მოლოდინი ოქროსფრად
16.08.2020, 21:04
აცივდა... ფოთლებს სევდა არხევს ქარების ნაცვლად
მომწვანო ფერებს დატყობია ოქროს ხალები,
მე შემოდგომის სურნელებას მონატრებული
მის მოლოდინში ვიკარგები და ვიმალები.
ცა ყოველ ღამით ტირილს იწყებს თურმე უჩუმრად
მე კი ახლაღა შევამჩნიე უძილობისას,
ვდარაჯობ, ველი, ნეტავ ისევ როდის იტირებს
მისი ცრემლები შემოდგომის სურნელს მომიტანს.
აგვისტოს ბილიკს ბოლო უკვე გამოსჩენია
დახეთქილ მიწის ნაპრალებში მის ბოლოს ვხედავ,
სადა ხარ ჩემო შემოდგომავ, თვალები გეძებს
გუშინ ჩურჩულით გეძახდი და დღეს ყვირილს ვბედავ.
დაგელოდები, სიჩუმეში ყოველ ღამით და
აღარ დავხუჭავ ზაფხულისგან გამომშრალ თვალებს,
შემოანათებ გული მიგრძნობს მალე ოქროსფრად
უწინდელივით ვიჩურჩულებთ მე, შენ და მთვარე.
(ჟანნეტ ბოგვერაძე)
15.09.2020
კატეგორია: ლექსი | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 183 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar