პირველი ფიქრი -3-
01.07.2017, 22:23
მესამე თავი
არაკომფორტულად ძილმა თავისი შედეგი გამოიღო - ყველანი ძლივს დადიოდნენ, თუ ამას სიარული ერქვა. წელში გაწყვეტილი ჭიებივით იკლაკნებოდნენ, წუწუნებდნენ, ამთქნარებდნენ. საშინელ დღეში ჩაცვივდნენ იმ ქეციანი მგლების გამო. წელი ლენასაც საშინლად სტკიოდა, არაკომფორტულად ჯდომისაგან ფეხებსაც ძლივს ადგამდა, თუმცა ხმას არ იღებდა. წუწუნს ვერ იტანდა, რაც არ უნდა ცუდ სიტუაციაში ყოფილიყო.
წარმოდგენა არ აქვს ამ უღრან და შეუვალ ტყეში როგორ იჭერდა სიგნალს მთავარის ტელეფონი, მაგრამ ფაქტია, ვიღაც ისეთმა დაურეკა, რომ სახეზე ფერი შეეცვალა და მოშორებით გავიდა.
ტყეში დღისითაც ბნელოდა, ხეები იმდენად მაღალი იყო, რომ ჩრდილიც კი არ აღწევდა მიწამდე, ლენას რომ განესაზღვრა რომელი მხარით მიდიოდნენ, რომელ ქვეყანაში გადაიოდნენ. არ უკითხავს. რაღაცნაირად არ უნდოდა მისი მომავლის გაგება, აღარ იყო უკვე თავისი ცხოვრებით დაინტერესებული და ასე ინტერესდაკარგული მიჰყვებოდა დინებას, რომელიც, ღმერთმა უწყის, საით წაიყვანდა.
მთელი გზა რობაქიძის სიტყვებზე ფიქრობდა. პირველად, რამაც თავში აზრად გაუელვა ის იყო, რომ თითქოს კაცი უბოდიშებდა, მაგრამ მერე თავიდან ამოიგდო ეს დაუსაბამო ფიქრი.
ბუნდოვნად ისმოდა მთავრის დაძაბული, სერიოზული და მონოტონური ხმა. სიტყვების გარჩევა შეუძლებელი იყო, არც უცდია ლენას. არ უნდოდა მათ პირადში ზედმეტად ჩარევა და რამე ისეთის აღმოჩენა, რაც არ წაადგებოდა.
წელშიმოხრილი, ჯოხზე დაყრდნობილი აგრძელებდა აჩეჩილთმიანი ლენა გზას ტრიოსთან ერთად.
- სუნს უეჭველად აიღებენ ის მგლები, ცოტა სწრაფად თუ არ ვიარეთ. -თქვა ერთ-ერთმა და შეწუხებული სახით შეჩერდა ერთ ადგილზე.
- თუ შემჭამენ, შემჭამონ, ერთი მაგათი დედაც! მე ამდენი სიარული აღარ შემიძლია! -საცოდავად ამოიკვნესა რობაქიძემ, რომელსაც, ლენას მსგავსად, ჯოხი ეჭირა მარჯვენა ხელში და ისე დაბორძიკობდა.
- ცოტა შევისვენოთ, რა... -ლენამაც გამოთქვა სურვილი და ჩანთა მოიხსნა, იქედან ის პურის ნატეხები და ყველი ამოიღო, პირველი გაქცევის დროს რომ ჩაიყარა ჩანთაში. -დიდებულადაც ვისადილებთ...
- რა მაგარი გოგო ხარ, რომ შეგინახავს! -თქვა რობაქიძემ. თითქოს სულ დავიწყებოდა წელისტკივილი, უძილობა და მგლები.
ხუთ თანაბარ ნაწილად გაყვეს ყველაფერი. ამასობაში მთავარიც მოვიდა. ლენამ, რომელიც ბუდასავით იჯდა შეჭირხლულ ბალახზე, უღიმღამოდ ახედა.
პირველად ხედავდა ნორმალურად ამ კაცს, დღის სინათლეზე.
თმა კუპრივით შავი, ხუჭუჭი და გრძელი ჰქონდა, უკან გადაეწია და შუბლი გამოეჩინა. კანი მასაც ლენასავით ხორბლისფერი ჰქონდა, განიერი მხარ-ბეჭზე შავი მაისური გადაჭიმვოდა, რომელიც გახსნილი, წაბლისფერი ქურთუკიდან უჩანდა. მაღალი იყო. შავი, კამკამა თვლები და გრძელი წამწამები ჰქონდა, პატარა მომრგვალებული ცხვირი და მუქი ფერის, თითქმის ღვინისფერი ტუჩები და ოდნავ მოზრდილი წვერი. მუდამ კრიჭაშეკრული იყო, წარბებს არასოდეს ხსნიდა და ლაპარაკითაც იშვიათად თუ გამოიჩენდა ინიციატივას, როცა ხმას იღებდა, მაშინაც მოკლედ და ლაკონურად საუბრობდა.
გულში საკუთარ თავს ჩუმად გამოუტყდა ლენა, რომ ძალიან მიმზიდველი იყო ის მთავარი, ისევე როგორც დანარჩენი სამი მისი თანამზრახველი თუ მეგობარი.
უხმოდ გაუწოდა ყველი და პური ლენამ. ჯერ მას ჩახედა თვალებში მთავარმა, შემდეგ საკვებს დააშტერდა. ძალა გამოცლოდა, წამწამებსაც ნელა აფახულებდა, აშკარად ეტყობოდა რომ მთელი ღამე ვერ მოისვენა.
გამოართვა ხელიდან საჭმელი და ხის ძირში ჩამოჯდა. პირში არ ჩაუკარებია ლუკმა, კეფა ხის ტანისთვის მიეყრდნო და თვალებდახუჭული სუნთქავდა.
გაძეძილი მუქი წაბლისფერი თმა, რომელიც გაუხეშებოდა მოუვლელობისაგან, თასმით შეიკრა ლენამ. თვალმოუცილებლად უყურებდა მთავარს და აკვირდებოდა, ცდილობდა, მის ყოველ მიხრა-მოხრაში, წამწამსა თუ ნაკვთში სახელი მაინც ამოეკითხა.
როცა გაიაზრა, რომ ამ კაცთან ერთად მის გულზე მიყრდნობილმა მთელი ღამე გაატარა, რომ მან გადაარჩინა სიკვდილს და ახლა ამ ქვეყნიდან გაქცევაშიც ეხმარება, მუცელში ნაკვერჩხალივით ჩაუგორდა მწველი გრძნობა, კისერში მოაწვა რაღაც გაურკვეველი და სასუნთქი გზები გადაუკეტა, თვალები გამოუშრა და აეწვა. ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, სულისშემძვრელი გრძნობებისაგან რომ გათავისუფლებულიყო. გაქრნენ, თუმცა კვალი მაინც დაუტოვეს ორგანიზმში.
„არ იფიქრო მასზე, ლენა. არ იფიქრო. საზღვართან მიგიყვანს და მერე ხელს დაუქნევ, დაემშვიდობები და ვეღარასოდეს ნახავ.“ აფრთხილება გულში საკუთარ თავს თვალებდახუჭული და ღრმად სუნთქავდა.
ახსნა თავის აშლილ გრძნობებს ვერ მოუძებნა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ამდენხნიან სტრესსა და ხეტიალს დააბრალა. მთავარის ყურება კი ნამდვილ სამოთხედ ეჩვენებოდა.
ხის ძირას წამოწვა. თავი ჩანთაზე დადო და თვალები მილულა. ძილმა მალევე გაუღო მძიმე კარები და სიურეალისტურ სამყაროშიც უბილეთოდ შეატარა დაღლილ-დაქანცული გოგონა.

საშინელი სიზმარი ეზმანა.
თავის სახლში იყო, საკუთარ ოთახში საწოლზე წამოკოტრიალებული წვრილ ფეხებს ჰაერში აქანავებდა და სიამოვნებდა, როგორ ეცემოდა მზის თბილი სხივი მოშიშვლებულ კანზე. ჭერს უყურებდა და ბედნიერი იყო. შემდეგ კარზე დააკაკუნეს. მამამისი შემოვიდა და ეშმაკურად გაუღიმა. ლენას ეს გაღიმება ღვარძლიანი ეჩვენა, დაფეთებული წამოხტა ფეხზე და კედელს აეკრო დამფრთხალი.
ბედნიერება ღამის ნისლივით შემოეფანტა გულიდან. მამა უახლოვდებოდა და ღვარძლიანად უცინოდა, თან ეუბნებოდა:
-ლენკა, ჩემო ლენკა, ნუ გეშინია. მე ხომ შენთვის მხოლოდ კარგი მინდა.

შემდეგ ყველაფერს შავი შემოებურა. ვიღაცამ სახეზე ცივი წყალი დაასხა და დამფრთხალი ანაზდად წამოვარდა.
როგორც კი თვალები გაახილა სწრაფად წამოხტომის გამო მზერა დაებურა და თავბრუ დაესხა, გულისრევის შეგრძნება გაუჩნდა და აჩქარებულ გულზე სწრაფად მიიდო ხელი პულსაციის დასამშვიდებლად.
ოთხივენი ისე დაჰყურებდნენ თავს, როგორც მაშინ, პირველად... სიმწრით ჩაეცინა და ფეხზე წამოდგა.
- კარგად ხარ? - ჰკითხა რობაქიძემ და ტყეში უმისამართოდ შესულს გაეკიდა.
- კი, არ არის გამოყოლა საჭირო, დავბრუნდები ახლავე. - ნაძალადევად გაუღიმა ლენამ და ტყეში შევიდა.
მთავარი წარბშეკრული ადევნებდა გოგოს თვალს, მის წვრილ ტანს, გალუმპულ თმას, რომელიც თეძოებამდე სცემდა, გალეულ, თუმცა მაინც გაბედულ მიხრა-მოხრას. კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. ღვარძლი აუგორდა გულში, ოღონდ ვის მიმართ, თავადაც არ იცის. ალბათ, უფრო საკუთარი თავი ეძაგებოდა.

საღამომდე ისვენებდნენ, შემდეგ გააგრძელეს სვლა. დაშინებულები იყვნენ და ცდილობდნენ, ჩუმად ევლოთ. ამ ტყე-ღრეში ღამით სიარული არამარტო ნადირის, არამედ ბუნებრივი პირობების გამოც არ იყო მიზანშეწონილი. რამდენჯერმე დაუსხლტა ფეხი ლენას დაცვარულ ბალახზე და მთავარს, რომელიც მის უკან მოდიოდა, რომ არ დაეჭირა, დიდი ხნის წინ გადაიჩეხებოდა ხრამში.
ყოველ ერთ საათში ისვენებდნენ. მგლებს და დათვებს სასწაულის ძალით გადაურჩნენ. ერთი პატარა ღელეც გადალახეს და ექვსსაათიანი სიარულის შემდეგ მზემაც დაიწყო ამოსვლა.
- სამხრეთით რატომ მივდივართ? -იკითხა გაოცებულმა, როცა ამომავალი მზე დაინახა. მთელი ეს დრო ეგონა, რომ ჩრდილოეთით მიდიოდნენ.
ყველანი შედგნენ. არ ელოდნენ მისგან ამ კითხვას. ოთხეულს მთავარი გამოეყო სერიოზული სახით. წინ ძალიან ახლოს დაუდგა ლენას, რომელსაც რაღაც ეჭვები გაუჩნდა.
- იმიტომ, რომ სხვა ქვეყნის საზღვარი სამხრეთით არის, გენიოსო. და შენ რა გგონია, მავთულხლართს გადაახტები და იქ მორჩება საზღვრის გადალახვის ცერემონიალი? არ გინდა ცოცხალი გადარჩე? ზედმეტ კითხვებს მოეშვი, ან არადა, მარტო გააგრძელე სვლა.
- უკაცრავად? კითხვების დასმის უფლებაც აღარა მაქვს? -დოინჯი შემოირტყა ლენამ და დაწვრილებული თვალებით ჩააჩერდა მთავარს კამკამა შავ თვალებში, რომელიც ისე მეკობრული და სატანური აღარ ეჩვენებოდა.
- მემგონი, გაიგე, რაც გაინტერესებდა. ახლა ან გზას გააგრძელებ ჩვენთან ერთად, ან სადაც გინდა იქ წახვალ.
პასუხს არც დალოდებია მთავარი, ისე გაბრუნდა და გააგრძელა გზა. ბოღმა და ბრაზი ყელში მოაწვა ლენას. ისეთი არაფერი უკითხავს, რომ მსგავსი მკაცრი პასუხი დაემსახურებინა. ჯავრის ამოსაყრელად მიწაზე მაგრად ააბაკუნა ფეხები, ხმადაბლა, პირმოკუმულმა დაიზმუვლა და გზა განაგრძო.
- დავიღალე, რა, დავისვენოთ. -აწუწუნდა რობაქიძე, რომელიც ფეხებს ძლივს მიითრევდა.
- საჭმელი აღარა გვაქვს, რა უნდა ვქნათ, შიმშილით ხომ არ მოვკვდებით? -თქვა ერთ-ერთმა, რომელსაც სახელი გონებაში ჯერაც ვერ შეურჩია ლენამ.
- მე წავალ, სოკოს გარჩევა კარგად ვიცი, -თქვა ლენამ და ფეხზე წამოხტა.
ნამდვილად არ ხიბლავდა მთავართან ახლოს ყოფნის პერსპექტივა. ამჩნევდა, დიდად რომ არ მოსდიოდა თვალში იმ კაცს და არც ცდილობდა ზედმეტად გაჩხეროდა თვალში.
- წამოდი. -გაგუდული ხმით უთხრა მთავარმა და წინ გაუძღვა.
ვერაფერი გაიგო ლენამ, ხან ჭრის ეს კაცი, ხანაც კერავს. ზოგჯერ ისე უყურებს, თავი სისხლის სამართლის საქმეში ჰგონია დამნაშავე, ზოგჯერ საერთოდ არ უყურებს, ან რომ უყურებს სრულიად უემოციოდ, უშინაარსოდ, თითქოს ადამიანი კი არა ფიტული იყოს.
- წითელ ხალიჩას ელოდები? -რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ შეწუხებული სახით მობრუნდა.
ლენა მხრები აიჩეჩა. მართალია, ტყეში ამ უცნაურ კაცთან ერთად ბოდიალს, იქ ძილი ერჩია, თუმცა კუჭი შიმშილისაგან უხმებოდა და სანამ მიწის ჭამას დაიწყებდნენ, მანამ უნდა ეშოვათ რაიმე გამოსადეგი.

უკან გაჰყვა და ორივენი მარტო შევიდნენ ტყეში, სადაც ფოთლების შრიალის და ჩიტების შორეული ჟღურტული მეტი არაფერი ისმოდა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: lenkaloladze123
ნანახია: 1311 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
avatar
1 Spam
1
აუ რობაქიძის გარდა არცერთი მომწონს :D
რა მუდოები არიან.
ლენა... აუღებელი ციხესიმაგრეა.
როგორ მინდა მალე გავიგო რა მოხდა :D
არ მეყო ეს მოცუცქნული თავი მე
avatar
0 Spam
2
მადლობა,რომ კითხულობ 3o 3o 3o 3o ცოტაც მოითიმენე და ... :D
avatar
1
3
რაც ყველაზე მეტად მომწონს, წერის სტილია.
დეტალურად წერ, მაგრამ არც ისე რომ წაკითხვა დაგეზაროს, პირიქით გსიამოვნებს.
თავიდან ჯონიკო არ მომეწონა პერსონაჟად, მაგრამ აღწერა რომ წავიკითხე, ფოტოსთვის სულ არ შემიხედავს, ისე წარმოვიდგინე სნოუ!
ლენა ზუსტად არის შერჩეული და ახლა ჯონიკოც მომწონს!
ისტორიაში კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი, წერასთან ერთად, სწორად შერჩეული პერსონაჟებია.
ხო, რაც შეეხება დანარჩენს. ძაააააალიან მაინტერესებს რა ხდება, ლენა რატომ გამოიქცა, ან ამ ბიჭებმა რა გააკეთეს. ბიჭებზე რაღაც ჩემი აზრები მაქვს, მაგრამ აი ლენაზე არა.
ის უფრო მომწონს, ასე საინტერესოდ და გაურკვევლად რომ მიდის სიტუაცია.
დაააა ინტერესი მკლამმმს, რა იქნება შემდეგ თავებში!! _3
avatar
0 Spam
4
ვაიმეე, ძალიან,ძალიან დიდი მადლობაა 3o 3o 3o bb bb bb bb
მიხარია, რო მოგწონსს
დავეცდები, ბოლომდე გავამართლო თქვენი იმედები! happy happy
avatar