ზედმეტად ახლოსაც მიმიშვი და მანდ ჩავიძირეთ ორივე! გამაიდეალე... მე უკვე გაიდეალებული მყავდი... არ მინდა ბევრი დავწერო, თორემ შეიძლება წასვლა გადავიფიქრო... რთულია, გიყურებდე და მაინც გტოვებდე...
არ ვიცი...
თუ ეს შეცდომაა, მაშინ შენ ყოფილხარ საუკეთესო შეცდომა ჩემ ცხოვრებაში!
არ მინდა წასვლა... მართლა არ მინდა და... ეს ორმხრივი ბილეთია... რაღაც გზას ვიტოვებ, დასაბრუნებლად...
„ჩამითქვი,
როგორც ბედობის ღამეს
ან ჩამოვარდნილი ვარსკვლავის დანახვისას უთქვამენ სურვილს
და
აგიხდები.“ (თ.ნ)
ზოი, ნახვამდის, ძვირფასო!“

ხო...
ტირილი მინდოდა, მაგრამ ვერ ვტიროდი...
მას მერე თვეები გავიდა... სათვალავიც კი ამერია...
მართალი უთქვამს, მე წავალ, გახვალ ქუჩაში და დაინახავ უამრავს მსგავსებას ჩემთანო...
ზუსტად ასეა!
ყველა ის მგონია... ყველა მას გავს, იმის მიუხედავად, რომ ის არავის გავს!
ერთი რამ კი დანამდვილებით ვიცი, რომ მომატყუა!
ჩამითქვი და აგიხდებიო...
ათასჯერ... არა, მილიონჯერ... არა, არც კი ვიცი, რამდენჯერ ჩავითქვი...
ის კი არ ჩანს...
ისევ და ისევ...
ისევ...
ისევ...
და ისევ!
მე კი ისევ რაღაცით ვარ უკმაყოფილო!
ჩემი თავით განსაკუთრებით!

000000000000000000000000000000000000000000000

მე ზოი ვარ.
თქვენ უკვე მიცნობთ.
ჩემი ამბის მოყოლა თითქმის ბოლოდან დავიწყე. სხვა არც არაფრის მოყოლას ვაპირებდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მოსაყოლი ბევრი მაქვს და ახლა ზუსტად იქიდან დავიწყებ, საიდანაც წესით უნდა დამეწყო...
ლამაზ ქალაქში დავიბადე...
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე სულაც არ ვყოფილვარ მშობლების ნანატრი შვილი და ერთადერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ დავიბადე იყო ის, რომ დედაჩემს არ სურდა აბორტის ცოდვაში ფეხის ჩადგმა.
კი არ გამზარდეს, ჩემით გავიზარდე... ჩემი თავიც თავადვე ავღზარდე...
როგორ ფიქრობთ, რა იყო პირველი სიტყვა, რომელიც ვთქვი?
„სიგარეტი“.
ჩემ მომავალ სათქმელ სიტყვებს შეემატა: „არაყი“, „ნუ ტირი, დე“, „გაეთრიე“ და ძირითადად ლანძღვა-გინების შემცველი სიტყვები თუ წინადადებები.
მამაჩემი რამდენადაც რთული „თემა“ იყო ჩემთვის, იმდენად იყო უმნიშვნელოც.
ხშირად რეაქცია არ მქონდა მის მთვრალ გამოსვლებზე...
ერთადერთი, რაც ჩემზე ზეგავლენას ახდენდა დედას ყვირილი და ტირილი იყო...
რაც გინდათ ის თქვით, მაგრამ მე არც დედას ვცემდი პატივს და მითუმეტეს არც მამას, მამა მძულდა კიდეც, დედა კი თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით მიყვარდა...
ვიცი, საშინელებაა, მაგრამ თქვენ რომ ერთი დღე მაინც გაგეტარებინათ ჩემ ყოფაში, არა თუ შეიძულებდით მათ, არამედ ვერც კი გაუძლებდით!
მამა მოძალადე ალკოჰოლიკი იყო, დედა კი ფსიქოპატი და ასევე მოძალადე, ოღონდ ჩემზე.
არ მახსოვს არც ერთისგან თბილი სიტყვა...
მაშინაც კი, როცა ჩუთყვავილა მქონდა არც ერთი მითვალისწინებდა, არც ერთი მინდობდა... სწორედ ამის გამო ყველაფერი გამირთულდა და სიკვდილს ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან, ისიც მეზობლებმა.
ძალიან მინდა ვისაუბრო და ყველაფერი მოგიყვეთ, მაგრამ სიტყვები არ მყოფნის, თითები კი არ მემორჩილება დასაწერად.
საბოლოოდ ყველაფერი რითი დამთავრდა იცით? დედამ მამა მოკლა, მერე კი თავი მოიკლა.
ჩემი ცხოვრება მძაფრსიუჟეტიან ფილმს გავდა ნამდვილად და ძალიან მინდა ასეც იყოს, მაგრამ ეს რეალობა იყო, ყველაზე დიდი რეალობა!
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ფსიქოლოგიურად დამშალა და ჩვეულებრივი მოზარდის ცხოვრებიდან გადამახვევინა, მითუმეტეს, რომ მშობლების გარდაცვალების შემდეგ, ორი წლით ბავშვთა სახლში გამიშვეს.
არავისთან არ მქონია შეხება, უბრალოდ ვიჯექი პატარა ოთახში, ე.წ ბიბლიოთეკაში და იმ წიგნებს ვკითხულობდი, რომლებიც უკვე წაკითხული მქონდა, ისიც სკოლაში... სულ ვმეცადინეობდი, რომ ბაზა მაინც მქონოდა აქედან გასულს და რამე შემძლებოდა...
და აი, გავიდა ორი წელი და მეც დავტოვე ბავშვთა სახლი, ბნელი წარსულითა და ბნელი მომავლით!

...
00000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
დადგა დრო და ჩემთანაც გამოიდარა...
მქონდა სახლი, რომელიც მართალია თითქმის მთელი ხელფასი მიჯდებოდა, მაგრამ მაშინ ეს მეორეხარისხოვანი იყო...
შესაბამისად მქონდა სამსახურიც...
მყავდა მეგობრები...
ყველაზე ძვირფასი ადამიანები განვლილი ცხოვრების მანძილზე...
ტყუპები იყვნენ...
საოცრად უცნაური არსებები...
ორი იდენტური და ამავე დროს სრულიად განსხვავებული ადამიანი!
თავიდან მიჭირდა მათი გარჩევა...
შემდეგ N2ტყუპს თავში რაღაცამ დაარტყა, თავი გადაიპარსა და ასე გამოგვეცხადა...
ორი დღე მშვენივრად ვარჩევდი ერთმანეთისგან, მაგრამ მესამე დღეს N2 ტყუპს N1 მოყვა იგივე ვარცხნილობით და ეშმაკმა იცის, რეალურად რომელი შემოვიდა პირველი...
საშინლად განსხვავებულები იყვნენ, ისევე, როგორც ჩემ ცხოვრებაში არსებული ყველა ადამიანი...
მათთვის არ არსებობდა წესები, კანონები...
თუ რამე სურდათ, მათზე ვერანაირი აკრძალვა ვერ მოქმედებდა...
N1 არ ჭამდა ხორცს...
აღმერთებდა ბითლზებს...
უკრავდა ნერვებზე...
მღეროდა ლამაზად...
ცეკვავდა, როგორც ალქაჯი...
ბევრს კითხულობდა...
ხანდახან თავს ისულელებდა...
N2 არ ჭამდა ომლეტს...
აღმერთებდა ბითლზებს...
უკრავდა ტრომბონზე...
მღეროდა ყვავივით...
ცეკვავდა გედივით...
ეჯავრებოდა კითხვა...
ხანდახან ყველაზე ჭკვიანი მეგონა...
მათი გარეგნობა არ იყო ერთადერთი და განუმეორებელი, რადგან ორნი იყვნენ...
თვალები - გიშრისფერი...
ყურები - პატარა...
მაგრამ გამგონე...
წარბები - სქელი...
წამწამები - გრძელი...
ცხვირი - თხელი...
და სწორიც...
ტუჩები - სქელი და გამოყვანილი...
კბილები - თეთრი, შუაში გარღვევით...
ღიმილი - ჰოლივუდის...
სიცილი - სატირალი...
ტირილი - სასაცილო...
თმა - ოქროსფერი...
თითები - გრძელი...
ნატიფი...
უნაკლო...
ოჰ!
ლავიწები...
ლავიწები კი ზღაპრული!

თუ შეიძლება არსებობდეს უნაკლო ადამიანი, ღმერთს მათი სახით ორი შეუქმნია!
მათთვის ძვირფასი ადამიანები: ერთმანეთი და მე!
ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ!

ერთხელ ზაფხულში... გვიან ღამით ვიღაცამ ჩემი სახლის კარი ჩამოიღო ბრახუნით...
ყველა სიცოცხლე გავათავე, კარის გაღებამდე...
ზღურბლზე კი ორი გაჩეჩილი, ერთმანეთის კლონი დამხვდა...
-თუ საიდუმლო არ არის, აქ რას აკეთებთ?! - თვალები გადავატრიალე ჯერ კიდევ ნახევრად მძინარემ და მოვერიდე, რომ სახლში შემოსულიყვნენ...
-საიდუმლოა! - თქვა N2-მა.
-უბრალოდ ახლა ჩაიცვამ და წამოგვყვები! – დაუმატა N1-მა.
-თქვენ არ ხართ ნორმალურები! შუა ღამეს გადასცდა...
-ოხ, თანაც რა ხანია... - ხელი ერთდროულად ჩაიქნიეს. - სწრაფად ჩაიცვი!
კედელს რომ ელაპარაკოთ, ელაპარაკოთ და კიდევ და კიდევ ელაპარაკოთ, შეიძლება რამე გააგებინოთ, მაგრამ მათ ნამდვილად ვერაფერს გააგებინებდით... ასე რომ, ფარ-ხმალი დავყარე და საძინებლისკენ გავლასლასდი...

მანქანას ისეთი სისწრაფით მიაქროლებდნენ, სული კბილებით მეჭირა!
რამდენიმე პატარა გორაკი გადამატარეს და ჰოი, ბედკრულო ამაოებავ!
-სად ვართ?
-გაიცანი, ეს არის დიდებული... მეტ-ნაკლებად დიდებული თბილისის ზღვა! - ტაში შემოჰკრა N1-მა.
-სასიამოვნოა, სანაგვევ... - მოღუშულმა ჩავილაპარაკე და N2-ს გავხედე...
-ასე ნუ მიყურებ! და ნურც სანაგვეს უწოდებ აქაურობას, განაწყენდება! - ხომ გეუბნებით, უცნაურები იყვნენ-მეთქი, ძალიან უცნაურები...
-ღამით სამოთხეა! - გააგრძელა N2-მა.
სკეპტიკურად გადავხედე პეიზაჟს და... ჰმ! მართლა საოცრად ლამაზი იყო!
წყალი ნებიერად ლივლივებდა და ვარსკვლავებსა და სავსე მთვარეს სიამაყით ირეკლავდა...
გარშემო ბორცვები, ჰორიზონტი და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა...
შეუდარებელი იყო!
-დაწექი! - უხეშად მოხვდა ჩემ ფიქრებში გართულ გონებას N1-ის ხმა…
-ხო, მოდი! - N2 ძირს დაწვა და ცას თვალისმომჭრელად გაუღიმა... რამდენიმე წამში, N1-მაც მას მიბაძა და მეც სხვა რა გზა დამრჩენოდა?! მათ შუაში დავწექი და ზეცას ავხედე...
ოხ, ეს იყო შედევრი! ბუნების შედევრი!
იმ ღამის შემდეგ თბილისის ცაზე ასეთი სილამაზისთვის თვალიც არ მომიკრავს!
გათენებამდე ასე ვიწექით, ვარსკვლავებს ვუთვალთვალებდით და ვდუმდით...
და ეს დუმილი ლაპარაკობდა ჩვენ მაგივრად...
დილით სახლში მიმიყვანეს და გამაფრთხილეს, რომ ეს ღამე არასდროს დამევიწყებინა (განა შემეძლო, რომ?!), არც ერთი დამევიწყებინა და არასდროს მეგრძნო მარტოობა...
ჰო!
უცნაურია!
მას მერე არც ერთი აღარ მინახავს თვალით...
ისინი ყველაზე ნათელ არსებებად დარჩნენ ჩემ გონებასა და გულში...
ეტყობა ასეა ჩემ ბედის წიგნში დაწერილი : „ყველა, ვინც მოულოდნელად გამოჩნდება ზოის ცხოვრებაში, მოულოდნელადვე გაქრება!“
არ ვიცი...
მთელი ცხოვრებაა, ვიღაც მოდის ჩემთან... თუმცა ისევ მიდის!
ჰო...
უსასრულო ხომ არაფერია...
ყველაფერს აქვს დასასრული...
ან კარგი...
ან ცუდი...
ღმერთმა იცის, კიდევ რა დასრულდება ჩემთვის…
0000000000000000000000000000000000000000000000000000000000
ჩემი ცხოვრება რამდენადაც მრაფალფეროვანი იყო, იმდენად ერთფეროვანი გახლდათ...
ზოის დღიურები დასასრულს მიუახლოვდა...
ზოის სიცოცხლის მსგავსად...
განა მოსაყოლი აღარ მაქვს?!
არა!
უბრალოდ აღარ მინდა ჩემი მეტ-ნაკლებად ტრაგიკული ცხოვრებით თქვენიც დავამძიმო...
ჩემი დღიურიდან ბევრი ფურცელი ამოვხიე და ალბათ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანნი დავტოვე, რომლებიც თქვენ გაგიზიარეთ...
ახლა გადავიკითხე და...
ჰო, მშობლები, ტყუპები, ათანასე...
სამი ყველაზე რთული და ძვირფასი პერიოდი ჩემ ცხოვრებაში...
ახლა, სწორედ ამ წამსაა მეოთხე...
აღსასრული...
ცხადად ვგრძნობ მის მოახლოებას...
თბილია, უბრალოდ ცივად მოდის...
სხვანაირად არ შეუძლია...
ტბის პირას ვზივარ...
შემოდგომაა...
სხვანაირად არც შეიძლებოდა!
უცნაური იქნებოდა ჩემი აღსასრული ზამთარში, ზაფხულში ან თუნდაც გაზაფხულზე...
ხო...
ტბის პირას ვზივარ და მხრებზე პლედი მახურავს...
რას მივაღწიე?
ვიცხოვრე?
მერე?
ხო, რა მნიშვნელობა აქვს...
დღეს ათანასეს დაბადების დღეა...
მან მომატყუა!
ჩამითქვიო...
აგიხდებიო...
დღეს მე ვკვდები... ახლა!
ის კი არა თუ განვლილ წლებში, არამედ ახლაც კი არ ჩანს!
საშინელი გრძნობაა იმედგაცრუება...
გტკივა... გტკივა... და ტკივილის წყაროს ვერ პოულობ, რომ რამენაირად დაიამო...

გუშინ მტრედი ვიპოვე...
დაჭრილი იყო...
მინდოდა გადამერჩინა, მაგრამ ვერ მოვახერხე...
შემდეგ მივხვდი, რომ არც იყო საჭირო...
ბედისწერას ვერ შევცვლით...
ასე იყო დაწერილი...
ასე იყო საჭირო...
ხოდა, ალბათ ჩემ ბედისწერის წიგნშიც ის იყო დაწერილი, რაც გავიარე...
მთელი ცხოვრება, ვიღაც მოდიოდა ჩემთან... თუმცა ისევ მიდიოდა!
ჰო...
უსასრულო ხომ არაფერია...
ყველაფერს აქვს დასასრული...
ან კარგი...
ან ცუდი...
ახლა მეც ვსრულდები...
ალბათ რამდენიმე საათზე ცოტაც კი დამრჩა...
დამიჯერეთ, ვგრძნობ!
არ მეშინია...
არა მგონია, იმქვეყნად უარესი იყოს, ვიდრე ამქვეყნად...
ამაზე უარესი მაინც ვერაფერი იქნება...
ბოლო კვირაა ხელები რეგულარულად მიკანკალებს...
მაგრამ დღეს არა...
თავს ისე ვგრძნობ, როგორც თხუთმეტი წლის გოგონა...
რეალურად უკვე ოთხმოცდათხუთმეტის ვარ...
ჰო, დავბერდი...
ჩემნაირი ბედნიერ-უბედურებიც ბერდებიან...
ყველანი ვბერდებით...
ყველანი სიკვდილის შვილები ვართ...
აღარ ვიცი რაზე ვწერო...
ჩემი ცხოვრების ყველაზე ღირებული მომენტები იცით...
ერთ-ერთს ახლა თავად ესწრებით...
დაგემშვიდობებოდით რომ არ ვიცოდე, რომ იმქვეყნად შევხვდებით ადრე თუ გვიან...
ჰმ!
მშობლებს ვნახავ ალბათ...
ორივეს!
ნეტა, ტყუპები როგორ არიან?
ან ათანასე?
სად არიან?
თუ იქ არიან, ხომ კარგი... ვნახავ...
მაგრამ თუ აქ არიან... მაინც კარგი... მაინც ვნახავ ოდესმე...
ხო, აი, ამ წამს რას მივხვდი მეგობრებო...
ათანასემ მომატყუა, მხოლოდ ნაწილობრივ...
მას ხომ მაინც ვნახავ...
რა თქმა უნდა, ვნახავ...
უეჭველად ვნახავ!

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბოდვას ვიწყებ...
დროა გავჩერდე!
დროა დავატორმუზო!
დროა დავამთავრო!

ტბასთან ვზივარ, რომელიც რამდენიმე ფრად აჭრელებულ ხეებს ირეკლავს და რომელზეც აქა-იქ ყვითელ-წითელი ფოთლები ტიტანიკივით დაცურავენ... და ერთ დღეს მასავით ჩაიძირებიან!
ლამაზია დედამიწა... ლამაზია სამყარო... ლამაზია აქაურობა... მთელი თავისი სიმახინჯით!!!
კატეგორია: ჩანახატი | დაამატა: mrs_animal
ნანახია: 1923 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 7
avatar
0
1
პირველი სიახლე შენია, პივრელი კომენტარი ჩემი მუჰაჰაჰაჰა
avatar
0 Spam
2
აპა რა ძმა, პირველობას ვინარჩუნებთ, ტი შტო! smile
avatar
0
3
ბევრს ნუ ტილიკინებ :დდდდ
avatar
0
4
მეორე კი ვარ, მაგრამ მაინც პირველი ვარ, ზმებო! wink
avatar
0 Spam
5
ეს თურმე წაკითხული არ მქონია. შოკი გოგო ხარ შენ! ♥♥♥
avatar
0 Spam
6
მიყვარს.❤❤
avatar
0 Spam
7
როგორ მიყვარს ეს heart heart
avatar