პირველი ფიქრი -11-
10.07.2017, 22:08
მეთერთმეტე თავი

ხანგრძლივი ოპერაცია რომ დასრულდა, ერთი, ყველაზე რთული ეტაპიდან, მეორე, შედარებით მარტივ ეტაპზე გადავიდნენ. ლენამ თითქოს ფილტვებიდან მოიცილა ის წინაღობა, აქამდე ნორმალურად სუნთქვაში რომ უშლიდა ხელს.
ექიმმა დაღლილი სახით გაკვეთა ახლობლების სევდისაგან დამძიმებული დერეფანი. ნაბიჯებს გულის ფეთქვას აყოლებდა ლენა და ყველაზე ცუდს ფიქრობდა იმ წამს, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მსგავს მომენტებში.
-ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ. მოტეხილობებმა შინაგანი ორგანოების მცირედი დაზიანებები გამოიწვიეს. აღენიშნება მარცხენა ორი ნეკნის, ბარძაყის და წვივის ძვლის მოტეხილობა. ჯერ-ჯერობით პაციენტი ნარკოზიდან არ გამოსულა, მდგომარეობა სტაბილურია და ცვლილებებს მომავალი ოცდაოთხი საათის განმავლობაში შეგატყობინებთ.
ღრმად ამოისუნთქეს...
ლენას ადარდებდა მამამისის სიმარტოვე. ფულსგადაყოლილ ზაალს, კეთილდღეობას მუდამ ეკონომიკურ სიძლიერეში რომ ხედავდა, ირგვლივ აღარავინ დარჩენოდა. მხოლოდ სამი ადამიანი იჯდა მოსაცდელში: გულნატკენი შვილი, ბავშვობის მეგობარი გიორგი და გარდაცვლილი ცოლის მეგობარი ნონა. მამის მარტოობა სტანჯავდა ლენას, მისი სისხლი და ხორცი იყო ის, უნდოდა, ბევრს ედარდა მისი გასაჭირი, მაგრამ ფულსა და პატივმოყვარეობას ყველა ჩამოეშორებინა მისი გზიდან.
ასეა, ფულს მხოლოდ დროებითი პატივისცემა მოაქვს... და თუ გინდა მუდამ პატივს გცემდნენ დიდების გამო, მაშინ ადამიანებს ხელფასი უნდა დაუნიშნო. ერთჯერადი ყველაფერი მალე ქრება.
* * *
-თქვენ როდის ჩამოხვალთ? -დაღლილ-დაქანცული ლენა დივანზე მიწოლილიყო და ჩამქრალ ოთახში, სიბნელისაგან გაშავებულ კედლებს მისჩერებოდა თვალმოუწყვეტლივ.
-ერთ კვირაში, -ნიკოლოზის დაბალ, ხავერდოვან ხმაში იკვეთებოდა ის აბორგინებული მონატრება დღითიდღე რომ იზრდებოდა და აუტანელ სახეს იძენდა.
-აქ გაძლება შეუძლებელია. -ამოისრუტუნა მოწყენილმა ლოლაძემ, თითქოს ენას ვერ იდგამდა, რომ ეთქვა მომენატრეო. -მეორე დღეა, რაც სახლში ვართ. საშინელი ტკივილები აწუხებს მამას. მე და ნონა თავს დავფოფინებთ. ხანდახან, აუტანელი ფიქრები რომ შემიპყრობს, მგონია, რომ ამ ყველაფერს იმსახურებს. ის, რაც თავს დამატეხა, ის კოშმარი გონებიდან არ ამომდის. პატიება არ შემიძლია. ცუდი ადამიანი ვარ?
-ნუ სულელობ, -გულწრფელმა აღიარებამ ღიმილი მოჰგვარა ნიკოლოზს, გული შეუტოკდა და ყელში ტკივილის ბურთი აუგორდა, იმდენად მოუნდა ახლა მისი სუსტი სხეული ახლოს ჰყოლოდა, ჩაეხუტებინა, მის ხშირ თმაში ცხვირი ჩაერგო და მხოლოდ მისი, თბილი სურნელი ესუნთქა. -არ ხარ ცუდი ადამიანი, ლენა. უბრალოდ გული გატკინეს და როცა სარკეში იყურები მოყენებული ჭრილობების გამო თავი მახინჯი გგონია. კარგად მესმის შენი... საოცრად მენატრები... -ხმა ჩაუწყდა ნიკოლოზს.
-ნუ მეუბნები მაგას, -ემბრიონივით მოიკუნტა ლოლაძე, ქუთუთოები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და ქვედა ტუჩზე იკბინა, თითქოს ეგონა, მთელ სხეულში გაბატონებული მონატრება დაპატარავდებოდა, თუ ორგანიზმი შეეკუმშებოდა. -უშენოდ ცხოვრების მეშინია.
ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან, თითოეული უჯრედიდან რომ გამოეწურა სიშორეს, სურვილს, ტანჯვას. ტუჩები გაუხურდა და აუთრთოლდა, მალე იგრძნო რომ მთელი სხეულით კანკალებდა.
-უჩემოდ ცხოვრება იმდენად წარმოუდგენელი უნდა იყოს შენთვის, ლენა, რომ სასაცილოდაც არ უნდა გყოფნიდეს მაგაზე ფიქრი, -გულზე მალამოედ მოელამუნა ქალის სიტყვები ნიკოლოზს. ხმა გაუზანტდა და სიროფივით დაუტკბა. -მე არასოდეს ვიფიქრებ იმაზე, რასაც ახდენა არ უწერია. დროს ტყუილად შენც ნუ დაკარგავ. შენი შიში უსაფუძვლოა, სრულიად.
-პირველად, რაც ვიფიქრე, როცა გავიაზრე შენ რომ მყავდი, იყო ის, რომ შენთან ერთად თუ ვიქნებოდი, ჩემს ცხოვრებას აზრი ექნებოდა. არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, რა მოხდება ხვალ, ზეგ, ერთი თუ ათი წლის შემდეგ. მე დღეს ვარ ბედნიერი. დღეს მახარებ.
-დამიჯერე, საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები, რომ, რასაც პირველად გაიფიქრებ, ის ასპროცენტიანი სიმართლეა. დანარჩენი, ყველაფერი გარემოებებით განპირობებული ტყუილია. საღი აზრი მხოლოდ ცივი გონების ნიადაგზე იბადება, როდესაც გონება გათბობას იწყებს, ნელ-ნელა იმატებს სუბიექტურობაც...
-ვაიმეეე, ჩემი ბრძენი ბიჭი! -გაეცინა ლენას, როცა პირველი ფიქრი გაახსენდა, რაც აზრად მოუვიდა ლოგინში მწოლიარეს, ჰერკულესი რომ დაჰყურებდა თავზე თავის სამ მუშკეტერთან ერთად. -გეთანხმები მაგაში.... პირველად რომ გნახე, კლდეზე რომ დავგოდი და იმ ლოგინში გავიღვიძე, წამით გავიფიქრე, რომ მამაჩემის მოგზავნილები იქნებოდით... მაგრამ მერე...
-მერე მოლბი, აბსურდად მიიჩნიე. -გაეცინა ბიჭსაც და ლენა ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ თავი უკან გადახარა, კისერი უფრო დაეძარღვა და ხორხი გამოებურცა.
-ძალიან მომენატრე და ერთი სული მაქვს, როდის გნახავ.
-როგორმე გაუძელი, მეც ვეცდები გაძლებას. ტასო უმჯობესდება და ეს ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, ლენა.
-ვიცი, მესმის, ჩამოსვლა არც მითხოვია, -ამოიბუზღუნა ნაწყენმა. ნამდვილად არ უნდოდა ნიკოლოზს მისი სიტყვების გამო რომ ეფიქრა, მისი ჩამოსვლა და დისგან მოცილება უნდოდა თითქოს.
-დაგირეკავ მერე...
* * *
ნონას უთხრა, რომ იმ სახლში გაჩერება და მთელი დღე მამის ყურება არ შეეძლო. ყოველი კედელი რაღაცას ახსენებდა, რაც გულს საშინლად სტკენდა და არ სურდა ძლივს მივიწყებული მწარე მოგონებები ისევ აებორგინებინა.
თავის პატარა ბინას დაუბრუნდა. აქ უკვე სულ სხვა შეგრძნება ეუფლებოდა, აქ უკვე ნიკოლოზს უკავშირებდა ყველაფერს. იმ თაღზე, მისაღებს და შემოსასვლელს რომ ერთმანეთისგან ყოფდა, რამდენჯერ ყოფილა მხრით მიყრდნობილი, გვერდზე თავგადახრილი და ეშმაკურად მომღიმარი.
ყოველი ნივთი, კუთხე-კუნჭული მის თავს ახსენებდა.
დივანზე მშვიდად ჩამომჯდარი სასიამოვნო მოგონებებისგან კარზე ზარის ხმამ გაათავისუფლა. ფრუტუნით წამოდგა ფეხზე და ტანტალით მიირბინა კართან.
ყველაფერს წარმოიდგენდა, ოღონდ იმას არა, რომ იქ, ზღურბლს მიღმა მისი ერთადერთი, მონატრებული და ხუთი წლის უნახავი საუკეთესო მეგობარი იდგებოდა.
ქერათმიანი გოგო გაკრეჭილი, ერთ ადგილზე მიყინული იდგა და მონატრებისგან შებოჭვილი იმასაც ვერ ახერხებდა, რომ ერთი ნაბიჯი გადაედგა და მეგობარს ჩახუტებოდა.
-თეკლა? შენ ხარ? ღმერთო, არ მელანდები? -ტუჩებზე ხელები აიფარა გაოგნებულმა ლენამ, ნამდვილი შოკი მიიღო.
-ლენაჩკა, როგორ მომენატრე, ჩემო გაჩეჩილო. -როგორც იქნა ხელები შემოჰხვია ლოლაძეს და ცრემლდადენილმა თავი მის კისერში ჩარგო, -რამხელა გაზრდილხარ, რა გამხდარი ხარ, რას გავხარ?
-ღმერთო, ჯერ არ მოსულხარ და უკვე საყვედურები დაგცდა, -ორივე ლოყაზე აკოცა თეკლას ლენამ, -როგორ დაეხსენი საბერძნეთს? მოგიხდა იქაური ჰაერი, რა ლამაზი ხარ... ჩემი მისამართი საიდან გაიგე?
-შენთან ვიყავი მოსული და ნონაჩკამ მითხრა, თავის ბინაში ცხოვრობს და დამოუკიდებლად ცოცხლობსო, -დივანზე ჩამოჯდა და იქაურობა კმაყოფილი სახით მოათვალიერა, -ბოლო დროს ისეთი დატვირთული ვიყავი, სკაიპითაც ვერ გელაპარაკებოდი.. არც შენ ჩანდი ჰორიზონტზე.. რა ხდება შენკენ ახალი?
-ვაიმე, იმდენი რამე მოხდა კარგიც და ცუდიც... მაგრამ ჯერ შენი ამბები მითხარი, შენი ბერძენი ბიჭი სად არის? -მეგობარს რომანი მოაგონა ლენამ.
-მაინც ქართველი კაცი მირჩევნია, რა... -უკმაყოფილოდ ჩაიბუზღუნა თეკლამ, -იმათთან ხუთი წელი ვიცხოვრე და მაინც ვერაფერი გავუგე. დავშორდით პანიკის გარეშე. შენ რას შვრები? გამოჩნდა ვინმე?
-ვინმე? ვინმე კი არა ისეთი ადამიანი მესროლა ღმერთმა, ალბათ ოცნებაც რომ არ ღირს, -ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ხერხემალში ლენას ნიკოლოზის მოგონებისას. -მამაჩემთან ვინც დამაბრუნა, ის კაცია... რომ გეუბნებოდი, ნიკოლოზი-მეთქი, აი, ეგ.
-არ არსებობს! -გაოგნებისგან ფეხზე წამოხტა თეკლა.
* * *
ნიკოლოზისგან დილით მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ ჩამოვიდოდა და მისწერდა, როცა მის ნახვას მოახერხებდა. ყველა საქმე გადადო, სამსახურის საძებნელადაც არ გასულა ის დღე, სულ ტელეფონს დაჰყურებდა. მუცელი სტკიოდა უკვე იმდენად უნდოდა ენახა და მონატრებულ სხეულზე სუროსავით შემოხვეოდა.
მისი ცხელი სურნელის გახსენებას, მის სქელ კულულულებს, სარკისებურ თვალებს, მშვიდ და ზანტ მიმოხრას ჭჯუიდან გადაჰყავდა. ოთახიდან ოთახში მოუსვენრად დადიოდა, საჭმელიც კი არ უჭამია მთელი იმ ხნის განმავლობაში.
„ტკბილი ძილი“.
-ეს ნორმალურია? -აღმოხდა აღტკინებულს, როცა ღამის თერთმეტ საათზე ორად-ორი სიტყვა მიიღო შეტყობინებად. -ანუ არ აპირებს შეხვედრას? რა საქმე გამოუჩნდა ასეთი? სამი კვირაა, არ მინახავს!
ცოტა არ იყოს, გაბრაზდა. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უსურვა ტკბილი ძილი და დილით დაიმედებულს საღამო შეხვედრა გაუუქმა. მაგრად დააჭირა ყბები ერთმანეთს და ლამის თვალებიდან ნაპერწკლები გადმოყარა გაბრაზებისგან.
მის ნომერზე გადარეკა და გონებაში ყველა ის სიტყვა მოამზადა, რასაც გასალანძღად გადმოაფრქვევდა, თუმცა მერე იფიქრა, რამე ცუდი ხომ არ ხდებაო და ამჯერად თავის თავზე მიიტანა იერიში.
-ხომ კარგად ხართ? ტასოს ხომ არ სჭირს რამე? -ჰკითხა მაშინვე, როგორც კი ყურმილი აიღო ნიკოლოზმა.
-ტასო მაგრადაა, ხვრინავს. -მხიარულად უპასუხა ლორთქიფანიძემ. აშკარად ძალზე გაემხიარულებინა ზედმეტი დოზით მიღებულ სასმელს.
-აჰა, ანუ ძმაკაცებთან ერთად მოილხინე? -ვერ მიმხვდარიყო ლენა, უნდა წყენოდა თუ არა ეს ფაქტი. მოვლენებში ბოლომდე არ იყო გარკვეული და იმ ქალთა რიგში ნამდვილად არ იდგა, უაზრო ეჭვიანობის და ეგოისტობის სცენებს რომ აწყობდნენ. თუ თავად იქნებოდა მართალი და ნიკოლოზი მტყუანი, მერე ნამდვილად გამოუყვანდა წირვას ვაჟბატონის მოლხენას და დაანახვებდა, როგორ უნდა მონატრებული ადამიანის გადაგდება.
-კი, მაგრად. -ნაწყვეტ-ნაწყვეტ უპასუხა ნიკოლოზმა, -მაგრად მომენატრე.
-რომ გამოფხიზლდები მერე დაგელაპარაკები. -მკაცრად გასცა პასუხი.
-გკოცნი. -ყურში მოხვდა ნიკოლოზის სიტყვები, სანამ ყურმილს გაუთიშავდა და გაბრაზების ნაცვლად გაეღიმა.
* * *
ძლივს გადაიფარა ძილის საბურველი დაღლილ-დაქანცულმა, რომ კარზე ზარის ხმამ მაშინვე შემოაცალა გონებიდან და გამოაფხილა.
ბურტყუნით წამოდგა ფეხზე იმაში დარწმუნებული, რომ ყველაფერი თეკლას მიერ მოწყობილი მორიგი ოინი იქნებოდა. თუმცა კარი რომ გააღო და ძგიდეზე ჩამოკონწიალებული ნიკოლოზი დაინახა აწკმუტუნებული ლეკვით ხელში, გაკვირვება ვერ დამალა და გაურკვეველი ბგერები ამოუშვა პირიდან.
-გიყვარს ლეკვები? -თვალებს ძლივს ახელდა, ისეთ დღეში იყო ლორთქიფანიძე. უფრო დაღლილი იყო, ვიდრე მთვრალი, ძლივს იჭერდა საცოდავ ლეკვს ხელში.
სწრაფად გამოართვა აწკმუტუნებული, საყვარელი არსება და იატაკზე დასვა, თვითონ კი ხელი მიაშველა ნიკოლოზს, იატაკს რომ არ ჩახუტებოდა სახარბიელო მოძრაობებით.
-ამ შუაღამეს აქ რამ მოგიყვანა? ან ლეკვი სად იშოვე? -გაკვირვებით ბუტბუტებდა ლენა. წელზე ცალი ხელი მოხვია ნიკოლოზს, მისი მარჯვენა ხელი კისერზე გადაიკიდა და მეორით იმას ჩაეჭიდა.
თავი მისკენ მიატრიალა ლორთქიფანიძემ და მოწყვეტით აკოცა ლოყაზე. იქვე დივანზე დასვა ბიჭი და წასვლა დააპირა, ჩაჭიდებული ხელი რომ არ გაუშვა ნიკოლოზმა, მისკენ მოქაჩა და კალთაში ჩაისვა.
ორივე ხელი წელზე მოხვია და მოღეღილ კისერში ჩაუყო ცხვირი. ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ხერხემალში ლენას, ცხელი სითხე ჩაეღვარა მუცელში და მთლი კანი დახორკლა. პულსი, ჩვეულებისამებრ, წყობიდან გამოვიდა და ყურებში მთელი თავისი სიმძლავრით აუგუგუნდა.
-მივხვდი, ცოტა გაგაბრაზე და სახლში ვერ გავჩერდი, -ლაპარაკის დროს ნებსით თუ უნებლიედ ეხებოდა გოგონას ყელს, რაც კიდევ უფრო აღელვებდა ლენას.
ამდენი ხნის მონატრება ერთად აუგორდა მუცელში და იმდენად სასიამოვნო შეგრძნებებს უტოვებდა, ვეღარ უძლებდა. თითქოს წამწამებზე მძიმე ლოდები ჩამოუკიდეს, ისე ექაჩებოდა ქვემოთ ვნებისგან ანთებული სხეული.
-ლეკვიც ახლა გიყიდე, ძალით გავაღებინე ზოომაღაზია ნაცნობ გამყიდველს.
-არანორმალური ხარ. ხვალ ვერ მიყიდიდი?
-ხვალ არ ექნებოდა იმდენი ხიბლი. -ამჯერად შეგნებულად მიაწება გავარვარებული ტუჩები აცახცახბულ კანზე.
...........
ვუახლოვდებით დასასრულსსს, რას ფიქრობთ, რა მოხდება? ^^^ გამიზიარეთ პროგნოზები
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: lenkaloladze123
ნანახია: 1246 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
ვაიმე <3
რა ტკბილები არიან :)
მე ვფიქრობ,ზაალი დააშორებს ამათ,რომ გაიგებს რაც ხდება...
avatar