ჯადოსნური ციცინათელები
14.08.2021, 19:10
-დაგინახე, დაგინახეეე, ახლავე გამოდი თორემ მეორედ აქ აღარ მოვალ. _ კარგად შებინდებული იყო და მე ჯერ კიდევ მინდორში ციცინათელას დავსდევდი მუქარით, რომელიც ხან ერთ ბუჩქში მემალებოდა, ხან მეორეში. სახლში დაგვიანების გამო დედას რისხვის მეშინოდა, მაგრამ ციცინათელასთან თამაშის სურვილი უფრო მაცდური იყო და მეც ცდუნებას ვერ გავუძელი. ფრთხილად მინდოდა ბუჩქის გადაწევა, მაგრამ ისე მწარედ მიჩხვლიტეს ეკლებმა, რომ სამახსოვროდ ხუთივე თითზე დამიტოვეს კვალი. ამ დროს სიბნელიდან ვარსკვლავივით გამოანათა ცელქმა ციცინათელამ და ამჯერად ტყისკენ წავიდა.
მეც დაუფიქრებლად გავიქეცი მისკენ, თვალს არ ვაშორებდი რომ არ დამკარგვოდა და მოულოდნელად ღელეში ჩავვარდი. ზაფხულია_თქო დავიმშვიდე თავი და კვლავ ავედევნე. რეზინის ფლოსტებში ფეხი ისე მისრიალებდა სისველისგან, ძლივს ვინარჩუნებდი წონასწორობას, რომ არ წავქცეულიყავი.
აღმართი ქოშინით ავიარე და ღონემიხდილი დავეყრდენი მუხლებს, თუმცა თვალთახედვის არიდან გამქრალი ყვითლად მოციმციმე შუქი ისევ რომ შევნიშნე, სულ გადამავიწყდა დაღლილობა და კვლავ მას ავედევნე. ტყეში შესულს სათითაოდ მახსენდებოდა დედას და ბებოს დარიგება, რომ აქ მგლები და დათვები არიან, კიდევ უამრავი საშიში არსება და ტყეში არასდროს უნდა შევიდე, თუმცა ამასობაში შუაგულ ტყეში ამოვყავი თავი და მათი დარიგებაც სადღაც ჰაერში გაიფანტა.
ამ ფიქრებში გართულს უცებ თვალწინ ჯადოსნური სამყარო გადამეშალა. წყვდიადიდან ნელ_ნელა გამოდიოდნენ ყვითლად მოციმციმე მწერები და საბოლოოდ მეც შემითრიეს ამ ზღაპარში. ზოგი სახესთან ახლოს მოდიოდა, ზოგი ხელისგულზე ფრინდებოდა და თითქოს მეფერებოდნენ ისეთი შეგრძნება დამეუფლა. რამდენიმე წუთი ასე დავყავი და გაუნძრევლად ვუყურებდი იმ საოცარ სანახაობას, მერე ღამის სიმშვიდე მოულოდნელად დედაჩემის ხმამ დაარღვია. ისეთი ხმით მეძახდა, ტყემ სამის ნაცვლად ხუთჯერ გაიმეორა მისი განწირული ყვირილი და ციცინათელებიც თვალს მიეფარნენ. მხოლოდ ის ერთი დარჩა და ისევ გამიძღვა წინ, ტყიდან გამომაცილა და შემდეგ გაუჩინარდა.

ბავშვობაში ზოგჯერ ჩემი ტოლი გოგო-ბიჭები გამჭვირვალე ქილებში დაიჭერდნენ ხოლმე ციმციმა მწერებს  და მეც გამოვიდებდი თავს მათ დასანახად, მაგრამ როდესაც მშობლები დაგვიძახებდნენ სახლში მოსვლის დროაო, სიხარულით მოვარბენინებდი ქილას და როგორც კი თვალს მივეფარებოდი მაშინვე ვუშვებდი უჰაერობაში გამომწყვდეულ ციცინათელებს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამას ხედავდნენ და იმ ჯადოსნური სანახაობით სამაგიერო გადამიხადეს მადლიერების ნიშნად.

იმ ღამეს დედამ დამსაჯა, უხმოდ გამიშვეს დასაძინებლად და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გარეთ თამაშის უფლებას აღარ მაძლევდნენ, თუმცა ღირდა ეს დასჯა.
ჩემი ბავშვობა სულ სხვანაირი იყო, მზიანი დღეებით და ციცინათელებიანი ღამეებით სავსე.
 ახლაც კი, როცა ღამით დავწვები და თვალებს დავხუჭავ, პატარა მოუსვენარი გოგონა ვხდები, რომელმაც ერთ საღამოს ზღაპარში იმოგზაურა.
30.06.2021

/ჟანნეტ ბოგვერაძე/
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 83 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar