პირველი ფიქრი 2 (მეხუთე თავი)
16.09.2017, 15:07

მეხუთე თავი

დარჩენილი ორი დღე საჩუქრების შერჩევასა და ფოტოების გადაღებაში გალიეს. ლენას გულის სიღრმეში ერთი სული ჰქონდა, საქართველოში როდის დაბრუნდებოდა. იქ ნიკოლოზთან მარტო მაინც არ იქნებოდა და არც ის სიზმარი შეაწუხებდა, რომელიც ეგონა, რომ დაავიწყდა.
არა, კი არ დავიწყებია, ახლა პირიქით - უფრო მეტი სიმძაფრით ახსენდება და ფიქრობს მასზე. ცრუმორწმუნე არ არის, თუმცა რატომ ფიქრობს ამაზე ასე თავგამოდებით, არ იცის. 
რამდენჯერმე ისიც კი გაივლო თავში აზრად , ვაი თუ, მართლა შემიყვარდეს ნიკოლოზიო, მაგრამ ამ აზრის აბსურდულობამ გონება მოუშხამა და თავიდან ამოიგდო.
ყველაფერს ფულზე ვერ გაყიდის, საკუთარ ისედაც გათელილ თავმოყვარეობას ასე სასტიკად ვერ მოექცევა. არ დაუშვებს, ვინმემ მისი სიყვარულიც იყიდოს, თუმცა აღარ სჯერა ვინმეს შეყვარების, ან იმის, რომ ცხოვრებაში ოდესმე გაუმართლებს და ბედი თავის ტკბილ ღიმილს მასაც შეანათებს.
ნიკოლოზი ერთხელაც არ მიჰკარებია, ზედმეტი სურვილიც კი არ გამოუმჟღავნებია მის მიმართ, რაც ოდნავ მაინც შეაშინებდა ლენას. 
ჩვეულებრივი იყო, ისე ექცეოდა, როგორც ქალს, რომელსაც არასოდეს აღირსებს მის ალერსს. ასე გაცილებით უმარტივდებოდა ლენას ცხოვრება, რადგან სიზმრისგან ჯერ კიდევ არ ჰქონდა თავი დაღწეული და ყოველ ქმედებას სიზმრისეული ნიკოლოზის ქცევას ადარებდა. განსხვავება შესამჩნევი იყო, რაც ამცირებდა შანსებს, ქმრისადმი რაიმე განსხვავებული ეგრძნო.
საქართველოში ჩამოსულთ აეროპორტში ოჯახის წევრების გარდა ჟურნალისტების ამალა დახვდათ. კიდევ კარგი, დაცვამ ახლოს არ მიუშვა, თორემ ალბათ, დააბრმავებდა ფოტოაპარატების განათება.
ყოველთვის ცდილობდა ასეთ ხმაურიან ცხოვრებას გარიდებოდა და მშვიდად ეცხოვრა დედამიწის იმ კუნჭულში, სადაც მხოლოდ ლენა ლოლაძე იყო, ერთი ჩვეულებრივი გოგო, რომელსაც არაფერი განასხვავებდა დანარჩენებისგან.. თუმცა მისთვის ასეთი სამყარო ბავშვობიდან არარსებული იყო.... ახლა ხომ ამაზე ოცნებაც აბსურდულია.
-ძალიან ლამაზია, ჩემი საყვარელი ფერია იასამნისფერი, როგორ მიხვდი? -რძლის ჩამოტანილი შარფით აშკარად კმაყოფილი დარჩა მირანდა, -ძალიან დიდი მადლობა, მიხარია, რომ გაგახსენდი.
-არ ვიცი, სამკაულები რამდენად მოგწონთ, ნიკოლოზს არაფერი უთქვამს, მაგრამ ამას საიუველიროში წავაწყდი, -სამაჯური გაუწოდა, ერთ, თხელ ჯაჭვზე აცმული თვლებით რომ იყო მომკული, ძალიან ნაზი იყო. ვისაც არ უნდა გაეკეთებინა, ყველას  ახალგაზრდად წარმოაჩენდა.
-საოცრებაა! -კმაყოფილებას ვერ მალავდა მირანდა, მილიონჯერ დაატრიალა მაჯა ცხვირწინ, თვალები უელავდა გახარებულს.
არ შემცდარა ლენა, ნიკოლოზს რომ არ დაუჯერა და საჩუქრები რომ შეარჩია.
ერეკლეც კმაყოფილებით აღავსო ნაკლებად ორიგინალურმა, თუმცა გულით შერჩეულმა საჩუქარმა. ცოლ-ქმარი ბედნიერებას ასხივებდნენ, რასაც ლენასა და ნიკოლოზზე ნამდვილად ვერ ვიტყოდით. მათ უფრო მირანდაზე და ერეკლეზე ეღიმებოდათ, ვიდრე ერთმანეთზე.

საღამოს უკვე ძალიან იყო ლენა დაღლილი და მოქანცული. თვალები ეხუჭებოდა და საშინლად ეძინებოდა, თუმცა სტუმრებს ვერსად გაექცეოდა, ისევე როგორც მათ დასმულ უსასრულო რაოდენობის კითხვებს.
დაღლა რომ ზედმეტად შეეტყო და ფერიც წაუვიდა, სამზარეულოში გავიდა წყლის დასალევად. ღრმად სუნთქავდა, ძვლებში ტეხავდა და ერთი სული ჰქონდა, რბილ საწოლში როდის შეწვებოდა, თორემ ეგონა, სულს განუტევებდა.
სამზარეულოში რომ ნიკოლოზი შემოვიდა, ისეთი მინავლებული თვალებით შეხედა, მამაკაცმა მზერა ვერ მოარიდა და მიუახლოვდა.
-კარგად ხარ? რა გჭირს? -შუბლზე ჩამოყრილი ხუჭუჭა თმა ხელით გადაუწია და ხელის ზურგი მიადო ზედ სიცხის გასაზომად.
-დავიღალე უბრალოდ, -დალეული ხმით უთხრა და დახლს წელით მიეყრდნო თვალდახუჭული.
არ იცის, ახლა რატომ შემოუტიეს ემოციებმა, რატომ მოუნდა ტირილი, მაგრამ ფაქტია, თავის შეკავება რომ ვერ შესძლო და როგორც კი გაახილა თვალები, მაშინვე გადმოსცვივდა მარიალიანი ცრემლები და პატარა ბავშვივით აზლუქუნდა.
ცოტა ხანს გაკვირვებული უყურებდა ნიკოლოზი, პირი რამდენჯერმე გააღო რაღაცის სათქმელად. აშკარად უცხო ხილი იყო მისთვის ლენას ცრემლები.
-მაგიტომ ტირი? წამოდი, ოთახში ადი და დაისვენე....
-იმათ ვერ დავტოვებ, სირცხვილია, -ზლუქუნით უთხრა ლენამ და ამჯერად სულ არ ეშლებოდა საკუთარ თავზე ნერვები, ამ კაცის წინაშე რომ ატირდა.
არაფერი უთქვამს ნიკოლოზს, წელზე ხელი მოჰხვია და სასტუმრო ოთახში თავმოყრილი საზოგადოებისთვის სულ არ მიუქცევია ყურადღება, ისე აიყვანა ლენა საძინებელში, საწოლში დააწვინა და საბანიც მიაფარა.
ლოლაძემ აცრემლებული თვალების გამშრალებაც ვერ მოასწრო, თუმცა თავი მშვიდად და კარგად იგრძნო საწოლში. ნელ-ნელა დამშვიდდა კიდეც და სლუკუნიც მიწყდა.
მანამ არ გასულა ოთახიდან ნიკოლოზი, სანამ არ ჩაეძინა ლენას. 
განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, სასტუმროში გაწეული დახმარებისთვის სამაგიერო გადაუხადა. მის სახეზე მიშტერებულმა თავს შემოუძახა და გურამთან და ალექსანდრესთან ერთად გავიდა ჩამოსვლის აღსანიშნავად.
***
შუაღამე იქნებოდა, შორიდან წამოსულმა ხმაურის ტალღამ რომ შეაფხიზლა. ვიღაცამ ფრთხილად სცადა კარების გაღება, თუმცა აშკარად არ გამოუვიდა და იქვე კომოდზე დადგმული სავარაუდოდ ძვირადღირებული ლარნაკიც ნამსხვრევებად აქცია.
დამფრთხალი ლენა მაშინვე წამოიწია საწოლიდან და სწრაფად აანთო შუქი. ყველაზე მეტად ქურდს ელოდა იარაღით ხელში და თავზე ნიღაბჩამოცმულს, მაგრამ ხელში ნიკოლოზი შეხვდა დაჭმუჭნული პერანგით, შუბლზე ჩამოშლილი თმებით და მოქანცული სხეულით.
-გაგაღვიძე? არ მინდოდა. -ლარნაკის ნამსხვრევებს ცივად აუქცია გვერდი და სააბაზანოსკენ წავიდა. 
სიტყვები ნაბიჯებივით სულაც არ ერეოდა. მართალია, რამდენიმე მეტრი სააბაზანომდე რვიანების ხაზვით გაიარა, თუმცა ხმაზე არაფერი ეტყობოდა.
-არაუშავს, -საწოლში დაბრუნდა გულდამშვიდებული ლენა, თუმცა ტანსაცმლით რომ იწვა გვიან მოაგონდა და ფეხზე წამოდგა.
ნიკოლოზის სააბაზანოში ყოფნით ისარგებლა და საღამურები ჩაიცვა. 
თვალებდახუჭული მოთმინებით ელოდებოდა ძილს, რომელიც ნელ-ნელა ეპარებოდა, თუმცა სააბაზანოდან გამოსულმა ნიკოლოზმა ისევ გამოაღვიძა.
-ცოტა ჩუმად, რა. -თავადაც არ იცის რატომ, მაგრამ უხეშად წამოსცდა სიტყვები. ენაზე იკბინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
ნიკოლოზმა იჭვნეულად შეხედა, წარბი მაღლა აზიდა ოდნავ გამოფხიზლებულმა და ჩვეულებრივი მანერით განაგრძო ოთახში ბოდიალი.
-რას ეძებ? -ამოიბურტყუნა ზედმეტად შეწუხებულმა ლენამ და საწოლიდან თავი წამოსწია.
-არაფერს, -უთხრა ნიკოლოზმა ხმადაბლა, თავი გააქნია და გამოაქნია, სველი თმა ჰაერში ააფართხალა და წვეთებისგან დაბერტყა. დასველებული მხრები პირსახოცით მოიწმინდა და საწოლისკენ წავიდა.
ლენა საწოლში შეირხა. ხელები თავქვეშ ამოიდო და თვალები დახუჭა. 
ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში. ნიკოლოზი მთვრალია, მისი ქმარია, ის კი მიკარებას არ ანებებს... იმედია თავში აზრად ისეთი რამ არ მოუვა, რაც ლენას არ უნდა და არც კარგი იდეაა.
გულმა სწრაფად დაუწყო ცემა. საკუთარი თავი ამდენი ხნის შემდეგ ისევ შეზიზღდა, ზედმეტად სუსტი რომ აღმოჩნდა ცხოვრების წინაშე, გრძნობებს რომ აჰყვა და დანებდა... სრულყოფილ უბედურებამდე ისედაც ცოტა უკლია და ნიკოლოზზეა დამოკიდებული, გაიმეტებს თუ არა.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო ლენასთვის ეს, ნიკოლოზმა ზურგი აქცია და რამდენიმე წუთში მშვიდი ფშვინვაც ამოუშვა.
-ღმერთო, მადლობა... -დაიჩურჩულა თავისთვის ლენამ, ქუთუთოები მაგრად დააჭირა ერმანეთს და ოდნავ დამშვიდებული ჩაეხუტა ბალიშს.
ძილმაც მალევე მოაკითხა. დაღლილ-დაქანცულს არაფერი დასიზმრებია.
* * *
-ლენა, ლენა... კარგად ხარ? -ვიღაც მხრებში ჩაფრენოდა და მის გამოფხიზლებას ცდილობდა.
პირში საშინელი გემო ჰქონდა, მუცელი უბუყბუყებდა და გონს რომ მოვიდა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ შეწუხებულ ხმებს გამოსცემდა. მუცლის ღრუში რაღაც უტრიალებდა და ცუდ შეგრძნებას უტოვებდა, თავიც სტკიოდა და ოფლში მთლიანად ცურავდა.
სამსახურისთვის გამოწყობილი ნიკოლოზი გაკვირვებული დასცქეროდა ზემოდან, თვალებში ჩაშტერებოდა გონწასულს.
-მეძინა, რატომ გამაღვიძე? -შეტევაზე გადავიდა ლოლაძე და ფეხზე წამოდგა.
გახურებულ სხეულს გრილი ჰაერი რომ მოედო, ოდნავ მოეშვა, თუმცა გულისრევის შეგრძნება მაინც თან სდევდა და არ ასვენებდა.
-თუ გეძინა, რა გაკვნესებდა? 
-რა იცი, რა მესიზმრებოდა! -წამოაყრანტალა გაუაზრებლად და ნიკოლოზის ტუჩის კუთხეებში შეპარული ღიმილი რომ დაინახა, მიხვდა, ჭკვიანური რომ არაფერი უთქვამს. -კოშმარი ვიგულისხმე!
-ჰო, აბა, სხვა რა უნდა გეგულისხმა.. -მხრები აიჩეჩა ნიკოლოზმა, -არ გინდა ექიმთან მიხვიდე?
-არ მჭირდება ექიმი. 
ორგანიზმში თავმოყრილი საშინელი შეგრძნებები ხასიათში გადაეზარდა ლენას. თავადაც ხვდებოდა, ბოლო ორი დღე ძალიან უხეშ ადამიანად რომ იქცა, თუმცა ამას ახსნას ვერ უძებნიდა და არც ცდილობდა, რომ აეხსნა.
-მე გეუბნები, რომ უნდა წახვიდე. -მკაცრად და მოზომილად უთხრა ნიკოლოზმა. აგრძნობინა, მისი სიჯიუტე უშედეგოდ რომ დასრულდებოდა და ბევრი ლაპარაკით თავი აღარ უნდა დაეღალა, თუმცა ლოლაძე, რა თქმა უნდა, არ იყო იგივე აზრზე.
-მიბრძანებ? -სააბაზანოსკენ წასული მეყსეულად შემობრუნდა. 
-ჯერ გთხოვ. მე არ მცალია და მირანდა გაგყვება. 
-არ მჭირს არაფერი-მეთქი! -ლამის დაიყვირა ლენამ და სააბაზანოში შევარდა, კარი მაგრად მოიჯახუნა, მხოლოდ წყლის ჭავლის ქვეშ მდგომსღა გაახსენდა, რომ არც ტანსაცმელი წაუღია თან და არც პირსახოცი. 
იმედოვნებდა, ნიკოლოზი უკვე სამსახურის გზაზე იქნებოდა და მის წინ განავარდება შიშველს არ მოუწევდა.

***
მართალია დიდხანს იჯიუტა საავადმყოფოში წასვლაზე, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს ყველაფერი მაინც ისე მოხდა, როგორც ნიკოლოზს უნდოდა და სწორედ ამიტომ იჯდა და იცდიდა, როდის მოვიდოდა მისი რიგი.
ერთ გვერდს დედამთილი უმშვენებდა, მეორე გვერდს  - ნონა. ხმას არც ერთი იღებდა. ლენას დიდ აბსურდად მიაჩნდა საავადმყოფოში მისვლა. ვერ იტანდა ყოველ თითის წამოტკივებაზე რომ დაცუნცულებდნენ და ექიმს ესინჯებოდნენ. ან მისი ხასიათის ცვლილებას ექიმი რანაირად მიხვდებოდა? უბრალოდ, ცუდი დღე ჰქონდა, დაღლილი იყო და იმიტომ მოუვიდა ზედმეტი. მაგრამ ლორთქიფანიძეს არ შეუძლია, კუდები რომ არ გამოაბას და ყველაფერი ისე არ გააკეთოს, როგორც თავად უნდა.
-ელენა ლოლაძე, -ექიმმა მისი სახელი რომ გამოაცხადა, ნელა წამოიზანტა. ფეხს ითრევდა, თუმცა რაღას იზამდა.
სისხლის ანალიზი აუღეს, ექიმმა გასინჯა, ათასი კითხვა დაუსვა, ყოველი მათგანი ალოგიკური იყო ლენასთვის და უღიმღამოდ პასუხობდა.
-ფეხმძიმობის ტესტიც გაიკეთეთ, ქალბატონო ელენა. -უთხრა მშვიდად ექიმმა და სანამ რამის თქმას მოასწრებდა ელენა, მანამდე წამოდგა ფეხზე.
ცოტა ხანს პირდაღებული იჯდა ლოლაძე. ამაზე არც უფიქრია და რა თქმა უნდა, არც სიმართლე ჰგონია, თუმცა ეჭვის შეტანა შესაძლებელია.
თავში წამოზრდილმა ახალმა აზრმა გული აუფანცქალა, ცივმა ოფლმა დაუცვარა შუბლი და ტირილმოძალებული სწრაფად წამოხტა ფეხზე. შემდეგ საკუთარი იმპულსური მოქმედების დასაფარად, პირზე ხელი აიფარა.
-არა, არა, არა... შეუძლებელია... სხვა რამე იქნება, რაღაც მჭირს... -თავს „იიმედებდა“ ლენა.
სახლის გზაზე მირანდამ და ნონამ ცალ-ცალკე ათასობით შეკითხვა დაუსვეს. ყველას მოთმინებით პასუხობდა, თუმცა ნერვები სწიწკნიდა უკვე. ერთი სული ჰქონდა, ოთახში როდის შევიდოდა და ყველაფერზე დაფიქრდებოდა.
-ანალიზების პასუხები როდის იქნებაო?
-ხუთ დღეში. 
-ხუთი დღე რა ამბავია? დაველაპარაკები მე ექიმს და დააჩქარებს.
არაფერი უთქვამს ლენას. ექიმთან ვიზიტმაც ძალიან დაღალა, ტანსაცმელი გაიხადა და საცვლების ამარა შეწვა საწოლში.
ისიც არ იცის , ფეხმძიმედ რომ აღმოჩნდეს, ბავშვი უნდა თუ არა ნიკოლოზისგან. ოჯახი ისეთი მიზეზების და საბაბის საფუძველზე შექმნეს, ნამდვილად არ უნდა ამაში შვილიც გარიოს. ის ხომ სულ სხვანაირ ოჯახზე ოცნებობდა. იცხოვრებდა თბილ და მყუდრო, პატარა სახლში მხოლოდ მის ქმარ-შვილთან ერთად. მთავარ ოთახში ექნებოდათ ბუხარი და როდესაც ახალი წელი მოვიდოდა, იმ ბუხრის გვერდით დადგამდა ნაძვის ხეს, ძალიან დიდს, მაღალს და ფერადს. 
სახლში დაბრუნებულ ქმარს, რომელსაც სამსახურისგან დაღლილი სახე ექნებოდა, ბავშვით ხელში შეხვდებოდა, აკოცებდა და გაუღიმებდა. მოუყვებოდა თავისი დღის ამბებს და გამოჰკითხავდა მასაც. მერე ივახშმებდნენ ერთად, ილაპარაკებდნენ ძალიან ბევრს შვილის მომავალზე, რომელ სკოლაში შეიყვანდნენ, რომელ სპორტში ან ხელოვნების წრეზე ატარებდნენ... 
რეალობა კი მთლიანად განსხვავდებოდა იმ ტკბილი ოცნებისგან, რომელიც აბსურდად იქცა გონებაში. 
ჰყავს ქმარი, რომელსაც ოჯახური ბიზნესის და საერთო მტერთან გამკლავების გამო გაჰყვა, ცხოვრობს მის უზარმაზარ სახლში და თავს საშინლად მარტო გრძნობს. ახლა ეყოლება შვილი, რომელიც ამ ბოროტების, სიბინძურის და ფულით სავსე სავანეში უნდა გაიზარდოს და... ისიც კი არ იცის, როგორი დედა იქნება... 
თუ ფეხმძიმედ აღმოჩნდა, ნიკოლოზს რომ არ უნდოდეს ბავშვი? მისთვისაც ხომ უბრალო გარიგებაა ეს ქორწინება, იქნებ, სულაც არ უნდა შვილით დასერიოზულება და მუდმივი უღლის ტარება, სარეცლის სამუდამოდ ლენასთან განაწილება.
კანკალმა შემოუტია და ცრემლები კიდევ ერთხელ გადმოსცვივდა თვალებიდან. არ უნდა ასეთი ოჯახი.
ამაზე რატომ მაშინ არ იფიქრა, როდესაც თვალდახუჭული მიყვებოდა მისთვის სრულიად უცნობ ადმაიანს? რამდენ ცრემლს და ნერვიულობას აირიდებდა თავიდან?
საღამომდე ეძინა გაგუდულს. შემდეგ შიმშილის გრძნობამ შეუტია და გამოეღვიძა.
თავი უსკდებოდა, იმდენად ტკიოდა. ძლივს წამოიზლაზნა ფეხზე და ოთახის მეორე ბოლოსკენ გაემართა გარდერობისკენ, უეცრად კარი რომ შემოაღეს.
თავდამძიმებული ნელა მიტრიალდა იქეთკენ და ოთახში შემოსული, ერთ ადგილზე გაშეშებული ნიკოლოზი რომ დაინახა მის სხეულზე მიჩერებული, თვალები გადაატრიალა.
-არ უნდა დააკაკუნო, რომ შემოდიხარ? -ჰკითხა უხეშად, საკუთარი სიშიშვლე სულაც არ შეიმჩნია გულის სიღრმეში დარცხვენილმა და სწრაფად გადაიცვა გრძელი სარაფანი.
-ჩემი ოთახია და არ მჭირდება დაკაკუნება, -უღიმღამოდ აარიდა ქალის სხეულს თვალი და ჰალსტუხი ოდნავ შეიხსნა.
-ვიყავი დღეს ექიმთან. -ჩუმად თქვა ლენამ, სანამ ოთახიდან გავიდოდა.
-ვიცი.
-ჰგონია, რომ ფეხმძიმედ ვარ. უფრო სწორად, ვარაუდობს. -ხმადაბლა, თავდახრილმა წარმოთქვა და შემდეგ ნიკოლოზს ახედა მის სახეზე რეაქცია რომ დაენახა.
შიგნეულობა ამოუტრიალა და გაუყინა იქ დანახულმა უემოციობამ. საერთოდ არ ადარდებს ნიკოლოზს და არ უნდა ასე იყოს. შვილი ყველა მშობელს უნდა უყვარდეს, იმან რა დააშავა.
სწრაფად გაიჯახუნა კარები გულშემოყრილმა. რამდენიმე ცრემლი ისე გადმოუცვივდა თვალებიდან, ვერც კი გაიაზრა. სამზარეულოში შევარდა და მოსამსახურისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე გამოგლიჯა მაცივარი.
გაბრაზებული იყო ყველაზე და ყველაფერზე, განსაკუთრებით კი საკუთარ თავზე, თუმცა გაორმაგებული სიძლიერე იგრძნო გულსა და გონებაში. ახლა უკან დასახევი გზა აღარ გააჩნდა, მისი შვილისთვის უნდა ყოფილიყო მეტად ძლიერი, დაუმორჩილებელი....
შემდეგ თავის თავს შეუტია, იქნებ, სულაც არ არის ფეხმძიმედ, რად დაიჩემა ეს სულელური აზრი? მაგრამ თავს უცნაურად გრძნობს, სულ უხეშობს, ეძინება, უხასიათოდ არის, საჭმელი უნდება, გამუდმებით შია. 
რაღაც ინსტიქტმა მანამდეც უკარნახა, რომ შეიძლება ღმერთს მისთვის შვილი ზუსტად იმ დროს ეჩუქებინა, როდესაც სულიერად და მორალურად აღარაფერს წარმოადგენდა, ადამიანურ დონეზე განულებული იყო...
გონებაში ელვასავით გაუელვა სიხარულმა, გულში მოეღვენთა და მუცელში ჩაეღვარა. დედა იქნებოდა?! თუ იქნებოდა, ყველაფერს საუკეთესოს მისცემდა მის შვილს, იმას, რაც თავად აკლდა, ამაში ვერც ნიკოლოზის სიცივე შეუშლიდა ხელს, ვერც უსიყვარულოდ შექმნილი ოჯახი და ვერც საზიზღარი დიმიტრი!
მაცივრიდან გამოალაგა ყველაფერი,  რასაც ეგონა, რომ შეჭამდა - განსაკუთრებით ტკბილეული. 
-რამე ხომ არ გნებავთ? -თბილი ღიმილით შესცინა იმ ქალმა, რომელიც ამ სახლში მუშაობდა და ამდენი ხანია არ გაუცნია.
-ცხელი შოკოლადის მომზადება შეგიძლიათ? ძალიან, ძალიან ტკბილი რომ იყოს. -თვალებდაწვრილებულმა შეხედა და როდესაც წარმოიდგინა, რამდენად გემრიელი შეიძლებოდა ყოფილიყო, ნერწყვი ხმაურიანად გადააგორა ხორხში.
-დიახ, ახლავე. -მაშინვე დაფაცურდა ქალი. 
-უკაცრავად, თქვენი სახელი ჯერ კიდევ არ ვიცი, -ალაპარაკდა ლენა, თან ლანგარზე აწყობდა ტკბილეულს და აქა-იქ შემოეჭმეოდა კიდეც პატარ-პატარა ულუფები.
-მე თამილა ვარ, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
-მე ელენა, მაგრამ ლენა დამიძახეთ. აქ ყველა ელენას მეძახის. 
-როგორც გენებოთ.

***
სულ მალე ავიდა ოთახში ტკბილეულით დახუნძლული და ნიკოლოზის ლეპტოპი აიღო ფილმის საყურებლად. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ვაჟბატონს კოდი არ ჰქონდა დაყენებული და ინტერნეტშიც მარტივად შეძვრა ელენა.
ქექვა არ დაუწყია ფაილებში, თუმცა შეიძლებოდა ბევრი საინტერესო სიახლე აღმოეჩინა, არ უნდოდა ამ კაცთან რაიმე საერთო ჰქონოდა. 
ტკბილეული ფილმის ნახევრამდეც არ ეყო. დიდი ყურადღებით არც უყურებდა, სულ იმაზე ფიქრობდა, იყო თუ არა ფეხმძიმედ და კომოდის თავზე დადებული ფეხმძიმობის ტესტისკენ გაურბოდა თვალი.
როგორც კი ლორთქიფანიძე სააბაზანოდან გამოვიდა, მაშინვე შიგნით შევარდა ტესტებიანად და როდესაც ყოველი ცდა დადებით პასუხს აჩვენებდა, მიხვდა, რომ ღმერთმა ამ ქვეყნისკენ შემოაბრუნა. 
ვისაც რა უნდა ეთქვა, ან ეფიქრა, მისთვის უკვე სულ ერთი იყო. ახალი მამოძრავებელი ძალა სწორედ მაშინ გაუჩნდა, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
ნიკოლოზის რეაქცია რომ დაინახა მაშინ, უკვე აღარც იცის, უნდა უთხრას თუ არა.
ბედნიერება ისე ნელა შემოეპარა ტერფებზე, ვერც კი გაიაზრა. ჯერ გაყინულ ფეხისგულებს შეეხო, შემდეგ ნელ-ნელა წვივებზე აუძვრა და სისხლი გაუთბო. მუცელში დატრიალებულმა ქარბობალამ შინაგანად დააყრუვა და როდესაც პირველად აუჩქარდა გული იმ ფაქტის გააზრებამ, რომ მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში ისე გაიბერებოდა, რომ მის სხეულში მეორე არსებაც შეძლებდა არსებობას.
სხეულაკანკალებული და გააზრებული ბედნიერებით გამოცოცხლებული საძინებელში გავიდა.
ნიკოლოზი იქვე იჯდა და ალბათ, ელოდებოდა, როდის გამოვიდოდა ლენა.
აცრემლებულთვალებიანი და აკანკალებული გოგო რომ დაინახა, სახე შეეცვალა, ფეხზე წამოდგა გაკვირვებული.
-რა გჭირს, კარგად ხარ?! 
-ასე კარგად არასოდეს ვყოფილვარ, -გულწრფელად უპასუხა და მომჩვარული საწოლზე ჩამოჯდა.
-გილოცავ. -გვერდით ჩამოუჯდა ნიკოლოზი.
ლენას ამ სიტყვაზე ჟრუანტელმა დაუარა ტანში, ზიზღი ჩაეღვარა თვალებში. ეგონა, ნიკოლოზი დასცინოდა მის მდგომარეობას, მის კარგად ყოფნას. 
-ასეთი ცინიკოსი როგორ ხარ, ასეთი საზიზღარი.... -გაბრაზებული წამოხტა ფეხზე და გაკვირვებულ თვალებში ისეთი ზიზღით ჩააშტერდა ლორთქიფანიძეს თვალებში, რომ შეეძლოს, მოკლავდა კიდეც.
-რა გაყვირებს? დედობა მოგილოცე, წესით, შენც უნდა მოგელოცა. -ფეხზე წამოდგა ნიკოლოზიც, დაუმსახურებელმა სიტყვებმა ბრაზი აუბუყბუყეს გულში.
-შენ რა იცი? -ხმა დაუსუსტდა ლენას.
-შენზე პირველად მე მივხვდი, ფეხმძიმედ რომ იყავი. -წარბი მაღლა აზიდა ნიკოლოზმა.
-როგორ? 
-ისე იქცეოდი, უცებ გაუხეშდი, ბევრს ჭამ, სულ გეძინება... ცოტა მოიმატე კიდეც. -თვალი ჩაუკრა ნიკოლოზმა, შემდეგ კი მისკენ გაიწია და ლოყაზე აკოცა. -გილოცავ და ნუ გგონია, რომ მე არ გამიხარდა! 




აბააა? რას იტყვიიიიიიიით?

ეს ხომ არის დიდი თავი, სამაგიეროდ დაგვიანება მეპატიება :დდ <3 

მიყვარხართ და ველოდები თქვენს აზრსს

კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: lenkaloladze123
ნანახია: 1167 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
რა მომენტში შეწყვიტე. მოუთმენლად ველი <3
avatar
0 Spam
2
რამდენი ხანია ველოდები. თან ისეთ ადგილას შეწყვიტე ერთი სული მაქვს როდის გააგრძელებ. გელოდები დადე მალე გთხოვ. <3 <3 <3
avatar