შემოდგომის ნაკვალევი
01.02.2020, 16:59
გაწვიმდა, ქუჩებს მარტოობის დაეტყო სევდა
გადაფერმკრთალდა, ზამთრისფერი დაედო დღეებს,
სუსხი იმატებს, დეკემბერი ზეიმობს მოსვლას
ქარი არ ინდობს, აწიოკებს გაძარცვულ ხეებს.
აცივდა, თითქოს სულსაც მისწვდა სიმკაცრე მისი
კენტად დარჩენილ ფოთლებსაც კი დაეტყო სევდა,
დღეს ისევ ყინვაშეპარული გათენდა დილა
გული გავითბე მოგონებით გარდასულ დღეთა.
ნისლში გაეხვა ტყე, სიშიშვლით გათეთრებული
და არემარეს იდუმალი დაედო ფერი,
ცივმა, შავ_თეთრმა დეკემბერმა მოიცვა ყველა
და მთელი ძალით ცდილობს, მეც რომ ჩამავლოს ხელი.
თუმცა მე ისევ შემოდგომის დღეებში ჩავრჩი
გადავიკარგე, სულის სეზონს შევავლე თვალი,
ფიფქების ნაცვლად სახეს ვუშვერ ოქროსფერ ფოთლებს
დაზამთრდა, თუმცა შემოდგომამ დატოვა კვალი.
09.12.2019
კატეგორია: ლექსი | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 36 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar