შეუმჩნეველი #1
11.07.2017, 20:41
საწოლში შიშველი ვწევარ, ხელში სიგარეტი მიჭირავს და მას ვუყურებ.
კულულები სახეზე აქვს ჩამოყრილი და ყოველ წამს ყურს იქეთ იწევს, თუმცა თმებს მაინც ვერ იმორჩილებს. დიდი, ვარდისფერი ტუჩები ჩვეულებრივზე მეტად დაბერილი აქვს, ალბათ სუსხიანი ამინდების ბრალია. მკრთალი ღიმილით მიყურებს, წაბლისფერ, თბილ თვალებს აქეთ-იქით აცეცებს და მზერას იატაკზე დაგდებულ ტანსაცმელზე აჩერებს. ჩქარა დგება, როდესაც ხვდება რომ უკვე საღამოა და შეიძლება დააგვიანდეს. ტანსაცმლის ჩაცმის შემდეგ, გასვლამდე ტუჩებზე კოცნას მიტოვებს. ისევ ვგრძნობ ლუდის გემოს, რომელიც რატომღაც ძალიან მომწონს, ვერ ვძღები. უკვე წასვლას აპირებს, როდესაც ხელს ვკიდებ, უკან ვაბრუნებ და კიდევ ერთხელ ვკოცნი. ვიცი, ეჩქარება, ცოლთან დროზე უნდა მივიდეს, არ უნდა რომ ქალმა რამე იეჭვოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ თუნდაც ალექსანდრემ უამბოს ყველაფერი და აღიაროს, რომ მას ჩემთან ღალატობდა ის მაინც მასთან დარჩება და ყველაფერს აპატიებს. ელენეს პირადად არ ვიცნობ, თუმცა ალექსანდრეს მონაყოლიდან შთაბეჭდილება უკვე შექმნილი მაქვს: ისიც ქერაა, თუმცა ჩემგან განსხვავებით ცისფერი, ღია თვალები აქვს, რამდენიმე ნაოჭი სახეზე, საშუალო ზომის წამწამები და კეხიანი ცხვირი. ჩემსავით ფეთხუმი არ არის, ყოველთვის ყველაფერი მოწესრიგებული აქვს, იცის რა სად დევს და საჭირო ნივთების ძებნაში ორ საათს არ ხარჯავს. ქმარზე შეყვარებული ქალია, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მისი ერთგული დარჩება. ჩემგან ყველაფრით განსხვავდება, თითქოს მე სულ სხვა სამყაროში ვცხოვრობდე, ის კი - სხვა. ალბათ ზუსტად ეს მოსწონს ელექსანდრეს.
მისი წასვლის შემდეგ მეც სწრაფად ვტოვებ სასტუმროს, ტაქსს ეგრევე ვაჩერებ და მძღოლს ჩემი სახლის მისამართს ვეუბნები. ფულზე ეგრევე ვუთანხმდები და კურტკის ჯიბიდან ხურდებს ვაცურებ, ვაწვდი და მანქანაში კომფორტულად ვთავსდები. საკმაოდ ნორმალური სიჩქარით ვიწყებთ ქალაქში გადაადგილებას. მაღაზია მაღაზიას ენაცვლება, ხე - ხეს, ქუჩა - ქუჩას, მე კი არაფრის მთქმელი გამომეტყველებით ვიყურები ტაქსიდან. სხვადასხვა ფერის მანქანაში მოთავსებული ხალხის მოქმედებების შესწავლას ვცდილობ, მაგრამ, როდესაც ვხვდები რომ ეს უბრალოდ მომაბეზრებელია, მზერა ღია, ცისფერ ცაზე გადამაქვს. გაშტერებული ვუყურებ, მანამ სანამ არ ვხვდები რომ მოვედით. უკმაყოფილო სახით გადმოვდივარ მანქანიდან, სახლში შესვლა არ მინდა, თუმცა სხვაგან დასარჩენი არც მაქვს. ჩუმად ვაღებ კარს და მიმართულებას ეგრევე სამზარეულოსკენ ვიღებ. მაცივრიდან უკვე გახსნილი ღვინის ბოთლი გამომაქვს და ბოკალში ვისხამ.
ცუდად ვარ, ყველაზე მეტად იმიტომ რომ ვხვდები ჩემი საქციელები აღარ მაწუხებს, უკვე შევეგუე იმ ფაქტს, რომ ცოლიან კაცთან დავდივარ, იმასაც რომ ჩემს შეყვარებულს ყოველ დღე ვატყუებ და ათას სისულელეს ვეუბნები, ყველას ჯერა ჩემი, რატომ არც მე ვიცი. არ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული ვარ, საკმაოდ ბევრი ადამიანი აკეთებს ამას რომ თავი დამნაშავედ ვიგრძნო. ჩემმა მეგობარმა ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ფსიქოლოგთან წასვლაც მირჩია, ვუთხარი რომ დავფიქრდებოდი, თუმცა დარწმუნებული ვარ ისიც კი მიხვდა რომ ამის გამკეთებელი არ ვიყავი.
სამზარეულოს ფანჯრიდან ბატონ ერეკლეს ვხედავ, კაცს, რომელიც ყოველ დღე და ღამე დარბის და ვარჯიშობს, მიუხედავად მისი ასაკისა. ტანზე როგორც ყოველთვის მუქი ნაცრისფერი სპორტულები აცვია, ფეხზე შავი ბოტასები. არც ისე ჩქარა დარბის, როდესაც მის სახეს ვხედავ ვხვდები რომ ძალიან დაღლილია.
ნეტავ მეც შემეძლოს ასე უბრალოდ სირბილი და არაფერზე ფიქრი. ის უსასრულო გზა მინდა, რომელიც არასდროს არ დასრულდება და არასდროს არსად მიმიყვანს. მარტო ყოფნა მენატრება, ხანდახან ვფიქრობ, თუ როგორი ვიქნებოდი გარშემო არავინ რომ არ იყოს. ალბათ მარტოსული და საცოდავი გოგონა, რომელსაც ყურადღება ენატრება, რომელიც ვერავის ვერ ჩაეხუტება, აკოცებს და მასთან სიყვარულით დაკავდება. მე ხომ ასეთი რეალობაში ბევრი მყავს, შესაბამისად ვერც მივხვდები თუ რას ვიგრძნობდი ასეთ მდგომარეობაში.
ოთახში თორნიკე შემოდის, უკნიდან ხელებს წელზე მხვევს და კისერში ნაზ კოცნას მიტოვებს. ხელს ხელზე ვადებ, მისკენ სწრაფად ვტრიალდები და ვუღიმი. ვერასდროს ვერაფერს ვერ ხვდება, ხანდახან მართლა მგონია რომ სულელია და ცხოვრებაში არაფრის გაგება შეუძლია. მწყინს, ის ფაქტი რომ ჩემი შეყვარებულია, ვერასდროს ვერ ხვდება რა მაწუხებს, ჩემი ყალბი ღიმილის, სიცილის ამოცნობა არ შეუძლია, ან მე ვარ ამ საქმეში პროფესიონალი ან ის მართლაც სულელი. უკვე ცარიელ ბოკალს ისევ მაგიდაზე ვაბრუნებ და მოსალოდნელი კონფლიქტისთვის ვემზადები.
- ძალიან დაღლილი ვარ. - ჩახლეჩილი ხმით ვეუბნები და ყელში კოცნას ვუტოვებ. თავს ნელა მიქნევს და ისევ მიღიმის.
- სად იყავი? - მეკითხება, როდესაც რამდენიმე მეტრით ვშორდები და ისევ ღვინოს ვისხამ.
- სამსახურში, შემდეგ კატომ დამირეკა, შეხვედრა მთხოვა, მეც დავთანხმდი და მასთან ერთად კაფეში წავედი. - ისევ ვიტყუები.
- გასაგებია.
- შენ? - ვცდილობ მოვაჩვენო, რომ მაინტერესებს არადა მისი ტექსტი უკვე დაზეპირებული მაქვს, ვიცი რას რა დროს მეტყვის, ვიცი რას მიპასუხებს, თითქოს მე განვსაზღვრავ თუ რა უნდა გააკეთოს, რა რა დროს უნდა თქვას. დაინტერესებული თვალებით ვუყურებ სინამდვილეში კი არც ვუსმენ.
ალექსანდრეზე ვფიქრობ, ნეტავ ახლა რას აკეთებს? შვილს ეთამაშება, თუ ვახშამს მიირთმევს? ცოლს ეხუტება, თუ უკვე დასაძინებლად დაწვა? ეს კითვები სულ თავში მიტრიალებს და ვერანაირად ვერ ვიგდებ თავიდან. სულ ალექსანდრე, ყველაფერი უკვე ალექსანდრეა. მის გარეშე სიცარიელეა, თუმცა როდესაც მასთან ერთად ვარ თავს კომფორტულად მაინც ვერ ვგრძნობ. მინდა ვაჩვენო თუ როგორი სრულყოფილი ვარ, მინდა ნახოს თუ როგორი ლამაზი სახე და ტანი მაქვს. მინდა მის წინაშე მაინც ვიყო უზადო, მინდა ჩემით ამაყობდეს.
თორნიკე მეორეხარისხოვანია. საახალწლო ნაძვის ხეს გავს, რომელსაც მხოლოდ გარკვეულ სეზონზე აწყობ შემდეგ კი ისევ შლი და მთელი წლის განმავლობაში ყურადღებასაც კი არ აქცევ, მეტიც საერთოდ არ გახსენდება. ის გადანახული ნივთია, რომელსაც მარტო ყოფნისას ვიყენებ, თან დაზღვეული არაფრისგან არ ვარ, ვიცი შეიძლება ალექსანდრემ ვეღარ გაუძლოს იმ ფაქტს რომ ცოლს ღალატობს და ერთ დღეს ურთიერთობის გაწყვეტა მომთხოვოს. შემდეგ სრულიად მარტო დავრჩები ოთხ კედელში და თავს კიდევ უფრო შებოჭილად ვიგრძნობ ვიდრე ვარ. ასეთ დროს სულ მინდება არსაიდან გამოჩენილი გრდემლი დამეცეს და მიწას მიმაწებოს, აი, ზუსტად ისე როგორც მულთფილმებში ხდება, თუმცა მულთფილმების პერსონაჟების მსგავსად ისევ ადგომა და ძველი ფორმის დაბრუნდება არ მინდება ხოლმე. კარგი იქნება ადამიანს გაქრობა, გაუჩინარება რომ შეეძლოს იმ მომენტში, როდესაც ეს მოუნდება. უცბათ გახდება შეუმჩნეველი არსება, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევს. იქცევა იმად ვინც არავის აინტერესებს, იმად ვისაც არავინ ეძებს.
- როგორ ფიქრობ ჰოლანდიაში წასვლა კარგი იდეაა? - მეკითხება თორნიკე. თავს მისკენ ვატრიალებ და რამდენიმე წამი უბრალოდ მის სახეს ვაკვირდები. შემდეგ თავს ნელა ვუქნებ და ვეუბნები: - თუ შენ გინდა, რა თქმა უნდა.
- მინდა, მაგრამ უფრო მომინდება თუ შენც წამომყვები. - მიახლოვდება და ჩემს გვერდით თავსდება.
- ხომ იცი, რომ არ მინდა. შენ სამსახურის გამო მიდიხარ, მე იქ არაფერი მესაქმება. უბრალოდ თუ წახვალ აუცილებლად გადაუღე ფოტოები ტიტების მინდორს, მაინტერესებს, მართლა ისეთია როგორიც ფოტოებში ჩანს, თუ არა.
- საყვარელო, იმ კადრის დაფიქსირება მხოლოდ გაზაფხულშია შესაძლებელი. - ეს ძალიან კარგად ვიცი, თუმცა თემის შეცვლა აუცილებელი იყო, ამავდროულად კი ადვილიც, როდესაც საქმე თორნიკესთან გაქვს.
- კარგი, ბარგს ჩავალაგებ. - თავზე მკოცნის და ჩვენს ოთახში შედის. ისევ მარტო ვრჩები, ღვინის ბოთლთან ერთად. კიდევ ერთი ჭიქის დალევის შემდეგ კი დასაძინებლად მივდივარ, თორნიკეს გვერდს ვუვლი და საწოლში კომფორტულად ვკალათდები.
მომწონს ეს ოთახი, ჩემი საყვარელი ოთახია ამ სახლში, სადაც არც მანქანების და არც ეზოში მოსიარულე ადამიანების ხმა ისმის. ისეთი წყნარი და მყუდროა ზოგჯერ მთელ დღეს აქ ვატარებ, ვისვენებ და მარტოობით ვტკბები. თორნიკე არასდროს არ მიშლის ხელს, ალბათ ეს ფაქტი განაპირობებს იმას რომ მასთან ცხოვრება შემიძლია. როდესაც სამსახურში მიდის მე მძინავს, როდესაც მოდის - დაღლილი ვარ და მას ყურადღებას ვერ ვაქცევ.
ცოტა ხნის შემდეგ ვგრძნობ თუ როგორ იზნიქება საწოლის მეორე ნაწილი, ვხვდები რომ თორნიკემ ბარგის ჩალაგება დაასრულა და ისიც დაძინებას აპირებს. რამდენიმე წამში მის ხელებს ჩემს წელზე ვგრძნობ. ნელა, ნაზად მიზიდავს მისკენ და დაკუნთულ ხელებს მხვევს. ვერ ვიტან ასეთ ჩახუტებებს. ყოველთვის, როდესაც ასე აკეთებს ვგრძნობ თუ როგორ მიძნელდება სუნთქვა, როგორ ვიწყებ კანკალს, როგორ მინდა რომ ხელი გამიშვას და ნორმალური ადამიანივით დაიძინოს თავისთვის, მაგრამ ვცდილობ თავი დავიმორჩლო, რომ მან ეს ვერ იგრძნოს. სუნთქვაშეკრული ველოდები, თუ როდის დაიძინებს, რომ მისი ხელებიდან გამოვძვრე და დაძინება და დასვენება შევძლო. როდესაც უფრო ღრმად იწყებს სუნთქვას ნელა ვიშორებ მის ხელებს და ჩემს ბალიშს ძლიერად ვეხუტები.
ფანჯრიდან ნახევრად განათებული კორპუსი ჩანს, მიუხედავად სხვადასხვა ფერის ფარდებისა, მაინც შემიძლია ადამიანების მოქმედებების დანახვა. ნელ-ნელა ძილი მერევა, თუმცა გვერდზე დადებული ტელეფონი ბზუილს მალევე იწყებს და დიდი ხნით დაძინების უფლებას არ მაძლევს. თვალებს ეგრევე ვახელ და აიფონს ხელებში ვიქცევ. შეტყობინება ალექსანდრესგანაა, მწერს რომ ხვალ აუცილებლად უნდა ვნახოთ ერთმანეთი და ერთ-ერთი სასტუმროს მისამართს მიგზავნის. პასუხს ვუბრუნებ და ისევ ფიქრს ვიწყებ.
- რატომ არ გძინავს? - თორნიკესკენ ვტრიალდები და ვუღიმი, ისე თითქოს ამის დანახვა ამ სიბნელეში შეეძლოს.
- არ ვიცი, ვერ ვიძინებ. - ვეუბნები და ხელებით მისი ტუჩების პოვნას ვცდილობ, რომ ვაკოცო.
ხმას აღარ იღებს და ისევ მიხუტებს. როგორ მინდა ახლა გავქრე და სადღაც სულ სხვა ადგილას აღმოვჩნდე სადაც ყველაფერი სხვანაირად იქნება. საინტერესოა, ამის შანსი რომ მომეცეს იქაც იგივე შეცდომებს დავუშვებ?
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: DarkRoses
ნანახია: 1063 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar