ნათლია
08.08.2018, 18:32
უნივერსიტეტშიც ხდებოდა რაღაცეები,მაგრამ ბოლოს თავისუფლების მეტროსთან ვიყავი.ან ლაშამ ან გურამმა მომიტანა ერთი დიდი ჰოთდოგი,რამაც ძალიან გამახარა.წავიღეთ ქვევით,სამუშაოზე,შესანახად თუ შესაჭმელად.გზაზე მოვატეხე ცოტა და ყველი იყო შიგ და გამიკვირდა-ჰოთდოგია თუ ხაჭაპური მეთქი.

მერე ჩემი ყურადღება იქვე ტროტუარზე მდგომმა ბუტკა მანქანამ მიიპყრო,რომელსაც ხალხი ეხვეოდა.მივედი მეც და ფრენკები აღმოჩნდნენ შიგნით-წიწილებივით პატარები და თოჯინებივით გამოწყობილები.ერთერთმა დამინახა თუ არა "მამა,მამიკოო" წამოიწყო სიმღერა და დანარჩენებიც აიყოლია.ნახეთ,ნახეთ,როგორ მღერიანო-გაკვირვებასა და აღტაცებას ვერ მალავდა გარს შემოხვეული ხალხი,მე კი ვიდექი და სიამაყისაგან ცრემლში ვაბრუნებდი თვალებს.მერე "დედაო",მერე კიდევ სხვა რაღაცაზე გადაიტანეს სიმღერა.იქვე გვერდზე ეკრანი იყო ტელევიზორის და გვანცა ჩანდა შიგ.ბოლოს ერთმა ქალმა მთელი ტანით გამწია გვერდზე,რო შეეჭყიტა და მეც გამოვედი საერთოდ.მოვტრიალდი თუ არა გვანცას შევეჩეხე,ისიც სანახაობისკენ მოიჩქაროდა.აი,გვანცა ნათლიაც გაიჩითა,აბა მიიწ-მოიწიეთ ცოტა და მიუშვით ბავშვებთან მეთქი-მივაძახე ხალხს და წავედი ისევ სამუშაოსკენ.

გამახსენდა,რო მქონდა რაღაც ელექტრონული სათამაშო,რომელიც იმ ჰოთდოგთან ერთად მომცეს და წავედი მის საძებნელად.ფრენკებისთვის მინდოდა მეჩუქებინა.დავდიოდი აღმა-დაღმა,სად არ ვიარე,მაგრამ ვეღარ ვპოულობდი.ის კი არა,გზას ძლივს ვიგნებდი,რადგან მთელი ჩემი სამსახური ტანკებით,ქვემეხებით და რა გინდა სულო და გულო საომარი აღჭურვილობით იყო სავსე.აი,აემან გვიკისრა ჰოთდოგიც,სათამაშოც და ყველაფერიო-მითხრა ან ლაშამ ან გურამმა და ტანკისტის ფორმაში გამოწყობილ ჩემს ყოფილ ჯგუფელზე მიმითითა.მომინდა მადლობა გადამეხადა მისთვის,მაგრამ მივხვდი თვითონ არ იყო ჩემთან საუბრის ხასიათზე და გავჩუმდი.ალბათ ძველი წყენა ვერ დაივიწყა მეთქი,ესღა გავიფიქრე.

გავაგრძელეთ ფრენკების საჩუქრის ძებნა,თუმცა ამაოდ-არც სათამაშო ჩანდა და აღარც ჩემი ჰოთდოგი.სულ ბოლოს ან ლაშამ ან გურამმა მომიტანა ნაღდი საბრძოლო ავტომატი და თავმომწონედ გამომიცხადა-აი,როგორც იქნა ვიპოვეო.ეს რად მინდა,ბავშვებს ავტომატს ხო არ ვაჩუქებ მეთქი?ეს მარტო ავტომატი კი არა,ეს ხან ავტომატია და ხან ელექტრონული საბავშვო სათამაშოო-თავისაზე იდგა ხან ლაშა და ხან გურამი.ის ჰოთდოგი რაღა იქნა მეთქი და ხაჭაპურზე მეკითხებიო?თან ჯიუტად მაჩეჩებს ხელში ამ ავტომატს თუ საბავშვო სათამაშოს,მე ვუარობ და ზუსტად ამ გაწამაწიაში,ქვემეხებისა და ათასი უბედურების მიღმა შევამჩნიე კარებში გვანცა.იდგა,მოელურჯებინა თვალები ჩვენზე საყვედურით და გამეღვიძა.გამეღვიძა ისეთი სასიამოვნო გრძნობით,რო დიდი დრო დამჭირდა დავბრუნებოდი ჩვენს სასტიკ რეალობას.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: petr
ნანახია: 240 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar