პირველი ფიქრი -2-
30.06.2017, 23:00
მეორე თავი
- მისმინე, მოწმეები არ გვჭირდება. -გამაფრთხილებელი ტონით ესაუბრებოდა, როგორც ლენამ შენიშნა, მთავარი პერსონა ამ დაჯგუფების. - გადავალთ საზღვარზე და მორჩა. ტვინი გამოგერეცხება, გასაგებია? წინააღმდეგ შემთხვევაში, იცოდე, შენი პოვნა და წამება არ გაგვიჭირდება.
დამფრთხალი სახით შეხედა ლენამ იმ კაცს, მეკობრის სახით რომ მისჩერებოდა, ცბიერი, შავი თვალებით. სცადა ქათმის გამძლეობა არ გამოეჩინა და უფრო მედიდური გამოჩენილიყო მის თვალში.
- გასაგებია და ამდენი მუქარა საჭირო არ არის. მაინც არ შემეშინდება იმაზე მეტად, პირველად როცა დაგინახეთ. -ირონიას ამოეფარა, შიში რომ დაემალა, თუმცა მეთაური ისეთი სახით უყურებდა, აშკარა იყო, არ სჯეროდა მისი სიძლიერის.
არადა, რამდენი რამ გამოიარა ლენამ, რამდენ გაჭირვებას გაუძლო საკუთარი თავისუფლების შესანარჩუნებლად და ახლა ამ თვითმარქვია, საზიზღარ წურბელებს არაფრით არ დართავდა ნებას, ყველაფერი წყალში ჩაეყარათ.
ცხოვრება ისედაც დაძმარებული ღვინოსავით ამოუვიდა ცხვირამდე, ისედაც მწარედ აგემა თავისი სიმწარე და ის, რომ ადამიანი მარტოა დაბადებიდან უკუნისამდე. ვერაფერს ნახავდა იმაზე უარესს, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნახა. ბედმა მოსისხლე მტერივით დასცინა და ახლა, ამ უღრან ტყეში ეს გაქუცული ტერორისტები შეძლებდნენ მის შეზღუდვას ან დაშინებას?
- გინდა თქვა, რომ მახინჯები ვართ? -ერთს, რომელსაც აშკარად საკუთარი ფიზიკურობა უფრო ადარდებდა ვიდრე დედამიწაზე არსებული მეტად მნიშვნელოვანი ზოგადსაკაცობრიო თემები, ზედმეტად მწარედ მოხვდა გულზე ლენას სიტყვები.
ამაზე არავის არაფერი უთქვამს. ის შავთვალება მანამ უყურებდა გოგოს თვალებში, სანამ გამჭვირვალედ არ აგრძნობინა თავი და გვერდზე არ გაახედინა.
იმ ოთახში ისხდნენ - ლენა საწოლზე, ორი მათგანი სკამზე და ორიც ფეხზე იდგა.
ყველას მზერა საწოლზე მჯდომი, მხრებჩამოყრილი გოგოსაკენ იყო მიმართული, გრძელი, ხშირი და ხუჭუჭი თმა რომ აბურძგნოდა და მხრებზე ჩამოჰყროდა.
- როდის გავდივართ? -ამოთქვა ლენამ, როცა გაუსაძლისი გახდა სიჩუმე და მათი თვალების ატანა.
- ხვალ ღამე. -უპასუხა რობაქიძემ.
ის ერთადერთი იყო, რომლის მიმართაც პატარა ნდობის ნაპერწკალი გაუღვივდა გულში ლენას. დანარჩენებს ისევ გაუბედავად შეჰყურებდა. არ აღიარებდა, მაგრამ ახლა, ადამიანების გარემოცვაში უფრო ეშინოდა, ვიდრე მაშინ ტყეში რომ დაბოდიალობდა სრულიად მარტო, ნადირთან ახლოს.
- რამდენი ხანი უნდა ვიაროთ?
ეუხერხულებოდა ამდენი კითხვის დასმა, თავად მათ ადგილზე ალბათ მრავალჯერ ექნებოდა მონაშლელი ნერვები, თუმცა ინტერესს, რომელიც შინაგანად ჭამდა, და თავისუფლების წყურვილს, რომელიც ასე ახლოს იყო, ვერ უძლებდა.
- მხოლოდ ღამე დავდივართ. დღე სადმე თავს ვაფარებთ. -კვლავ რობაქიძემ უპასუხა. -შენ ხომ იცი, ჩვენ ვინ ვართ, რას ვაკეთებთ და სად რატომ მივდივართ, ახლა შენზეც გვითხარი რამე.
- არავითარი პირადი ინფორმაციის გაცვლა. -ამოიგრგვინა შავთვალებიანმა, - ჩვენ ისეთი არაფერი გვითქვამს, რისი ცოდნაც საფრთხეს მოგვიტანდა.
- არც ვაპირებდი თქვენთვის გულის გადაშლას. -ცინიკურად შეხედა იმ კაცს, ასე რომ მოქმედებდა მის ნერვულ სისტემაზე თავისი უვადო სერიოზულობით.
არაფერი უპასუხია იმ კაცს. ლენამაც თვალი მოარიდა, რომ არ გაღიზიანებულიყო მისი მზერით.
ბუხარში ნელ-ნელა ცეცხლი ქრებოდა. სითბოში და ტყუილად ყოფნაში ძილი მოერია. რამდენჯერმე დაამთქნარა კიდეც, მაგრამ არავის შეუთავაზებია მისთვის საწოლზე დაწოლილიყო და დაესვენა.
ნებართვას დიდხანს ელოდებოდა, ბოლოს ყელში ამოუვიდა და ფეხზე გახდა დაიწყო. მუქმწვაანე ქურთუკი გაიხადა, საწოლის კიდეზე გადაკიდა, ფეხსაცმელები მის ქვეშ, საბანი გადასწია და საწოლში შეწვა. სულ არ ადარდებდა, ტანსაცმელებით რომ იძინებდა. მართალია, ფუფუნებაში ცხოვრებას მიჩვეულიყო, მაგრამ ადამიანი ყველაფერს უძლებს. გაჭირვება აღარ იყო მისთვის უცხო ხილი.
- მადლობა, რომ საწოლი დამითმეთ. -თქვა მოვალეობის მოხდის მიზნით და კედლისკენ გადაბრუნდა.
უკმაყოფილო ბუზღუნი მოესმა, ჩუმი ჩურჩულები, თუმცა ყურადღება აღარ მიუქცევია. თვალები მიელულა და ჩაეძინა კიდეც.
* * *
გამოღვიძებულს ოთახში არავინ დახვედრია. ცეცხლი ისევ ენთო, კარი ჩაეკეტათ და მაგიდაზე ის მცირეოდენი საჭმელი დაელაგებინათ, რაც წუხანდელი ვახშმის შემდეგ შემორჩენოდათ.
თავი სტკიოდა. ასე ეგონა, ტვინის ყოველ ნაპრალს ფრჩხილებით უხოკავდნენ. ადგომა დააპირა, მაგრამ თავბრუ დაესხა და ისევ ბალიშზე დააბრუნა თავი.
ცოტა ხანს კიდევ იწვა, შემდეგ გონს რომ მოვიდა და გამოფხიზლდა, საწოლზე წამოჯდა. ჩაიცვა ფეხსაცმელები და ქურთუკი და გარეთ გავიდა.
ეზო არ ჰქონდა ამ ქოხს, ირგვლივ მხოლოდ ტყე იყო და ერთი გადაჭრილი მორი, რომელზეც რობაქიძე იჯდა თავჩაქინდრული.
- სად გეძინათ? -ჰკითხა ლენამ უეცრად.
- იატაკზე. -ახალგამოღვიძებული, სევდიანი ხმით უპასუხა ბიჭმა და თავზე წამომდგარს თვალებში ჩახედა.
ლენამ ვერაფერი უთხრა, რა ეთქვა, არ იცოდა. ვერაფრით ხსნიდა ამ ბიჭის ნაღვლიანობას, ალბათ, ვიღაცაზე ნერვიულობდა, დარდობდა... თვალებში ეტყობოდა, რომ ასე იყო.
-ხშირად ცხოვრებას ისეთი გზით მივყავართ, რაც არასწორია. მოსახდენი ყოველთვის არ უნდა მოხდეს. ჩვენ, ადამიანებს გვეზარება წინააღმდეგობის გაწევა ან ხელის შეწყობა, მხოლოდ დარდი გვეხერხება და ოცნება. ხელს ჩავიქნევთ და ყველაფერს ბედს ვაბრალით - „ოჰ, წამსვლელი წავა“ - მაგრამ თუ შეჩერება შეგვიძლია?. ყოველთვის ვცდილობდი, სწორად მეცხოვრა, მაგრამ ხედავ, ახლა სად ვარ. უბრალოდ, ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა აცნოებიერებ, რომ მხოლოდ სწორი გზით სიარულით ფონს ვერ გახვალ, რომ ის, რისი გამოსწორებაც გინდა, შეცდომას მოითხოვს... ხვდები?
-ძალიან კარგად მესმის შენი. შენ მეგობრები გყავს გვერდით, ან პარტნიორები. არ ვიცი, რამდენად ახლო ურთიერთობა გაქვს მათთან. რა მნიშვნელობა აქვს, მარტო მაინც არ ხარ. აი, მე კი... საკუთარი ცხოვრების ლაბირინთში დავიარები. ადამიანები მოდიან და მიდიან. თავი ზოგჯერ მიკროავტობუსების გაჩერება მგონია. ვდგავარ ერთ ადგილას, მოდიან მგზავრები, ჩერდებიან ცოტა ხნით და როგორც კი ხელსაყრელ მომენტს ნახავენ, მიდიან. არასრულფასოვნების კომპლექსი მჭამდა მთელი ბავშვობა, მთელი სტუდენტობა... რატომ? რატომ არ შეიძლება მყავდეს მეგობარი? ვიცი, რომ უშეცდომო არ ვარ, მაგრამ მე თუ შემიძლია მიტევება, არ შეიძლება მეც მომიტევონ? მერე მომბეზრდა. ისე მომბეზრდა, როგორც საყვარელი ფილმის ყურება და ავდექი და ჩემი ცხოვრებიდან წამოვედი. არავინ დამიტოვებია გულნატკენი, რადგან არც არავინ მყავდა ისეთი, ვინც უჩემობას განიცდიდა. ვიცი, უკან რომ დავბრუნდე, ბევრი ფარისეველი შემომეგებება ბედნიერი ღიმილით, ბევრიც გამსჯის... მაგრამ ასე მირჩევნია, მარტოს. ადამიანებმა მომაბეზრეს, ამოწურეს ჩემში წარმოდგენები. საერთოდ აღარაფრის იმედი აღარ მაქვს. ჰოდა, ვივლი ასე წინ და უკან, ვითავგადასავლებ და სადმე მოვკვდები. რა მნიშვნელობა აქვს, სად დაგმარხავენ, ბალახი ყველგან ამოდის, მეხსიერება კი ისეთი რამეა, ძველი კადრებივით იცრიცება...
- რა პოეტური ყოფილხარ. -გაეღიმა რობაქიძეს. თვალებში გაუკრთა პატარა ვარსკვლავი, რომელიც ვერ მივხვდი, რომელ ცას მოსწყდა.
- მხატვრული ლიტერატურის ბრალია. ბევრს ვკითხულობდი. იქ, წიგნებში ვცხოვრობდი და ალაბთ ამიტომ მიჭირს იმასთან შეგუება, რასაც რეალობა მიმზადებს ხოლმე.
- საინტერესო ადამიანი ხარ.
- პირველი არ ხარ, ვინც მაგას მეუბნება. -მწარედ ჩაეცინა ლენას. -ასე, შენსავით, მოდიან, მომთაფლავენ ტკბილი სიტყვებით, ცხოვრებაში დაიმკვიდრებენ ისეთ ადგილს, მათი წასვლის შემდეგ შიგნეულობა რომ გამომეფატროს, ტკივილის მეტი რომ ვეღარაფერი ვიგრძნო და მიდიან. უმადურობა მაბოროტებს. მძულს ხალხი. აი , ქრონიკულად მძულს, გული მერევა. ის ქუჩები, ის ხალხი, ის ჰაერი, სახლი, კედლები... ყველაფრის გახსენება მეძაგება.
- რა მამაცი ხარ... არ ვიცი, რა გადაგხდა, მაგრამ მე ალბათ ასე საკუთარი ცხოვრებიდან წამოსვლას ვერ გავბედავდი. ნუთუ არავინ დაგრჩა ისეთი იქ, ძველ ცხოვრებაში, ვის გამოც დაბრუნდებოდი?
- არა... საერთოდ, საერთოდ არავის გამო არ მინდა იქ დაბრუნება. სწორედ იმ ადამიანებმა გამომაქციეს ჩემი ცხოვრებიდან, ვის გამოც ერთ დროს სიცოცხლე მიღირდა.
- კარგი, აღარ გვინდა ამაზე. -როცა შეატყო, რომ უარყოფითი გრძნობები მოეძალა გოგონას და ძველი ჭრილობები გაუახლდა, გაღიმება სცადა.
ტყიდან დანარჩენი სამიც გამოვიდა. დაღლილი სახეები ჰქონდათ.
საღამომდე ისე მიაწიეს, ხმა არ გაუღიათ. ერთადერთხელ წაიხემსეს უგემურად და ღამის მოგზაურობისთვის მოემზადნენ.
გამთბარ ქოხს უღიმღმოდ დაუბრუნეს მიტოვებულის სახელი და იქაურობას გაეცალნენ. იმას, მთავარს, რომელიც წინ მიდიოდა, რამდენჯერმე დაურეკეს ტელეფონზე და არც ერთხელ არ დაელაპარაკა ლენას თანდასწრებით არავის.
დიდად ინტერესი არც ჰკლავდა გოგოს. მისთვის მთავარი საზღვრის გადალახვა იყო. მერე დაუქნევდა ამ ადამიანებს ხელს და მორჩა.ახალ ცხოვრებას დაიწყებდა.

ფარნებით ანათებდნენ გზას. შორიდან ტურების და მგლების ყმუილი ისმოდა. ლენას რომ ეთქვა, არ მეშინიაო, იცრუებდა, თუმცა ამდენ ახმახთან ყოფნა ხელს უმართავდა. ათასში ერთხელ თუ ამოიღებდა რომელიმე ხმას, ძირითადად მდუმარების აღთქმა ჰქონდათ დადებული და კრიჭა შეეკრათ.
მგლის ყმუილი ახლოდან მოესმათ. არ გაჩერებულან, მაგრამ დაძაბულობა შეეტყოთ. მთავარმა პისტოლეტი გადატენა და ჯიბეში დააბრუნა.
ამან ძალიან დააფეთა ლენა. უეცრად რომ გამომხტარიყო მგელი და მიხტომოდა უკნიდან, ის თვითმარქვია, პრეზიდენტივით რომ მიიჯგიმებოდა წინ, გასროლასაც ვერ მოასწრებდა, მთილანად რომ გადაყლაპავდა მგელი.

ფეხს აუჩქარა და შუაში ჩადგა. ზუსტად იმ მთავარს მიჰყვებოდა უკან, მის იარაღსაც კი ხევდა მარჯვენა ჯიბეში.
პულსაცია აუჩქარდა, ღუღუნი რომ მოესმა შორიდან. მაგრად ჩაავლო ხელი მკლავში შავთვალებას. მეყსეულად შედგა ისიც. ყველანი ერთდროულად გაშეშდნენ.
ლენამ მარჯვნივ გაანათა ფარანი და ნადირის თვალებმა აირეკლეს სინათლე. უკან დაიხია. სუნთქვა შეეკრა, გაყინული ცვილის ფიგურასავით იყო. მკლავზე ჩაჭიდებული ხელი არ გაუშვია. იგრძნო, ისიც დაძაბულიყო.
სწრაფად, წამის მესადი სიჩქარით წაიღო ხელი ჯიბისკენ, იარაღი ამოიღო და ორი ტყვია ისროლა. თვალები დახუჭა, რომ არ დაენახა, როგორ ამოფეთქა მგლის ტვინიდან სისხლმა, თუმცა იმდენად ახლოს იყო, რომ ხელებზე ცხელი სითხე მიესხა.
ღრიალი არ შეწყვეტილა. ახლა უფრო შორიდან მოისმოდა ყმუილი.
-დროზე ხეებზე! -დაიყვირა მთავარმა.
ამჯერად თავად ჩაავლო ხელი ლენას და მასთან ერთად დაიძრა უახლოესი ხისკენ. წელზე შემოხვია ორივე ხელი და მაღლა ასწია. გოგოც პირველივე ტოტს ჩამოეკიდა და სხეული ძლივს აზიდა. წვალებით შემოჯდა ტოტზე და უფრო მაღლა აძვრა. მთავარიც უკან მიჰყვა.
ღრიალის და ყმუილის ხმა უფრო ახლოდან ისმოდა, თუმცა ლენას არაფერი ესმოდა საკუთარი გულისცემის გარდა. ღრმად სუნთქვდა, მკერდი აუდ-ჩაუდიოდა და გრძნობდა, რომ მილიმეტრებით ეხებოდა მის წიინ მჯდომის სხეულს.
ხეებს თათებით ხოკავდნენ მგლები, ალბათ, დორბლებიც სცვიოდათ და ეშვებიც მაღლა ამოსწვერვოდათ პირდაღებულებს. ამაზე ფიქრობდა თვალდახუჭული და იმ მწარე ტკივილზე, რომელსაც ეს ბასრი კბილები მიაყენებდნენ, როცა კანზე გასრიალდებოდნენ.....
-ტყვიები აღარ გაქვს? -ჰკითხა ლენამ, როდესაც დამშვიდდა.
-საკმარისი არ არის. აქ, ალბათ, ხუთნი არიან. რომ გათენდებიან წავლენ.
-აჰა, ანუ გათენებამდე აქ უნდა ვისხდეთ?
-შენ თუ გინდა, ჩადი და გააგრძელე გზა. არავინ გაკავებს. -უხეშად უპასუხა მთავარმა.
-რამდენი კილო ხარ? -წამოროშა რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ ლენამ.
-ნორმალური ხარ? ხეზე ზიხარ, ქვემოთ პირდაღებული და დამშეული მგლები დაგტრიალებენ და იმაზე დარდობ, რამდენი კილო ვარ?
-ტოტი რომ ჩაგვიტყდეს?
ამ კითხვაზე ღრმად ამოიხვნეშა მთავარმა. არაფერი უპასუხია.
-ადგილები უნდა გავცვალოთ. -თქვა მცირეხნიანი დუმილის შემდეგ.
-უკაცრავად? როგორ?
-მე შენზე მძიმე ვარ და ტოტის უფრო წვრილ ნაწილზე ვზივარ. შენს ადგილზე რომ დავჯდები, ტოტის ჩატყდომმის და მგლების ვახშმად ქცევის ნაკლები შანსი მექნება. -აუღელვებლად აუხსნა კაცმა და წელზე ხელი მოხვია. -ახლა ორივე ფეხი ერთ მხარეს გადასწიე, მე წელზე მოგიჭერ ხელს და ჩემ უკან გადაგსვამ, შენს ადგილზე დავჯდები და შენც მოჩოჩდები, გასაგებია?
-რომ ვერ დამიჭირო? -გაპარული ხმით ჰკითხა გოგონამ.
-ნუ გეშინია, ოცი კილო არ იქნები მთლიანად. დაგიჭერ, უბრალოდ შენც ნუ მოფამფლოვდები. მტკიცედ იყავი და უცებ იმოქმედე, გასაგებია?
თავი დაუქნია ლენამ, თითქოს ხედავდეს მთავარი, შემდეგ სხეული მთლიანად დაძაბა. ფეხები ერთ მხარეს მოათავსა, შეატყუპა. კაცმაც წელზე ხელი შემოჰხვია. წამიერად გაიფრინა ჰაერში ლენამ. მთელი ამ ხნის განმავლობაში შემოხვეულ მკლავს ჩაფრენოდა. შემდეგ ისევ იგრძნო საჯდომქვეშ სიმყარე. ფეხები დამფრთხალმა სწრაფად გადაანაცვლა სხვადასხვა მხარეს. კაცმაც, როცა სამშვიდობოს დაიგულა, ხელი შეუშვა და ხის ზურგს მიეყრდნო. ნელ-ნელა მიჩოჩდა ლენა და მის პირისპირ აღმოჩნდა. ფეხებს ჰაერში აკონწიალებდა და გაყინული ცდილობდა წონასწორობის შენარჩუნებას. ხელებიც იმ ბოძზე ჩამოეწყო, რომელზეც იჯდა, რადგან სხვაგვარად იმ კაცს უნდა ჩახუტებოდა. წელში იყო მოხრილი და ქვემოთ, სიბნელით მოცულ ქვესკნელში იყურებოდა.
-მთელი ღამე მასე ვერ იქნები. -თქვა ცოტა ხნის შემდეგ მთავარმა. -წელი გეტკინება.
-არაუშავს. -უხეშად მიუგდო ლენამ და მხრები ჩამოჰყარა.
ის მსუბუქი ჩანთაც ისე ამძიმებდა ახლა, რომ ეგონა ზურგზე ლოდი შეეკიდათ.
ხმით ჩაიცინა კაცმა, როცა გოგომ ფარ-ხმალი დაყარა და წელზე ხელი შემოჰხვია, თავი კი გულზე დაადო.
-დარწმუნებული ხარ, რომ დილას წავლენ? -უიმედოდ ჩაილაპარაკა ლენამ.
-კი. -მოკლედ უპასუხა მთავარმა, თუმცა არსაიდან გაჩენილი რწმენის წყალობით, ლენას გულზე მოეშვა. თითქოს ის კაცი ყოვლისმცოდნე წინასწარმეტყველი ყოფილიყოს,რომლის სიტყვასაც წყალი არ გაუვა.
დაუჯერა, რადგან უნდოდა იმედი არ დაეკარგა და თვალებიც დახუჭა.
პირველად იძინებდა ხეზე, თუმცა სასთუმლად ისეთ ადგილებს იყენებდა, უკვე მისგან გასაკვირი აღარაფერი იყო.

...........
ძალიან გამახარებთ, თუ თქვენს აზრს გამოხატავთ ^_^ გამიმხილეთ ვარაუდები!
მადლობა დიდი, რომ კითხულობთ <3
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: lenkaloladze123
ნანახია: 1398 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
avatar
1
1
"-პირველი არ ხარ, ვინც მაგას მეუბნება. -მწარედ ჩაეცინა ლენას. -ასე, შენსავით, მოდიან, მომთაფლავენ ტკბილი სიტყვებით, ცხოვრებაში დაიმკვიდრებენ ისეთ ადგილს, მათი წასვლის შემდეგ შიგნეულობა რომ გამომეფატროს, ტკივილის მეტი რომ ვეღარაფერი ვიგრძნო და მიდიან. უმადურობა მაბოროტებს. მძულს ხალხი. აი , ქრონიკულად მძულს, გული მერევა. ის ქუჩები, ის ხალხი, ის ჰაერი, სახლი, კედლები... ყველაფრის გახსენება მეძაგება."
მხოლოდ ამ სიტყვების გამო ღირს ამ ისტორიის კითხვა. ძააალიან მაგარია, ყოჩაღ!
ლენა ძალიან საინტერესო და ძლიერი პერსონაჟია, მე ვფიქრობ რომ დაიღალა უიმედო ცხოვრებით და ამ მხირვ მესმის მისი, თუმცა იმასაც ვხვდები რომ ასეთი ადვილი მიზეზი არ იქნება... ამ ბიჭებზე ჯერ ვერაფერს ვხვდები. ძალიან საინტერესოააა! uu
avatar
0 Spam
2
ვაიმეეე, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა 3o 3o 3o ბიჭებზე რამდენიმე თავში ყველაფერს გაიგებთ! bb happy
avatar
1 Spam
3
ლენას შეუპოვრობა მაოცებს.შიში ჭამს,მაგრამ მაინც არ ნებდება.
რობაქიძე მომწონს,რადგან მხოლოდ ეგ ეკონტაქტება ლენას ნორმალურად.
ჰოო,ბოლო მომენტზე გამეღიმა,რადგან სიჯიუტე დათმო ასე თუ ისე :))
avatar
0 Spam
4
ლენას სიჯიუტეს საზღვარი რომ არ აქვს, ამაში მალევე დარწმუნდებით! :D დიდი მადლობა, მახარებ!!! 3o
avatar