ვერნათქვამი სიტყვები–10
18.05.2017, 01:41
დილით მობილურის საშინელმა ზარმა გამაღვიძა. ტვინმა მაშინვე აღიქვა, რომ ეს მაღვიძარა არ იყო. უკვე ორი წელია ერთი სიმღერა მაქვს დაყენებული, შემსრულებელი და სათაური რომ მკითხოთ, ვერ გიპასუხებთ, მაგრამ მელოდია ზეპირად ვიცი. ეს კი ნამდვილად არ იყო ჩემი მაღვიძარა.
როგორც იქნა, ვუპასუხე და გაჩერდა ეს ტვინის ბურღი.
– გისმენთ, – ძლივს გავიგე საკუთარი ხმა.
– შუშან, როგორ ხარ გოგო? ხომ არ გაგაღვიძე? – ბოლო დონეზე ხარხარებდა.
– აუ, ჩაგქოლავ და ჩაგაბეტონებ, იცოდე! – მაშინვე მუქარაზე გადავედი.
– ეს ჩაბეტონება კახასგანაა? ორი კვირაა ჯერ რაც ერთად ხართ და გადამირიე ბავშვი? – ხარხარს არ წყვეტდა ვაჟბატონი.
– ტასო, გაგაღვიძა? – გავიგე კახას ხმა.
– შენ მანდ ხარ და ამას ისმენ? რომელი საათია იცით? გავბრაზდი, მორჩა! – დავუკიდე და ტელეფონი გავთიშე. მერე უმისამართოდ მოვისროლე და ძილი განვაგრძე. კარგი, საბა არანორმალურია, მაგრამ ეს ჩემი შეყვარებული რაღამ გადარია დილის შვიდ საათზე?!
ორივეს ჯინაზე, მშვენივრად გამოვიძინე, ორ საათზე ავდექი და თავის მოწესრიგებას შევუდექი.
ჩემი ოთახის ფანჯრიდან გადავიხედე, მოპირდაპირე კორპუსის წინ მდგარ სკამებზე საბა და კახა ისხდნენ. კახას მობილური ეჭირა და თავს მაღლა არ სწევდა. უცებ ჩავრთე ჩემი ტელეფონი და ისევ ფანჯრიდან გავიხედე. კახამ დამირეკა და ვუპასუხე.
– არ შეიძლება ამდენი ძილი.
– არც ისე საშინლად გაღვიძება, კიდევ გაბრაზებული ვარ.
დავინახე, როგორ ჩაიცინა.
– ჩამოდი, სადმე გავიდეთ.
– არსადაც არ ჩამოვალ, სალომეს ველოდები.
ამ დროს დავინახე, როგორ შემოუხვია ეზოში სალომ. სანამ რამეს გავიაზრებდი, კახა და საბა მისკენ მიდიოდნენ, ტელეფონში მათი სიცილი მესმოდა. საბამ ქეთის ხელი გადახვია და ლაპარაკი დაუწყო.
– ახლა ჩამოხვალ? – პირდაპირ ჩემს ფანჯარას ამოხედა და მომეჩვენა, თითქოს ამ სიშორეზე თვალებში კი არა, სულში ჩამხედა.
– უფ, – ბოლო მაინც დავიწუწუნე და ფანჯარას მოვცილდი.
გარეთ გავედი თუ არა, სალოსთან მივედი და გადავეხვიე.
– ვა, შუშან, – გაიცინა საბამ.
– საბა, რა გინდა, კესო ქორწილამდე დავაქვრივო? – ცალი წარბი ავწიე.
– ეს ვინაა ტო, - დაჩაგრული ბავშვის სახე მიიღო და საცოდავად შემომხედა.
– ნუ ხარ მსახიობი, – გამეცინა.
კახა უკნიდან ჩამეხუტა, ხელები წელზე დამადო და ყელში მაკოცა. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად მესიამოვნა, მაინც არ შევიმჩნიე. უკან მივიხედე და დავუბღვირე.
– ახალი საჭორაო აკლდათ ამათ, – იქვე მსხდომ უბნის ჭორიკნებზე ვანიშნე.
– შენთვისვე აჯობებს, თუ მაგათზე არ იფიქრებ, – გაიცინა და ისევ მაკოცა.
იცოდა, საერთოდ რომ არ მაინტერესებდა მათი აზრი, უბრალოდ მას ვებღვირებოდი.
ჩემს სახლთან ახლოს პარკში გადავედით და სკამებზე დავსხედით. მე და სალომ მაშინვე ბოლო ზარზე და ბანკეტის ამბებზე დავიწყეთ საუბარი, თან ისეთი აჟიტირებულები ვიყავით, ვერ გვაჩერებდნენ.
– რომელ რესტორანში აპირებთ? – დღეს საბამ ერთადერთი ჭკვიანური რამ იკითხა.
– ჯერ არ მოგვიფიქრებია, ვერ ვთანხმდებით, – მხრები ავიცეჩეთ.
– მერე თქვენ რომ მოგინდებათ მაშინ, შეიძლება დაკავებული იყოს,-ბრძანა კახაბერმა.
– რა ვუყოთ მერე, - ჩავიდუდღუნე და კახას სახეზე ძლივს შევიკავე სიცილი.
– მაცადე, დავრეკავ, - მობილური ამოიღო და გვერდზე გავიდა.
არ ვიცი ვის დაელაპარაკა და რა უთხრა, მაგრამ რამდენიმე წუთში სრული ინფორმაცია გვქონდა იმ რამდენიმე რესტორანზე, რომლებიც მე მინდოდა.
– ვაიმე, გაიხარე კახა, მადლობა, – ტაში შემოკრა სალომემ.
– ჩემი ბიჭი, – კახას გაცისკროვნებული თვალებით შევხედე, მაგრად ჩავეხუტე და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე.
– ქრთამისტი, – გადაიხარხარა საბამ.
– საბა, ბეტონი ბლომად გვაქვს, – არც შეუხედავს, ისე უპასუხა კახამ, ჩემს თმებს ეთამაშებოდა.
– ასე ერთნაირებმა სად იპოვეთ ერთმანეთი რა, – ჩაიდუდღუნა საბამ და მერე გახარებულმა შემოგვხედა. – მე რომ არ ვყოფილიყავი რა გეშველებოდათ, თქვე გაჭირვებულებო.
– ხოდა შენ თვითონ ჩაგიგდია თავი ასეთ დღეში, – დავცინე.

დრო ნელ–ნელა გადიოდა... თანდათან უფრო მეტად ვიაზრებდი, რომ უკვე მარტო აღარ ვიყავი და მყავდა ადამიანი, რომელსაც ვუყვარდი და მიყვარდა. ახლა ზუსტად ვიცოდი, რა მაკლდა აქამდე და რატომ ვერ ვგრძნობდი თავს სრულფასოვნად. ვგრძნობ, რომ ვიღაცას ვჭირდები, მნიშვნელოვანი ვარ და მისთვის პირველ ადგილას ვდგავარ. ამ ყველაფრის განცდა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე გვგგონია.
კახა მუშაობდა, საღამოობით თუ შევხვდებოდით ერთმანეთს, ისიც იშვიათად. სამაგიეროდ, მთელი შაბათ-კვირა ერთად ვიყავით, რამდენადაც გვაძლევდა საშუალებას ჩემი აბიტურიენტობა. თამამად შემიძლია ვთქვა, მე ბედნიერი ვარ!

აბიტურიენტობასა და სწავლას იმდენი დრო მიჰქონდა, დანარჩენ დროს ძლივს ვანაწილებდი კახაზე და მეგობრებზე. თუმცა, თავისუფალ დროს მხოლოდ მეგობრებთან ერთად ვერ გავდიოდი, მაშინ აუცილებლად კახაც უნდა ყოფილიყო, მის გარეშე ვერ ვძლებდი. ცოტახანში ჩემს კლასელებთან ერთად სიარულს ვუკელი, მათ სკოლაში და მასწავლებლებთანაც ვნახულობდი, მე კი კახა მენატრებოდა საშინლად. ამიტომ, მე, კახა, საბა და კესო, ხშირად დავდიოდით ერთად. საბა და კესო უკვე დიდიხანი იყო, რაც ერთად იყვნენ. ქორწილზე ხშირად საუბრობდნენ, მაგრამ ზუსტ თარიღს არასდროს თქვამდნენ. რამდენჯერაც გადაწყვიტეს, ამ გაზაფხულს ან ზაფხულში დავქორწინდებითო, იმდენჯერ ისეთი რაღაც მოხდა, ქორწილი გადაედოთ. ამიტომ ახლა მომავლის გეგმებს არ ადგენდნენ და შეყვარებულობის პერიოდით ტკბებოდნენ.
რაც შეგვეხება მე და კახას... მომავალზე არასდროს ვლაპარაკობდით, ეგ კი არა, მე არც ვფიქრობდი. ერთხელ მეგობარმა მითხრა, მეგრელისა და სვანის შვილი, თან თქვენი, მაგარი იქნებაო. სულ რამდენიმე წუთით დავფიქრდი ამაზე და მერე თავი გავაქნიე. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარდა, მართლა ძალიან მიყვარდა და ვგრძნობდი, რომ მასაც ისევე ვუყვარდი, მომავალზე საერთოდ არ ვფიქრობდი, დღევანდელი ბედნიერი დღითაც კმაყოფილი ვიყავი. თანდათანობით მივხვდი, რომ ძალიან კარგს ვაკეთებდი, როცა ჩვენს მომავალზე არ ვფიქრობდი, თორემ ოცნების კოშკები ერთ წამში დამენგრეოდა და ეს საშინლად მტკივნეული იქნებოდა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით...

ჩემს კლასელებს ყოველდღიურად ვნახულობდი და სხვა მეგობრებიც მომენატრნენ. მე და ნათია კი ერთნაირად ვგიჟდებით სიჩქარეზე, ადრენალიზე და, რაც მთავარია, ბაიკებზე! ერთ შაბათ–კვირას რუსთავში რბოლა იმართებოდა და წასვლა გვინდოდა, თან დიდი ხანია ნანახი არ მყავდა და გამოვაცხადე, კვირას ყველაფრისგან ვისვენებ, რუსთავში მივდივარ–მეთქი!
– რა გინდა რუსთავში? – მკითხა გაკვირვებულმა კახამ.
– რბოლაა! – გახარებულმა წამოვიძახე.
– რომელი მრბოლელი და დრიფტერიც შენ ხარ, შუშან, – დამცინა საბამ. საპასუხოდ კი თავში ბალიში მიიღო.
– მე და ნათია უნდა წავიდეთ, – გამოვაცხადე ამაყად.
– შენები გიშვბენ? – მკითხა კახამ.
სიბრაზემ ფეხებიდან რომ დამიარა, საფეთქლებთან მიაღწია პიკს! ისე მეკითხებოდა, თან ისე მიყურებდა, თითქოს ერთი ციცქნა ვყოფილიყავი და ყველაფერი მშობლების პასუხზე იყო დამოკიდებული. არადა ზუსტად იცოდა, ჩემებს ასეთ რამეებს რომ არ ვეკითხებოდი, უბრალოდ ვაფრთხილებდი, რომ სადმე მივდიოდი. ისინი კი მაინც თავს მიქნევდნენ, კარგი წადიო, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალურობა იყო. არასდროს მომდომებია ისეთ ადგილას წასვლა, მათ რომ არ გავეშვი.
– რას ქვია მიშვებენ თუ არა? – თვალები უკვე შუბლზე მქონდა.
– უთხარი? – კახა ისეთი მშვიდი იყო, მე კი ერთი სული მქონდა, როდის ვიყვირებდი ძალიან ხმამაღლა.
– დღეს სახლში რომ ავალ ვეტყვი, რა პრობლემაა ვერ გავიგე, – მოვახერხე და საკუთარი თავი დავამშვიდე.
– მე კვირას არ მცალია, სამსახურში შეხვედრა მაქვს, საბას და კესოსაც გეგმები აქვთ, მარტო უნდა წახვიდეთ?
– ჰო ისე, რა პონტია, – აყვა საბაც.
– არა, დაცვის ამალას გავიყოლებ თან! – ირონიულად ჩავიბუტბუტე. – რა ამბავი ატეხეთ არ მესმის, უკანონო რბოლაზე ხომ არ მივდივარ, ჩვეულებრივი ამბავია.
– ჰოდა სწორედ მაგიტომ დგახარ ყოველ საღამოს ფანჯარასთან, ის ბაიკერი რომ მოდის, ხო? – თვალები დამიბრიალა კახამ.
მისი სახეს რომ შევხედე, თავი ვერ შევიკავე და სიცილი ავტეხე. რა ჩემი ბრალია, თუკი კილომეტრების დაშორებითაც მესმის ბაიკის ხმა?! ბოლო ერთი კვირაა კი ჩემს ეზოში ერთი ბაიკერი მოდის, ლურჯი იამაჰა ჰყავს. ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მოდის, წუთს არ იგვიანებს. ეზოში რამდენიმე წრეს დაარტყამს, ჩემს კორპუსს ამოხედავს და ისევ მიდის. და აბა, ამას გამოვტოვებ მე?! ყოველ საღამოს გულის ფანცქალით ველოდები, რომ ზოგისთვის მოსაბეზრებელი, მაგრამ ჩემთვის საოცარი ხმა გავიგონო.
დაუფიქსირებია თურმე ბიჭს!
– ბაიკის ხმას რომ გავიგებ, შენი აზრით, ოთახში რამე გამაჩერებს? რამდენჯერაც მოვა, იმდენჯერ გადავიხედები ისევ, თან რა მაგარი ბაიკი ჰყავს! ისე, ჩაფხუტსაც თუ მოიხსნის, კარგი იქნება, – ვთქვი და დივნიდან წამოვხტი.
– ეს გოგო ნერვებს გამინადგურებს, – თავს იქნევდა კახა.
– შენს თავს დააბრალე, რა ჩემი ბრალია, – გავიცინე.
– არა, ისევ ჩემი ბრალია ასეთ შარში რომ გაგხვიე, ძმაო, მე რა ვიცოდი ვინ იყო ეს პატარა ტასიკო, – სიბრძნე დაახეთქა საბამ. ჩემგან და კახასგან კი ისეთი მზერა დაიმსახურა, მომღიმარი სახე უცებ დაისერიოზულა.
სახლში მივედი თუ არა, ნათიას მივწერე ყველაფერი.
– აუ, რა საყვარელია, გამაცანი რა.
– ვინ არის გოგო საყვარელი? – თვალებს ვერ ვუჯერებდი. – გაგაცნობ და მიხვდები როგორ საყვარლად შეუძლია ნერვების მოშლა!
– ჰოდა, ზუსტად ერთმანეთი გიპოვიათ! – დაასკვა ნათიამ.
საბოლოოდ, კვირას მაინც ვერ წავედით რბოლაზე. დილით რომ გავიხედე და ისეთი საშინელი ამინდი დავინახე, კინაღამ ტირილი დავიწყე. ოთხ საათამდე თითქმის სულ ფანჯარასთან ვიდექი, ოდნავ თუ მაინც გადაიღებს წვიმას, აუცილებლად წავალ–მეთქი, მაგრამ გადაიღო კი არა, უფრო იმატა.
იმედგაცრუებული ნათიას ვემესიჯებოდი და ორივე ვწუწუნებდით, ამ დროს კახამ რომ დამირეკა.
– რას შვები აბა? – მკითხა მხიარულად.
– ხედავ რა ამინდია? სად წავიდოდით, – დავიწუწუნე.
– კაი არაუშავს, მერეც იქნება.
– მე ახლა მინდოდა! შენ შეხვედრა არ გაქვს სამსახურში?
– კი, ათ წუთში იწყება.
– წარმატებები.
– ნუ ხარ უხასიათოდ. გკოცნი და მერე დაგირეკავ.
მერე ვერ დამირეკა, რადგან ტელეფონი გამოვრთე, საწოლში თბილად გავეხვიე და მორფეოსის სამყაროში გადავეშვი...
შემდეგი მთელი კვირა ვატყობდი, რომ კახა ვერ იყო ხასიათზე. რამდენჯერმე ვკითხე კიდეც რა მოხდა–მეთქი, მაგრამ არაფერიო და მხიარული ნიღაბი აიკრა სახეზე. გამიცინა და ჩემს თმებზე დაიწყო თამაში, თან მხიარულად ლაპარაკობდა და რაღაცებს მიყვებოდა, მაგრამ ვხვდებოდი, კარგად რომ არ იყო. ხანდახან მობილურის ეკრანს ისე მიაშტერდებოდა, ბომბი რომ აფეთქებულიყო, იმასაც ვერ გაიგებდა. ასეთ სიტუაციებში თვით საბაც კი არ ხუმრობდა. მერე მასაც რომ დავუწყე დაკვირვება ეჭვის თვალით, ალბათ რაღაცას მიხვდა და ცდილობდა, ეხუმრა ხოლმე, მაგრამ ისეთი უკბილო ხუმრობები გამოსდიოდა, ძალით ძლივს ვიღიმოდი.
– კახა, არ იტყვი რა გჭირს ეს დღეები? – ერთი კვირა ვითმინე, მაგრამ ყელში რომ ამომივიდა, უკვე მეორედ ვკითხე უხეშად.
– არაფერი ტას, მართლა. გამივლის, – თვალი ჩამიკრა და ჩამიხუტა.
– იცი რა არ მესმის? შენ თუ მთხოვ რომ ჩემი ყველა პრობლემა გითხრა, ჩემზე ყველაფერი იცოდე, მე რატომ არ მაქვს ამის უფლება?
– იმიტომ, რომ მე უნდა დაგიცვა და შენზე უნდა ვიზრუნო, ჩემო სულელო, – შუბლზე მაკოცა.
– შენ, შენ არ გინდა ზრუნვა?
– ჩემთან რომ ხარ მე ისიც მყოფნის, – მითხრა ნაღვლიანად და ისე მაგრად ჩამეხუტა, ძვლები მეტკინა. თუმცა, არაფერი მითქვამს, ვიგრძენი რომ ეს სჭირდებოდა. მეც რაც შემეძლო მაგრად შემოვხვიე ხელები და თავი მის კისერში ჩავმალე. ვგრძნობდი, რაღაც ისე ვერ იყო და ეს მაწუხებდა.
სახლში დანაღვლიანებული ავედი, გამოვიცვალე და მობილურის ხმა გავიგე, შეტყობინება მომივიდა. კახასგან იყო, ფრანულად ისეთ ლამაზ სიტყვებს მწერდა, რამდენჯერმე გადავიკითხე და თვალები ამეცრემლა. ახლა ზუსტად ვიცოდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა.
იმ პერიოდში კახამ და საბამ ძალიან მოუხშირეს ქალაქიდან გასვლას. მე კარგი, ვერ წავყვებოდი, მაგრამ საბას კესოც კი არ მიჰყავდა. ეგ კი არა, მანაც არაფერი იცოდა.
– გეუბნები, ეგენი რაღაც საეჭვოდ დადიან, – მიჩიჩინებდა კესო.
მე კი ვგრძნობდი, რომ უკვე სულერთი იყო. განა იმიტომ რომ აღარ მიყვარდა?! მიყვარდა, ვგრძნობდი, რომ მიყვარდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. რაც არ უნდა მეტკინოს, რაც არ უნდა ცუდად ვიყო, როცა ვხედავ, რომ ადამიანი მშორდება, მეც ჩემდაუნებურად ვშორდები მას. არ ვცდილობ მის შენარჩუნებას, რადგან მან პირველმა თქვა ჩემზე უარი, ანუ არ ვჭირდები. არც მე მჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებისთვისაც ტვირთი ვიქნები. შეიძლება ზოგს სისულელდ და აბსურდად მოეჩვენოს, მაგრამ მე ასეთი ვარ. ხანდახან არც მე მომწონს ჩემი ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ სხვანაირად უბრალოდ ვერ ვიქცევი, სხვანაირად რომ მოვიქცე მე აღარ ვიქნები.
– კესო, დაანაბე თავი რა, იტყვიან ბოლო–ბოლო, – ვუთხარუ მობეზრებული ხმით.
– და მაგათ თქმას დაველოდო? ტასო, რა გჭირს? – გამომხედა ეჭვის თვალით.
– არ ვიცი. კესო, არ მაინტერესებს, – კინაღამ ავტირიდი.
– შენ არ იდარდო, მე გავარკვევ, – თავზე ხელი გადამისვა.
მეორე დღეს კახამ დამირეკა, ჩამოდიო. საბას სადარბაზოს წინ იდგა.
– როდის ჩამოხვედი? – ვკითხე უემოციოდ და გადავეხვიე. ხელების გაშვება მინდოდა, მაგრამ არ დამაცადა, ისე მაგრად ჩამიხუტა, ჩემი ძვლების ტკაცუნის ხმა რეალურად გავიგე. ენაზე მომადგა და პირი გავაღე რომ მეკითხა რა გჭირს–მეთქი, მაგრამ გავჩუმდი.
– დღეს დილით. სალხში მივედი, ცოტა დავისვენე და მაშინვე ჩემს გოგოსთან წამოვედი, – გამიცინა და ცხვირზე ხელი დამკრა.
– ანუ ჩემი ბიჭი კარგ ხასიათზეა და მოვენატრე? – ავყევი მეც, თუმცა მის თვალებში კარგად ვხედავდი, რომ არ იყო ხასიათზე.
– მე შენ სულ მენატრები, – მითხა და ისევ ჩამეხუტა. – წამო, გავისეირნოთ, – თავით მანქანაზე მანიშნა და კარი გამიღო.
მთელი საღამო სად არ ვიარეთ, მართლა ვმხიარულობდი. ჩემს მხიარულობას ვინ დაეძებდა და მე ის მიხაროდა, კახას თვალებში რომ ჩავხედე, უცინოდა. ჰო, მისი ცისფერი, უზადოდ ლამაზი და ღრმა თვალებიდან ღიმილი იღვრებოდა და ბედნიერებას ასხივებდა, რომელიც ავტომატურად მეც მაბედნიერებდა და ისეთივე ღიმილით ვპასუხობდი. მე და კახა ასე არასდროს ვყოფილვართ. ქუჩებში ხელჩაკიდებულები დავდიოდით, მოურიდებლად ვიცინოდით, მე ბარდიულებზე დავდიოდი, კახას კი ხელი ეჭირა რომ არ დავცემულიყავი. მისი ხასიათის ასე რადიკალურად შეცვლას არ ველოდი და მიხაროდა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მაწუხებდა რაღაც...
სახლში შედარებით გვიან დავბრუნდი, მაგრამ ჩემებს არაფერი უთქვამთ, იცოდნენ რომ გოგოებთან ერთად ვიყავი. მაწუხებდა ის ფაქტი, რომ მათთვის სიმართლის დამალვა მიწევდა, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა, ჯერ სკოლა დავამთავრო და მერე ვეტყვი–მეთქი.
გამოვიცვალე თუ არა, ტელეფონზე მესიჯი მომივიდა: „მადლობა ასეთი ბედნიერი დაბადების დღისთვის. სრულყოფილი ვერ იყო სამწუხაროდ, მაგრამ ესეც მაპატიე და ყველაფერს გამოვასწორებ, ყველაფერს აგიხსნი და მერე არ დაგტანჯავს პასუხგაუცემელი კითხვები. მე შენ ყველაფრისთვის უდიდესი მადლობა უნდა გადაგიხადო, თუნდაც რომ არსებობ მხოლოდ იმიტომ“.
თქვენ ალბათ გაგიხარდებოდათ არა ეს მესიჯი?! საყვარელი ადამიანი თქვენით ბედნიერი იყო და მერე რა, თუ ბოლომდე ვერ იყო სრულყოფილი მისი დაბადების დღე, სხვა ბევრის და შეიძლება თქვენიც არ ყოფილა ზოგჯერ. მაგრამ მე არ გამიხარდა, საერთოდ არ გამიხარდა. ვიცოდი, რომ რაღაც ძალიან ცუდი უნდა მომხდარიყო...
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: TaMo
ნანახია: 1132 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
მოკლედ მოვახერხე დღეს ყველა თავის წაკითხვა ერთად, საინტერესო და მხიარული ისტორიაა ადვილად რომ იკითხება
avatar