პირველი ფიქრი -10-
09.07.2017, 21:12
მეათე თავი

-უნდა, რომ მისი და გამაცნოს! -ტაში შემოკრა კოტეჯში შევარდნილმა ლენამ და თავის საწოლზე ტანსაცმელებიანად გადაეშვა.
თვალებში ვარსკვლავები უციმციმებდა, გული და გონება ჯერ კიდევ არ იყვნენ აგონიიდან გამოსულნი და ისევ იმ მომენტს დაფოფინებდნენ თავზე, ასე ამოუძირკველად რომ ჩაებეჭდა გონებაში ლენას.
-აბა, როგორი იყო? -წარბები აათამაშა ვანდამ და საწოლზე წამოჯდა, -თუმცა არ გინდა თქმა, თვალებზე გამჩნევ, როგორი კარგიც იყო.
-გატუტუცებულო ბავშვო! -სიცილით წამოხტა ფეხზე ლენა და ტანსაცმელების გახდა დაიწყო. -დღეს ბედნიერი ვარ... ასეთი შეგრძნება, რახანია, არ მქონია, ვანდა...
-როდის მიდიხარ მისი დის გასაცნობად?
-შენც მოდიხარ, სხვათა შორის. არ მინდა მარტო მისვლა. -ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდა და ხელები თეძოებზე შემოილაგა, -ერთადერთი ადამიანია, რომელიც მენდობა, ვანდა. მე ვხვდები ამას. შეიძლება მამასაც ვუყვარვარ, თუმცა ამის ნაკლებად მჯერა, ნონა დეიდასაც, თეკლასაც, მაგრამ ვგრძნობ, რომ მხოლოდ ის მენდობა, მას ესმის ჩემი.
-ალბათ, შენსავით რთული ცხოვრება გამოიარა, ლენა, და ბუნებრივიც არის, რომ შენი ესმის. -ზრდასრული ქალივით თქვა ვანდამ, -მე არ მინდა შენი მესმოდეს. ის, რაც შენ გამოიარე, ჩემთვის სრული გადაუტანელი კატასტროფაა.
ლენა გვერდზე ჩამოუჯდა პატარა დეიდაშვილს, რომლის გულწრფელი სიტყვები გულზე მოეფოფინა. მხარზე ხელი მოუსვა, მოეფერა, შემდეგ კი თავი დააყრდნო და თვალები მიხუჭა გაღიმებულმა.
-ყველა ადამიანს არ ჰქონია ბედნიერი ბავშვობა. შენ ბედმა გარგუნა უფლება, ატარო ვარდისფერი სათვალე და ყველაფერს ღიმილით შეეგებო, ამიტომ ნუ იფიქრებ ცუდზე. ბედნიერი იყავი იმით, რაც გაქვს, ვინც გყავს, არაფერი მოითხოვო და არც რაიმეს ან ვინმეს მისცე შენი დატოვების უფლება. რომ გაიზრდები, პრობლემები მერეც გეყოფა. ზოგჯერ არ ვიცი, ვისი ბრალია ის, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ყველა გზა მამაჩემთან მიდის. ცუდია, ადამიანს როცა ჰგონია, ფულს ყველაფრის გაკეთება შეუძლიაო. ამ დროს ის სპობს არა მხოლოდ საკუთარ ცხოვრებას, არამედ ახლობლებისასაც.
-ზოგჯერ როცა გავბრაზდები, მგონია, რომ ჩემზე საშინელი ბავშვობა არავის აქვს, არავის გამოუცდია ის პრობლემები, რაც მე, მაგრამ რომ დავმშვიდდები, ვხვდები, ჩემი პრობლემები არაფერია სხვებთან შედარებით. ზოგიერთს ისე უჭირს, ზოგს მშობლებში არ უმართლებს და ამას რომ ვუფიქრდები, უფრო მაწუხებს სინდის-ნამუსი, ჩემზე ცუდი ადამიანი არავინ მგონია. -თქვა ვანდამ მშვიდი და გაწონასწორებული ხმით.
-ოჰ, ოჰ! ნუ ბოდიალობ ახლა რაღაცებს! მოვემზადოთ და ხვალ საღამოს გამოგვივლის ნიკოლოზი და წაგვიყვანს.
* * *
დიდი პრანჭვა და მორთვა-მოკაზმვა ლენას, რა თქმა უნდა, არ დაუწყია, ისევე როგორც ვანდას. ჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ, თუმცა ლამაზად. ნიკოლოზმა, ექვსი საათი იყო დაწყებული, რომ გამოუარათ და თავისი კოტეჯისაკენ გაუძღვა გოგონებს. რა თქმა უნდა, დიდი ენაწყლიანობით არ გამოირჩეოდა და მხოლოდ და მხოლოდ ლენა ატარტარებდა ენას, ტვინს უბურღავდა მილიონობით შეკითხვით, რომლებზეც მოკლე-მოკლე პასუხებს ღებულობდა.
-უკვე მერამდენედ მეკითხები? -მობეზრებული შედგა ნიკოლოზი და გატლეკილი გოგოსაკენ ღიმილით მიბრუნდა, -მე, ჩემი და და დისშვილი ვართ აქ ჩემი დის ნათლულთან ერთად. სულ ეს არის! ჩემი და კიდევ არ იკბინება და ნუ გეშინია.
-რა თქმა უნდა, არ მეშინია! -ლენას სიამაყეს მწარედ მოხვდა ეს სიტყვები, ამიტომაც ცხვირი აიბზუა უკმაყოფილოდ და წინ გაიჭრა, -რისი უნდა მეშინოდეს?
-რა ვიცი, თუ არ გეშინია, ხომ ნერვიულობ მაინც. ენა არ გაგიჩერებია მთელი გზა.
-შენ რაღაც ჩემი ლაპარაკი ძალიან გხვდება გულზე და საერთოდ ხომ არ გავჩუმდე? -გაწბილებული მიტრიალდა ვაჟისკენ, რომელიც მის უაზრო გაბრაზებაზე და გაწიწმატებაზე მშვიდად იღიმოდა.
-ჰო, ჰო, იცინე! შენ რაღას იკრიჭები! -ახლა ვანდას მიახტა, როცა ნიკოლოზს მიზეზი ვეღარ გამოუძებნა საჩხუბრად.
გოგონამ სერიოზული სახე დაიბრუნა, იცოდა დეიდაშვილის სიფიცხის ამბავი მითუმეტეს მაშინ, როდესაც ნერვიულობდა და ემოციების მოთოკვა ამჯობინა ყველაფერს.
-ასე ჭედავს, როცა ნერვიულობს. -ჩურჩულით უთხრა ნიკოლოზს, გვერდით რომ მიყვებოდა და წინ გაბედული ნაბიჯებით მიმავალ ლენას რომ ღიმილით მისჩერებოდა.
-მალე გადაეჩვევა. -საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ლორთქიფანიძემ თვალი ჩაუკრა გოგონას.
ვანდა ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, ალბათ იმიტომ, რომ ნიკოლოზს არ იცნობდა და ვერც მის შესაძლებლობებს აფასებდა შესაბამისად.
მალე მიადგნენ ისეთივე კოტეჯს, როგორშიც გოგონები ცხოვრობდნენ, თუმცა ის ზომებში ცოტა დიდი იყო და უფრო მეტ ადამიანსაც დაიტევდა. ხის აივანზე ერთი ბიჭი გადმოყუდებულიყო, ალბათ, ჩვიდმეტი წლისა იქნებოდა და მომავალთ დიდი ყურადღებით უჭვრეტდა.
-ეს რატია, ჩემი დის ნათლული. დასჯილი გვყავს. ოღონდ არ უთხრა ეს რომ გითხარი. -დაძაბული ვანდას გამხიარულებას ცდილობდა ნიკოლოზი გაღიმებული საუბრებითა და თვალის ჩაკვრით.
გოგონამ მხოლოდ გაუღიმა და ფარულად, მორცხვად თავადაც შეათვალიერა რატი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში თურმე მას მიშტერებოდა.
კარი გაიღო და იქედან პატარა კიკინებიანი გოგონა გამოვარდა თბილ ტანსაცმელში გამოწყობილი. კიბეებზე ამავალ ნიკოლოზს ძიას ძახილით კისერზე შემოეხვია. ლორთქიფანიძემაც ბუმბულივით აიტაცა ხელში პაწაწინა გოგონა და ლენასკენ მიტრიალდა ღიმილით.
თვალებით ანიშნა, რომ სახლში შეჰყოლოდნენ. მალევე ოთახში კარისკენ სწრაფად მომავალი შავგრემანი გოგო გამოჩნდა. იქნებოდა დაახლოებით 23 წლისა, თხელი, შავი თმა უკან დაუდევრად აეკრა, თბილ ტანსაცმელში გამოწყობილიყო და ღიმილით მოიწევდა ლენასა და ვანდასკენ.
-გამარჯობა, -გადაკოცნა ჯერ ლოლაძე, შემდეგ მისი დეიდაშვილი, -ტასო ისეთი მოუსვენარია, ადგილზე ვერ ვაკავებ, არადა, ძალიან რთულია, სამი წლის ბავშვს შეაგნებინნო, რომ მისთვის სირბილი არ შეიძლება. მისთვის ქუდის გამოსატანად შევბრუნდი და თქვენც მოსულხართ. მე ქეთი ვარ.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა, ქეთი. მე ლენა ვარ, ეს ჩემი დეიდაშვილია, ვანდა. -გულწრფელად გაუღიმა ლოლაძემ და იქვე დივანზე ჩამოჯდა, როცა მიიპატიჟეს.
ვანდას ეტყობოდა, რომ უხერხულად იყო და ლენას გვერდიდან არ ცილდებოდა. გოგონაც, დეიდაშვილს მარტოობა რომ არ ეგრძნო, ხელს არ უშვებდა.
-ნიკოლოზმა თქვენზე ძალიან ბევრი რამე მომიყვა, -იქვე ჩამოჯდა ქეთი და ტასო კალთაში ჩაისვა, -გაოცებული ვარ! სერიოზული ინტერესი ქალისადმი, კარგა ხანია, არ ჰქონია. სულ ჩვენზე იყო გამორთული და სიმართლე გითხრა, ძალიანაც ვდარდობდი, პირადი ცხოვრება წავართვი-მეთქი.
-ქეთი! -მკაცრად გამოსძახა ნიკოლოზმა, ბუხართან რომ ჩაცუცქულიყო და ცეცხლს უკეთებდა.
-არ უყვარს ამაზე საუბარი... -თქვა ჩურჩულით, -მოკლედ, ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა.
-მეც ძალიან... -გულწრფელად გაუღიმა ლენამ. -ძალიან ბედნიერი ვარ.
-მჯერა, მჯერა. თვალებში გეტყობათ შენც და ნიკოლოზსაც.
ამ დროს კარი რატიმ შემოაღო და ნებსით თუ უნებლიედ ყველას ყურადღება მიიქცია. ლენამ რაღაცნაირად თავისას მიამსგავსა ამ ბიჭის გამოხედვა, ურჩი და ჯიუტი. თმა დაბალზე ჰქონდა შეჭრილი, გამოკვეთილი ყვრიმალები და ყბა ჰქონდა, ოდნავ მოზრდილი წვერი და ღია ფერის მწვანე თვალები.
ვანდამ ყველაზე ადრე მოაცილა მზერა და ტელეფონში ჩაძვრა.
-ეს რატია, ჩემი ნათლული, ეს კი ნიკოლოზის შეყვარებულია ლენა და მისი დეიდაშვილი - ვანდა.
რატიმ ხელი ჩამოართვა ორივეს და ნიკოლოზთან მივიდა. მათ რაღაცაზე დაიწყეს საუბარი, თუმცა ხმადაბლა ღუღუნებდნენ და სიტყვების გარჩევა არ იყო შესაძლებელი.
-ტასოზე რას ამბობენ ექიმები? -მორიდებით იკითხა ლენამ, ინტერესს და გულისტკივილს ვერაფერს უხერხებდა ამ ბავშვისადმი რომ გააჩნდა.
-ახლა უკეთ არის, -ხმა უფრო დაუტკბა ქეთის და შვილს ქერა ნაწნავებზე მოეფერა.. -თუმცა მუდმივი მკურნალობაა საჭირო. ძალიან გვანერვიულა.
-ალბათ, მამას ჰგავს ასეთი ქერა.
-ჰო, ნამდვილად ტატოს ჰგავს. მისნაირი თმა და თვალები აქვს. -სახეზე შეხედა შვილს ამაში დასარწმუნებლად, შემდეგ ცხვირზე აკოცა.
-აბა, სუფრას შემოვუსხდეთ! ტორტი გავაკეთე დღეს დილით, ნიკოლოზმა რომ მითხრა თქვენზე.
* * *
-ძალიან კარგი და გყავს, -უთხრა აივანზე გასულმა ლენამ ნიკოლოზს, პირველად რომ დაინახა სიგარეტის მოწევის დროს, -ძლიერი ქალია.
მოაჯირს ზურგით მიეყუდა და ხელები გადაიჯვარედინა. ნიკოლოზის პროფილს აკვირდებოდა ღიმილით და გულში არ აღიარებდა, რომ საოცრად უხდებოდა, როცა ეწეოდა. მთვარის შუქი სცემდა შუბლზე და თვალებს ვერცხლისფერს უჩენდა ლორთქიფანიძეს.
-გამიხარდა... -საუბარი გააგრძელა ლენამ და სიგარეტნარევი ჰაერი ჩაისუნთქა, -პირველად ვიყავი ამდენი კარგი ადამიანის გარემოცვაში... მშვიდად და თავისუფლად.
ნიკოლოზი გასწორდა. საფერფლეში ჩაასრისა დარჩენილი ფილტრი და ლენასკენ ღიმილით მიბრუნდა.
-ამ გარემოცვაში, და უკეთესშიც, მოგიწევს ცხოვრება დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში, ამიტომ გირჩევ შეეგუო. -თვალი ჩაუკრა და მის წინ დადგა.
-ოჰოოო, -გაეღიმა ლენას და კისერზე შემოხვია ხელები, -თამამი განცხადებაა ნამდვილად. თუმცა ჩემგან თანხმობა არ მიგიღია ჯერ-ჯერობით. რატომ გგონია, რომ ცხოვრების ბოლომდე გამიძლებ?
-რადგან ვამბობ, ე.ი დარწმუნებულიც ვარ ამაში! -თვალი ჩაუკრა ბიჭმა და წელზე ხელები მოჰხვია.
იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, რომ მუცლებით ეხებოდნენ. ლენა უკვე ვეღარ ითვლიდა, რამდენჯერ დაუარა ხერხემალში ცივმა ჟრუანტელმა. ალბათ, ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც ნიკოლოზმა ჩაისუნთქა და ამოისუნთქა, რამდენჯერაც შეერხა წამწამები და გაეწელა ტუჩის მარცხენა კუთხე.
-ვერაფრით წარმოვიდგენდი, ბახმაროში თუ ჩამოხვიდოდი. -თავი უკან გადააგდო ნიკოლოზმა და ხმით ჩაეცინა. ხორხი ვერცხლისფრად აუელვარდა მთვარის შუქზე, ყელზე რომ გამობურცვოდა.
ვერ მოითმინა ლენამ და მისკენ გაექცა ხელი. თითებით მიეფერა და შემდეგ გახურებულ კისერზე გააცურა ისევ, სადაც მფეთქავი არტერია არღვევდა კანის რუდუნებას და გაძლიერებული სისწრაფით იბურცებოდა.
მთვარის მქრქალ განათებაზეც შენიშნა, როგორ დაუარა ტაომ სხეულში ბიჭს და კმაყოფილებით მოიკვნიტა ტუჩი.
-შენ ჩემს შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებ, -დაბალი, ალერსიანი ხმით უთხრა და იმავე ადგილზე მოწყვეტით შეეხო ტუჩებით.
-მთელი ცხოვრება მაქვს წინ, ამ ქმედებებისთვის რომ გაზღვევინო. -დაემუქრა ნიკოლოზი ხელიდან გამსხტალ გოგონას, სიცილით რომ შეაღო კარები.
-თანხმობა ჯერ არ მითქვამს-მეთქი! -გამოაჯავრა ლენამ და კარი მიიხურა.
* * *
შუბლი გაყინულ მინაზე აქვს მიდებული, თვალები დაუხუჭავს და ოდნავ ჩამოწეული ფანჯრიდან აღწევს გამყინავი სუსხი, რომელიც კიდევ უფრო საშინელ გრძნობას უტოვებს სულში.
ამდენ დანაკარგს, ჰგონია, რომ ვეღარ გაუძლებს. ადამიანებს გულის ტკენის და იმედგაცრუების მეტი არაფერი მოუტანიათ მისთვის, ყველა უმსხვრევდა მისთვის მიძღვნილ გულის ნაწილს და ნელ-ნელა ისე უქციეს ნაფლეთებად, ვერც კი მიხვდნენ, რომ გულის გარეშე ლენა სიცოცხლეს ვეღარ შეძლებდა.
მერე რა, თუ ათასი სიმწარე შეამთხვია მამამ? ის მამამისია, მისი სისხლი და ხორცი და... როგორ არ უნდა განიცადოს, რომ ერთადერთ, დარჩენილ ოჯახის წევრსაც კარგავს? ისიც ხელიდან როგორ გამოაცალა ღმერთმა?
ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან და სწრაფად მოიწმინდა ხელის გულით.
თბილისიდან დაურეკა ნონამ და ტირილით შეატყობინა, რომ მამამისი ცუდად იყო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინვე აიკრა გუდა-ნაბადი და ნიკოლოზს სთხოვა, თბილისში ჩაეყვანა.
-ლენა, ასე ძალიან ნუ ნერვიულობ, -მცირეხნიანი დუმილის შემდეგ შენიშნა ნიკოლოზმა.
-როგორ არ ვინერვიულო? -მინავლებული ხმით ჰკითხა გოგონამ, -რაღაცას მიმალავდა. ალბათ, სწორედ ამიტომ იყო მოსული ჩემთან... რაღაც სჭირდა და ვერ მითხრა. არ მინდა, ისე მოკვდეს, რომ ეგონოს, ვერ ვიტან... არ მინდა.
-ლენა, ნუ სულელობ ახლა და ნუ ჩადევი ის კაცი მიწაში, -მხარი აუბა ვანდამ ნიკოლოზს, -ნონას დაველაპარაკე და გადარჩებაო!
-ეგ ჩემს დასამშვიდებლად გითხრა... -ამოიზლუქუნა ლენამ და თავი მოაცილა მინას. -არ მინდა მისი დაკარგვაც. მირჩევნია, ცოცხალი იყოს და ვიღაც ბებრებს მირიგებდეს, ვიდრე ცივი მიწა ეყაროს გულზე...
-ნუ გლოვობ ცოცხალ ადამიანს! -მკაცრად გადახედა ნიკოლოზმა და სიჩქარეს მოუმატა.

საავადმყოფოში პირველი შევარდა, მიმღებში ისხდნენ ნონა და ზაალის ერთი ახლო მეგობარი - გიორგი შერვაშიძე.
ნონამ ფერმიხდილი და თვალებდასიებული შვილობილი რომ დაინახა, მისკენ გაექნა ჩასახუტებლად. ლენა იმდენად იყო ძალაგამოლეული, რომ მუხლებს ძლივს იმაგრებდა, იატაკზე არ გართმულიყო.
მგზავრობის შემდეგ ერთი ცრემლი არ გადმოვარდნია თვალიდან. მაგრად ჩაფრენოდა ნონას ტანსაცმელს მუშტებით და ცდილობდა ტკივილი ამოექოლა.
-რა მოუვიდა? -ჰკითხა, როცა გონს მოვიდა ლენა.
-მანქანა დაეჯახა ზებრაზე გადასვლისას. მრავალჯერადი მოტეხილობა აქვს და უკვე მეხუთე საათია, რაც ოპერაციას უკეთებენ. -თქვა ნონამ და სავარძლისკენ წაიყვანა ლოლაძე.
-რას ამბობენ ექიმები, როგორ იქნებაო? -ქვემოდან ახედა დედობილს, ცრემლებისგან აკამკამებულ თვალებში ეტყობოდა, რომ მამის სიკვდილსაც ვეღარ გაუძლებდა.
-ჯერ ვერაფერს ამბობენ.
ლენამ ნიკოლოზს შეხედა, კედელს რომ მიყრდნობოდა და სახიდან თვალს არ აცილებდა. იდგა ერთ ადგილას, მშვიდად სუნთქავდა ხელებგადაჯვარედინებული და იმის გააზრებისას, რომ ეს ადამიანი მუდამ მის გვერდით იქნებოდა, რაც არ უნდა მომხდარიყო, საოცარი შვება უფრთხიალებდა ტკივილისაგან დამძიმებულ გულში.
ძლივს-ძლივობით წამოდგა ფეხზე ლოლაძე, მიუახლოვდა ნიკოლოზს, რომელსაც მისი ყურება არ ეზარებოდა.
-უკან დაბრუნდი....
-გეხვეწები, არ დაიწყო, -თვალები მიენავლა მობეზრებულ ნიკოლოზს, სიტყვა შეაწყვეტინა გოგონას და ისეთი თვალებით შეხედა, აშკარად აგრძნობინა საუბრის გაგრძელება რომ აღარ შეიძლებოდა.
-როგორ თუ არ დავიწყო, აქ ნონა არის ჩემთან, ბავშვს რომ შეტევა მოუვიდეს, მერე იქ ვინ უშველით? წადი, წადი. შენს დას სჭირდები. შეგატყობინებ, თუ რამე სერიოზული იქნება. -ახალმოზრდილი წვერით დაფარულ ლოყაზე შეახო გაყინული ტუჩები და თვალებმილულულს კიდევ ერთხელ დაეუფლა ნდობის და თავისუფლების შეგრძნება, -არ არის საჭირო შენი აქ ყოფნა, მართლა. თავს უფრო ცუდად ვიგრძნობ, როცა ვიფიქრებ, რომ ჩემ გამო შენს დასთან არ ხარ.
-რა ჯიუტი ხარ, ლენა... -დანებდა ნიკოლოზი და წელზე ხელები მოხვია, გულზე მიიხუტა.
მოკეცილი ჰქონდა ხელები ლენას, ლორთქიფანიძის გულზე დაეწყო და მშვიდად სუნთქავდა. პულსაცია უსტაბილურდებოდა. გარესამყაროსგან გამოთიშულს სულ არ ეგონა, რამე საშინელება თუ ტრიალებდა ირგვლივ, დაუძლეველ ბარიერად აღმართულიყო საშინელებათა წინააღმდეგ ნიკოლოზის მკლავები.
ხვდებოდა, სანამ ეს ადამიანი იყო მის გვერდით, ცხოვრებას აზრი ჰქონდა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: lenkaloladze123
ნანახია: 1203 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
1 Spam
1
საინტერესო თავი იყო.
ზაალს ცოდვებმა უწია :D
ნიკოლოზი სხვა განზომილებაა,ადამიანი რომელიც ლენას სჭირდება ზუსტად ეგეთი უნდა იყოს
avatar
0 Spam
2
ჰოოო, დაუსჯელი არავინ რჩება :D bb
დიდი მადლობა 3o 3o 3o
avatar