ალისია
21.07.2017, 14:13
ჩემი ბავშვობა კარგად არ მახსოვს. როცა ვცდილობ მოვიგონო მკვეთრად, ჩემ თვალწინ თითქმის ვერაფერს ვხედავ, თუმცა არის ერთადერთი რამ, რაც ჩემი გონებიდან არასდროს წაიშლება - ეს ალისიაა, პატარა ოქროსფერთმიანი ანგელოზი; ნაზი, ტალღოვანი დალალები, ბოლოში კულულებად რომ ჩამოჰყროდა პაწაწინა მხრებზე... მისი დიდრონი, ცაზე უფრო ცისფერი თვალები, რომლის ირგვლივ გრძელი წამწამები თითქოს დარაჯებად შემომსხდარიყვნენ, ცნობისმოყვარეობით იყო აღსავსე, კითხვები არასდროს ელეოდა, თხელი ვარდისფერი ბაგეები საუბარს ვერასდროს წყვეტდნენ. ყურები ელფისას მოუგავდა, თავად კი პატარა ფერიას ჰგავდა. მისი ხმა იყო ტკბილი, წყნარი და მშვიდი, მის საუბარს რომ მოუსმენდი, იფიქრებდი ბულბული გალობსო. ასეთი იყო ჩემი ალისია - ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი.
ალისიას გარდა, სხვა მოგონებები ნაგლეჯებად შემომრჩა. ჩემი ცხოვრება წიგნს ჰგავს, რომელშიც პირველი ათობით ფურცელი ამოხეულია, შემდეგი ფურცლები ბუნდოვნადაა ნაწერი, რომელთა წაკითხვას ხშირად ვცდილობ, რაღაცებს ვარჩევ, რაღაცებს ვერა. ამის შემდეგ კი ერთი ძალიან დიდი თავია ჩემს წიგნში, რომელიც ზეპირად ვიცი და მას, რაღა თქმა უნდა, „ალისია“ ჰქვია.
...
-დედა, დაძინება არ მინდა... ამ სახლში არ მინდა, აქ მეშინია... - ვუთხარი დედაჩემს, რომელმაც ძილის წინ, როგორც ყოველთვის, შუბლზე მაკოცა და რომლის სახეც ,,ბუნდოვნად ნაწერ ფურცლებზე“ მოხვდა... მას გრძელი შავი თმა ჰქონდა, თვალები კი... თვალები... აღარ მახსოვს.. თუმცა მისი ხმა იყო საოცრება!
-დაიძინე, საყვარელო, აქედან მალე წავალთ.. - თითქოს ანგელოზი მესაუბრებოდა, მაგრამ მის ხმაში ვიგრძენი რაღაც ღრმა სევდა, სევდა ქალისა, რომელმაც მეუღლე, რომელიც ძალიან უყვარდა, მეტისმეტად ადრე დაკარგა, იმდენად ადრე, რომ მამაჩემმა მე ვერც კი მიხილა, მათი ერთადერთი შვილი, რომლის დაბადებასაც მოუთმენლად ელოდა. მამაჩემის სახე, რომელიც დედამ შემიქმნა, იდეალურია, ის ყოველთვის დადებითს მიყვებოდა მასზე. დედაჩემი შესანიშნავი მშობელი იყო, ის იმაზე მეტს აკეთებდა ჩემთვის, ვიდრე შეეძლო, მაგრამ მამა რომ ასე ადრე არ წასულიყო, მასზე ბედნიერი ქალი არავინ იქნებოდა. ალბათ, ჩემი ცხოვრების წიგნიდანაც არ ამოიხეოდა ფურცლები, ალბათ, ყველაზე ბედნიერი ბავშვობა მექნებოდა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა... თუმცა ახლა ამაზე ფიქრი არ ღირს, ეს ალტერნატიული რეალობა არასოდეს განხორციელდება, ის უბრალოდ დარჩება ჩემს ფანტაზიაში და იცოცხლებს ჩემს გონებაში მანამ, სანამ ცოცხალი ვარ.
ღამე იყო ცივი და უხეში. სუსხიანი ქარი ოთახის გატეხილი ფანჯრიდან მრისხანედ იჭრებოდა, ჩემს ძვალსა და რბილში ატანდა და მყინავდა. ეს იყო პატარა, ერთოთახიანი ბინა, ძალიან ძველი აშენებული, კედლებს უკვე ბზარებიც გაჩენოდა, ხოლო ზოგი ფანჯარა უკვე ფანჯრად აღარ ვარგოდა. ძველი, ნახევრად დამტვრეული ავეჯი, ორმოებიანი იატაკი, რკინის დაჟანგული საწოლი და დაბზარული კედლები შვიდი წლის ბიჭში შიშის მეტს ვერაფერს იწვევდა. ამ განადგურებულ ბინაში კი მეპატრონე დედაჩემს, რომელიც მუშაობასა და ჩემზე ზრუნვასაც ძლივს ახერხებდა, ყოველთვიურად 90 დოლარს ართმევდა.
მე და დედა ერთ საწოლზე ვიწექით გვერდიგვერდ.
-დედა, მცივა.. - წავილუღლუღე. მანაც მაშინვე გადამაფარა თავისი თხელი საბანი ჩემს ასევე თხელ საბანზე და გულში ჩამიკრა. - და შენ არ გინდა?
-არ მინდა, პატარავ. გინდა ლამაზი ზღაპარი მოგიყვე? - თავი დავუქნიე - კარგი. იყო და არა იყო რა. ერთ სამეფოში პატარა ბიჭუნა ცხოვრობდა... - დაიწყო თავისი ანგელოზებრი ხმით. მეც განაბული ვუსმენდი მთელი გულისყურით და დედაჩემის თბილ მკლავებში გახვეული ნელ-ნელა ჩავიძირე სიზმრების სამყაროში.
შუაღამით ისევ გამეღვიძა. დედა გვერდზე გადაბრუნებულიყო, კანკალებდა და ქვითინებდა. მესმოდა მისი დანაწევრებული სიტყვები და ვარჩევდი ჩემს სახელს მის ლოცვაში: „ღმერთო, ჩემი ალექსი კარგად მიმყოფე და დაიფარეო“. დედა ყოველთვის ძლიერი იყო ჩემს თვალში, ახლა კი მისი სუსტი მხარე დავინახე, თვალები ამიცრემლიანდა, საბანი გადავაფარე და ჩავეხუტე ისე, როგორც პატარა ლეკვი მიეკვრება ხოლმე თავის დედას. ის კი ჩემკენ გადმობრუნდა და მაგრად ჩამიხუტა გულში. ეს იყო წამი, როცა პირველად გავაცნობიერე, თუ რამდენს უძლებდა დედაჩემი და ამიტომ გადავწყვიტე, რომ მე უნდა ვყოფილიყავი ნამდვილი კაცი, რომელიც მას დაიცავდა. მე უნდა ამოვდგომოდი გვერდში და ყველაფერი გამეკეთებინა იმისთვის, რომ დედა გამეღიმებინა ისეთი ღიმილით, რომლის უკანაც სევდა არ იმალება. მე დავარწმუნე კიდეც ჩემი თავი, რომ მე ეს შემიძლია. ის-ის იყო უნდა მეთქვა დედა, ნუ გეშინია, მე შენ დაგიცავ-მეთქი, რომ უცებ სიტყვა ჩამიწყდა, მიწის უეცარმა ზანზარმა ჩემი სიმამაცე გაანადგურა და კვლავ დედას მოუწია ჩემი დაცვა.
მოულოდნელად სახლმა ზანზარი დაიწყო, კარადაში ჭურჭელი ახმაურდა, გადმოცვივდა და დაიფშვნა, იატაკი, კედლები, ყველაფერი საშინლად ირყეოდა, თუმცა ამის შემდეგ „ ჩემს წიგნში“ ნაწერს ვეღარ ვარჩევ, თითქოს ამ მიწისძვრამ მელანი დაღვარა მის ფურცელზეო, რაც მახსოვს არის მხოლოდ ის, რომ დედა მიცავდა, სხეულით მეფარებოდა და გადამარჩინა! მაგრამ თვითონ კი იმ ნანგრევებში ჩაიკარგა სამუდამოდ. ჩემი გონებიდანაც კი გაქრა მისი სახე... მინდა გავიხსენო, როგორ მინდა გავიხსენო, მაგრამ არა და არ მახსენდება. ღმერთო, როგორი საშინელი შვილი ვარ! ეს ჩემი უდიდესი სინანულია. მან სიცოცხლე შემომწირა, მე ვიყავი მისი ერთადერთი იმედი, ძალა სიცოცხლისა, მე კი მის სახესაც ვერ ვიხსენებ... სოფია.. სოფია ერქვა დედაჩემს. მამაჩემს კი ნეჰემია.
არ ვიცი როგორ აღმოვჩნდი დეიდა ელზას ბინაში, მაგრამ დღემდე აქ ვარ. როგორც ვიცი, დედას და დეიდას არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა ერთმანეთთან, მაგრამ როგორც კი მან თავისი დის სიკვდილის შესახებ გაიგო, მაშინვე ჩამოსულა უცხოეთიდან და მე შევუფარებივარ, მე ხომ მის გარდა აღარავინ მყავდა. ახლა კი , ყოველ ჯერზე, როცა გონებაში დედის სახის წარმოსახვას ვცდილობ, თითქოს ვიგონებ, თითქოს ვხედავ, მაგრამ გულს მიკლავს ის ფაქტი, რომ ეს გახსენებული სილუეტი დედა კი არა დეიდაა... დეიდა ყოველთვის ცდილობდა გავემხიარულებინე, ამიტომ მშობლებზე თითქმის არასდროს მიყვებოდა და შეიძლება სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ ამოიხა ჩემი წიგნიდან ფურცლები...
ახლა ჩვიდმეტი წლის ვარ. ალისიას პირველად ცხრა წლის ასაკში შევხვდი.
სკოლიდან მოვდიოდი. ლამაზი, უღრუბლო ცა გადაჰფარებოდა დედამიწას მზის ზედმეტი სხივებისგან დასაცავად. გამწვანებულ პარკს მივუახლოვდი და გავეშურე საქანელებისაკენ, სადაც ჩემს სევდიან ფიქრებთან ვმარტოვდებოდი ხოლმე. ის-ის იყო მალე დავინახავდი ჩემთვის მარად მდუმარე ადგილს, რომ, უეცრად, თავი უცნაურად ვიგრძენი, იქიდან ძალზე სასიამოვნო მხიარულება იღვრებოდა. მესმოდა პატარა გოგონას კისკისი და აღტაცებული შეძახილები. როგორც კი ეს საოცარი ქმნილება დავინახე, მოულოდნელად, ჩემი გულის ბნელ კუნჭულში რაღაცამ გაანათა. ეს იყო იმდენად მცირე ნაპერწკალი რომ მარად მხიარული ადამიანისთვის, ალბათ, სევდად აღიქმებოდა, ჩემთვის კი ბედნიერების პიკი იყო. გავიღიმე, რა უცნაური და სასიამოვნო გრძნობაა, მაგრამ როგორ ან რატომ აღმოჩნდა ბედნიერების ეს პატარა მუზა ჩემს საიდუმლო და მდუმარე ადგილას? თითქოს ჩემს სამყაროში იჭრებოდა... თითქოს მას ზუსტად ის ბედნიერება ჰქონდა, რომელიც მე მაკლდა, მაგრამ რატომღაც ეს ჩემში არც სიბრაზეს და არც შურს არ იწვევდა, არადა ბედნიერი ხალხის ყოველთვის მშურდა. 
- ჰეი, ბიჭი! ახალგაზრდავ! ცოცხალი ხარ? - გამომაფხიზლა ამ პატარა გოგონას ანცმა ხმამ. 
- ვინ ხარ? - გაუცნობიერებლად გაკვირვებულმა წამოვროშე. 
- მე ალისია ვარ, ცხრა წლის, შენ? - აღტაცებულად მითხრა, თან ცხრა თითი მაჩვენა, აი, ამდენი წლის ვარო. 
- მე ალექსი მქვია. მეც ცხრა წლის ვარ. - გავუღიმე. როგორ უცნაურად გამამხიარულა! თითქოს ყველა სევდა დამავიწყდა, მხოლოდ მე ვიყავი და ალისია. სხვა ყველაფერი გაჩუმდა, დადუმდა. თითქოს დროც კი გაჩერდა და დაიწყო „ჩემს წიგნში“ ყველაზე ლამაზი თავის ჩაწერა. 
- იცი, ეს ადგილი ძალიან მომწონს! სულ აქ ვატარებ ხოლმე დროს! საოცარი ადგილია! თან ისაა მაგარი, რომ არავინ იცის ამ ადგილის შესასებ! - ესაუბრებოდა საოცარი ენთუზიაზმითა და მხიარულებით სულ რამდენიმე წამის გაცნობილ მეგობარს - ხო, მართლა, შენ როგორ იპოვე ეს ადგილი თუ ინტრიგანი არა ხარ? - მარცხენა წარბი ასწია და ალმაცერად შემომხედა. სახის ჟესტებს წამში მილიონჯერ იცვლიდა, მაგრამ მისი თვალები კი ყოველთვის ნათელი რჩებოდა. 
- ეს ჩემი ადგილია! მეც აქ ვატარებ ხოლმე დროს.
- მართლა? აქამდე რატომ არ მინახავხარ?
- ალბათ, სხვადასხვა დროს მოვდიოდით ხოლმე.
- შესაძლოა - ცოტა ხნით გაჩუმდა, შემდეგ კი შემომთავაზა - მოდი, მეორე საქანელაზე დაჯექი, რას დამდგარხარ მანდ?
- კარგი - დავეთანხმე და საქანელაზე ჩამოვჯექი - ალისია, რატომ მოგწონს ეს ადგილი? ასეთ მხიარულს მარტო ყოფნა რატომ გადაუწყვეტია?
- ოინების მოფიქრება ხალხმრავალ ადგილას არ გამომდის - მითხრა და ბოროტულად და საყვარლად ჩაიხითხითა. შემდეგ კი ისევ აკისკისდა, მაგრამ უცებ საოცრად ტკბილი ხმით შემეკითხა - და შენ? თითქოს სახე ჩამოგტირის. რა მოგსვლია? - მის ხმაში კი ისეთი ნაცნობი მზრუნველობა ვიგრძენი, ისეთი ნაცნობი, რომ თითქოს ამ გოგონას მთელი ცხოვრება ვიცნობდი. კარგა ხანი ხმა ვეღარ ამოვიღე, ვფიქრობდი, ვინ? ვინ მახსენდება? თავი ავიტკიე ამაზე ფიქრით, მაგრამ ვერ გავიხსენე - ალექს, რაღაც გაწუხებს? - ლამის ავტირდი, მაგრამ ბედნიერების ცრემლებით. გულში ძალიან ნაცნობი სითბო დამიბრუნდა. ასეთი საოცრად მხიარული გოგონა მოულოდნელად მზრუნველ მშობლად გადაიქცა - ალექს, იცი, მე რომ ავად ვარ ხოლმე, დედაჩემი სულ ასე მეკითხება - ნაზად გამიღიმა.
- არა... კარგად ვარ, მადლობა... აქ ფიქრისთვის მოვდივარ ხოლმე... - თავდახრილმა ვუთხარი, მაგრამ უცებ გამახსენდა, რომ დედაჩემი იყო ასეთი... და გულში უდიდესი სითბო ვიგრძენი, თითქოს დედა გამიცოცხლდა.
- ჰმ.. კარგი. ალექს, არ გიფიქრია ამ შენობებს როგორ აგებენ? - ცათამბჯენებს გახედა - რა საოცრებაა არა? მგონი მშენებელი უნდა გამოვიდე, ჰა ჰა, თუ კოსმონავტობა ჯობია? ვერ გადამიწყვეტია. არ ვიცი, არ ვიცი. - თქვა და ბრძენივით შუბლი მოისრისა, თითქოს საკაცობრიო პრობლემები მისი გადასაწყვეტი იყო - ან იქნებ მყვინთავი გავხდე? არა! უკეთესი! კოსმონავტი-მყვინთავი ვიქნები და კოსმოსიდან პირდაპირ წყალში ჩავხტები, ხო მაგარია? ჰა ჰა ჰა - სიცილი დაიწყო და კარგა ხანს ვეღარ გაჩერდა. მე კი ბედნიერი ვუყურებდი ამ მხიარულ ანგელოზს, რომელიც პოზიტივს ავრცელებდა და მეც გადმომდო - შენი მშობლები რას საქმიანობენ? დედაჩემი სახელმწიფო სამსახურში არ მუშაობს, მაგრამ, სამაგიეროდ, საუკეთესო დედიკოა! პრინციპში, ოჯახზე ზრუნვა სახელმწიფოზე ზრუნვა არაა? გამიგონია, ოჯახი ქვეყნის მინიატურული მოდელიაო. ხოდა, დედაჩემი ისეთი ჭკვიანია! ყველაფერი იცის, რაც არ უნდა ვკითხო! მამაჩემი ბანკში მუშაობს. ჩემზე უკეთესი მშობლები არავის ჰყავს! მამიკო სახლში რომ მოდის ჯერ დედას კოცნის ხოლმე, ისეთი საყვარლები არიან! - თვალებგაბრწყინებული მიყვებოდა თავის ოჯახზე. მე კი თითქოს გულის სიცარიელე მევსებოდა და მევსებოდა. მისი მონაყოლი ისტორიები ძალიან ახლოს იყო ჩემთან, მამხიარულებდა და მაბედნიერებდა - ალექს, მგონი ახლა უნდა წავიდე, ხვალ შევხვდეთ აქ კარგი?
- კარგი - თავი დავუქნიე. ალისია ადგა, ჩემთან მოვარდა და ჩამეხუტა. მე გაოცებული ვიყავი ამ გოგონას საოცარი ხასიათით. როცა ჩამეხუტა, კვლავ დედის სითბო გამახსენდა, მაგრამ ეს მონატრება სევდას კი არა ბედნიერებას მგვრიდა. შემდეგ ხელი დამიქნია, ლამაზი, თეთრი, ბროლის კბილები გამოაჩინა და წავიდა. მე დავრჩი იმ ერთ დროს მდუმარე, მაგრამ ახლა ყველაზე მხიარულ ადგილას. ზუსტად ერთი დღის წინ აქ მარტო ვიჯექი და მარტოობის მწარე სევდით მოწყენილი ვტიროდი, ვერ ვიტანდი პატარა ბავშვების დანახვას მშობლებთან ერთად, მათი სასტიკად მშურდა, მაგრამ იმ წამს ის სიცარიელე თითქმის მთლიანად სიყვარულითა და სითბოთი შეივსო, თითქოს ვიგრძენი, რომ მეც მელოდებოდნენ სახლში მშობლები, რომლებსაც ალისიას მშობლების მსგავსად უსაზღვროდ ვუყვარდი, აღარ მაღიზიანებდა პატარა ბავშვების დანახვა მშობლებთან ერთად. ლამაზი ამინდი, სავსე მთვარე, უსასრულო ცა, ჩამავალი მზე, ბუმბერაზი მთები ჩემში ახლა დარდსა და სევდას კი არა ბედნიერებას იწვევდა, ვგრძნობდი ჰარმონიასა და ნეტარებს. მე ხომ მთელი გულით რეალურად გავიღიმე!
სახლში მივედი სახეზე ბედნიერების ღიმილით, რამაც დეიდა გააოცა და თან ძალიან გაახარა.
- ალექს, საყვარელო, რამე კარგი ამბავია? - ბედნიერმა შემეკითხა.
- გადასარევი ამბავია, დეიდა! - შევედი, თან ჩანთას ვიხსნიდი, თან ცხვირით ჰაერს ვყნოსავდი, აბა, დღეს ნეტა რა საჭმელია-მეთქი, მოხარშული ქათმის ხორცი აღმოჩნდა! როგორ მიყვარს!
- ჩქარა, მომიყევი, ალექს!
- მოიცა, ჯერ საჭმელად დავჯდე. მაგიდასთან მოგიყვები. - ხელებიც სწრაფად დავიბანე და მაგიდას მივუჯექი. ღმერთო, ასეთ მხიარულ განწყობაზე ცხოვრებაში არ ვყოფილვარ! ბევრი ლაპარაკი მინდოდა ალისიას მსგავსად. დეიდას ერთი სული ჰქონდა როდის მოვუყვბოდი ჩემი ბედნიერების მიზეზს - ხოდა, დღეს სახლში რომ მოვდიოდი... - დავიწყე, დეიდა თან საჭმელს მიღებდა და უზარმაზარი ინტერესით მისმენდა - როგორც ყოველთვის, იმ ბაღში შევედი სკოლასთან ახლოს რომაა, ჩემს ადგილას მივდიოდი საქანელებისკენ და, მოულოდნელად, რას ვხედავ! იქ ფიზიკურად პაწაწინა, ქერა, ცისფერთვალება, უსაყვარლესი, გრძელთმიანი, ულამაზესი გოგონა იჯდა ჩემს საქანელაზე!
- მერე?! როგორც ვხვდები მოგეწონა, არა? - გვერდებში მომიღიტინა და ლოყაზე მაკოცა.
- არა!! ეგრე არა! რას ამბობ?! არა! არ მომწონებია! არა, კი მომეწონა, მაგრამ ეგრე არა! - მართლა არ შემყვარებია ალისია ისეთი სიყვარულით, როგორსაც დეიდა გულისხმობდა - დასავითაა! ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ჩემი დაა! ისეთი მხიარული გოგოა, თან ისეთი მზრუნველი! დასავით მიყვარს! ბევრი ლაპარაკი უყვარს, მაგრამ ძალიან ჭკვიანია! ჩემს კლასელ გოგონებს არ ჰგავს ბევრს რომ ლაპარაკობენ და თან ცოდნა არაფერი აქვთ. მხიარული და ჭკვიანია! ისიც ცხრისაა, ჩემსავით. ხვალ კიდევ უნდა ვნახო იმავე ადგილას! ალისია ჰქვია! - დეიდა ელზა მაგრად ჩამეხუტა - მაცა, დეიდა, საჭმელი შევჭამო! არ გადამცდეს! - გავეხუმრე.
- დედაშენი და მამაშენი ახლა ზეციდან გიყურებენ და ძალიან უხარიათ შენი ბედნიერება, ალექს!
- ვიცი! - ღიმილით ვუთხარი.
მთელი დღე ბედნიერებისგან დავფრიანავდი. მეცადინეობაც კი მომეწონა! თურმე სიმინდი და ლობიო ამერიკიდან შემოსულა ევროპაში! ეს ნამდვილად არ ვიცოდი. გამრავლების ტაბულა ერთ საღამოში დავიზეპირე. ერთი პატრიოტული ლექსიც ვისწავლე და დეიდას სხაპასხუპით ჩავაბარე. რა ნიჭიერი ვყოფილვარ!
ასე ბედნიერებაში გავიდა ოთხი წელი. ჩემი გულის სიცარიელე მთლიანად შეივსო, მე აღარ ვიყავი მარტო! მაგრამ ერთი ფაქტი უნდა აღვნიშნო: ერთხელ დეიდამ მე და ალისია შორიდან დაგვინახა და სახლში რომ მივედი მითხრა:
- ალექს, დღეს შენ და ალისია დაგინახეთ მაღაზიაში რომ ვიყავი. არ გეჩვენაბა, რომ ალისია ძალიან გგავს ფიზიკურად? შენსავით ქერაა, ცისფერი თვალებით, მსგავსი მოყვანილობის სახე გაქვთ და ერთნაირი ცხვირი. ძალიან გავხართ! რომ არ გიცნობდე ვიფიქრებდი და-ძმა არიან-მეთქი! - მესაუბრებოდა გაოცებული.
- კი, ეგ მეც შევამჩნიე, დეიდა. ჩვენი სახელებიც კი ერთნაირად იწყება, „ალ“-ით. იცი, რა მითხრა ალისიამ? ჩემს მშობლებს თავიდან ბიჭი ვეგონე და ალექსის დარქმევა უნდოდათო...
- მართლა? - ახლა უკვე დეიდა ელზა საოცრად გაოცდა - შენ თავიდან გოგო გვეგონე და დედაშენი ალისიას დარქმევას აპირებდა!
- სერიოზულად?! - გამიკვირდა - როგორი დამთხვევაა! გინდა კიდე გაგაოცო? - დეიდამ წარბები შეკრა და ინტერესით შემომხედა - ალისიასაც 12 აპრილს აქვს დაბადებს დღე! და კიდევ! გამოიცან რა ჰქვია ალისიას მშობლებს!
- არ მითხრა, რომ...
- კი! სოფია და ნეჰემია!
- არ მჯერა!
- არც მე!
- თქვენ მგონი ერთი და იგივე ხართ! - გაიხუმრა დეიდამ თან მგონი გაიფიქრა მართლა ასე ხომ არ არისო.
- ჰა ჰა ჰა! მგონი მართლა ეგრეა! - გამეცინა - მე ძალიან მომწონს ეს დამთხვევები!
მაგრამ რამდენჯერმე კი ვიფიქრე, მართლა ერთნი ხომ არ ვართ-მეთქი. ის უბრალოდ მეტისმეტად კარგი იყო, რომ რეალურად ეარსება.
როდესაც ცამეტი წლის ვიყავი ალისია უბრალოდ გაქრა... დღემდე არ ვიცი რა დაემართა... ერთ დღეს ჩვენს ადგილას არ მოვიდა. არც შემდეგ დღეს, არც იმის მერე... არც დღეს მოსულა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ქალაქში მის ან მისი ოჯახის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მაგრამ ვგრძნობ, რომ ცოცხალია. იქნებ მართლა ერთნი ვიყავით?! არ ვიცი რატომ არ ვესტუმრე სახლში და რატომ არ გავიცანი მისი მშობლები, თუ ერთნი ვიყავით, მაშინ მისი მშობლები ჩემებიც იქნებოდნენ!... მერიდებოდა... არა, მეშინოდა... მეშინოდა ოჯახური სითბოს დანახვისა. გულის სიღრმეში, ძალიან ღრმად, მეშინოდა იმისა, რომ ალისიასი შემშურდებოდა და მას ისე მეგობრულად ვეღარასდროს შევხედავდი... მეშინოდა... იქნებ გულის რომელიღაც წერტილში მისი მშურდა კიდეც და ამიტომ მეშინოდა უფრო დიდი შურისა. მისი ცხოვრება ხომ ასე ძალიან ჰგავდა ჩემს ალტერნატიულ რეალობას! მენატრება ალისია... მართლა ძალიან მენატრება. ნეტა, ახლა რას აკეთებს, ჩემზე თუ ფიქრობს... იქნებ, ისიც ამ ისტორიას უყვება ვინმეს? ნეტა ახლა მანახა... როგორ გაიზარდა, უკვე ქალს დაემგვანებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ისეთი ხასიათი აქვს! თავისი ნებით არ წავიდოდა! ეს ზუსტად ვიცი! ხვალ ისევ მივდივარ ბაღში. იმედს არასოდეს არ ვკარგავ, ყოველთვის ველოდები და ვიმედოვნებ, რომ ერთ დღესაც ისევ ისე გამახარებს, როგორც მაშინ, პირველად რომ ვნახე, თუმცა დეიდა გამუდმებით მეუბნება ის არ მოვაო... მგონი უნდა, რომ მასზე აღარ ვიფიქრო და აღარ ვინერვიულო. მე მას ვუყვარვარ და ამიტომ ჩემთვის კარგი უნდა.
გათენდა. ულამაზესი დღეა, უღრუბლო ცა. ალისია რომ გავიცანი ზუსტად ასეთი ამინდი იყო. გული უცნაურად მიძგერს, თითქოს დღეს კვლავ უნდა ვნახო! ძალიან მიხარია! მაგრამ ცოტა მეშინია, რომ იმედები დღესაც გამიცრუვდება.
სწრაფად ჩავიცვი და ბაღისკენ მივდივარ. ღმერთო, როგორ ლამაზად გალობენ ჩიტები! ვხედავ მომცინარე ბავშვებს, აქეთ კალათბურთს თამაშობენ, იქით ფეხბურთს. ჩემს წინ ერთი ბიჭი ლაბრადორს ასეირნებს. ძაღლი ვერ ისვენებს და აქეთ-იქით დარბის, საბრალო ბიჭი კი ძლივს აკავებს ამ ზომის ცხოველს. ჩემს მარჯვნივ ჩემი მეზობელი მია თავის ორ დისშვილთან ერთადაა გამოსული, თვითონ თხუთმეტი წლისაა, ბევრად უფროსი და ჰყავს.
- ჰეი, ალექს! დილა მშვიდობისა როგორ ხარ? - მომაძახა მიამ.
- კარგად, მადლობა, მია. შენ როგორ ხარ?
- როგორ უნდა ვიყო ამ პატარა ბიჭების ხელში? ნერვებს მიშლიან მაგრამ საყვარლები არიან. შენ საით?
- არსაით. ისე დავსეირნობ... - მოვატყუე.
- კარგი. მაშინ აბა, ჰე! ბედნიერი სეირნობა!
- მადლობა - გამეღიმა. მხოლოდ ახლა შევამჩნიე, თუ როგორი საყვარელი გოგონაა მია! შავი თმები აქვს ბიჭურად შეჭრილი, ღია თაფლისფერი თვალები უციმციმებს. სწორი ცხვირი და ვარდისფერი ტუჩები მის სახეს ამკობს.
აი, მივუახლოვდი ჩემი და ალისიას ადგილს, გული უცნაურად მიძგერს, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის ახლა აქ იქნება. საქანელას ხმა შემომესმა... ნელ-ნელა ვუახლოვდები, ხმამაღლა ვსუნთქავ გახშირებულად და ვხედავ გოგონას საქანელაზე! სახე გამინათდა, მაგრამ... ეს ალისია არაა... პატარა ბავშვებს უნახავთ ეს ადგილი და ერთად მხიარულად თამაშობენ. ამ ბავშვებს მალევე დაუძახეს მშობლებმა და იქაურობას გააცილეს. გული დამწყდა... ნუთუ ვეღარასოდეს ვნახავ ალისიას?! არც კი ვიცი სად ვეძებო... იქვე ხეს მივაყრდენი ხელი და მოვიწყინე. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ალისია ჩემი ტკბილი სიზმარი იყო. თუ მართლა რეალური იყო ახლა სად წავიდა? რატომ მიმატოვა? თუ ღმერთმა ჩემს დასახმარებლად გამომიგზავნა ახლა რაღატომ წამართვა? გამბრაზებულმა მუშტი მივარტყი უცოდველ ხეს, რომელსაც არანაირი დანაშაული არ მიუძღოდა ალისიას გაქრობაში. ისევ სახლში წავედი მოწყენილი და გაბრაზებული. კარში ცივად შევიჭერი, დეიდასაც კი არ მივესალმე და ჩემს ოთახში ჩავიკეტე.
- ალექს? ალექს რა დაგემართა? - კარზე დამიკაკუნა დეიდამ.
- არაფერი, მარტო ყოფნა მინდა.
- ალექს? ალისიას გამოა, არა?
- გთხოვ, თავი დამანებე.
- ალექს, კარი გააღე! ალექს! - არ წყვეტს დეიდა კარზე კაკუნს. ახლა მხოლოდ მარტო ყოფნა მინდა. მეტი არაფერი. გთხოვ, წადი, დეიდა! მაგრამ ის კაკუნს არ წყვეტს. ნერვები მომეშალა და კარი გავუღე:
- რა გინდა? - გაბრაზებულმა ვკითხე.
- ალექს, რა დაგემართა?! ალისია ისევ არ მოვიდა? - არაფერი ვუპასუხე, მხოლოდ გვერდზე გავიხედე და თვალები ძირს დავხარე - ალექს, ის არ მოვა! უკვე წლებია გეუბნები, შენ კი არ მისმენ. გამუდმებით მას ელოდები, მაგრამ გაიგე, რომ ის არ მოვა! ერთხელ მაინც მომისმინე, ასე როდემდე უნდა იყო?!
-შენ საიდან იცი, რომ არ მოვა?! ის მოვა! არ მიმატოვებდა! - ისევ კარის დახურვა დავაპირე, მაგრამ დეიდამ გამაჩერა, კარზე ხელი მიარტყა და პირველად დამიყვირა:
- მომისმინე, ალექს! შენ არასდროს მისმენ! ახლა მაინც მომისმინე!
- საიდან იცი, რომ არ მოვა? - მისმა გაბრაზებამ მაგრძნობინა, რომ არასწორი ვიყავი დეიდას რომ ხმამაღლა ვესაუბრე, ამიტომ ახლა მშვიდად შევეკითხე.
- ვფიქრობდი, ვიმედოვნებდი, რომ შენით მიხვიდოდი იმ დასკვნამდე, რომ ის აღარ მოვა ან უბრალოდ მიეჩვევოდი მის გარეშე ცხოვრებას და კვლავ და კვლავ თავს ვიკავებდი შენთვის ეს მწარე სიმართლე მეთქვა, რომელიც უფრო მეტად მოგიკლავდა გულს, ამიტომ მხოლოდ იმას გეუბნებოდი, რომ ის არ მოვა, რომ მასზე გამუდმებით აღარ გეფიქრა, მაგრამ შევცდი, ვფიქრობ, რომ ადრე უნდა მომეყოლა.
- ვერ ვხვდები რისი თქმა გინდა.
- მომისმინე, ალექს. გახსოვს მაშინ რომ თქვენს მსგავსებებზე ვსაუბრობდით?
- კი, მაგრამ ეგ რა შუაშია?
- მაშინ გეუბნებოდი, რომ თქვენ ერთნი იყავით...
- მერე? - მგონი ვხვდები, რასაც მეუბნება, მაგრამ ამის გაგონება არ მინდა. ეს ხომ მართლა იმას ნიშნავს, რომ მას ვეღარასდროს ვნახავ!
- ალისია შენ მიერ შექმნილი ალტერნატიული რეალობა იყო!
- რა?! ეგ რას ნიშნავს?!! ვერაფერი გავიგე, ვიფიქრე იმის თქმა გსურდა, რომ ის ჩემი ალტერნატიული რეალობა იყო და არა ჩემ მიერ შექმნილი! რას ნიშნავს ჩემ მიერ შექმნილი, დეიდა?! მეუბნები, რომ ალისია არ არსებობდა?! ამას ვერ დავიჯერებ, დეიდა!
- ერთი ადამიანი მაინც მითხარი, ვინც ალისია ნახა!
- შენ!
- მე ის არ მინახავს, ალექს! მაშინ ასე იმიტომ გითხარი, რომ პატარა იყავი და ვერ გაიგებდი, ამიტომ გითხარი ვნახე და თქვენ ერთნი ხართ-მეთქი, რომ შენც გეეჭვა ის, რომ თქვენ ერთი და იგივე იყავით. შვიდი წლის რომ იყავი, გოგონა დახატე შენნაირი გარეგნობით, ამტკიცებდი, რომ ის შენი და იყო. მაშინ დედაშენი უკვე გარდაცვლილი იყო. მეუბნებოდი, რომ მას დედაშენის ხასიათი ჰქონდა, მასსავით თბილი და მზრუნველი იყო, დედა ძალიან გჭირდებოდა, ამიტომ რომ მიხვდი, რომ ის აღარ იყო, წარმოსახვითი მეგობარი გაიჩინე. მაგრამ ეს მალე გადავიდა, ამიტომ აღარ ვნერვიულობდი. მე დედაშენს ვერასდროს შევცვლიდი, სოფია სულ სხვაგვარი იყო... მე ვერასდროს მოგცემდი იმავე სითბოს, რომელსაც სოფია გაძლევდა. მაპატიე, ალექს, რომ ასე მოხდა. ეს არც შენი ბრალია და არც ჩემი. ღმერთმა შენი მშობლების წაყვანა ადრე გადაწყვიტა. შენც ხომ ყველაზე ლამაზ ყვავილს წყვეტ ბაღში პირველად? შენი მშობლები საოცარი ადამიანები იყვნენ. იმდენად საოცარი, რომ მე მშურდა მათი. მშურდა ჩემი დის რომ ასეთი ცხოვრება შეხვდა, მე კი ვერავინ ვიპოვე. ნეტავ, ახლა დამაბრუნა მაშინ იმ დროს როცა სოფია ავატირე, შენ ნეჰემიას არ უნდა გაყვე-მეთქი. ახლა იმავეს აღარ ვეტყოდი... შემდეგ კი საზღვარგარეთ წავედი ჩემი შურის გამო, არ მინდოდა ჩემი დის დანახვა, მასზე გავბრაზდი, რადგანაც მე არ დამიჯერა, სინამდვილეში კი უბრალოდ მისი მშურდა. მე ისიც კი ვერ შევძელი, რომ მისთვის ბოდიში მომეხადა. ვერც ის შევძელი, რომ მათი ერთადერთი შვილისთვის მარტოობა არ მეგრძნობინებინა. მაშინ სახლში რომ ბედნიერი მოხვედი, ალისია გავიცანიო, ვიცოდი, რომ ეს შენი ფანტაზია იყო, მაგრამ ვერ დაგიშალე, ისეთი ბედნიერი არასოდეს მენახე. მაპატიე, ალექს... - მითხრა და ჩამეხუტა. ტირილი დავიწყე.
- თუ ვერ მივხვდი, რატომ გაქრა?
- გაიზარდე, ალექს! ამიტომ. შეიძლება გგონია, რომ ვერ მიხვდი, მაგრამ ის არ გაქრებოდა შენ თუ არ შეიტანდი ეჭვს მის არსებობაში - ეს მართალი იყო, მე ეჭვი შევიტანე მის არსებობაში, რადგანაც ის ზედმეტად კარგი იყო. ოთახში შევედი. ვტიროდი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ის ყველაფერი ყალბი იყო! ყველაფერი ყალბი იყო! მაგრამ იქნებ კარგიც იყო? მე ხომ ბედნიერი ვიყავი? კი, ვიყავი! მე თვითონ შევიქმენი ბედნიერება! ეს შეიძლება კარგიცაა! ასე, რომ არა მე ხომ ბედნიერი არ ვიქნებოდი? დეიდას სიტყვებს ვიხსენებდი და ვგრძნობდი როგორ ვიპოვე „ჩემი წიგნის“ ამოხეული ფურცლები და ჩავაკარი თავიანთ ადგილებზე. ვგრძნობდი როგორ გახდა მკაფიოდ წასაკითხი ის ბუნდოვანი ფურცლები. მე ყველაფერი გამახსენდა! სწორედ ალისია იყო ის, ვინც ამომიხია ფურცლები! მან დამავიწყა ყველაფერი, მაგრამ მანვე მომცა ბედნიერება... ახლა თავი უნდა მივაჩვიო იმას, რომ ალისია ჩემი გამოგონილი იყო... ამ ფიქრებში ვიყავი, როცა ტელეფონმა დამირეკა. ნომერს შევხედე... მია... გამეღიმა. სწორად მაშინ დარეკა, როცა მჭირდებოდა.
... მე და მია ბაღში ვსეირნობდით. ერთმა ადგილმა მიიქცია ჩემი ყურადღება, საითაც არავინ მიდიოდა. ის იყო მალული ადგილი მათთვის, ვისაც ამ ცხოვრებიდან გაქცევა სურდა. მიამ ხელი მაგრად ჩამჭიდა, გამომხედა და გამიღიმა. მე იმ ადგილს სამუდამოდ მოვშორდი. ამჯერად ჩემი მშობლები ნამდვილად იამაყებდნენ ჩემით, მე ბედნიერი ვიყავი.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Makoto
ნანახია: 832 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar