ბიძგი
16.11.2020, 16:16
მინებდაბზარულ ფანჯრებში ნოემბრის ფერმკრთალი და უღიმღამო დილა შემოიპარა.
უკვე ერთ კვირაზე მეტია ცელქი მზის სხივები არ შემოჭრილან ჩემს ოთახში დაუკითხავად და უმზეობა დაეტყო ჩემს ხასიათს. სულსაც.
საათს რომ დავხედე გიჟივით წამოვფრინდი ფეხზე და ელვისებური სისწრაფით დავიწყე სამსახურში წასასვლელად მზადება.
დავიგვიანე.
ეზოში სწრაფი ნაბიჯით გავვარდი, თან საბუთებს თანმიმდევრობით ვალაგებდი და ვფიქრობდი როგორ ამეხსნა უფროსისთვის ჩემი დაგვიანება.
ფიქრებში წასული მეზობლის ხმამ გამომაფხიზლა.
-უზრდელი. ნეტავ გამარჯობის თქმა არ ასწავლეს?
-რა გიკვირს, დედა მაგას არ ყავს და მამა. ზრდილობას ვინ ასწავლიდა. _ გადასძახა მოპირდაპირე კორპუსიდან მეორემ.
გული დამწყდა, ჩანთაში სათუთად ჩადებულ მშობლების შავ_თეთრ ფოტოს თითებით მივეფერე და ყელში გაჩხერილი ცრემლის დიდი გორგალი გაჭირვებით გადავაგორე.
-გვერდიდან ყველაფერი რა სხვანაირად ჩანს. _ ღრმად ამოსუნთქვას თითქოს გულიც ამოვაყოლე და იმედგაცრუებული გავუყევი გზას.
-დილა მშვიდობისა ელი. _ ჩემი პატარა უბნის ყველაზე დიდი და ნათელი წერტილი გამომეგება ეზოდან.
ამდენ ადამიანს შორის ერთადერთი იყო ვისთანაც ობლობა მაერთიანებდა და ჩემი ტკივილის ესმოდა.
-დილა მშვიდობისა თედო, როგორ ხარ?
-კარგად, მაგრამ როგორც ვხედავ შენ არც ისე. _ გარეთ გამოვიდა და ჩემთან ერთად გაუყვა სკოლისკენ მიმავალ გზას.
-არაფერია, ხდება ხოლმე.
-ნუ მოიწყენ ელი, ადამიანები ყოველთვის იმას ხედავენ რისი დანახვაც თვითონ უნდათ და ზუსტად ისევე აღიქვამენ. ვინმეს ტკივილის გაზიარება რომ შეძლო, თვითონვე უნდა გქონდეს იგივე განცდილი. სხვა ყველაფერი გამხნევების ან გულისტკენის მიზნით ნათქვამი ცარიელი სიტყვებია.
-თედო შენ მწერალი უნდა გამოხვიდე!
-გამოვალ, კარგი და ცნობილი კაცი რომ ვიქნები, ჩვენს მეზობლებს, რომლებიც სულ მეჩხუბებიან დავეხმარები და დავანახებ, რომ თურმე ცუდი ბიჭი არ ვყოფილვარ.
ისე გამითბო გული მისმა სამომავლო გეგმებმა, სულ გადამავიწყდა წეღანდელი ინციდენტი. ბიჭს გავუღიმე და თვალებით ვუთხარი, რომ მისი მჯეროდა. ამასობაში ჩემი სამსახურის შესასვლელს მივუახლოვდით. დამშვიდობებას ვაპირებდი უცებ ძირს რომ დაიხარა და თვალებაციმციმებულმა აიღო ხელში ქაღალდის კუპიურა.
-შეხედე რა ვიპოვე. შაბათს სკოლიდან ბავშვთა სახლში მივდივართ და მე ამ ფულით წიგნებს ვუყიდი მათ.
-შენ მართლა კარგი კაცი გაიზრდები თედო. _ სიამაყით გულსავსემ ვუთხარი და დავემშვიდობე.
უფროსმა დაგვიანება მაპატია, მაგრამ გვიანობამდე დამტოვა და ამის გააზრებისას უკვე დავიღალე.
შუადღეს კარგად გადაცილებული იყო ჩვენი თანამშრომელი რომ შემოვარდა და წყალი გვთხოვა.
-რა მოხდა? _ ყველამ ერთხმად ვიკითხეთ.
-სკოლიდან მოვდივარ, ბავშვთა სახლისთვის გამოყოფილი ფული წავიღე უფროსმა რომ დამავალა. _ სული მოითქვა და თხრობა დაიწყო. -ჭიშკარი რომ შევაღე, ყველა ეზოში იყო შეკრებილი და საშინელი ყვირილი ისმოდა. ჩვენი ობოლი თედო ხომ იცით? თურმე სკოლის დირექტორს დილით ფული დაკარგვია და მის ჩანთაში უნახავთ. მთელი სკოლა ქურდს ეძახდა, მე მაშინვე მისი ძებნა დავიწყე, მაგრამ ბავშვებმა მითხრეს გააგდესო. _ მისი სიტყვები უკვე ბუნდოვნად ჩამესმოდა. ყურები დამეხშო, პირი გამიშრა და ხველა ამივარდა.
არ მახსოვს როგორ გამოვედი ქუჩაში, მაგრამ კარგად მახსოვს როგორ იყო გარეთ გამოფენილი მთელი სამეზობლო და ახალ ჭორს განიხილავდნენ.
-ნეტა რა გაგიკვირდათ, გენი დაუკარგავიაო რომ ამბობენ ტყუილი კი არ არის. რაც მამა იყო შვილიც ისეთი გაიზარდა.
-აბა ეგ რომ კარგი ყოფილიყო სულ მარტო კი არ მიატოვებდნენ ნათესავები დაობლებულს.
-სწორედ რომ. ნამდვილი ქურდბაცაცაა.
გაუჩერებლად ლაპარაკობდნენ და ათასგვარ ტყუილს იგონებდნენ. მინდოდა მეყვირა, ყველა გამეჩუმებინა და ამოუსუნთქავად მეთქვა ფული არ მოუპარავს, იპოვა მეთქი, მაგრამ ქუჩის კუთხეში თითქმის თვალს მიფარებული თედო შევნიშნე და მაშინვე მას ავედევნე.
ისე სწრაფად მივრბოდი, იმ წამს ამოვარდნილი ძლიერი ქარიც კი ვერ მეწეოდა.
ჩვენი ქუჩის ბოლოში დიდი და უსულო ატმის ხე იდგა, რომელიც არასდროს ისხამდა ნაყოფს.
მივუახლოვდი ქარისგან ფოთლებშემოძარცვულს და მეც მასსავით გავიყინე…
ძალაგამოცლილი დავვარდი შიშველ ბილიკზე და ამასობაში ქარიც წამომეწია. ხის ტოტზე ჩამოკიდებულ თოკს მიეხეთქა და აქეთ-იქით დააწყებინა რწევა.
მე ვიყავი უძრავად, ერთ ადგილას მიყინული და ვუყურებდი თოკზე ჩამოკიდებულ სხეულს, რომელსაც ადამიანებმა ძალით ამოაცალეს სული.
ვხედავდი უჩინარი ადამიანების სურათს და ბიჭს, რომელიც კარგი კაცი უნდა გაზრდილიყო და იმ ადამიანებს დახმარებოდა, რომლებმაც დაუდევრად მოახვიეს ყელზე თოკი და მე ვერ მივუსწარი.
დავიგვიანე, მაგრამ ამჯერად ვეღარ ვაპატიე თავს ეს დაგვიანება…

იმ დღის შემდეგ მოპირდაპირე ქუჩაზე გადავედი საცხოვრებლად.
ჩემს ფანჯარას დაბზარული მინები აღარ ჰქონდა და ფერმკრთალი სხივების ნაცვლად ხე მოსჩანდა, რომელმაც იმ დღის შემდეგ დაიწყო აყვავება და ყოველ გაზაფხულს თვალისმომჭრელად ლამაზი იყო მისი ვარდისფერი ყვავილით შემოსილი ტოტები.
გარედან ყოველ დილას ატმის ხედ გადაქცეული თედო მეგებებოდა ხოლმე და
ჩემს სულშიც იფურჩქნებოდა ტკივილით აყვავილებული გაზაფხული.
/ჟანნეტ ბოგვერაძე/

13.11.2020
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 36 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar