პირველი ფიქრი -6-
04.07.2017, 21:44
მეექვსე თავი

***
საწოლში ვერაფრით მოისვენა. მიუხედავად იმისა, რომ ახალ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად და ნიკოლოზიც თვალ-ყურს ადევნებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, გულს უჭამდა იმაზე ფიქრი, რომ ასე მოატყუეს.
მისი ცხოვრების ის დრო, როდესაც იმედი თავიდან იწყებდა ჩასახვას მის გულსა და სულში, ფუჭი და ტყუილი აღმოჩნდა. საერთოდ ვეღარ მალავს, რომ გული ყველაფერზე აუცრუვდა, აღარაფერი ადარდებს ამქვეყნად. ყველაფერი დაკარგა, რისთვისაც ღირდა ცხოვრება - დედა, მეგობრები, საყვარელი ადამიანები.
ვინღა დარჩა? მამა, რომელსაც სულ ფეხებზე ჰკიდია, სად წავა, რას გააკეთებს, მთავარია, არ შეარცხვინოს და ხალხში თავი ინტელიგენტად მოაჩვენოს?
საწოლიდან მოკლე, ატლასის საღამურისამარა წამოდგა. გრძელი თმას კოსად მოუყარა თავი და კეფაზე დაისკუპა. რამდენიმე კულული მაინც ჩამოშლოდა კისერთან და სასიამოვნოდ უღუტუნებდა სიარულის დროს.
ზაალი ნიკოლოზს უფრო ენდობოდა, ვიდრე საკუთარ შვილს. ლორთქიფანიძე, სადაც არ უნდა წასულიყო ლენა, ყველგან დაჰყვებოდა. იქნებ ამიტომაც იყო, გოგო რომ არხეინად დადიოდა იქეთ-აქეთ? იცოდა, ზურგს ვიღაც უმაგრდებდა...
- არა, არა! იმ მაიმუნის გამო არ ვაპირებ, ნდობა გამიჩნდეს ვინმეს მიმართ. ვისაც ვენდე, ღალატის გარდა, არაფრით გადაუხდიათ სამაგიერო. რა მინდა, მაინც და მაინც, მომკლან? საკუთარი თავის პატივისცემაც, რომელიც ერთადერთია, რაც შემრჩა, დამაკარგინონ?
საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და აგვისტოს სიცხისაგან გაგუდულ სახლში ფეხშიშველი დააბოტებდა. მაცივარი რამდენჯერმე გამოაღო იმ იმედით, რომ რამის შესანსვლა მოუნდებოდა, თუმცა უემოციოდ დახურა კარები ყოველ ჯერზე.
სინათლე აანთო სასტუმრო ოთახში. ცისფერ დივანზე ფეხმორთხმით ჩამოჯდა და ჭაღს მიაშტერდა. მხედველობა მანამ არ მოუცილებია, სანამ თვალები არ ასტკივდა.
შემდეგ ფეხზე წამოხტა, გაახსენდა, სასმელი რომ აჩუქა მეზობელმა ახალსახლობის მისალოცად. გამოიღო, თავი მოხსნა და ჭიქის გარეშე მიიწება ტუჩებზე.
დივანზე იჯდა. პატარ-პატარა ყლუპებით სვამდა. ხვდებოდა, ამქვეყნიერების საბურველი როგორ უცურდებოდა მხრებიდან და ელულებოდა თვალები. ოდნავ ჩაყვინთა და მალე, ალბათ, სიზმრების საუფლოშიც შეცურდებოდა, კარზე კაკუნ-ჯახუნი რომ არ აეტეხათ.
შეშინებული წამოხტა ფეხზე და ტელეფონი ხელში მოიმარჯვა, რამე რომ მომხდარიყო, ნიკოლოზს დაურეკავდა. ეს რომ გაიფიქრა, საკუთარი თავი დატუქსა.
-არავის დაცვაც არ მჭირდება! -ამოილუღლუღა დამთვრალმა და შემოსასვლელში ჩამოკიდებული ჭრელა-ჭრულა ქოლგა იარაღივით მოიმარჯვა.
კარი გამოაღო და აქოშინებული ნიკოლოზი შერჩა ხელში.
-რა იყო, ფისი გინდა? -ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე და ქოლგა დაუდევრად მიაგდო კუთხეში.
არ აღიარებდა, თუმცა შიში მოეხსნა. უემოციოდ გაბრუნდა და ბანცალ-ბანცალით წავიდა მისაღებისკენ.
-რატომ არ გძინავს? -დაუკითხავად, თამამი ნაბიჯებით შეაბიჯა ბინაში ჰერკულესმა და კარი ჩაკეტა.
დაღლილი ხმა და სახე ჰქონდა.
-მთვრალი ხარ? -მარჯვენა მხრით თაღის ძგიდეს მიეყრდნო ნიკოლოზი, ერთმანეთისგან რომ ყოფდა კოლიდორსა და მისაღებს.
ლენა დივანზე წამოწვა, ფეხები სახელურზე შემოაწყო. მოკლე ატლასის პერანგი ქვემოთ უცურავდა, რამდენჯერმე აიწია, თუმცა ერთ ადგილზე რომ ვერ გააჩერა, მობეზრებული შეეშვა.
-კი, მაგრამ საკმარისად - არა. -უპასუხა რამდენიმე წუთის შემდეგ.
-საკმარისად დათრობა რას ნიშნავს, მეზობლებს დასათვლელად რომ უხმობ, თუ გინების ფაზაში რომ გადადიხარ? -დივნის მოპირდაპირე სავარძელში ჩაჯდა ნიკოლოზი და გახალისებული მიაჩერდა მობრუტუნე ქალბატონს, რომელსაც მისი მზერა არ გამორჩენია, თუმცა ესეც სხვა ბევრი რამის მსგავსად არ ადარდებდა.
-იცი, რა მაინტერესებს? -მშვიდად იკითხა ლენამ და დივანზე წამოჯდა.
-რა ვიცი, ეგეთ მდგომარეობაში რა შეიძლება აინტერესებდეს ქალს... -თვალებით სიშიშვლეზე მიანიშნა ნიკოლოზმა გოგონას.
-ყველა რატომ ცდილობს ჩემი ცხოვრება მართოს, ჩაერიოს, ხელები უფათუროს, მის ჭკუაზე მოაწყოს? -ყურადღება არ მიაქცია მამაკაცის სიტყვებს და სრული სერიოზულობითა და ინტერესით ჩააშტერდა თვალებში მას, -რადგან მატერიალური არ არის, რადგან რაღაც საკუთრებრივი დოკუმენტი არ არსებობს, რომ ჩემი დამპალი ცხოვრება მე მეკუთვნის და მე უნდა ვმართო, ეს იმაზე მეტყველებს, რომ სხვებსაც აქვთ შეხების უფლება? ხომ შეიძლება, თავი დამანებონ, მარტო დამტოვონ? ან თუ არ მეშვებიან და უნდათ ამ ჩემს დამპალ ცხოვრებაში ყოფნა, ზიანს მაინც ნუ მაყენებენ! დავიღალე, იცი? ამდენმა მოღალატე ადამიანმა დამღალა. ყოველთვის, როცა ახალი ადამიანები მოდიან ჩემს ცხოვრებაში, მათში იმედს კი არა უფსკრულს ვხედავ, რომელიც მშთანთქავს, გადამყლაპავს, ზიანს მომაყენებს. არ მინდა არავინ! ამიტომაც გავიქეცი... თუმცა, იყო კიდევ რაღაც... მამაჩემი ჩემს მეგობარს ფულს უხდიდა, რათა მისთვის ყველა ნაბიჯი შეეტყობინებინა, ყველა საიდუმლო ეთქვა. ჩემი შეყვარებულიც მაგარი ჩათლახი აღმოჩნდა, სექსის მეტი არაფერი უნდოდა. რომ ვერ დამიყოლია, დამშორდა კიდეც. შეყვარებული ფეხებზე მეკიდა უკვე. სადაც ბავშვობის მეგობარმა გამყიდა, იქ აღარც მიკვირდა რამე. შეყვარებული მარტო სექსის გამო კი არ დამშორებია, ფულიც გადაუხადეს. არ იყო შეძლებული ოჯახის შვილი, არც ვუყვარდი და კარგი შანსი ჩაუვარდა ხელში. მიმატოვა და ამით არაფერიც დაუკარგავს. ამის მერე ე.წ მამაჩემმა იცი, რა გამიჩალიჩა?
-ლენა... გთხოვ, ახლა მთვრალი ხარ! -ფეხზე წამოდგა ნიკოლოზი და უკვე აყვირებულ გოგოს მიუახლოვდა.
ლოლაძემ უკან დაიხია, თითქოს ნადირი უახლოვდებოდეს და არა ადამიანი, მის დამშვიდებას რომ ლამობდა.
-არა, არა, ნუ მთხოვ! ვიცი, რომ შენც ფეხებზე გკიდია ჩემი წარსული და არ გაინტერესებს. მითხარი უკვე ერთხელ! მაგრამ უბრალოდ მინდა, რომ მომისმინო, თორემ საკუთარი ცხოვრება მახრჩობს უკვე! ლაპარაკი მინდა! მამაჩემმა იცი, რა გამიჩალიჩა? ვიღაც ბებერ იდიოტზე აპირებდა ჩემს მითხოვებას, რაც მთავარია, მდიდარი იყო და მერე რა, თუ გამხმარი იყო? მერე რა, თუ მე ბედნიერი არ ვიქნებოდი? უბრალოდ, რა დონემდეა ხალხი დასული, ამჩნევ? ჰგონიათ ყველაფერს იყიდიან, ყველაფერს შეჭამენ, ყველაფერს გამოიმუშავებენ, ყველაფერს მატერიად აქცევენ! ფული, ფული და ფული! მარტო ქაღალდი! ყველაზე ცუდი იცი რა არის? მამაჩემს ჰგონია, რომ მეც კონსერვის ქილასავით მიყიდის... თუმცა მეც გადმოვდივარ უკვე ადამიანურ ვალუტაზე. ჯერ ბინა მოვთხოვე, მერე მანქანას მოვთხოვ, მერე კარგ ქმარს, ბავშვებსაც ვაყიდინებ და ვინ იცის, იქნებ, სამოთხეში ადგილიც მიყიდოს!
მთელი ბოღმა რომ გადმოანთხია, იგრძნო, როგორ შეუმსუბუქდა მხრები და წვივები, თითქოს ზურგზე მოკიდებული ტვირთი სტყვებმა ჩამოუხსნეს მხრებიდან.
მკერდი ღრმად აუდ-ჩაუდიოდა. ნიკოლოზთან ზედმეტად ახლოს იდგა. ბიჭი თვალებში უყურებდა და სულ არ ადარდებდა მისი ნახევრადშიშველი სხეული ნაკვერცხალივით რომ უხურდა.
-შენც ფულის გამო ხარ აქ... -თქვა გაუცნობიერებლად, ძალიან დაპატარავებული ხმით ლენამ.
-არა, არა... -თავი გააქნია ნიკოლოზმა სიცილით, -მე ნუ დამდებ ბრალს იმაში, რომ შენთან ფულის გამო ვარ.
-მართალია, სხვა მიზეზი არც გაქვს. -ცინიკურად ჩაეცინა ლენას და მოშორდა. -ნუ გეშინია. არც იმდენად სუსტი ვარ, თავი მოვიკლა.
-ნუ სულელობ, ეგ არც მიფიქრია! -ხმა დაისერიოზულა ბიჭმა და თითქმის ცარიელი ბოთლი ხელიდან გამოართვა.
* * *
დილით, როგორც ნაბახუსევზე ჩვევიათ ხოლმე, ლენაც თავის ტკივილმა გააღვიძა. თვალის ყოველ ჯერზე გახელისას თავბრუ ესხმოდა და საშინელი გულისრევის გრძნობა აწვებოდა კისერში.
გაჭირვებით წამოდგა ფეხზე, თვალდახუჭული, ფეხელების ფათურით მივიდა სააბაზანომდე. გრილი წყალი სახეზე შეისხა და როგორც იქნა, გონს მოვიდა.
- ჩემს ცხოვრებაში აღარ დავლევ, -ჩაილაპარაკა საზიზღარ განწყობაზე მყოფმა.
ღებინების შეგრძნება უფრო აუბუყბუყდა, როცა ფეხზე იდგა და თავბრუსხვევაც გაუმძაფრდა. ძლივს მიასწრო უნიტაზამდე, თორემ მთელს სააბაზანოს მორწყავდა.
კარზე კაკუნის ხმა გაიგონა, თუმცა არაფრის თქმის თავი არ ჰქონდა. მიხვდა, ნიკოლოზი იქნებოდა. ბიჭმა რამდენჯერმე დააკაკუნა, თუმცა შემდეგ კარი შემოაღო და სასაცილო პოზაში მყოფი, გადაყუდებული ლენა რომ დაინახა, შეუკავებელი ღიმილით გაემართა მისაშევლებლად.
- კარგად ხარ? -ჰკითხა მოგუდული ხმით. ეტყობოდა, სიცილს ძლივს იკავებდა.
- რას დამცინი, ასეთი უგულო როგორ ხარ, ვერ ხედავ, რა ცუდად ვარ? -ამოიზმუვლა უკმაყოფილოდ ლენამ, -გადი აქედან. ნუ მიყურებ ასეთ მდგომარეობაში მყოფს!
-გუშინ უარეს მდგომარეობაში იყავი, ყველაფერი თვალწინ გადმომილაგე და ახლა არ გინდა, რომ გიყურებდე?
ლენას თხოვნისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ცივი წყლით მობანა სახე, გაძეძილი თმები უკან გადაუწია და საძინებელში გასვლაშიცც დაეხმარა.
-აუ, რა მაჩუქა იმ მეზობელმა ასეთი... ღვინო იყო, თუ ნავთი? -ბუზღუნებდა გამწარებული.
გასაკვირია, ხმის ამოღებას როგორ ახერხებდა საერთოდ. მთელი თავი უფეთქავდა, ყოველ ნერვულ უჯრედს გრძნობდა.
-მინერალურ წყალს დალევ? -ჰკითხა ნიკოლოზმა, ბოთლს თავსახური მოხსნა და იქედან ამოხეთქილი ნახშირორჟანგის ხმა რომ გაიგონა ლენამ, სახე სასაცილოდ გაებადრა.
ტუჩებზე მიიწება ბოთლი და მანამ სვამდა, სანამ ჰაერი არ დაჭირდა. ლორთქიფანიძემ მის აფთიაქში ტკივილგამაყუჩებელიც გამოქექა. ისე უვლიდა გოგოს, როგორც პატარა ბავშვს, ყოველ წამს ეკითხებოდა, როგორ იყო.
-მამაჩემმა გაიგო, რა ვაჟკაცი ქალიშვილი ჰყავს? -ზიზღით ჩაილაპარაკა, როცა გონს მოვიდა და თვალები გაახილა. საწოლის კიდესთან იდგა ნიკოლოზი, ხელებით დაყრდნობოდა მის კუთხეს და თავგადახრილი უყურებდა გოგოს.
-არა, არ მითქვამს ჯერ.
-შენ სულ მე დამყვები კუდში? თუ ღამით მიდიხარ სახლში? -იჭვნეულად შეხედა ბიჭს ლენამ.
-რაში გაინტერესებს? -უხეშად ჰკითხა ნიკოლოზმა და დაუკითხავად მოთავსდა სავარძელში ლოლაძის პირდაპირ.
-ოჯახი არ გყავს? არ არის საჭირო ღამით ჩემთვის თვალ-ყურის დევნება. არაფერს გავაფუჭებ.
-ჩემს საქმეს ვაკეთებ. -კვლავ მოკლედ უპასუხა ბიჭმა. -და კარგს იზამ, თუ არ ჩაერევი, ისედაც არ მსიამოვნებს აქ ჯდომა და შენი ყურება, შენი მძიმე წარსულის მოსმენა და იმის ყურება, თუ როგორ არწყევ.
-ვინ დაგაძალა მერე? -გაბრაზდა ლენა, თანაც იმდენად, რომ მის შოკოლადისფერ კანსაც დაეტყო სიწითლე. არ გაუმხელია, მაგრამ გულის სიღრმეში ეწყინა კიდეც ასეთი უტაქტო სიტყვები, თუმცა სიმართლე იყო, რასაც ნიკოლოზი ამბობდა.
-სიტუაციამ და მოთხოვნილებებმა. ყველა შენსავით ვერ გაუჯიუტდება ცხოვრებას, ზოგჯერ რთული კი არა, შეუძლებელია ფაქტებს გაექცე. სიჯიუტე არ არის გამოსავალი, თუმცა შენ გაგიმართლა, რადგან ყველაფერი ფეხებზე გკიდია!
-მე რომ ყველაფერი ფეხებზე მეკიდოს, სულ სხვანაირად მოვიქცეოდი, ნიკოლოზ! არ გავიქცეოდი და შევეგუებოდი იმ ტრაგედიას და თეატრს, მამაჩემმა რომ მომიწყო და ჩემი ცხოვრება უწოდა! გაქცევა, გაჯიუტება არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ფეხებზე მკიდია! პირიქით, რომ არ მკიდია, იმიტომაც იმოქმედა ჩემზე, იმიტომაც მაიძულა, გავქცეოდი ამ ყველაფერს! მაგრამ შენ არ იცი... გაჭირვება არასოდეს გამოგიცდია, ტკივილი არასოდეს...
-იცი, რა? მგონია, რომ მხოლოდ შენ თავზე დარდობ! -თვალები დააწვრილა ნიკოლოზმა, გააწყვეტინა ლენას საუბარი და დააკვირდა, თითქოს სიტყვების სიზუსტეში ცდილობდა დარწმუნებას. -შენ რა იცი, მე რა ცხოვრებით ვცხოვრობ, რა მტკივა, რა მიჭირს, რა იცი, აქ რატომ ვარ? ერთი გათამამებული გოგო ხარ-მეთქი, გითხარი მაშინ და ახლაც ასე ვფიქრობ! გინდა, ყველა შენ მარიონეტად აქციო და ამას რომ ვერ ახერხებ, მერე თავის შეცოდებას იწყებ.
-როგორ გეტყობა, რომ არ მიცნობ... -გულნატკენმა ამოიჩურჩულა ხმადაბლა. ისიც დიდი ინტერესით აკვირდებოდა ბიჭის გაბრაზებულ სახეს.
-არც შენ მიცნობ! -ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა.
-მაგრამ დასკვნების გამოტანისგან და ერთმანეთის გულის ტკენისგან თავს მაინც არ ვიკავებთ. -თქვა კვლავ ხმადაბლა ლენამ, თითქოს ამის გაგებას შეძლებდა ნიკოლოზი, რომელიც უკვე მის ბინაში აღარ იმყოფებოდა.

.........
ნელ-ნელა ყველაფერს გაიგებთ!
როგორ მოგწონთ?
ძალიან მახარებთ <3
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: lenkaloladze123
ნანახია: 1290 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 6 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 6
avatar
1 Spam
1
მომწონს...
ლენას მამა,ფულის მონა კაცია.
რთულია მოღალატე ადამიანების გარემოცვაში ცხოვრება.
ნიკოლოზი...
მეორე განზომილებაა,რომელიც რაღაცის/ვიღაცის ფასად დასდევს ლენას კუდში.
არ მეყო ეს მოცუცქნული თავი 3:)
avatar
0 Spam
2
სამწუხაროდ, ეს თავი მხოლოდ ამ ზომაში იყო გათვლილი.
შემდეგი იქნება დიიიიდი <3
უღრმესი მადლობა შენ, რომ კითხულობ. bb 3o
avatar
1 Spam
3
არ იქნება დიდი და დაგტოვებ უღრან ტყეში მგლებთან :D
avatar
0 Spam
4
თუ ნიკოლოზისნაირსაც გამომაყოლებ, no problem. :D
avatar
1 Spam
5
რა საყვარელი გოგო ხარ შენ.რაღაც ძალიან დიდი განსაცდელი გამოუვლია ნიკოლოზს როგორც ჩანს როდის დალაგდებიან ერთი სული მაქვს მაგ.პატივს ვცემ შენს ჩანაფიქრს და მოთმინებით ველოდები რა იქნება. 3o bb
avatar
0 Spam
6
ძალიან დიდი მადლობა 3o 3o bb bb
avatar