პირველი ფიქრი -4-
02.07.2017, 21:01
მეოთხე თავი
გრძელი მაიკა წინ ჩანთასავით გაეკეთებინა ლენას და შიგ მოგროვებულ სოკობს ყრიდა. ცხვირი აუმყრალა მათმა სუნმა, გულზეც მოეძაგა, მშიერ კუჭზე მხოლოდ სოკოს ყნოსვა.
მთავარი ხმას არ იღებდა. ბუჩქებში ისიც ლენასავით ფათურობდა, თუმცა რასაც პოულობდა ყველაფერი საჭმელად უვარგისი იყო. ისე მოსაწყენი ეჩვენებოდა გოგოს ასე ტყეში უხმოდ ხეტიალი, რომ თავისთვის ალაპარაკდა.
- სოკოს ცნობა ბებიაჩემმა მასწავლა. სოფელში რომ ჩავდიოდი ზაფხულობით, სულ თან დავყავდი. ჭამა იმდენად არ მიყვარდა, რამდენადაც მათი პოვნა. საოცარი გრძნობაა. ალბათ, კოლუმბიც ამას გრძნობდა ამერიკა რომ აღმოაჩინა.
- საოცარი შედარებაა, -ცინიკურად ჩაიცინა მთავარმა.
- კიდევ კარგი ხმა ამოიღე, თორემ მუნჯი მეგონე უკვე. -უდარდელად შეეპასუხა ლენა და კიდევ ერთი სოკო ჩაიგდო „ჩანთაში“.
საპასუხოდ პირი გააღო მთავარმა, რომ გოგონას უკან მზერა გაუშტერდა, შემდეგ კი ისევ ლენას შეხედა, ხელი გაუწოდა და უთხრა:
- ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდი, ყოველგვარი პანიკის გარეშე და ჩემს უკან დადექი. არ მკითხო, რატომ. უბრალოდ, თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებია, რასაც გეუბნები ის გააკეთე.
თვალებში უყურებდა სახტად დარჩენილ, გაოგნებულ გოგონას, რომელმაც თანდაყოლილი სიამაყე არ გამოიჩინა და დაემორჩილა მთავრის სიტყვებს.
ნელი, აკანკალებული ნაბიჯებით მიუახლოვდა და მის უკან დადგა. თვალები გაოგნებისგან შუბლზე აუვიდა, როცა პატარა დათვის ბელი შენიშნა კენკრის ბუჩქთან. დაფეთებულმა დაუფიქრებლად ჩასჭიდა მარჯვენა მაჯაზე ხელი და უკან მოქაჩა.
- გავიქცეთ, უნდა გავიქცეთ, სანამ დედამისი მოსულა. -თქვა აკანკალებული, წახდენილი ხმით.
- ნუ ბევრს ნუ ლაპარაკობ, -თავი ოდნავ გადახარა მისკენ მთავარმა, შემდეგ ნელი ნაბიჯებით დაიწყო უკუსვლა.
მთელი სხეულით ეფარებოდა ლენას. დათვის ბელი აზრზე არ იყო, ორი დაუპატიჟებელი სტუმარი რომ ცდილობდა მისგან გაქცევას. გვარიანად რომ მოსცილდნენ ნაბიჯს აუჩქარეს, მთავარმა იარაღი გადატენა.
შორიდან წყლის შხუილი შემოესმა ლენას, საკუთარი ოფლის სუნი ახრჩობდა, მესამე დღე იყო, არ ებანავა და ეგონა ტალახში ამოვლებულ ქანდაკებას თუ ჰგავდა.
ხმას მიჰყვა და პატარა მდინარე შენიშნა, ოდნავ მაღალი ფერდობიდან დაშვებისას წრიულ, დაახლოებით ათი მეტრის დიამეტრის მწვანე გუბურას ქმნიდა, ამ გუბურიდან წყალი ორი სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდა.
წყალი ისეთი კამკამა იყო, რომ თითოეული კენჭი ჩანდა ახლოს მისვლისას. ალაგ-ალაგ პაწია თევზები დაცურავდნენ, თუმცა მათი შენიშვნა რთული იყო.
- არ მითხრა, რომ აქ ბანაობას აპირებ. -იჭვნეულად შეხედა მთავარმა ლენას, რომელიც უკვე ქურთუკს იხდიდა. -რა დაბალი ტემპერატურაა, ვერ გრძნობ? შეიძლება გაცივდე და მოკვდე.
- გმადლობ გაფრთხილებისათვის, მაგრამ ახლა რომ არ ვიბანაო, მაინც მოვკვდები.
სუფთა წყლის ნახვამ იმდენად ააფორიაქა და გაახარა, იგრძნო, მკერდში როგორ ძალუმად აუფეთქდა გული. თითქოს გასუფთავების, წყლით გაწმენდა მის გათავისუფლებას მოასწავლებდა, თითქოს თუ მტვერს ჩამოირეცხავდა, ყველაფერი შეიცვლებოდა.
ქურთუკს მაისურიც მიაყოლა, ფეხსაცმელიც და შარვალიც. მხოლოდ გრძელი ზედის ამარა იყო, რომელიც ძლივს უფარავდა იმ ადგილებს, რომელიც არ უნდა გამოჩენოდა.
თითი ჩაყო წყალში, ყინულივით ცივი არ იყო, რადგან მზე ეცემოდა გუბურას, თუმცა არც გრილი ეთქმოდა. ჯერ ტერფები ჩადგა, რომ შეგუებოდა ტემპერატურას. უკან მოიხედა და შენიშნა, როგორ უყურებდა მთავარი, წარბების აზიდვით ჰკითხა - რას აპირებდა, თუმცა კაცმა უემოციოდ მოაცილა მზერა.
მუხლებამდე წყალში შევიდა, შემდეგ მკერდამდე და დაბალ ჩანჩქერთანაც მიცურდა. სიგრილემ, გასუფთავებამ კისკისი მოჰგვარა. იგრძნო, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი ბედნიერი არასოდეს ყოფილა.
პატარა ბავშვივით ჭყუმპალაობდა წყალში, ხელ-ფეხს იქნევდა.
- ჰერკულეს, შენ არ ჩამოხვალ? იცი, რა მაგარი წყალია? ჩამო, ჩამო, გახალისდები.
„ჰერკულესი“ საიდან მოიტანა აზრზეც არ არის. უბრალოდ რამე ხომ უნდა დაუძახოს? სწორედ ამიტომ მისი აღნაგობიდან გამომდინარე ჰერკულესი ზედგამოჭრილი სახელია.
ერთ ადგილზე იყო ლენა შემდგარი, წყალი წელს ზემოთ სწვდებოდა, გულ-მკერდს პეშვებით აღებული წვეთებით ისველებდა.
- სულ გალურჯდი, აღარ ამოდიხარ? -ფეხზე მობეზრებული სახით წამოდგა ჰერკულესი.
- არა, ცოტა ხანს კიდევ უნდა ვიცურაო. არ დამიჯერებ, მაგრამ მაინც გეტყვი, რომ ასეთი ბედნიერი, დიდი ხანია, არ ვყოფილვარ.
- რა პატარა ბავშვივით იქცევი? -ძალიან კი ცდილობდა ჰერკულესი, მაგრამ ღიმილის შეკავება მაინც ვერ შეძლო. ოდნავ აეზნიქა ტუჩის კუთხეები.
- ვა, რა მაგარი ღიმილი გაქვს? -ეშმაკურად აათამაშა წარბები ლენამ, -ეგრე რომ გაგეღიმა პირველად, ვინ იცის, იქნებ, შემყვარებოდი კიდეც? მერე მე გავხდებოდი ტერორისტის გიჟი ცოლი, გაგიჩენდი ბავშვებს და ასე საინტერესოდ გავატარებდით ცხოვრებას პოლიციისგან მალვაში. ჰა, ხომ საინტერესოა? ისე, დაფიქრდი მაინც. ცუდი გოგო არც მე არ ვარ. არ შევეფერები შენს გემოვნებას?
- მგონი უკვე სიცხე გაქვს. -თვალები მობეზრებით გადაატრიალა ჰერკულესმა. -ამოდი, სწრაფად! მოვკვდი შიმშილით.
- ანუ შენც ქერა გოგონები მოგწონს? ყველა კაცს ქერა გოგო მოსწონს. რა უბედურებაა, მულატებს სულ აღარა გვაქვს შანსი. -სისულელეების როშვით ამოვიდა მდინარიდან, მთლიანად, თაგვივით გაწუწული. -მაისური უნდა გავიძრო და გაიხედე.
- რა აზრი აქვს, რომ გაცვია, მაინც ყველაფერი გიჩანს. -კვლავ უდარდელად გასცა პასუხი ჰერკულესმა.
- პირსახოცი ხომ არ წამოგიღია, შემთხვევით?
- უბრალოდ ლაპარაკი გინდა თუ ეგეთი სულელური კითხვები სერიოზულად მოგდის თავში? -თვალები დააწვრილა ჰერკულესმა და მაისური მიაწოდა.
- ლაპარაკი მინდა. თვეებია, ყრუ-მუნჯივით დავდივარ წინ და უკან. თან წყალმა გამახალისა. -ყბები უწაკწაკებდა და ძლივს გასცა პასუხი.
- მემგონი, მართლა ცუდად ხარ. -წარბშეკრულმა მიადო შუბლზე ხელი და თავადაც გაუკვირდა ასე უცებ სიცხემ როგორ აუწია. საშინლად იწვოდა, თვალებიც ელულებოდა. -უნდა დაგეჯერებინა, რა, რომ გითხარი!
სწრაფად გააძრო სველი მაისური და მშრალით ტანი გაუმშრალა. სიცხისგან ლოყებაღაჟღაჟებული ლენა მომჩვარული, დამბლადაცემულივით იდგა მხრებჩამოყრილი და ნებიერი სახით უფლებას აძლევდა ამ უცხო კაცს გაემშრალებინა.
მთელი სხეული დაჭიმვოდა ჰერკულესს, ყბები და ყვრიმალები გამოკვეთოდა, ისე მაგრად აჭერდა ერთმანეთს კბილებს.
- ჩემით.. ჩემით გავიმშრალებ... -ამოღერღა ბოლოს თავბრუდახვეულმა ლენამ. მაისური ხელიდან გამოართვა.
- ჩემს ქურთუკს დაგიტოვებ, -უთხრა ჰერკულესმა და სახეზე დაეტყო, ძალიანაც ესიამოვნა, ლენას რომ უნდა გასცლოდა.
- ჰო, მადლობა... -უთხრა დაბნეული ხმით ლენამ.

* * *
ბედზე ერთ სოფელს მიადგნენ მთელი დღის სიარულის შემდეგ. ცუდ დღეში ჩაცვივდნენ ლენას გაცივების გამო. გოგოს იმხელა სიცხე ჰქონდა, უკვე ბოდავდა და ათას სისულელეს როშავდა. ხელში აყვანილი მიჰყავდა ჰერკულესს. დაღლა მასაც თვალებზე ეტყობოდა, თუმცა ლენას ნაბოდვარით ყველანი ხალისდებოდნენ.
პირველივე ორსართულიან აგურით ნაგებ სახლს მიადგნენ, პირველ სართულზე სინათლე ენთო და ძახილზე მაშინვე გამოვიდა მასპინძელი. როდესაც ასეთ დღეში ჩაცვენილი სტუმრები დაინახა, მაშინვე შეიყვანა შინ.
ჰერკულესმა მანქანის გაფუჭება მოიმიზეზა.
- მას შემდეგ ფეხით მოვდივართ, რომ დასახლებული პუნქტისათვის მოგვეგნო.
- ჰო, მის ცოლს სიცხემ მისცა. არ ვიცი, რით გადავარჩინოთ. -დამწუხრებული ხმით ჩაერთო საუბარში რობაქიძემ.
დანარჩენმა ორმა გაკვირვებით შეხედა ჰერკულესს, რომელიც არანაკლებ გაოგნებული იყო, თუმცა არაფერი უთქვამს.
- ახლავე მოვუვლით შენს ცოლს, არაფერზე იდარდო! -დიასახლისი სწრაფად დაფაცურდა.
იმ ოთახში სადაც ლენა იწვა , და რომელიც რეალურად მისთვის და ჰერკულესისთვის იყო განკუთვნილი, ცეცხლი დაანთეს, ძმრიანი წინდები ჩააცვეს, სველი საფენები დაადეს შუბლზე.
რამდენიმესაათიანი ძილის შემდეგ, რაღაც ნაყენიც დაალევინა დიასახლისმა, როცა გამოფხიზლდა.
ხუჭუჭა, შავი, გრუზა თმა მთელს ბალიშზე მოფენილიყო, ლოყები აღაჟღაჟებული ჰქონდა, ტუჩები გაღუებული, თვალები ძილისაგან დაწვრილებული. მის ოთახში მხოლოდ ჰერკულესი იყო, საწოლის „თავის“ მხარეზე წამოწოლილი.
- სიზმარში ვარ? უკვე სადმე ჩავედით და ვერ გავიგე? -ჩახრეწილი ხმით დაიწყო კითხვების დასმა ლენამ.
- არსად არ ჩავსულვართ შენი თავგასულობის გამო. არ მკითხავ არაფერს. ჩუმად იწვები და ხმას არ ამოიღებ, თორემ ფანჯრიდან გაფრინდები. -მკაცრად ამოთქვა ჰერკულესმა, აშკარად გაღიზიანებული ჩანდა, თუმცა გოგონას სულ არ აინტერესებდა მისი განწყობა, მანამ არ მოასვენებდა, სანამ არ გამოკითხავდა ყველაფერს.
-აქ რამდენი ხნით დავრჩებით? - ჰკითხა ლენამ მთავარს ჩახრეწილი ხმით.
ბოლომდე გამოჯანმრთელებული ჯერ კიდევ არ იყო, სასუნთქი გზები საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა, კი არ სუნთქავდა - ხროტინებდა, თვალებიდან ცრემლები მგლოვიარე ქალივით სცვიოდა, თუმცა ენას მაინც არ აჩუმებდა.
მთავარი არაფრის თქმას არ აპირებდა. ზურგშექცევით იწვა და მშვიდად სუნთქავდა, სულ არ ანაღვლებდა ის გოგო მის ცოლად რომ მონათლეს.
-როცა გამოკეთდები, მაშინ წავალთ. - მოუჭრა მოკლედ.
-ამდენი ხნით რომ შეგაფერხეთ, პრობლემები არ შეგექმნებათ?
-იქნებ გაჩუმდე? ისედაც ძლივს ლაპარაკობ! - მიუგდო უხეშად მთავარმა და მისკენ გადატრიალდა გაღიზიანებული სახით, ნათლად რომ ეწერა მისი გაჩუმების წყურვილი აქამდე მშვიდ ნაკვთებზე. - რძეს დალევ?
-დიდი სიამოვნებით. -გამომშრალ და გახეხილ ყელში სითხის გამოვლებამ მოხიბლა ლენა. თან, რახანია, რძე არ დაულევია.
დეიდა ნონა სულ ალევინებდა საუზმეზე, ისე არაფრით გაუშვებდა სადმე. სიჯანსაღე ამის გამო სახეზეც ეტყობოდა, ტანზეც და კანის ფერზეც, ახლა გაჩაჩანაკებული თაგვივით გამოიყურება, მიტკლის ფერი ადევს და ძვლები ტანზე აქვს ამობურცული.
ოდნავ მომჯობინდა, ლოყებიც შეეფაკლა და ტუჩებიც ძველებურად დაებრაწა, თუმცა უჭმელობამ, წინ და უკან წოწიალმა დაუკარგა ძველი მომხიბვლელობა.
ცხელი რძით ხელში შემოვიდა ჰერკულესი. საწოლზე წამოჯდა ლენა, გემრიელად მოსვა რძე და გამომშრალ ყელში სითხე რომ ჩაეღვარა, სიამოვნებისგან ჩაეღიმა თვალდახუჭულს. ჰერკულესი იქვე იდგა, თავზე დაჰყურებდა. შემდეგ ჭიქა გამოართვა და კომოდზე დადგა, თავისი უშველებელი ტორი გაბედულად მიადო შუბლზე.
- აღარ გაქვს სიცხე. -უთხრა კმაყოფილებით სავსემ, -ამაღამ აქ დავრჩებით და ხვალ გზას გავაგრძელებთ.
ღამე იყო ისეთი უკუნი, როგორიც მთებში ჩვევია. ღრუბლების სქელი ფენა ებურა ღამის ცას. არც ვარსკვლავები ამჩნდა, არც მთვარე. გადაწეული ფარდიდან ოთახში მხოლოდ სიბნელე აღწევდა. ხის ფეჩიდან ისმოდა შეშის ტკაცუნი, ნაპრალებიდან პატარ-პატარა სინათლე გამოსჭვიოდა და გრძლად ეცემოდა ხის შეუღებავ იატაკს.
ლენას არ ეძინა. ბალიშს ებღაუჭებოდა ხელებით და იატაკზე დაცემულ სინათლეს მიშტერებოდა. ფიქრობდა წარსულზე, რომელმაც უამრავი უცხო ადამიანის ოჯახში შეიყვანა, რომელმაც იმდენი მოუშუშებელი მენტალური ტკივილი მიაყენა, რომელმაც დააკარგვინა ის ფუნდამენტალური იმედებიც კი, რომლითაც ყველა ჩვეულებრივმა ადამიანმა უნდა იარსებოს.
წევს სრულიად უცხო ტერორისტის გვერდით, მის საბანს ინაწილებს, არ იცის, სიმართლეა თუ მისი წარმოსახვის ნაწილი, მაგრამ ჰგონია, რომ მის ველურ სუნსაც გრძნობს. სურნელი, რომელიც ძალიან ჰგავს ტყისას, ცხვირს უწვავს.
ჰერკულესისკენ გადატრიალდა. მარჯვენა გვერდზე იწვა კაცი, ამიტომ მხოლოდ მის განიერ მხრებს და სქელ კისერზე დაყრილ შავ კულულებს ამჩნევდა, ნათლად ხედავდა, როგორ უფეთქავდა არტერია, როგორ ებურცებოდა მონოტონურად. ფეჩიდან წამოსული წითელი სინათლე ხორბლისფერ კანზე ეცემოდა და საოცრად უცხო ელფერს წარმოქმნიდა.
-ნეტავ, როდის გავაღწევ ამ ქვეყნიდან, -თქვა ჩურჩულით ლენამ და ზურგზე დაწვა, კვადრატულ ჭერს მიაშტერდა, ზუსტად ცენტრში გრძელ დენის მავთულზე ნათურა რომ ჩამოკონწიალებულიყო, - გადავალ სხვა ქვეყანაში, დავიწყებ ახალ ცხოვრებას, იქ არავის ეცოდინება, ვინ ჯანდაბაა ლენა ლოლაძე, ვინ რა დაუშავა მას, რატომ ატკინეს გული... მშვიდად ვიცხოვრებ ტურისტივით ვიხეტიალებ უცხო სოფლებში და სხვა ქვეყანაში დავლევ სულს. მართალია, რომ მოვკვდები, ჩემს სამშობლოში ვერ დამმარხავენ, მაგრამ მიწა ყველგან მიწაა, მიცვალებულის დამარხვა ყველგან შეიძლება, მე კი არავის მოვენატრები. ან... შეიძლება, მოვენატრო ვინმეს , ნონა დეიდას, ან ჩემს ძაღლს, როლიკას... შეიძლება, მამაჩემსაც გავახსენდე, მაგრამ არ მოვენატრო. ალბათ, ვერასოდეს ჩამოიბანს იმ ტალახს, ჩემი წამოსვლით რომ მოეცხო მის ნამუსს. ასე ჯობს. მაინც არავის ვყვარებივარ იმდენად, ჩემი დარჩენა რომ გამოესყიდათ. თუმცა მე მაინც მომენატრა ჩემი ბიბლიოთეკა, ის ჩაის სახლი, სადაც უნივერსიტეტიდან წამოსვლის შემდეგ შევდიოდი. მომენატრა სახლიდან გაქცევა, სადმე ახლო-მახლო დამალვა და მცველების დაცინვა, ამხელა კაცები დაფეთებული სახეებით რომ მეძებდნენ და ვინმეს ნება რომ მიეცა, ალბათ, მომახრჩობდნენ კიდეც. მომენატრა ნონას შოკოლადიანი ბლინები და... თურმე ყველაფერი მომენატრა, რაც გულს არ მტკენდა. მაგრამ მამაჩემი და ჩემი მეგობარი? არა, მათი ხსენებაც არ მინდა. ადამიანებში იშვიათად მიმართლებს. დედა რომ ცოცხალი ყოფილიყო.... ეხ... დედი, შენც მაგრად მენატრები, მაგრამ მორიგი გულუბრყვილო ქალი იყავი, ვისაც ეგონა, რომ ქალის სიყვარულს კაცის შეცვლა შეუძლია.... მამაჩემი ტირანია....
- რას ყბედობ, გენიოსო?- ამოიბუზღუნა ჰერკულესმა, გოგოსკენ გადატრიალდა და თვალები მოისრისა. აშკარა უკმაყოფილება ეხატა სახეზე, რომ გააღვიძეს.
- ჩემს ბედნიერ წარსულს ვიხსენებ. -ირონიულად ამოიქირქილა გოგომ და მის სახეს მიაშტერდა. -ძაღლის ბედი მაქვს, ჰერკულეს, ძაღლის. ადამიანებში რომ არ გაგიმართლებს, ჩათვალე, მთელი ცხოვრების მარტოობაში და იმედგაცრუებაში გატარება მოგიწევს. ცოცხალი მაგალითი ვარ, ცოცხალი!
- ხოდა, ხომ გარბიხარ ახლა? რაღატომ წუწუნებ?
-ვწუწუნებ?- სიმწრით ჩაეცინა ლენას, -შენ არ გესმის, რას ნიშნავს მარტოობა, გვერდით ის ადამიანები გყავს, ვისაც სიცოცხლეს ანდობ. კი არ ვწუწუნებ, კითხვაზე გპასუხობ. არ იცი, არ გესმის, ამიტომ ნუ გამოგაქვს არასწორი დასკვნები. ხომ არ გაინტერესებდა ჩემი ამბავი, ამიტომ ტვინს ნუღარ დაიტვირთავ მაგაზე ფიქრით!
-ნუ გგონია, შენს წარსულზე და უბადრუკ ბედზე ფიქრით ღამეებს ვათევდე, მომეცი დაძინების საშუალება და ნუ ბუზღუნებ! -უხეშად მიუგდო ჰერკულესმა და გვერდი აქცია კვლავ.
ღრმად ამოიხვნეშა ლენამ. მიხვდა, ამ ადამიანთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. მას არ ესმოდა იმის ნახევარიც კი, რასაც თავად განიცდიდა ან გადაიტანა. სხვის ცხოვრებას ყოველთვის მარტივად უყურებენ, ჰგონიათ, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, დაშვებული შეცდომები კი სასაცილოდაც არ ყოფნით მაშინ, როცა საკუთარ ცხოვრებას ვერც უმკლავდებიან.

ძალიან,ძალიან დიდი მადლობა ასეთი ტკბილი შეფასებებისა და სიტყვებისათვის .... <3
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: lenkaloladze123
ნანახია: 1299 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
avatar
1
1
მართალია სიმართლე ვერ გავიგე, მაგრამ მაინც ძალიან კარგი თავი იყო!
მომეწონა ჰერკულესის და ლენას მომენტები.
ველოდები შემდეგს bb
avatar
0 Spam
2
სულ ცოტა დარჩა სიმართლემდე 3o bb
მადლობა!!!! B)
avatar
1 Spam
3
bb 3o bb 3o dzalian ucxo da sasiamovno wasakiTxia
avatar
0 Spam
4
დიდი მადლობა 3o 3o 3o
avatar