გრძნობამდე (7)
26.06.2017, 03:21

 

ყველა დაბნეული, გაურკვეველი თვალებით უყურებდა ერთმანეთს, მაგრამ ბიჭები ისეთი სახით იყვნენ, მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ მაინტერესებდა მათი აზრი, ჩემდა უნებურად მაინც მეპარებოდა შიში. ხან ერთს გავხედე, ხან მეორეს. ბერდო იძახდა წავიდეთო, მაგრამ ესენი ადგილიდან არ იძვროდნენ. ნეტავ ვიცოდე, სად მიდიოდნენ?! ადამიანი მისი სურვილით გათხოვდა, ხომ არ მოიტაცა, არა?!


- ეს რა ქნა, ბიჭო... - წამოიძახა ვატომ და ყველას ყურადღებაც მიიქცია. ტატას ჩაეცინა, ნიკუშას აშკარად არ ესიამოვნა მისი რეაქცია, ისეთი თვალებით გადახედა.

- მაპატიეთ, მაგრამ ამ რეაქციით, არ შემიძლია ქართველ უსაქმურ პატრიოტებს არ შეგადაროთ. - ჩაეცინა ლიკუნას, - ასე თუ ისე, არ არის პატარა გოგო და საბასაც ნუ გადააბრალებთ, ანკას სურვილიც რომ არ ყოფილიყო, ძალით არ მოიყვანდა ცოლად! - ლიკუნას ნათქვამმა და მკაცრმა ტონმა, დააფიქრა რომ მხოლოდ საბას ბრალიც არ იყო. მართალია, ინიციატორი ეგ... ეგ კი არა, მე ვიყავი, მაგრამ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ არასდროს წავიდოდა, სულ რომ მის ძმას ეთხოვა ცოლად მოიყვანეო.
- ჩვენი ბრალია, არ უნდა გვეთქვა, - ვითომ ჩუმად მითხრა ნენემ, მაგრამ მის გვერდით მჯდომ ბერდოს მაინც ჩასწვდა ეს სიტყვები და ისეთი სისწრაფით მოაბრუნა თავი ჩემკენ, ცოტა შემეშინდა. პირდაპირ თვალებში მიყურებდა, რა თქმა უნდა, წარბშეკრული და საოცრად ცივი გამომეტყველება ამშვენებდა მის ნატიფ სახეს.
- მოიცა... შენ უთხარი ცოლად მოიყვანეო? - მკითხა გაცეცხლებულმა და ყველა გაკვირვებული მომაჩერდა. რატომ გადმომაბრალა? ნენემ ხომ თქვა, ჩვენი ბრალიაო, მას არ უთქვამს - შენიო. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და თვალების ცეცება დავიწყე, მაგრამ არაფერი არ მჭირდა ისეთი რომ ასეთი რეაქცია მქონოდა!
- რა უფლებით ყვირი? - პირველ რიგში, იმ საკითხზე წამოვაყენე პრეტენზია, რომელიც საშინლად არ მესიამოვნა. კისერი ისე გადაატრიალა, ცოტაც და ძვლების ხმას გავიგებდი. - მე ვუთხარი, მის ძმას არ უსმინო, თუ გიყვარს შენც წადი ლონდონში, ერთად იცხოვრეთ-მეთქი! - არ დავაკელი ხმამაღალი სიტყვა, ნუ ყვირილი მომერიდა. ნამდვილად არ მინდოდა, ჩემს საყვარელ, მშვიდ და ჰარმონიულ კაფეში სიმშვიდე დარღვეულიყო, იმის გამო რომ ერთი მხეცი შემოიჭრა.

- და რა განსხვავებაა ხომ ვერ მეტყვი? - მკითხა ცინიკური გამომეტყველებით. ნიკუშამ ხელი კრა, გეყოსო, მაგრამ არც ის ჩერდებოდა და არც მე. სხვა ყველა ჩუმად იყო. გოგოებმა იცოდნენ რომ თუ შემეწინააღმდეგებოდნენ, უარესი დამემართებოდა და ალბათ, ისიც ეგრე იყო.
- როგორ გეტყობა რომ არავინ გყვარებია. - არც მე დავაკელი ცინიზმი და ირონია. თან ჩაცინებამ უფრო იმოქმედა მის ნერვებზე.
- ბატონო?! საიდან დაასკვენი? - მკითხა აგდებით, თან ცდილობდა სიბრაზე დაეფარა.
- შეიძლება გყვარებია, მაგრამ არა ისე რომ სიყვარული დაარქვა. შენ რომ ვინმე გიყვარდეს, ეგეთი რეაქცია არ გექნებოდა! დავიჯერო, ცოლის მოყვანა რომ მოგინდება და იმ გოგოს ძმა უარს გეტყვის, ყურადღებას მიაქცევ? ან ჯერ რა პრიმატი უნდა იყო რომ შენი ცხოვრებით აცხოვრო შენი და, რომელსაც საკუთარი აზრი გააჩნია! საბა არც სწავლას დაუშლის, არც გართობას, არც მეგობრებთან ერთად ყოფნას, პირიქით ყველაფერში ხელს შეუწყობს. თქვენგან განსხვავებით, ძალიან კარგად ვიცნობ ჩემ ბიძაშვილს, ვიცი როგორ შეუძლია სიყვარული და აქედანვე გეუბნებით, ანკა იყო ერთადერთი, ვისაც ასე სერიოზულად უყურებდა და მომავალშიც კი განიხილავდა. მოკლედ, როცა შეგიყვარდებათ, მიხვდებით. მე ვერ გასწავლით ვერც სიყვარულს და ვერც იმ ქმედებებს აგიხსნით, რისი გაკეთებაც შეყვარებულ ადამიანს შეუძლია. - ყოველთვის მიჭირდა საკუთარი აზრის დაფიქსირება, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო რომ ყველა კომპლექსი მომეხსნა და მხოლოდ ის ვუთხარი, რასაც ნამდვილად ვფიქრობდი. ნერვიულად ვიმტვრევდი თითებს ლაპარაკის დროს, მაგრამ ბერდოს სახეზე შეპარულ ღიმილს რომ ვაფიქსირებდი, უფრო მინდოდა ლაპარაკის გაგრძელება, თითქოს სითამამეს მმატებდა და კომპლექსებს მიქრობდა.

- შენ ძალიან გათვიცნობიერებული ყოფილხარ, ამ საკითხში. - ეს რომ მითხრა, ჩვეული ირონიული ტონით, ლამის პირი დავაღე. ამდენი რაღაც ვილაპარაკე და მან რა მკითხა!
ესენი კი სულელებივით იღიმოდნენ. წარბი ავისმომასწავლებლად ავზიდე ზემოთ და ცოტა წინ გადავიხარე.
- რასაც შენზე ვერ ვიტყვით. - თვალი ჩავუკარი და ჩემს ადგილას დავბრუნდი.
- გეყოთ, რა! კატო მართალს ამბობს. საბა ძალიან მაგარი ბიჭია, ზუსტად ისეთი ანკას რომ შეეფერება, ამიტომ მის ძმასაც უთხარით რომ ეს ქურდული და ქუჩური გარჩევებით, ძალიან დაიმცირებს თვალს როგორც მისი დის წინაშე, ასევე სხვებთანაც. - ეს ის შემთხვევა იყო, როცა ლიკუნას ზუსტად ვეთანხმებოდი.
- კატო, შენც ეგრე უნდა გაჭედო, ლიკუნას რომ მოვიყვან ცოლად? - ისეთი სერიოზულობით მკითხა ვატომ, ცოტაც და დავიჯერებდი. ლიკუნამ მკვლელი თვალებით გადახედა მოცინარს.
- ტირანი არ ვარ რომ ზრდასრულ ადამიანს რამე დავუშალო, მთავარია ბიჭი არ იყოს უსაქმური, გაუნათლებელი და მორჩა, რა! თუ უსაქმური არ ხარ, ყოველთვის შეგეძლება კარგად ცხოვრება. თუ გაუნათლებელი არ ხარ, ცოლს არც სწავლას დაუშლი, არც გართობას და ბავშვის მოვლაშიც დაეხმარები. მე ასე მესმის ცოლ-ქმრობა. - ვუთხარი და ჩემს პირობებზე აშკარად „გადაუნდა“.
- გეთანხმები, კატუშ. მაგას ვეუბნები წლებია, მარა ესმის რამე? - ამყვა ნიკუშა. ნიკუშა ძალიან მომეწონა, წარმოდგენაც შემეცვალა მასზე. რატომღაც მეგონა რომ ჩვეულებრივი ქუჩის ბიჭები იყვნენ, რომლებსაც მხოლოდ გართობა ახსოვდათ, სინამდვილეში კი საკმაოდ განათლებულები, საქმიანები და სერიოზულები იყვნენ ასეთ საკითებში. თქვენ წარმოიდგინეთ და უნივერსიტეტშიც კი დადიოდნენ პატიოსნად!

ბერდოს ისევ დაურეკეს, როგორც მან თქვა ანკას ძმა, კოკა იყო.
- ბიჭო, ჩავიდეთ ბაზარი არაა, პროსტა ახლა ნუ დავადგებით რა, ტეხავს! - ჩაეცინა ბერდოს, მათ შორის ნიკუშას და ვატოსაც, ჩვენ ერთმანეთს „ეს ის არის, რასაც მე ვფიქრობ?“ სახით გადავხედეთ და ყველაფერი ნათელი გახდა. ამჯერად ჩვენც ვიცინოდით. როგორც ჩანს, კოკამ ეს ნათქვამი ჩვენნაირად გაიგო და სავარაუდოდ ისეთი გინება ატეხა, ბერდომ ტელეფონი ყურს დააშორა.
- ნანამ კი არა, შენ უნდა დალიო ვალერიანი, სულ გამოსირდი, ხო? - ჰკითხა სრული სერიოზულობით. ისე მინდოდა ჩემ ვირულ ხმაზე ამატეხა ხარხარი რომ თავს ძლივს ვიკავებდი, თუმცა შემდეგ მივხვდი რომ ამას ბერდო ამბობდა და არ იყო აუცილებელი გაცინება.
- კაი, ბიჭო შეეშვი, - ეხვეწებოდა ვატო, თან ეცინებოდა. - დავადგეთ რა, მაგათ სახეებზე უნდა ვიღადავო მთელი წელი! - როგორც ჩანს ეს იდეა ტატას, ნიკუშას და ლიკუნას ძალიან მოეწონა, რასაც დანარჩენებზე და ჩემზე ვერ ვიტყოდი.
- ნენე, თორნიკესთან დარეკე და გაიგე ამბები, - ვუთხარი ნენეს და მანაც სწრაფად გადარეკა.
- მოიცა, მანდ რა გინდა? - ეკითხებოდა ნენე, თან რაღაცაზე იცინოდა, - ვაიმე, მზითი ხარ თუ მურმანის ეკალი?  კაი ხო, ჩამოვალ! - ჯობდა მე დამერეკა, იმდენი ილაპარაკეს, ამდენი გაკვეთილის მოყოლის დროს არ მილაპარაკია, მთელი 12 წელი!
- ესეც იქ არის, წარმოიდგინე! - გათიშა თუ არა, გვითხრა ნენემ. - აი, რა უნდოდა რომ წავიდა? იქნებ რა საქმე აქვს ხალხს...
- შენ არ აღირსე და იმათ მაინც უყურებს. - როცა რაღაც სასაცილოს ვამბობ, მავიწყდება რომ მარტო არ ვარ. სწრაფად ავიფარე ხელი პირზე და აწითლებულ ნენეს მზერა ავარიდე. ლიკუნამ ხარხარი რომ ატეხა, მივხვდი ძალიან ახლოს რომ იყვნენ უკვე ერთმანეთთან და ვაპატიე ჩემ თავს.

- კატო! - მიჩქმიტა ნენემ.
- ბოდიში! - ხელის ტკივილი არ შევიმჩნიე ისე ვუჩურჩულე და ბერდოს უცნაური მზერა კიდევ დავიჭირე წამიერად. უკვე ნერვებს მიშლიდა ეს მოჩვენებები. არ ვიცოდი, მართლა მიყურებდა თუ ჩემი ფანტაზია აღიქვამდა ასე.
- წავედით მაშინ, მოსახდენს ვერ მოახდენენ დღეს და ბარემ ჩავასწროთ, - გაეცინა ნიკუშას და წამოდგა. მეც სწრაფად წამოვდექი, ნივთები ავიღე და მათზე ადრე გამოვედი კაფედან. რამოდენიმე წუთი რომ დააგვიანდათ, მიბრუნებას ვაპირებდი მაგრამ მალევე გამოვიდნენ. ყველა ნიკუშას მანქანისკენ რომ დაიძრა, მეც იქეთ დავაპირე წასვლა, თუმცა ბერდოს ხელმა დამაკავა და საქარე მინასთან ამაყუდა. მოულოდნელობისგან წამით თვალები დამეხუჭა, რომ მივხვდი საფრთხე არ მემუქრებოდა თვალები გავახილე და მის დამცინავ მზერასაც წავაწყდი.

- ჩემს არარსებულ სიყვარულს, ძმა არ ჰყავს. - მითხრა სიცილშეპარული ხმით და თვალი ჩამიკრა. - დაჯექი. - ამჯერად ტონი უფრო მომთხოვნი იყო. უკან დაჯდომას ვაპირებდი, თუმცა წინა კარი გააღო. - მარტო მოგიწევს მგზავრობა ჩემთან ერთად.
- რატო? - წამოვიყვირე უცებ.
- რატომღაც, არავის სურდა შენი გაუჩერებელი ლაპარაკის მოსმენა. - ჩაეცინა. ვიცოდი რომ სულ სხვა მიზეზი იყო... მაგრამ ნენე? მან მაინც რატომ გამწირა?! დავიჯერო ამდენს ვლაპარაკობ? არა, რა სისულელეა. დღეში მაქსიმუმ ორი საათია ჩემი ლაპარაკის დრო.
მანქანაში ისეთი ძალით შემტენა, წამით ვიფიქრე მიტაცებს და ცოლად უნდა მომიყვანოსთქო, მაგრამ მისი ნათქვამი სიტყვები წამში ამომიტივტივდა და ხელი ჩავიქნიე. ცოლად ვერ გავყვები, თუმცა სიცოცხლეს დიდი სიამოვნებით გავუმწარებ, მხოლოდ იმისთვის რომ დღეს მიყვირა.

კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Myself | ტეგები: undefined, (7), გრძნობამდე
ნანახია: 1579 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
1 Spam
1
Rakargii taviiyo 3o 3o neta gadautrialdes berdos tavshirame wasvlis dro dzaan minda :D
avatar
0
2
ძალიან დიდი მადლობა love
avatar