პირველი ფიქრი 2 ( პირველი თავი )
07.09.2017, 22:39
მეორე ნაწილი
პირველი თავი
"შეთანხმება ქორწინებით"
* * *
ლენა მდუმარედ წამოწოლილიყო თავის საწოლზე და შორეულ ფიქრებს მისცემოდა თვალდახუჭული.
მის გონებაში ნელ-ნელა იქლიქებოდა იმ სიზმრის მონაკვეთები, რომელიც ცხოვრების საუკეთესო ნაწილად მიაჩნდა ადრე. ბედისწერის დაცინვას ამჯერად სახასიათო სიჯოუტით აღარ შეგებებია. სულ ერთი გახდა ყველაფერი. რაღაცებისთვის ზედმეტი ფუნქციების და მნიშვნელობების მინიჭებამ ლამის სიგიჟემდე მიიყვანა და გულაცრუებული სულაც არ აპირებდა რამეზე იმედის დამყარებას.
ძალიან შეიცვალა. გადაწყვიტა, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე კი არა, სხვებზეც ეზრუნა. თავის ბედნიერებას აღარ დაგიდევდათ, ამიტომაც როდესაც მამამისმა მოინახულა გამოჯანმრთელებული, საავადმყოფოდან გამოსული და ჰკითხა, რას აპირებდა მის საქმროსთან დაკავშირებით, რომ დრო აღარ იცდიდა და კაპიტალებიც ნელ-ნელა იფანტებოდა, მისთვის უჩვეულო სიმშვიდით უთხრა მამას, ისე მოვიქცევი, როგორც საჭიროდ ჩავთვლი, ჩემი ქონება არ მინდა, რომ გაიფანტოს, ამიტომ მალევე დაველაპარაკები მომავალ ქმარსა და პარტნიორსო.
ზაალს გაკვირვება ჯერ სასოწარკვეთაში, შემდეგ კი შიშში გადაეზარდა.
-მამა, შენ თუ არ გინდა, თავს თუ კარგად არ იგრძნობ... -საწოლზე ჩამოუჯდა ქალიშვილს მომლბალი მამა. ეტყობოდა, შვილის გაწირვა ენანებოდა.
-მე თავს კარგად ვგრძნობ, -მშვიდად უპასუხა ლენამ, -არ ვაპირებ უცხო კომპანიებმა წილი მხოლოდ იმიტომ მიითვისონ, რომ მე გავჭირვეულდი.
-თუკი ასეა, -თქვა შვილის სიმტკიცით აღტკინებულმა ზაალმა, - მაშ, დღეს საღამოს შვიდზე მოგვიწევს შენს მომავალ საქმროს ვეწვიოთ და თქვენი ურთიერთობა აშკარა გავხადოთ. პრესა სწორედ ამას ელოდება, ახალ და წარმოუდგენელ ამბავს. დიმიტრი ტატიშვილისთვის კი ეს ნამდვილი დარტყმა იქნება. - კმაყოფილების ცეცხლი აუელვარდა თვალებში ზაალ ლოლაძეს, ოთახიდან გასვლის წინ შვილს შუბლზე აკოცა და კმაყოფილმა დატოვა იქაურობა.
ლენასთან ნონა შევიდა, მოკრძალებით მოახსენა ეს შენი კაბა არის ამ საღამოსთვისო და უკან გასვლა დააპირა, გოგონას ხმამ რომ შეაჩერა.
-შენ გქონდა იმედი, რომ მეორედ გავიქცეოდი, არა? -ამღვრეული თვალებით მიაჩერდა დედობილს ლენა.
-სიმართლე გითხრა, მეგონა, საავადმყოფოდანვე მოკურცხლავდი, -ჩაეღიმა ნონას. -მაგრამ კარგად მოიქეცი, შენს უთავბოლო სიჯიუტეს რომ აჯობე.
-იმედი დამეკარგა, ნონა. -ცრემლები მოეძალა ლენას. -ძალიან მტკივა, რომ ის ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდა. ბედი ასე როგორ დამცინის, ნუთუ საერთოდ არ დამიმსახურებია არანაირი ბედნიერება?
-შვილო, არ მინდა, ცუდად გამიგო, -გაუღიმა შვილობილს ქალმა, - მაგრამ შენი სიჯიუტის ბრალიც ბევრია. მე არ ვამბობ, რომ მამაშენი ყველაფერში მართალია. მაგრამ მან არასწორად აგიხსნა ყველაფერი. შენი და იმ კაცის ქორწინება თავიდან ბოლომდე ფიქტიური იქნება, ის შენ არ შეგეხება. მთავარი მხოლოდ კომპანიაა, რომელსაც ფეხზე დაყენება სჭირდება, ამას კი შენი საქმროს დახმარების გარეშე ვერ შეძლებთ.
-კი მაგრამ, ამას ჩემი ცოლობის გარეშე ვერ გააკეთებდა?
-ხომ იცი, ისეთი საზოგადოება, რომელშიც შენ ტრიალებ, აუცილებლად დაიწყებს მიზეზების ქექვას. ამ დახმარებას რაღაც საბაბი უნდა გააჩნდეს, რაღაც ჩარჩო უნდა ჰქონდეს. ასე გაცილებით გამარტივდება ყველაფერი. შენს საქმროსაც სჭირდება ეს ქორწინება.
-რატომ? -წარბები შეკრა ლენამ ინტერესით.
-მარტო ვერ შველის საერთო მტერს, დიმიტრი ტატიშვილს. მათ თქვენი, ორივეს თავიდან მოცილება სურს ბაზარზე მონოპოლიის დასამყარებლად. -უთხრა და შუბლზე გადაუსვა დანაოჭებული, თუმცაღა მაინც სათუთი და რბილი თითები, რამაც ლენას მივიწყებული სინაზის გრძნობა აუბორგინა გულში.
არ სჯერა, რომ თოჯინად იქცა, რომელსაც ისე ატრიალებენ, როგორც მოესურვებათ, თუმცა თავად დანებდა. მისთვის ყველაფერმა იცვალა ფერი, დაკარგა აზრი.
* * *
ღია, ატმისფერ კაბაში ულამაზესი იყო ლენა. ხუჭუჭი თმა კეფაზე მიემაგრებინა თვლებიანი თმის სამაგრით, წინ კი რამდენიმე კულული ჩამოეყარა სახეზე. კაბის სამკუთხედი გული ხაზს უსვამდა მის გამოკვეთილ ლავიწებს, სავსე მკერდს, მადისაღმძვრელად რომ იყურებოდა არც თუ ისე ღრმა დეკოლტიდან. ვიწრო წელიც გამოკვეთოდა კაბაში და მისი სიმოკლე ფეხების სიგრძესა და სისწორეს არ მალავდა.
მაკიაჟი მსუბუქი ეკეთა, მხოლოდ შავი ფანქარი და ტუში. ტუჩებს ღია ტუჩსაცხი უმშვენებდა და შავ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე კიდევ უფრო მაღალი ჩანდა.
ელეგანტური იყო, თუმცა თვალებში გამეფებული უემოციობა მის მიმზიდველობას ოდნავ აუფერულებდა.
კომპლიმენტი რამდენჯერმე მიიღო კმაყოფილი მამისაგან მგზავრობის დროს.
მისი საქმროს სახლი იმაზე დიდი და მდიდრული აღმოჩნდა, ვიდრე იმედოვნებდა.
სამსართულიან შენობას ირგვლივ გალავანივით ერტყა მაღალი ღობე. შესასვლელი ჭიშკარი მის სიმაღლეს რამდენიმე სანტიმეტრით აღემატებოდა, რკინის იყო, შავად შეღებილი, სადა ორნამენტებით მორთული. ჭიშკრის ორივე მხარეს მცველები იდგნენ ყურსასმენებითა და მიკროფონით აღჭურვილნი, ქამარში იარაღჩაჩრილნი.
თავის დაკვრით შეატარეს ზაალი და მისი ქალიშვილი ეზოში.
თავი ფილმებში რომ სახლებია, ზუსტად იქ ეგონა ლენას. სიმდიდრე მისთვის უცხო არ იყო, მაგრამ ასეთი გემოვნებით მორთული ბაღი არასოდეს უნახავს.
მინდორი ხასხასა მწვანე იყო, სახლამდე მთავარი ბილიკი მიდიოდა, ის კიდევ იქსაქსებოდა მცირე ბილიკებად, ზოგი ყვავილების ბაღთან და იქ მდგარ თეთრ სკამ-მაგიდასთან მიდიოდა, ზოგი საცურაო აუზთან.
სახლი სამსართულიანი იყო, წითელი აგურით მოპირკეთებული. მეორე სართულზე დიდი, შავმოაჯირებიანი აივანი იყო, ათასფერი ყვავილებით მორთული, მესამე სართულზე კი ოთხი პატარ-პატარა აივანი განეთავსებინათ, ალბათ, თითოეულ საძინებელს საკუთარი ჰქონდა. ფანჯრები გრძელი იყო და სადა, ყავისფერმინიანი.
კარი მოახლემ გააღო და თავის დაკვრით მიესალმა მოსულთ.
ინტერიერი უფრო საოცარი იყო. ყველაფერი ელავდა, ირგვლივ სისუფთავის სურნელი ტრიალებდა. მარმარილოს იატაკი დარღვევების გარეშე ირეკლავდა მდიდრულ ჭაღს, პატარ-პატარა თვლებით მორთულს, მთელს დარბაზს რომ ანათებდა.
კედლები ღია ფრად შეეღებათ და ცნობილი ტილოებით დაემშვენებინათ. აღმოსავლეთის კედელი მთლიანად მინებით იყო შემდგარი და გადაწეული ფარდებიდან ჩანდა უკანა ბაღი.
-მობრძანდით, ზაალ, ელენა! - ღიმილით ჩამოვიდა კიბეებიდან მაღალი, ჭაღარაშეპარული კაცი, გვერდზე სუსტი, ამაყსახიანი ქალი მოჰყვებოდა მედიდური გამომეტყველებით.
-როგორ გიკითხოთ, ბატონო ერეკლე? ქალბატონო მირანდა, არაჩვეულებრივად გამოიყურებით. -თქვა ზაალმა მოწიწებით.
ქალმა ღიმილით დაუკრა თავი და ლენა შეათვალიერა, თანაც დაუფარავად.
თავს ძალიან დაძაბულად გრძნობდა ქალიშვილი, ეგონა, გადასაღებ მოედანზე იყო, ანდა სამეფო ოჯახში იმყოფებოდა. გარემოებოდან გამომდინარე სხვაგვარად ვერც იფიქრებდა.
-საღამომშვიდობისა, -რბილი, სახასიათო ტონით თქვა ლენამ და თავაზიანად გაიღიმა.
დემეტრე ხელზე ეამბორა ახალგაზრდა ქალიშვილს და ოთახის სიღრმისკენ გაუძღვა.
როგორც კი თეთრ დივანზე დასხდნენ, მოახლემ მაშინვე მიართვა მათ წითელი ღვინო.
-ნიკოლოზი ჯერ კიდევ კომპანიაშია. წუთი წუთზე მოვა. -გაიღიმა მირანდამ და გაიღიმა. თხელი, წითელი ტუჩები ოდნავ გაეწელა და უფრო მეტად დაუწვრილდა.
-ელენა, ახლა როგორ ხარ? -მიმართა ერეკლემ მომავალ საქმროს.
-კარგად, გმადლობთ. -გაიღიმა გოგომ.
წარმოდგენაც არა აქვს, ამ დაძაბულ გარემოში როგორ უნდა იცხოვროს. ალბათ, სულ გამოპრანჭულმა და თმადავარცხნილმა უნდა იაროს სახლშიც კი.
სწორედ ამ დროს კარზე ზარი გაისმა და მოახლეც იქვე გაჩნდა, თითქოს ჩასაფრებული იყოს.
ყველამ იქეთკენ მიაბრუნა კისერი. ლენამ, სასმისი ხელიდან რომ არ გავარდნოდა, იქვე დადგა.
გულისცემამ ჯერ კინაღამ მკერდი გამოუგლიჯა, შემდეგ ყურებში აუგუგუნდა. სისხლი მთელი ძალით ეხეთქებოდა ძარღვების კედელს. მთელი კანი უხურდა. ეგონა, შამფურზე წამოაცვეს და კოცონზე ატრიალებდნენ.
ნიკოლოზი იყო. ის ნიკოლოზი, კომაში ყოფნის დროს რომ ნახა. კინაღამ რომ შეუყვარდა. ნესტოები აუწვა სიბრაზემ. მიხვდა, ძილის დროს მისმა გონებამ ყველაფერი აურია და ისე მოაწყო, როგორც გაუხარდებოდა.
არასასიამოვნო გრძნობების თავიდან ასარიდებლად გაეღიმა.
ფიზიკურად კი ის იყო, გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა, მაგრამ ეს ნიკოლოზი ისეთი მკაცრი იყო, ისეთი ცივი... არაფერი ჰქონდა მასთან საერთო. თვალები კი უელავდა, მაგრამ სიმკაცრისაგან. წარბები შეკრული ჰქონდა, ყვრიმალები გამოკვეთილი, პირმოკუმული მედიდურად მიიწევდა აუდიტორიისაკენ.

* * *
-დიმიტრი ყველაფერს მარტივად მიხვდება, თუკი ახლავე გამოვალთ დაქორწინების განცხადებით. -მშვიდად საუბრობდა ნიკოლოზი, აუჩქარებლად.
დრო და დრო ლენას შეხედავდა თვალებში, სადაც გოგონა სიცივისა და ბრაზის მეტს ვერაფერს ხედავდა. ბოლოს ისევ ლენა აცილებდა მზერას შეძრწუნებული და ტაოდაყრილი.
-ხალხში რამდენჯერმე უნდა გამოჩნდეთ ერთად, ობიექტივიც დაგაფიქსირებთ, შემდეგ კი განცხადებას გააკეთებთ, რომ ქორწინდებით. -ხმა დაისერიოზულა ერეკლემ, ზაალიც ყველაფერში ეთანხმებოდა მას.
-დიმიტრი გამწარდება. უფრო შეგვიძულებს და გადაგვეკიდება, ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს. -თვალი გაუსწორა ლენას ნიკოლოზმა, -სახლიდან მარტო ნუ გამოხვალ, მაინც.
-თავის დაცვა შემიძლია... -ცოტა გააღიზიანა ლენა იმ ფაქტმა, რომ ვიღაცას უნდა ემალოს.
-არა, არ შეგიძლია. -ცივად ჩააჩერდა ნიკოლოზი თვალებში ლენას. -სიჯიუტე უადგილოა ახლა.
ხმა აღარ გაუღია გოგონას. მიხვდა, თავისი სიჯიუტით ყველა მათგანს აკვირვებდა მამის გამოკლებით.
-ქორწილის და თაფლობის თვის შემდეგ აქ ვიცხოვრებთ, -გააგრძელა ნიკოლოზმა მოზომილი ტონით.
ლენას გულისრევის შეგრძნება მოეძალა, თუმცა სახეზე არაფერი ეტყობოდა.
-უფრო დაცულად იქნები, ხშირად რომ გავდივარ სახლიდან. ყველაფერი რომ მოგვარდება....
-ყველაფერი რომ მოგვარდება, შემდეგ რა იქნება, მაგაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, შვილო. -თქვა ერეკლემ. -დროს წინ ნუ გავუსწრებთ.
-კომპანიის ფინანსების საქმეზე კი კაბინეტში ვისაუბროთ, ბატონო ზაალ. -ფეხზე წამოდგა ნიკოლოზი და მამასა და მომავალ სიმამრს გაუძღვა.
***
-სიმართლე გითხრა, შენს თანხმობას არ ველოდი. -თქვა მირანდამ, როცა მარტო დარჩა სარძლოსთან აივანზე და ყავის დალევა გადაწყვიტეს.
ლენას არაფერი უთქვამს, უბრალოდ გაიღიმა და აივნიდან მოავლო თვალი მთელს მწვანე ბაღს.
ამხელა სახლში ცხოვრება ძალიან ერთულება. წარმკდგენა არ აქვს, მთელი დღე აქ რა უნდა აკეთოს. ალბათ, მუშაობას დაიწყებს, სადიასახლისო საქმეებით დაკავებას მაინც არავინ აიძულებს, აქ იმდენი მოახლე ჰყავთ.
-მუშაობ სადმე, ელენა? -ფინჯანი მაგიდაზე მოათავსა მირანდამ და თითები ერთმანეთში ახლართა.
-ჯერ არა, მაგრამ ვაპირებ დაწყებას, თუ რამე არ შემიშლის ხელს. -გაუღიმა ლენამ.
-მალე გათხოვილი ქალი იქნები, ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებ. -გაფრთხილებასავით ჟღერდა მირანდას სიტყვები. -ისე, სამსახურის დაწყებას სად აპირებ?!
-ალბათ, მასწავლებელი ვიქნები. -ჟრუანტელმა დაუარა ლენას, თავის თავი ამ ამპლუაში რომ წარმოიდგინა, -ყოველთვის მინდოდა მასწავლებლობა.
-კარგი პროფესიაა, მაგრამ საკმაოდ საპასუხისმგებლო და რთული, დამღლელი. -კმაყოფილი ჩანდა სარძლოს არჩევანით მირანდა. შემფასებლურად აკვირდებოდა ლოლაძეს. -საოცარი მოდელი იქნებოდი.
-დიდი მადლობა, მაგრამ ხასიათი არ შემიწყობს ხელს. არ მიყვარს კამერებთან მუშაობა და ზოგადად არ ვარ ძლიერ დაინტერესებული მოდის სამყაროთი.
-ოჰ, ჩემი საყვარელი სფეროა!- აღმოხდა მირანდას, -დავდივარ ხოლმე ჩვენებებზე. იმედია, ჩემი შვილიშვილი მაინც დამემსგავსება მე.
შვილიშვილის ხსენებამ თან აღაშფოთა ლენა, თანაც სირცხვილი აუბორგინა. ალბათ, შესამჩნევად გაწითლდა. თუმცა შიშით არ შეშინებია. კარგად იცოდა, რასაც უმზადებდა მისი გადაწყვეტილება, და იმასაც უწყოდა, მარტივი არ იქნებოდა უსიყვარულოდ ცხოვრება.
ცივმა ჟრუანტელმა დაუარა სხეულში. იმედი აქვს, ნიკოლოზი იმდენად არაკაცი არ არის, რომ რაიმე აიძულოს.
-ვიცი, რთული იქნება უსიყვარულოდ ცხოვრება. მე ყველანაირად შევეცდები, ხელი შეგიწყო, ამით ჩემი შვილი რომ არ გავაღიზიანო. -ხმა დაუტკბა მირანდას, როცა ლენას სახეცვლილება შენიშნა.
გოგონას ოდნავ მოეშვა გულს, დედამთილის სასტიკი კერპი რომ დაიმსხვრა მირანდას თვალებში. ამდენს ნამდვილად ვერ გაუძლებდა.
ამ დროს ნიკოლოზი გამოვიდა აივანზე. წყვილი მარტო დატოვა მირანდამ.
-ხვალ მე გამოგივლი და სადმე წაგიყვან. -ცივად და მოკლედ უთხრა ნიკოლოზმა. ოდნავი თანაგრძნობაც არ იგრძნობოდა მის ხმაში.
-ოფიციალური ადგილია? -ლენამ სცადა, მკაცრად გამოსვლოდა ნათქვამი.
-არა. თაფლობის თვეზე სად გინდა წასვლა?
-რა ვიცი... ამაზე არ მიფიქრია. -მხრები აიჩეჩა ლენამ გულწრფელად.
-იფიქრე. ჩემთვის სულ ერთია. -უთხრა ნიკოლოზმა და ფეხზე წამოდგა.
ლენაც უკან გაჰყვა.
-მაინც სად მივდივართ? -ენა ვერ გაიჩუმა ლოლაძემ.
-ჩემი მეგობრების გასაცნობად. -სწრაფად უპასუხა მამაკაცმა.
რაც მეტ განსხვავებას პოულობდა ლენა რეალურ და სიზმრისეულ ნიკოლოზს შორის,მით მეტად უხაროდა.
ასე უფრო გაუმარტივდებოდა ცხოვრება....
............................

დაკარგული ქალიც დავბრუნდი!!!!
რა ამბები დავატრიალე?!
შემიფასეთ, გამიზიარეთ აზრები <3
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: lenkaloladze123 | ტეგები: undefined, ფიქრი, თავი, პირველი
ნანახია: 1119 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
like
avatar