შური
06.01.2018, 17:09
დარჩა მარტო.სამსახურშიც,სადაც უამრავი ადამიანი ეხვია გარშემო და სახლშიც-სტუმართმოყვარე და მრავალშვილიან ოჯახში.ყველგან თეთრი ყვავივით იყო,ყველგან გამიჯნული და თავის თავში ჩაკეტილი მუდო.არაფერს წარმოადგენდა და ესეც ართულებდა მის მდგომარეობას,დილით სამსახურში არ მიუხაროდა და საღამოს ოჯახში.ვერ იპოვა თავის საქმე,თავის საკეთებელი,ისეთი რაც ბედნიერებას და სიხარულს მიანიჭებდა,ისეთი რაშიც ბოლომდე დაიწვებოდა,როგორც მოთამაშე აზარტში ან ლოთი სასმელში ანდაც ტრუდაჰოლიკი სამსახურში..აღარც უნდოდა აღარაფერი,დაიღალა.ლოგიკურ დასასრულად მხოლოდ თვითგანადგურება მიაჩნდა:შიმშილობდა,სვამდა,ეწეოდა,ნერვიულობდა,მაგრამ არა კვდებოდა.უფრო გადამჭრელი ზომების მიღება იყო საჭირო და მაგ გზაზედაც იდგა,ნელნელა მიდიოდა,მწიფდებოდა მთელი ცხოვრების მანძილზე.ტექნიკური მხარე იყო გადასაწყვეტი მხოლოდ:როგორ,რა ხერხით უნდა გამოსთხოვებოდა სიცოცხლეს.და აქ გრძნობდა,რომ ჯერ არ იყო მზად,ჯერ ისევ სამზეოზე უნდა დატანჯულიყო,აეტანა ყოფიერების სიმძიმე კიდევ რაღაც ხნით.
როცა არ მუშაობდა იწვა.საჭმელად თუ ადგებოდა ხანდახან,ყავასაც კი ლოგინში მიირთმევდა.საათობით შეეძლო გდება და ფიქრი,არაფრის კეთება.ძილი უხაროდა და დაღამება.დღის მანძილზე გარედან აღწევდა შვილების ჟივილ-ხივილი,ძაღლის წკმუტუნი ან ცოლის აღმზრდელობითი აყალ-მაყალი და სიდედრის დუდღუნი,თუთიყუშიც კი მხარს უბამდა ხოლმე ამ სიცოცხლის ხმებს.ეს კი იწვა თავის ოთახში თავის ლოგინში,კაცი რომელიც არ არსებობდა,რომელსაც ძალიან უნდოდა გამქრალიყო საერთოდ.
-ცეცხლი აღარ მინთია გულში,ცეცხლიო-ჩაილაპარაკებდა გულმოსული,ერთიდაიგივეს მერამდენედ გადაიმეორებდა ფიქრში და ცეცხლის ჩაქრობას ცოლს აბრალებდა ყოველთვის.
-არა,ღლე ვიყავი ადრეც,უბრალოდ ვერ ვგრძნობდი ამას სანამ გულში ცეცხლი მენთოო,დასძენდა ხოლმე ბოლოს და გადაბრუნდებოდა
ერთი ყველასგან ჩამოწერილი მეგობარი ჰყავდა-ლოთი,უსაქმური და ჩხუბისთავი.იმასთან გარბოდა,როგორც კი ცოლი მორიგი წვეულების გამართვას დააპირებდა.არ შეეძლო ხალხში ჯდომა და ამ დაყენებული,ბედნიერი სახეების ყურება.აიღებდა სასმელს და მიადგებოდა იმ ერთადერთ მეგობარს თავის შესაფარებლად.იწყებოდა სმა და შემთვრალი მეგობრის მონოლოგიც:
-არვიცი ეს თეთრია თუ შავია,მარა შენი მაგრა მშურს,ძმაო.რა გიჭირს რა,შვილები მაინცა გყავს,თან როგორები,დახატულები,სხვადასხვანაირები,ჭკვიანები..მა მე რაღა უნდა ვთქვა არავინ აღარ დამრჩა შენს გარდა...
არ უსმენდა უკვე მრავალჯერ მოსმენილს.ფეისბუქს ჩაშტერებოდა,სადაც მის სახლში გამართული წვეულების ფოტოები გამოეფინათ.როგორები იყვნენ,რა უხაროდათ ესე,ნუთუ ერთმანეთი?!როგორ ახერხებდნენ ყოფილიყვნენ ესეთი ნორმალურები და ერთხელაც არ ამოვარდნილიყვნენ კალაპოტიდან?!
-მე ძმაო შენი სახლისაც მშურს.ნახე მე სად ვცხოვრობ,კიდე კარგათა ვარ.შენთან კიდე სიცოცხლით სავსე სახლია..სინათლით.გაუფრთხილდი რაცა გაქვს იმას ძმაო,ხო გეუბნები,მართლა მაგრა მშურს შენი,გინდა თეთრ შურად ჩამითვალე,გინდა შავად,ფეხებზე მკიდია..
ყველანი დაბანილები,დავარცხნილები.ქალები ზომიერად ჩახატულები,კაცები კიდევ მომღიმარნი სხედან თბილ,უზორებიან ჯემპრებში გამოწყობილნი.წინა პლანზე გაშლილი სუფრა ჩანს და მთელი ხორაგის კარგა გარჩევაც შეიძლება.ცოლები ქმრების ზურგსუკან დგანან,ნაზად ეყრდნობიან მათ მხრებზე და მხოლოდ მისი ცოლი ეყრდნობა ცარიელ სკამს.
-და არსად მინახავს ცოლს ეგრე უყვარდეს ქმარი-აგრძელებს მთვრალი მეგობარი-როგორც შენ უყვარხარ.ეგეთი სიყვარული?არვიცი ძმაო.აბა მე ერთი მიყვარდა და ისიც გათხოვდა.მაგრა მშურს შენი ხო გეუბნები...
სახლში გაეღვიძა.თავი ჰქონდა გაბუჟებული.ვერაფრით გაიხსენა როგორ დაბრუნდა უკან.ძლივს გალასლასდა ოთახიდან და მაშინვე გამომწვევად ჩაცმულ ცოლს გადააწყდა,რომელიც სარკის წინ ბზრიალებდა ღიღინ-ღიღინით.გულში რაღაც ჩასწყდა.იქვე მწოლიარე ძაღლს დაუპირა მოფერება,მაგრამ ძაღლმა ღრენით უპასუხა და ხელზე წაეტანა საკბენად.სიდედრმა წვნიანი შესთავაზა,თუმცა მიტანისას ნებსით თუ უნებლიედ ნახევარი ბარძაყზე გადაასხა.პახმელიაზე იყო თუ უბრალოდ ცუდი დღე ჰქონდა ვერ გაეგო.სჯეროდა,რომ არსებობდნენ ცუდი დღეები და ეს ერთერთი მათგანი უნდა ყოფილიყო.ამიტომ შებრუნდა თავის ოთახში იმ ფიქრით,რომ დღეს ქვეყანა რო დაქცეულიყო იქიდან აღარ გამოვიდოდა.შევიდა მოიკრუნჩხა საწოლზე.ტელეფონის გაბმულ ზარს თავიდან ყურადღებას არ აქცევდა და ნეტავ არც ეპასუხა საერთოდ.ბოლოს მაინც აიღო,მშვიდად მოისმინა რაც უთხრეს,ხო ვთქვი ცუდი დღეაო-ჩაილაპარაკა და უარესად მოიკრუნჩხა."აი რა ქნა თქვენმა დალევამ,ეს გინდოდათ არა"-იმეორებდა ტელეფონში მოსმენილს გუნებაში და ტვინს უჩაქუჩებდა ეს ფრაზა.ფიქრებმა წაიღეს და ნელნელა ხვდებოდა,რომ მისმა მეგობარმა ცხოვრებაში ყველაზე გაბედული ნაბიჯი გადადგა.აჯობა როგორც იქნა.აიღო და მოკვდა!დაისვენა.
დასაფლავებაზე ცოტა ხალხი მივიდა,ძირითადად სეირის მაყურებლები.ყველა არაერთგვაროვანი გრძნობებით.და მხოლოდ ერთი მათგანი შეჰყურებდა მეგობრის ცხედარს შურით..თეთრი შურით
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: petr
ნანახია: 865 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar