უდაბნოს ვარდი (1)
10.05.2017, 00:15
უდაბნოს ვარდი
პროლოგი

მისი დანარჩენი გრძნობები ერთად შეკრებილიყვნენ და თავს ესხმოდნენ სიბრმავესა და უსაშველო უძლურობას. ბრუნდება უკან, საძაგელ ადგილებში. ცდილობს, მაგრამ ზურგს უკან ბორკილებით დამაგრებულ ხელებს ვერაფრით ითავისუფლებს. დაძაბულობისაგან ნახევარი სხეული გაშეშებოდა. მანამ ბურტყუნებდა რაღაცას არაბულ ენაზე, სანამ გვერდზე მობრუნება არ სცადა და მხარზე არ დაეცა.
შეკრული ხელ-ფეხის გამო მთელი ზურგი სტკიოდა და ტკივილები უფრო გაუმძაფრდა, მიწაზე რომ გაგორდა.
რამოდენიმე საათის წინ ბაქანზე იდგა და ხალხს ატყობინებდა ბურაიდაში ახალი ჰოსპიტალის გახსნის შესახებ. უამრავი ადამიანი იძახდა მის სახელს და ერთი მილის რადიუსში ყველა ცდილობდა, ფოტო გადაეღო. ამის შემდეგ მმართველობის წევრებსა და სხვა სტუმრებთან ერთად აღსანიშნავ წვეულებაზე მიდიოდა, ლიმუზინის ძრავას პრობლემა რომ შეექმნა. გასინჯეს, მაგრამ ვერანაირი ზიანი ვერ აღმოაჩინეს. მანქანა ვერაფრით დაქოქეს და მორიგ ლიმუზინს დაუწყეს ლოდინი.
უეცრად, ყოველი მხრიდან შეიარაღებული და შენიღბული კაცები მოუახლოვდნენ. მისი საქებარი პირადი მცველები მათ წინაშე უძლურნი , გასაცოდავებულნი აღმოჩნდნენ. თავდამსხმელებს თვალშისაცემი უპირატესობა ჰქონდათ.
მოულოდნელად დაიჭირეს, თვალები აუხვიეს, ხელ-ფეხი შეუბორკეს და სადღაც მარცვლეულით სავსე ტომარასავით მოისროლეს.
მთელი სამი საათი ხმაამოუღებლად მგზავრობდნენ. უეცარმა და მკვეთრმა რხევამ ერთი ადგილიდან მეორეზე მოისროლა ყველა, რასაც არაბულად გინება მოჰყვა. ალბათ, უკვე შებინდებულიც კი არის. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გაუთავებელი მგზავრობა?
სწორედ ამ დროს, ტრანსპორტი შეჩერდა და ინერციისაგან უკან გადაქანდა. თავდაპირველად ისეთი შეგრძნება დარჩა, თითქოს თავი გაეხლიჩა, შემდეგ კი თბილი სითხე იგრძნო. გარედან ხალხის ყიჟინა ისმოდა. მიწაზე გადმოაგდეს. მტკივნეული იყო, თუმცა ფეხზე ნელა წამოდგომა მაინც მოახერხა.
ვიღაცამ კოჭებზე მოარტყა და მუხლებზე დააჩოქა, თითქოს ლოცულობდა. ირონიულია, რადგან სწორედ იმ წამს დაფიქრდა ლოცვაზე. კვლავ გაისმოდა ყვირილი და ლანძღვა-გინება არაბულად. თავზარი დაეცა, ყურებში ქალის ხმა რომ ჩაესმა. სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა.
თავდაპირველად ეგონა, რომ მოეჩვენა, მაგრამ მეორედაც იგივე წინადადება რომ განმეორდა , მიხვდა, არაფერი ელანდებოდა.
-აქ რა გესაქმებათ?

პირველი თავი
„გადარჩენა“
მზე უმოწყალოდ აცხუნებდა შუა ზაფხულში, ხმელთაშუაზღვისპირეთში. ეიმიმ მზერა გავარვარებული ქვიშიდან მარკზე გადაიტანა, რომელიც ხელს უქნევდა და უხმობდა ახალი აღმოჩენის სანახავად. დაღამებამდე რამდენიმე საათი დარჩენოდათ, ამიტომ ეიმი საღამოს გეგმებს აწყობდა. მალე უნდა დაამთავრონ მუშაობა და ვახშმისთვის დაიწყონ მომზადება.
ისინი იყვნენ ანტიკურ, კლდეში ნაკვეთ ქალაქ მადაინ-სალიჰში , საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში. როდესაც მთავარ საქმეზე არ მუშაობდნენ უდაბნოში რამდენიმე მეტრის მოშორებით მდებარე ოაზისში, ტურისტული მოგზაურობებით იყვნენ დაკავებულნი.
-ეს რა არის? მალე უნდა დავამთავროთ, სადაცაა მზე ჩავა. -თქვა ეიმიმ, როდესაც თოკებით შემოზღუდულ იმ ადგილს მიუახლოვდა, რომელზეც მუშაობდნენ.
-ნამსხვრევები. -თქვა მარკმა და ჯერ გოგონას შეხედა, შემდეგ კი მზის ჩასვლას.
-რისი ნამსხვრევები? -იკითხა ეიმიმ და საზღვარს გადააბიჯა, როცა მარკმა ქვიშა გადაწმინდა თავისი ჯაგრისით.
-სწორედ ამიტომ ხარ ჩვენი ექსპედიციის დიდებული და უშიშარი წინამძღოლი. აიღე ჯაგრისი და დამეხმარე, კარგი?
ეიმიმ დაიჩოქა და დიდი სიფრთხილით დაუწყო იმ კვადრატს წმენდა, მარკს რომ მოენიშნა. ნახევარ საათში გოგონამ შენიშნა, რომ სინათლე ნელ-ნელა ქრებოდა.
-უნდა წავიდეთ. დანარჩენი მოიცლის ხვალამდე. -უთხრა მარკმა ეიმის, უდაბნოს გასწვრივ მზის ჩასვლას რომ მისჩერებოდა. ფრთხილად აკრიფა ქვის ფრაგმენტები და ეიმის მიაწოდა. -ესენი ბანაკში წაიღე, მე აქაურობას მივალაგებ და მალევე მოვალ. როგორც გავიგე, ამ საღამოს ალ-ქაბსა გვაქვს ვახშმად.
ეიმიმ ცხვირი შეჭმუხნა. მართალია, მარკს უყვარდა ხორცი და ბრინჯი, მაგრამ მას უკვე ყელში ჰქონდა ამოსული.
ბანაკში დაბრუნებისას ექსპედიციასთან დაკავშირებულ ჩანიშნულ ინფორმაციას ამოწმებდა ჩამავალი მზის შუქზე, როდესაც ყურადღება მიიპყრო მის უკან უცნაური ეკიპაჟის მოძრაობამ.
-ღვთის გულისათვის, ახლა მაინც რაღა მოხდა? -წამოიყვირა ხმამაღლა, როცა ოთახში შევარდა და კონტეინერი მაგიდაზე დადო.
ეიმის ჯგუფის წევრები ერთადერთი ლიცენზირებული არქეოლოგები იყვნენ, რომლებიც ამ უზარმაზარ ადგილზე დაიშვებოდნენ. ზოგჯერ, როცა ხმა გავარდება საინტერესო აღმოჩენებზე, ადგილობრივი სიმდიდრეზე მონადირეები ცდილობენ ძვირფასი აღმონაჩენის მოპარვას.
"თუ ფიქრობენ, რომ აქ შემოჭრა და რამის წაღება შეუძლიათ, ძალიანაც შემცდარან!“ გაიფიქრა ეიმიმ და თავისი შოლტი და პისტოლეტი მოიმარჯვა. შოლტი უდაბნოს გველებისთვისაა განკუთვნილი, პისტოლეტი კი - გველი ადამიანებისთვის. ეიმის ისეთი ტიპის ხალხთან აქვს კავშირი ამ უდაბნოში, რომლებიც დიდი გულითადობით არ გამოირჩევიან.
-ახლავე დავბრუნდები!!!- მიაძახა მარკს და იმ ადგილისაკენ დაიძრა ექსპედიციის ორადგილიანი, პატარა მანქანით, სადაც ეკიპაჟი დალანდა. აქ, უდაბნოში, ქალის საჭესთან ყოფნას არავინ დარდობს, თუმცა ქალაქში ეს უკვე სხვა საქმეა.
ხუთწუთიანი მგზავრობის შემდეგ, როცა ორი ჯიპი დაინახა ერთ ადგილზე გაჩერებული, პატარა მანქანიდან გადმოვიდა და შორიდან გადაწყვიტა სიტუაციის დაზვერვა. ფარული ადგილიდან დაინახა, დიდი სატვირთოდან როგორ გადმოვიდა რამდენიმე ადამიანი და როგორ გადმოიტანეს მათ იქედან რაღაცები... ან უარესი - ვიღაცები გადმოიყვანეს.
სუნთქვა შეეკრა, როცა ერთ-ერთმა მათგანმა ტყვეები მუხლებზე დასცა.
ეს არ იყო ჩვეულებრივი დაჯგუფება. ნაწილს დასავლური საბრძოლო ფორმა ეცვა, ნაწილს - ტრადიციული არაბული გრძელი ტანისამოსი. ყველა მათგანი მძიმედ იყო შეიარაღებული შაშხანებითა და ცეცხლსასროლი იარაღით. ტყვეს, რომელიც მუხლებზე დაჩოქილიყო, ოფიციალური ტანისამოსი ემოსა. მუქი ფერის შარვალი და მაისური ეცვა. სახე მთლიანად მტვრითა და სისხლით ჰქონდა მოსვრილი, რომელიც ჭრილობიდან სდიოდა.
-მეამბოხეები. -ოხრას ამოატანა ეიმიმ ერთადერთი სიტყვა.
ერთი კაცი, ლიდერი, რაღაცას ყვიროდა არაბულად და დანარჩენებიც ყიჟინებდნენ დროგამოშვებით.
ვენებში სისხლი გაეყინა, როდესაც გაიფიქრა, რომ ერთი სიტყვა ამოიცნო იმ კაცის ნალაპარაკებიდან.
-ემირ... -ისევ ტყვეს შეხედა, -შეუძლებელია, შანსი არ არის!
შოლტი და პისტოლეტი მოიმარჯვა. მართალია, შოლტი მხოლოდ ხვლიკებსა და გველებზე აქვს გამოცდილი, თუმცა ეგ არაფერი. კარგად შეამოწმა , გადატენილი თუ ჰქონდა პისტოლეტი.
სინათლე სწრაფად ქრებოდა.
ეიმიმ ნელა გადაკვეთა პატარა, საზღვრად აღმართული კლდის ქიმი და კაცების წრეს მიუახლოვდა. ყველას ტყვეზე გადაეტანა ყურადღება, ამიტომ გოგონას იქ მისვლაც ვერავინ შენიშნა.
-აქ რა გესაქმებათ? -მისმა ხმამ გაარღვია უდაბნო....

ავტორი StormyTee
თარგმნა ლიკა ლომთაძემ
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: ლუცი
ნანახია: 1550 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar