პირველი ფიქრი -1-
29.06.2017, 20:14
თავი პირველი
ცივ წყაროს, პირდაპირ შუაგული კლდიდან რომ გადმოჩუხჩუხებდა, პეშვი შეუშვირა, შემდეგ წყალი სახეზე შეისხა, გაწეწილი თმები სველი ხელებით უკან გადაიწია და დიდი, მძიმე ჩანთა ქვის ლოდზე დადო. თბილი ქურთუკიც გაიხადა, კისერი და მკერდი გაისველა ცივი წყლით, ჩანთიდან ამოიღო ცისფერი პირსახოცი, შეიმშრალა. ცოტა ხნით ჩამოჯდა იმ ქვის ლოდზე, რომელზეც ჩანთა ედო.
კუჭი სიცარიელეს ახსენებდა. მართლაც, მეორე დღეა, რაც არაფერი ეჭამა ხეებზე დაკრეფილი დაუმწიფებელი ხილის გარდა.
მორიგი სამოსახლოც მიატოვა იმის შიშით, რომ აღმოაჩენდნენ და სახლში დააბრუნებდნენ. მართალია, ტელევიზორებსა და სოციალურ ქსელში მრავლადაა მისი ფოტოები, მპოვნელსაც დიდძალი თანხით აჯილდოებენ, თუმცა ჭკვიანურად მოიქცა, როცა მთა აირჩია შესახიზნად. ცუდი ამინდების გამო მაუწყებლობა არ იჭერს, ისევე როგორც ინტერნეტი და თავს უსაფრთხოდ გრძნობს.
თანაც აქ ისეთი სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს, სულ არ კითხულობენ მის ვინაობას. ერთი დღით უმასპინძლდებიან, მართალია, დარჩენასაც სთხოვენ, თუმცა ლენა ჯიუტობს და გზას აგრძელებს. მანამდე ივლის, სანამ მის არსებობას არ დაივიწყებენ, დაკარგულად არ გამოაცხადებენ, ან გარდაცვლილად.
წყლით გაჭყეპილმა ჩაიკლა შიმშილის გრძნობა, სანამ თავს ცუდად არ იგრძნობდა შიმშილისგან, იმ უკანასკნელ პურის ნაჭერს მანამდე შეინახავდა.
შეიმოსა და გზა გააგრძელა. აღმართი აღმართს მისდევდა, კლდე - კლდეს. იყო ადგილები, სადაც მხოლოდ ცალფეხა ბილიკი იყო მთავარი მაგისტრალი.
საღამოვდებოდა. მთების მწვერვალები ვერცხლისფერ ბურუსში გახვეულიყვნენ, მწვანე, ხალასი ბალახი უფრო მუქი ჩანდა. სიცივე ძვალ-რბილში ატანდა, მიუხედავად იმისა, რომ საზამთრო ქურთუკი ეცვა. ჯერ კიდევ არ დამდგარიყო ზაფხული, ისევ მაისის ბოლოა, მთებში კი ზაფხული გვიან მოდის და ცოტა ხნით ჩერდება.
აღამდებოდა. ირგვლივ ერთი სახლიც არ ჩანდა, ერთი ოთხკედელი, რომ თავი შეეფარებინა და მგლებს არ დაეჯიჯგნათ.
ხეებიც ვერ მოძებნა, რომ აძვრეს და თავი მაინც დაიხსნას ნადირის ეშვებისაგან.
პირველად არის ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში. სირბილით გაუყვა ბილიკს , რომელიც მთებზე გველივით იგრიხებოდა, ლანდშაფტი არ იცვლებოდა, ყველგან მთები იყო. სულს მოითქვამდა ორი წუთით, როცა უჰაერობისაგან ფილტვები ატკივდებოდა და კუჭი - შიმშილისაგან.
ერთი საათი მაინც ირბინა. ვერაფერს მიაგნო ხელჩასაჭიდს, რაც გადაარჩენდა.
ბუნება, ერთი შეხედვით ძალიან ლამაზი, სამოთხის მსგავსი, ახლა ჯოჯოხეთად ეჩვენებოდა, რამეთუ საერთოდ არ უწვდიდა ხელს დასახმარებლად.
თვალებში უბინდდებოდა. ამხელა სივრცეში მხოლოდ მისი შიმშილისაგან გამხმარი კუჭი ყმუოდა, გულში იმედოვნებდა, რომ სხვას ვერაფერს გაიგონებდა, იმედოვნებდა, რომ მგლების საჯიჯგნი არ გახდებოდა.
ჩანთიდან ამოიღო პურის ნატეხი, გვარიანად გამხმარი, თუმცა იმდენად შვებისმომცემი, რომ კარგ, ქართულ სუფრასაც ერჩივნა.
სუნთქვის დროს თითქოს მთელი სასულე ეფატრებოდა, იმდენად დაღლილიყო სირბილისაგან. ლუკმის გადაყლაპვაც ვერ მოახერხა, რომ ბილიკზე ქვას ფეხი წამოჰკრა, თავი ვერ შეიკავა ორიენტაციადაკარგულმა და ღვინის კასრივით დაგორდა კლდეზე.
ფიზიკურმა სტრესმა ბოლო მოუღო. გრძნობდა, როგორ ეხეთქებოდა თავით ქვებს, თუმცა კიდურებში წინააღმდეგობის გაწევის ძალაც დაეკარგა, შემდეგ რაღაც მყარს მაგრად დაეჯახა გვერდით, სუნთქვა შეეკრა მასიური ტკივილისაგან და, აღშფოთებაც ვერ მოასწრო, რომ სიკვდილის ნაპირზე იყო, გული წაუვიდა.

* * *
- რომ მოკვდეს? -კაცის ჩურჩული ჩაესმა ყურში და სიხარულისგან პულსაცია აუჩქარდა, როცა მიხვდა, რომ ცოცხალი იყო, რომ სუნთქავდა.
- არ მოკვდება, ჯერ კიდევ სუნთქავს. თუ არა და, არაფერს გავამხელთ. -ხმამაღლა, მოურიდებლად თქვა მეორე კაცმა.
ოდნავ დაიძაბა ლენა, მამაკაცების გარემოცვაში რომ იგრძნო თავი, თუმცა მაინც გადასწონა გადარჩენის სიხარულმა და ხმის ამოღება სცადა, მაგრამ ხავილის მეტი ვერაფერი აღმოხდა ბაგეებიდან.
დაძაბულმა სიჩუმემ მოიცვა კარგად გამთბარი ოთახი. შეშის ტკაცუნიც შემოესმა სამარისებურ სიჩუმეში ლენას. თვალი რომ გაახილა, ოთახის აღმოსავლეთ მხარე ცეცლისგან გაწითლებული დაინახა. ბუხარი დაენთოთ.
თვითონ რკინის საწოლზე იწვა, სახე მიმხმარი ჭრილობებისგან გადაჭიმვოდა, ხელისგულები შეეხვიათ, იგივე ტანსაცმელი ეცვა.
თავზე ოთხი მამაკაცი დაჰყურებდა წარბშეკრული სახით. ოთახის სიბნელეში მათ ნაკვთებს ვერ არჩევდა, რადგან ბუხრის სინათლეს ეფარებოდნენ. დაძაბულობა ყელში მოაწვა გოგოს, თუმცა მგლებისგან შეჭმის გრძნობისაგან მაინც შორს იყო.
გაჭირვებით დაეყრდნო ხელისგულებს და საწოლში წამოიწია. მოუშუშებელმა ტკივილებმა შეახსენეს თავი, თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა სიმწრისაგან.
- ცოცხალია. -აღნიშნა ერთ-ერთმა ისეთი აღტაცებით, თითქოს სხვები ამას ვერ ამჩნევდნენ.
- ბიბლიაზე დაიფიცებ? -მკაცრად შეხედა მეორემ, რომელიც მის მარცხნივ იდგა.
- რა ვიცი, მგონი, არ წამოგვიღია. -ენა შეუბრუნა პირველმა.
ლენა მთელი ამ დროის განმავლობაში დანარჩენი ორი კაცივით ჩუმად იყო და მათი სახეების ამოცნობას ცდილობდა.
დამფრთხალიყო. პირველად, რაც აზრად გაუელვა ის იყო, ვაითუ, მომაგნეს, მიპოვეს და უკან დაბრუნებას მიპირებენო. სასოწარკვეთამ შეიპყრო, ნუთუ იმას, რასაც მთელი ერთი თვე საკუთარი სიცოცხლის, ნებისყოფისა და ჯანმრთელობის ფასად გაურბოდა, ახლა პირდაპირ კლანჭებში ჩაუვარდა?
- წყალი მიაწოდეთ. -თქვა იმან, პირდაპირ თავზე რომ დაჰყურებდა ლენას და საწოლს მოსცილდა. მალე კარის გაჯახუნების ხმა გაისმა, გარეთ გავიდა.
ნელთბილმა სითხემ ჩაუკლა საშინელი წყურვილის გრძნობა და თითქოს ათი წლის სიცოცხლე მოემატა.
- დიდხანს მეძინა? -საკუთარი ხმა ვერ იცნო, ისეთ მდგომარეობაში ჰქონდა ჩავარდნილი. წარბები შეკრა, იმდენად ეუცხოვა და ენა მის კბილებს რომ არ შეხებოდა, ყელი რომ არ დაეძაბა სიტყვების წარმოსათქმელად, ალბათ, იმასაც იფიქრებდა, რომ ოთახში სხვა ქალიც იყო, ძალიან, ძალიან ნატანჯი და ნანერვიულები.
- ორი თვე. -უთხრა ერთ-ერთმა მშვიდად.
თვალები გაუფართოვდა, ლამის ბუდიდან გადმოუცვივდა გაკვირვებისაგან.
- გეხუმრე, ექვსი საათით გეძინა. -გაუცინა ბიჭმა და თმები აუბურძგნა. მხოლოდ ის დარჩენილიყო მის საწოლთან, ფეხებთან ჩამოუჯდა. -საჭმლის კეთება იცი?
- თავს გადაგხოტრი, რობაქიძე, ენას თუ არ ჩაიგდებ. -უხეშად მომართა საწოლთან მჯდომს ბუხართან მყოფმა ერთ-ერთმა აყლაყმა.
- რა იყოთ, თქვენ არ მოგბეზრდათ ხაჭოს და ყველის ჭამა? -სასოწარკვეთილი სახით შესჩივლა სავარაუდო მეგობრებს რობაქიძემ, -ძუძუებზე თითი რომ მომიჭირო, რძე წამომივა!
- ხოდა, მოგწველი და საკუთარ რძეს დაგალევინებ! -უხეშად უპასუხა იმავე კაცმა და ოთახიდან გავიდა.
მესამეც მიჰყვა და დარჩნენ მარტო ლენა და რობაქიძე.
- აქ რა გინდათ? -მეორე კითხვამ გაიჟღერა გოგონას მხრიდან, თუმცა გულწრფელი პასუხის მიღების იმედი რატომღაც არ ჰქონდა.
- ჯობს, არ იცოდე. -ხმა გაიმკაცრა ბიჭმა და ისიც წამოდგა საწოლიდან.
- ტერორისტები ხართ? -კიდევ უფრო შეშინდა ლენა. უკვე ეჭვი ეპარებოდა, უნდოდა თუ არა, რომ მგლებს გადარჩენოდა და ამათ ხახაში ჩავადნილიყო.
- შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ ქალებს არ ვერჩით. -მიუგო ბიჭმა და ოთახიდან ისიც გავიდა.
სწრაფად წამოხტა საწოლიდან. უკვე აღარ ჰქონდა იმის იმედი, რომ წესიერი ადამიანების ხელში მოხვდა. ის ფაქტი, რომ გადაარჩინეს (თუ თავისით გადარჩა), სულაც არ მეტყველებს მათ გულკეთილობასა და სათნოობაზე.
ბუხრის გვერდით მაგიდა დაინახა. მასზე რამდენიმე ნაჭერი პური ეწყო, ნახევარი წველა ყველი, ხილი და კიდევ რაღაც წვრილმანები. ყველას ნამდვილად ვერ ზიდავდა, სწრაფად უნდა ერბინა და თავი დაეღწია ამათი კლანჭებიდან, ამიტომ მხოლოდ პურს, ყველს და სამ ცალ ვაშლს დასჯერდა. ნახევარი ნაჭერი პური პირში ჩაიტენა და ფეხზე შელახული ბოტასები ჩაიცვა. გემრიელად ილუკმებოდა და დიდი ლუკმის საყლაპავში გადაგორების გამო, ასტკივდა კიდეც მილი, თუმცა არ უდარდია. თითქოს ხმაც კი გაიგო, როგორ ჩავარდა კუჭში ერთადერთი პურის ნაჭერი.
ერთადერთი ფანჯრიდან დაინახა პატარა, წითელი წერტილი, რომელიც ანთებული სიგარეტი უნდა ყოფილიყო. კარები ფრთხილად გააღო და კედელსაწებებულმა სცადა მოშორებით წასულიყო. გული სწრაფად უცემდა, თითქმის გასკდომამდე. უძილობის გამო თავიც სტკიოდა, მაგრამ მაგას ვინ ჯავრობდა, მთავარია, გაქცეულიყო...
ბედზე ტყე დაინახა. მთვარეც გზას უნათებდა და არ გაუჭირდებოდა გზის გაკვლევა. ტყეში დამფრთხალი შევიდა და ყველაზე მაღალ ხეზე აძვრა, ვაის გაყრილი, უის რომ არ შეყროდა და მგლებს არ ამოევსოთ მისი უგემური ხორცით მუცელი.
უეცრად დაინახა, ფარნის შუქმა როგორ შემოაღწია ტყეში. სუნთქვა ჯერ კიდევ არ ჰქონდა ნორმალურად დამშვიდებული, რომ ისევ აუჩქარდა პულსაციასთან ერთად.
- ვერსადაც ვერ წავიდოდა, აქვე იქნება სადმე. -აუღელვებლად საუბრობდა ის კაცი, თავზე რომ დაჰყურებდა ლენას და წყლის მიწოდების ბრძანება რომ გასცა.
პირზე ხელი აიფარა გოგომ, მისი სუნთქვაც რომ არ გაეგოთ.
-ყველა ხე შევამოწმოთ. ნაცნობი ხრიკია, ყველა იაფფასიან ფილმში ასე ხდება ხოლმე. -ის საუბრობდა ისევ და უეცრად აანათა თავისი დიდი ფარანი იმ წაბლის ხეს, რომელზეც ლენა შემოსკუპებულიყო.
შველივით დაფრთხა გოგონა, რადგან ზუსტად მას მოხვდა სინათლე. ხელი პირზე შეახმა და ჩუმი ჩაცინებაც მოესმა.
- აქ არ ყოფილა? -სარკასტულად ჩაეცინა მამაკაცს, რამაც კიდევ უფრო დააფრთხო და შეზარა ლენა. აიწურა შიშისგან.
- არ მომეკაროთ, თორემ, გადმოვხტები! -თქვა მტკიცედ, შიში, მისდაგასაკვირად, სადღაც გამქრალიყო.
- თუ გადმოხტები, მიწას ვერ აცდები. სიკვდილის იმედი არც გქონდეს. -ხეს მიუახლოვდა მამაკაცი. -გინდა რომ მოკვდე?
- თქვენ რაში გაინტერესებთ? გმადლობთ, რომ ღამე გამათევინეთ იმ თქვენ რწყილებით სავსე საწოლში, ახლა გამიშვით!
- ვერ გაგიშვებთ. საზღვართან ახლოს ხარ. ნებისმიერმა შეიძლება გაგიხვრიტოს შუბლი, მისი უკანონოდ გადაკვეთისთვის.
- გამიშვით, ღმერთი არ გწამთ? არ მჭირდება თქვენი დახმარება!
- არაფერს დაგიშავებთ, ვგავართ მგლებს? -ამოჰყვირა რობაქიძემ.
- მგლებზე უარესები ხართ. -დაუბღვირა ლენამ და თვალებზე ხელი აიფარა, -გასწიეთ ეგ სინათლე, ნუ დამაბრმავეთ!
- ვერ გაგიშვებთ. შენ ჩვენი სახეები ნახე და ნებისმიერ წამს შეგიძლია დაგვასმინო პოლიციაში. -უთხრა იმ უხეშმა, უტიფარმა, ეშმაკმა კაცმა, თვალებიდან ფარანი რომ არ მოაცილა.
- ანუ პოლიციაც დაგდევთ? გადავრჩენილვარ და ეგ არის. -სიმწრისგან ჩაეცინა ლენას და თავი გვერდზე გაატრიალა.
- საზღვარი უნდა გადავკვეთოთ აუცილებლად.
საზღვრის გადაკვეთა ენიშნა ლენას. მასაც შეეძლო გაჰყოლოდა, სხვა ქვეყანაში გადავიდოდა და ვერავინ ვერაფერს დაუშავებდა. ამ მგლების ხროვასაც მადლობას გადაუხდიდა გაწეული დახმარებისთვის, ხელს ჩამოართმევდა და თავის გზაზე წავიდოდა. ტყეში რომ დარჩენილიყო სრულიად მარტო, რა ეშველებოდა? სულ ხომ არ „გაუმართლებდა“ ასე? ან მგელი გადაყლაპავდა, ან დათვი, ეს კი სულაც არაა სახარბიელო პერსპექტივა.
გარისკავს და რაც იქნება - იქნება. ბოლოს და ბოლოს, მამამისს გამოექცა, იმხელა თანამდებობის კაცს, და ამათ ვერ გაექცევა?
- ერთი პირობით არ გავამხელ თქვენს ვინაობას. -ეშმაკურად გაუცინა ლენამ და ხის ტოტზე ისე წამოჯდა, თითქოს მეტრები არ აშორებდეს მიწას.
- ფრთხილად თუ არ იჯდები, ვერანაირი პირობის წაყენებას ვერ მოასწრებ, ისე დაასხამ ტვინს მიწაზე. -უხეშად უთხრა ფარნიანმა.
- ფარანს თუ არ მომანათებ, არც გადმოვვარდები. -ურჩად შეხედა ლენამ წარბებს ქვემოდან.
- გისმენთ, -მობეზრებული ხმით თქვა რომელიღაცამ.
- მეც გადამიყვანთ საზღვარზე.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: lenkaloladze123
ნანახია: 1954 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
avatar
1 Spam
1
საინტერესო ჩანს.
იმედია მომდევნო თავში გავიგებთ რატომ იმალება ლენა
avatar
0 Spam
2
დიდი მადლობა კომენტარისთვის 3o თუმცა ჯერ ვერ გაიგებთ რა რატომ ხდება :D
avatar
1
3
რა მაგარი იყო!
პირველად ვკითხულობ ასეთ გამართულ, განსხვავებულ და საინტერესო ისტორიას.
მიყვარს სათავგადასავლო ჟანრიც რომ იგრძნობა ისტორიებში bb
ლენას ამბავზე მეტად იმ ბიჭების ამბავი მაინტერესებს!!
avatar
0 Spam
4
გაიხარე, დიდი მადლობა! 3o 3o 3o
avatar