პირველი ფიქრი -7-
06.07.2017, 00:14
მეშვიდე თავი
თბილისი აგვისტოში ყველა მისმა მაცხოვრებელმა უწყის, როგორაც იხუთება. მზის ჩასვლის შემდეგაც აუტანელი სიცხეა და სასოწარკვეთილებამდე მისული ხალხიც ნახევრადშიშველი დატანტალებს იქეთ-აქეთ.
ლენას ფული არ ჰქონდა, ზღვაზე რომ წასულიყო, სამსახურსაც ეძებდა, თუმცა ჯერ კიდევ არ ისმოდა პასუხი.
აუზისკენ გასწია. იცოდა, იქ მის გარდა, უამრავი ქალაქში ჩარჩენილი მოიყრიდა თავს, თუმცა იმდენად შეიპყრო გაგრილების სურვილმა, საერთოდ არ ანაღვლებდა.
ნიკოლოზს მაშინდელი შეხლა-შემოხლის შემდეგ არ დალაპარაკებია. ლორთქიფანიძე პირნათლად ასრულებდა თავის დავალებას, არც ლენა იჩენდა მაინც და მაინც დიდ ყურადღებას.
დიდხანს იჯდა ჯიუტად მის მანქანაში და ელოდებოდა, როდის დაძრავდა ნიკოლოზი, თუმცა არც ბიჭი აპირებდა დანებებას. ლოლაძემ აღქმა დადო, რომ ამ კაცს არასოდეს გამოელაპარაკებოდა, ამავე მიზეზის გამო, ნიკოლოზმა არ იცოდა, სად უნდა წაეყვანა ეს თავგასული გოგო.
-სად მიბოდიალობ? -ჰკითხა ბოლოს და თვალები გადაატრიალა.
-აუზზე. -მოკლედ უპასუხა თავისი თავით და გეგმის აღსრულებით კმაყოფილმა ლენამ.
-ძლივს რაღაც ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღე, -უფრო სათავისოდ ჩაიბურდღუნა ნიკოლოზმა, ვიდრე ლენას გასაგონად, თუმცა გოგონას სმენას არ გამორჩენია მაინც მისი სიტყვები.
-დღეს სახლში ადრე უნდა დავბრუნდე, -ხმა დაისერიოზულა ნიკოლოზმა, და გვერდულად შეხედა ლენას, რომელმაც ყურები დაცქვიტა იმის მოლოდინში,,რომ მის ოჯახზე შეიტყობდა რაიმეს. -მამაშენმა იცის და ძალიან გთხოვ, მაინც და მაინც დღეს ნუ მოგინდება გაფრენა!
-რამე ხდება?
-შენი საქმე არ არის. -მოკლედ მოუჭრა ნიკოლოზმა და ამის შემდეგ ლენას მიერ დასმული ყოველი კითხვა უპასუხოდ დატოვა.
სულ წაუხდა ლოლაძეს გაგრილების სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ შუბლი უკვე დაენამა ოფლით და სუნთქვითაც ძლივს სუნთქავდა. გულჩათხრობილი ფიქრობდა, ვინ იყო ეს ნიკოლოზი ასეთი იდუმალი, მის შესახებ რომ არაფერს ამხელდა.
-შენ არ ჩამოხვალ წყალში? - ჰკითხა მანქანიდან გადასვლისას კაცს, სერიოზული გამომეტყველება რომ მიეკრა სახეზე.
-არა. -უპასუხა ისე, რომ არც შეუხედავს.
ნელი ნაბიჯებით მოსცილდა მანქანას ლენა. უკვე დარწმუნებული იყო იმაში, რომ ნიკოლოზი ვერ იტანდა, უბრალოდ, იმდენად ცივად ექცეოდა, ზოგჯერ უხეშადაც კი, შეუძლებელი იყო ეფიქრა, რამე ადამიანური გრძნობა თუ გააჩნდა.
მიზეზს ვერ ხვდებოდა უბრალოდ. ნუთუ ასე რთული გასაგები იყო ამ კაცისთვის, რას რატომ აკეთებდა? თუმცა - როდის მერე დარდობს იმაზე, ხალხი რას იფიქრებს? სულაც არ აინტერესებს ნიკოლოზის ქცევის მოტივები...
თავი ისევ იმით გაიმხნევა, რომ ლორთქიფანიძის აზრებს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს და გასახდელში შევიდა.
* * *
ნებიერად აცურებდა მკლავებს გრილ, კამკამა წყალში და გახურებულ სხეულს სიამოვნების ჟრუანტელი ეფინებოდა სიგრილისაგან. თვალებდახუჭული მხოლოდ იმ წითელ სივრცეს ხედავდა, რომელსაც მზის სხივები წარმოქმნიდა ქუთუთოებზე დაცემისას.
პატარა, ნებიერი ბავშვივით ჭყუმპალაობდა, ზოგჯერ მთლიანად თავით ყვინთავდა და გახურებულ სახესაც იგრილებდა.
უეცრად, ის მომენტი გაახსენდა, ტყეში ყოფნისას რომ იბანავა მთის გაყინულ მდინარეში და იმწამსვე რომ მისცა სიცხემ, როგორ ამშრალებდა მაშინ ჰერკულესი... ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ხერხემალში და კანი დაეხორკლა, იგრძნნო, როგორ ჩაეღვარა მუცელში ცხელი სითხე.
-ამ სიცხეში ნამდვილი სამოთხეა აქ, არა? -უცნობი ხმა რომ მოესმა, ანაზდეულად დაჭყიტა თვალები და მის წინ დაყუდებულ უცხო, ქერა ბიჭს შეხედა გაკვირვებით.
-ჰო, ნამდვილად. -გაუღიმა ზედაპირულად, უკმაყოფილო ჩანდა წეღანდელი გრძნობები ამ ჭიაყელამ რომ შეუწყვიტა.
-მე ვაჟა ვარ, -ხელი გაუწოდა ბიჭმა.
-ლენა, -ჩამოართვა ლოლაძემ, -სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, -უთხრა და ხელ-ფეხის კომბინაციური მოძრაობით წამში გაშორდა იქაურობას.
ბიჭმა ღიმილით გააყოლა თვალი და აუზიდან ამოვიდა.
-ოჰო-ო, -წარბები აათამაშეს ლოლაძის გვერდით, აუზის კიდეზე ჩამოყრდნობილმა გოგონებმა და საპირისპირო მიმართულებით გაიხედეს.
უნებურად ლენასაც გაექცა თვალი და წელს ზემოთ შიშველი ნიკოლოზი როცა დაინახა, მედიდური ნაბიჯები რომ მოაბიჯებდა გასახდელიდან და ხელით ლურჯ პირსახოცს მოათრევდა.
ერთ-ერთ შეზლონგზე წამოწვა, შავი სათვალე გაიკეთა და ფეხები გადააჯვარედინა. მართალია, თვალები დაფარული ჰქონდა, თუმცა ლენა მაინც ამჩნევდა, როგორ აყოლებდა მზერას მის წინ განზრახ მოტანტალე გოგონებს.
ნიკოლოზთან, რაც შეეძლო, ახლოს მიცურდა და დაუსტვინა, მისი ყურადღება რომ მიექცია.
-აბა, არ მოვდივარო? -ჰკითხა, როცა მისკენ გამოიხედა ლორთქიფანიძემ.
-კარგი გოგოები დავინახე, რომ მოდიოდნენ და გადავიფიქრე.
-ჰო, ვერ უყურებ, რა ჭიანჭველებივით დაბოდიალობენ წინ და უკან. -უაზრო გაღიზიანებით ახედა იმ გოგოს, გზა რომ გაცვითა ნიკოლოზის დასანახად სიარულით.
-ლენა, რამეს ხომ არ დალევ? -ჰკითხა იმ ბიჭმა, წეღან რომ გაეცნო და რომლის სახელიც დავიწყებოდა.
-დიდი სიამოვნებით, -გაუღიმა და იქაურობას მოსცილდა.
ნამდვილად არ სურდა ნიკოლოზის მრავალწახნაგოვანი ფლირტისთვის თვალი ედევნებინა, ამიტომ დაეთანხმა მას.
ქერა, მოკლედ შეჭრილი თმა ჰქონდა, თაფლისფერი თვალები და გარუჯული კანი ვაჟას. სხეული მაინც და მაინც ნავარჯიშები არ ჰქონდა, თუმცა ცუდიც არ იყო. ლენას თვალში დიდად არ მოსდიოდა, მაგრამ სხვა გზა არ დარჩენოდა, ტყუილად ხომ არ იქნებოდა და თავს ნიკოლოზს ხომ არ დააცინინებდა?
ცივმა ფორთოხლის წვენმა ბრაზისა და სიცხისგან გახურებული მუცელი ოდნავ გაუგრილა. თავს კი ეძალებოდა ლენა, მაგრამ მაინც ეპარებოდა ხოლმე თვალი შეზლონგზე ნებიერად წამოკოტრიალებული ნიკოლოზისაკენ, არც ერთ გოგოს რომ არ ტოვებდა უპასუხოდ.
-შენი შეყვარებულია? -ჰკითხა ვაჟამ მორიდებით, თუმცა თვალებში დიდი ინტერესი ერეკლებოდა.
-ვინ? -თვალები გაუფართოვდა ლენას, იმდენად გაუკვირდა ეს ყოვლად ალოგიკური კითხვა რომ შემოესმა, -ის? -თითი გაიშვირა ნიკოლოზისკენ, ვიღაც გოგოს რომ ეკურკურებოდა.
-ჰო... ისე აკვირდებით ერთმანეთს, რომ ვიფიქრე, შეყვარებულები არიან-მეთქი. ხშირად იყენებენ გოგოები სხვა ბიჭებს საეჭვიანოდ და...
სიტყვის დასრულება ვეღარ მოახერხა ბიჭმა, ტკბილი და ბლანტი სითხე სახეზე რომ შეესხა. ანაზდად ყველას ყურადღება მიიქციეს, მთელი აუზი გაჩუმდა და გაწიწმატებულ ლენას და იმ თავგასულ ვაჟას მიაშტერდა. ცარიელი ჭიქა დახლს დაახეთქა ლოლაძემ, თანაც ისეთი ძალით, ყველას გაუკვირდა, ხელთ რომ არ შემოეფშვნა.
სწრაფი ნაბიჯებით შევარდა ქალების გასახდელში გულადუღებული. ბრაზისაგან თუ უხეშად ნათქვამი სიმართლისგან ცახცახს ვერ იკავებდა. საკუთარი კარადისკენ აპირებდა წასვლას, ნიკოლოზმა რომ შემოუგლიჯა კარები და მკლავებში ჩააფრინდა.
-რა მოხდა? -გახელებული თვალებით, არწივივით ჩასჩერებოდა ლენას, ცოტაც და შეანჯღრევდა იმდენად გაოგნებული, სასოწარკვეთილი და გაბრაზებული იყო.
-არაფერი! -ხელები გამოგლიჯა და უკან დახევას აპირებდა, ნიკოლოზმა ამჯერად მკლავებით რომ დაიჭირა, ცალი ხელი წელზე მოჰხვია და ახლოს მისწია, მეორით კი დასარტყმელად მოქნეული ხელი დაუჭირა გოგოს.
წეღანდელი ბრაზისგან გამოწვეული მხურვალება უცნაურ გრძნობაში გადაეზარდა ლენას. ჯერ ცხელმა, შემდეგ კი ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ხერხემალში და მუცელში ჩაღვრილი გამლღვალი, გახურებული ლავის გამო მუხლები მოემჩვარა.
ლოყები აუწითლდა და საკუთარი გულის ფეთქვის გარდა აღარაფერი ესმოდა. ყოველი ჩასუნთქვისას მუცლით ეხებოდა ლორთქიფანიძის გახურებულ მუცელს და გაურკვეველი სურვილების და გრძნობების აღძვრამ პირი გამოუშრო.
-მითხარი... -მკაცრი ხმით უთხრა ნიკოლოზმა, უფრო სწორად - უბრძანა.
ლენამ არ იცის, თავად ვერ ამჩნევს თუ ლორთქიფანიძეს სულ არ ადარდებს შიშველი გოგო რომ ჰყავს მიკრული სხეულზე, მაგრამ ფაქტია - ლოლაძის მსგავსი რეაქცია არ დაუფიქსირებია მამაკაცს.
-ეგონა, რომ შეყვარებულები ვიყავით და მას იმიტომ გავყევი, რომ შენ მეეჭვიანებინე. -ამოიბუზღუნა ძალაგამოცლილმა.
შეწინააღმდეგების შესაძლებლობა არ ჰქონდა ლენას. თვალებში რომ უყურებდა და მათში ვერანაირ ემოციას ვერ ხედავდა, დაუძლევლად ეწურებოდა გული, თუმცა ამას გონებაში მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა და თავის თავზე ბრაზდებოდა, საკუთარი გრძნობების კონტროლს რომ ვერ ახერხებდა ნიკოლოზთან ყოფნის დროს.
ნელა შეუშვა ხელები ლორთქიფანიძემ. წელიდან ხელი, რაც შეეძლო, ნელა გამოასრიალა, ლენასთვის ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა. გოგონას მილულულ თვალებზე ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და თვალებიც გაუვარსკვლავდა.
-აქსიომის პირველი ნაწილი ტყულია, თუმცა მეორეზე იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვი. -ცინიკურად გაიჟღერა ნიკოლოზის ხმამ, თვალებდაჭყეტილ ლენას თვალი ჩაუკრა და სანამ მის სახეზე გაბრაზება აღმოცენდებოდა, მანამ გაასწრო გასახდელიდან.
* * *
საღამოს რვაზე ფანჯრიდან დაინახა, როგორ დაიძრა ნიკოლოზის მანქანა მისი ბინის ეზოდან და საკუთარი გეგმის აღსრულებას და ლორთქიფანიძისთვის მიცემული პირობის დარღვევას შეუდგა.
ერთხელ და სამუდამოდ გაარკვევდა მამაკაცის საიდუმლოებით მოცულ ცხოვრებაში რა ხდებოდა. კარგად იცოდა, მისი საქმე რომ არ იყო და ჩარევის უფლებაც არ ჰქონდა, მაგრამ მორიგ გასართობად მონათლა ეს საქციელი, თუმცა კარგად უწყოდა, გულის სიღრმეში, გულწრფელად სხვა რამეს რომ ფიქრობდა.
კისრისტეხით ჩაირბინა კიბეები და იმ წამს მოსულ ტაქსში ჩახტა. სული არ მოუთქვამს, ისე უთხრა მძღოლს, იმ მანქანას ისე გაჰყევით, რომ არ შეგვამჩნიოსო.
თხუთმეტწუთიანი სიარულის შემდეგ ერთ დასახლებაში შეუხვიეს. ნიკოლოზმა მანქანა ბრონზესფერ ჭიშკართან შეაჩერა და ეზოში შევიდა. ჩიხში გააჩერა ტაქსი ლენამ, მძღოლს თანხა გადაუხადა და ქუჩას გაუყვა.
ზოგიერთი ჭიშკრის გავლის წინ, ეზოდან ძაღლის ყეფის ხმა მოისმოდა, ხმაურიანი დასახლება იყო, მოსაღამოებულიც იყო და გასაგრილებლად ხალხი გარეთ გამოკრეფილიყო, ზოგიერთი სახლიდან მუსიკების ხმა ისმოდა, ვიღაც ხმის წასვლამდე ყვიროდა... სიცოცხლე და რეალობა იგრძნო ქუჩაში ლენამ.
ბრონზესფერ ჭიშკართან მივიდა, სადაც ნიკოლოზის მანქანა იდგა. ეზო ცარიელი იყო, არც ძაღლის ყეფის ხმა ისმოდა.
მართალია, ჯეიმსბონდობა არ ეხერხებოდა ლენას, თუმცა სადაც იმდენი ხნის განმავლობაში ემალებოდა ათეულობით ადამიანს, აქ ვერ დაემალებოდა ნიკოლოზს?
ჭიშკარი ფრხილად გააღო, ეზოში შეაბიჯა და ისევ დაკეტა.
ორსართულიანი სახლი იყო. მეორე სართულის წინა ფასადი მთლიანად აივანს ეჭირა, ორი დიდი კარით და ოთხი ფანჯრით. აივანს მარცხენა მხარეს პირველ სართულზე ჩამოსასვლელი კიბე წყვეტდა, რომელიც მორკალული იყო და მარცხენა კედელთან სრულდებოდა.
ეზო პატარა იყო, თუმცა ლამაზი და მოვლილი.
ფერადი ქვებით მოკირწყლულ ბილიკს ფრთხილად გაჰყვა ლენა და შესასვლელი კარიც დაინახა. ის-ის იყო, შვებით უნდა ამოესუნთქა, რომ უკნიდან რაღაცის ხრიალი მოესმა.
ეს ნიკოლოზი ნამდვილად ვერ იქნებოდა. უკან მიბრუნებულმა ეზოში მოცუნცულე ნაგაზი რომ დაინახა, შიშისგან ენა ჩაუვარდა. ძაღლს შემჩნეული ჯერ კიდევ არ ჰყავდა დაუპატიჟებელი სტუმარი, ამიტომ ნელი ნაბიჯებით გაეშურა კარისკენ გულაფრთხიალებული და ცრემლებამდე მისული ლენა.
ორი ნაბიჯიღა ჰქონდა დარჩენილი, ძაღლმა რომ შეამჩნია და მისკენ გაემართა ყეფით. დაფეთებული მიბრუნდა, ელვის სისწრაფით გამოგლიჯა კარი და სახლში უნდა შევარდნილიყო ვიღაცას რომ შეასკდა. შემდეგ საზიზღარი ტკივილი იგრძნო წვივზე, ნიკოლოზის დაყვირება გაიგონა ბოლოს და შიშისა და სიმწარისგან ღონემიხდილმა გონება დაკარგა.
* * *
-კარგად გადარჩი, რომ არ შეგჭამა! -მიახალა ნიკოლოზმა, როგორც კი თვალები გაახილა.
ბრაზისგან გაწითლებულიყო და მუშტებს ისე მჭიდროდ კრავდა, რომ მარტო სახსრები კი არა, თითებიც უთეთრდებოდა.
ლენას ახლა უფრო შეეშინდა, ვიდრე მაშინ, ნაგაზი რომ გამოექანა მისკენ, თუმცა, რა თქმა უნდა, არ გატყდა და არ აღიარა.
-ვერ მითხარი ძაღლი თუ გყავდა? -ამოღერღა ხმაწასულმა.
-ჭკუიდან ნუ გადაგყავარ! -გაფრთხილების ნიშნად საჩვენებელი თითი დაუქნია ლენას ნიკოლოზმა და სკამიდან წამოდგა, -სად მობოდიალდი? ერთადერთხელ გთხოვე რაღაც, ერთადერთხელ და მაშინაც არ დამიჯერე, უბრალოდ ადამიანურად არ გაითვალისწინე ჩემი თხოვნა.
ლოლაძე მიხვდა, გაბრაზებულზე მეტად ნაწყენი რომ იყო ნიკოლოზი და თვალები დახარა. იმდენი კითხვა ამოუბუყბუყდა გონებაში, თუმცა სინდის-ნამუსმა არც ერთის დასმის საშუალება არ მისცა.
ტუჩზე იკბინა რამდენჯერმე, ენაზე მომდგარი კითხვები რომ არ წამოსცდენოდა, ინტერესი ახრჩობდა, თუმცა მის სიჯიუტეს ამჯერად დანაშაულის გრძნობა ჩაბნიდა.
-სერიოზული არაფერია, ნაკერები არ გჭირდება. ძაღლი აცრილი იყო, ამიტომ საფრთხე არ არსებობს, თუმცა დიეტაზე მოგიწევს ყოფნა, რაღაცებს ვერ შეჭამ, სასმელი პირველი ექვსი თვის განმავლობაში გეკრძალება. ასევე ექიმთან შემოწმებაზე ივლი ყოველ კვირას და შრატს გაიკეთებ.
თქვა ნიკოლოზმა, როდესაც დამშვიდდა.
-ბოდიში, -ამოილუღლუღა ლოლაძემ, -უბრალოდ მაინტერესებდა... მინდოდა, რამე მცოდნოდა შენს შესახებ.
დანაშაულის გრძნობამ იმდენად მოუჭირა ყელში ხელები, იმდენად განიცადა, რომ აწყენინა ლორთქიფანიძეს, ლამის ცრემლები გადმოცვივდა თვალებიდან, ამიტომ სწრაფად დააჭირა ერთმანეთს წამწამები.
-მერე რა გაიგე? -ჰკითხა შენარჩუნებული სიმშვიდით ნიკოლოზმა.
-ის, რომ კბენია ძაღლი გყავს და ლამაზი სახლი გაქვს... კიდევ, შენი მისამართი ვიცი. -გაეღიმა თვალდახუჭულს.
-წამოდი, სახლში მიგიყვან. -უთხრა ნიკოლოზმა, წელსა და მუხლებქვეშ ხელები შეუსრიალა და აიტაცა ლენას მსუბუქი სხეული, -შენი ტანი დიეტას რამდენად გადაიტანს, არ ვიცი. ისედაც ძვალი და ტყავი ხარ დარჩენილი.
ლენამ კისერზე ხელები მოხვია და თავი გულზე მიადო.
-ძალიან გადაუდებელი საქმე გქონდა? -დანაშაულის გრძნობა ჭამდა ლოლაძეს.
-კი. -მოკლედ მოუჭრა ბიჭმა და ამ პასუხმა კიდევ უფრო გაუმძაფრა გრძნობები ლენას.
-მე რომ სახლში დამტოვებ, მერე ვერ მოგვარდება?
-მოვაგვარე, სანამ გამოფხიზლდებოდი, -უპასუხა ნიკოლოზმა და გოგონამაც შვებით ამოისუნთქა.
მისი მხრებიდან ლოდების ჩამოცვენა არ გამორჩენია ლორთქიფანიძეს და კმაყოფი
ლებით ჩაეღიმა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: lenkaloladze123
ნანახია: 1246 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
avatar
1 Spam
1
მოუსვენარი ლენა :D
აუ როგორ მაინტერესებს რა საქმე ქონდა ჰერკულესას :D
avatar
0 Spam
2
ყველაფერს გაიგებთ bb bb 3o 3o
avatar