ვერნათქვამი სიტყვები–11
28.05.2017, 02:38
მეორე დღეს დილიდან გასული ვიყავი სახლიდან. ქალაქის მეორე ბოლოში დავბოდიალობდი და ისე მშიოდა, კუჭი მიხმებოდა. კაფეში შესასვლელი დრო არ მქონდა და ისეთი საცხობიც ვერსად დავინახე, გული რომ მიმსვლოდა. მოწამვლას ისევ შიმშილობა ვამჯობინე და როცა ყველა საქმე მოვაგვარე, ჩემი მეგობრის სახლისკენ ავიღე გეზი. საავადმყოფოს გვერდით ცხოვრობდა, მეც ფეხით გავუყევი გზას და უკვე მეორე მხარეს უნდა გადავსულიყავი, რომ საბას გადათეთრებული სახე დავინახე. თავიდან შემეშინდა რამე ხომ არ სჭირს–მეთქი და მისკენ გაქცევა დავაპირე, მაგრამ როდესაც მის გვერდით მდგომი უარესად გადათეთრებული კახა დავინახე, სულ დავიბენი. მერე მათ გვერდით მდგომი ულამაზესი გოგო შევამჩნიე. აი, იცით როგორი? რომ შეხედავ და მისი სილამაზე დაგამშვიდებს. თეთრი იყო, საოცრად ლამაზი მწვანე თვალები ჰქონდა და ღია წაბლისფერი თმა. გარშემო ისეთი თბილი მზერით იყურებოდა, არ შეეძლო ადგილას არ მიეყინე. მერე კარგად დავაკვირდი და დავინახე, როგორ ისვამდა დიდ გამობზეკილ მუცელზე ხელს. ქალს ყველაზე მეტად ორსულობა ალამაზებს, ყველა ორსული თავისებურად ლამაზია, მაგრამ ეს გოგო რაღაც განსაკუთრებული იყო.
სანამ მე იმ გოგოს ვაკვირდებოდი, შევამჩნიე, რომ სამეული მომიახლოვდა.
– ვა, ტასო, შენ აქ საიდან? – ენის ჩლიფინით მკითხა საბამ.
– მეგობართან მივდივარ, – მის ტონზე მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო.
– გამარჯობა, შენ ტასო ხარ როგორც მივხვდი. მე დეა ვარ, – ხელი გამომიწოდა ორსულმა და მეც დაბნეულმა ჩამოვართვი.
– ბოდიში, კახას არ უთქვამს, რა რეაქცია გქონდა, – თქვა და თავი ჩაღუნა.
– რაზე რა რეაქცია მქონდა? – დებილივით ვუყურებდი სამივეს.
– ჩვენს პაწუკაზე, – თქვა და გამობზეკილ მუცელზე ხელი გადაისვა. – როგორ, აბა ვეტყვიო? ვაიმე! – წამოიყვირა და პირზე ხელი აიფარა. – ჩემი ბრალია, – თავი დამნაშავე ბავშვივით ჩაღუნა.
– მე წავედი.
არ მახსოვს ეს სიტყვები ვთქვი თუ უბრალოდ გავიფიქრე. ისიც არ მახსოვს, ტაქსში როგორ აღმოვჩნდი, იქვე იდგა თუ მე გავაჩერე ბედად გამოვლილი მანქანა. მახსოვს მხოლოდ ის, რომ ხელები და ფეხები ერთ წამში გამეყინა, გარემოს კი საშინლად ბუნდოვნად აღვიქვამდი და ჩემს თავს ვაიძულებდი, რომ ახლა, აქ, ტაქსში არ დამეკარგა გონება.
–––
ოდესმე ცხოვრებაში გქონიათ ისეთი შეგრძნება, როცა ნანობთ, რომ დედამიწაზე დაიარებით, სუნთქვაც კი რომ გეძნელებათ... მე მქონია. აი, სწორედ მაშინ, როცა ტაქსში ჩავჯექი და გაუაზრებლად ვუკარნახე ჩემი სახლის მისამართი. ის ერთადერთი ადგილი იყო, სადაც კახა მოსვლას ვერ გაბედავდა. მანქანაში ვიჯექი და ვფიქრობდი, რატომ ვარ ასეთი სულელი, უბედო, ყოველთვის ან დაზარალებულად რომ ვგრძნობ თავს, ან დამნაშავედ, ისიც უმიზეზოდ. სულელი, სულელი!.. ვგრძნობდი, დედამიწის ზურგზე აღარაფერი მანაღვლებდა გარდა იმისა, რომ სხეულის თითოეული უჯრედი მტკიოდა. კიდევ ის მანაღვლებდა, რომ თვალებიდან ნორმალურად ვერ ვიხედებოდი ცრემლების გამო.
ვფიქრობდი ყველა უაზრობაზე. აი, ახლა ტაქსი შუქნიშანზე გაჩერდა. ცრემლების გამო ბუნდოვნად დავინახე, როგორ გადავიდა გზაზე მოხუცი, რომელსაც ორი დიდი ტომარა გაჭირვებით მიჰქონდა. მანქანა დაიძრა თუ არა, იმაზე დავიწყე ფიქრი, რა შეიძლება ყოფილიყო იმ ტომრებში. ბოთლები, ქილები, კარტოფილი, ხახვი...
მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე და უაზრო ფიქრს მოვეშვი, ჩემი კორპუსი რომ შევამჩნიე. ასეთ მდგომარეობაში სახლში ვერ მივიდოდი, ამიტომ სარკე ამოვიღე და შეძლებისდაგვარად თავი მოვიწესრიგე.
მძღოლს თანხა გადავუხადე და მანქანიდან გადავედი. ჰაერი რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და სადარბაზოში შევედი. ორი სართულის ასვლას მგონი ათი წუთი მოვანდომე, მერე კიდევ ხუთი წუთი ზარის დარეკვას და გავისუსე. სახის დარეგულირება ვცადე, კითხვების თავი ნამდვილად არ მქონდა.
კარი დედამ გამიღო და სახლში შემატარა.
– რა სახე გაქვს? – დაეჭვებული ტონით მკითხა.
– მთელი დღეა აქეთ–იქით დავდივარ, აღარ შემიძლია უკვე, – მაშინვე წუწუნი დავიწყე. მართლა აღარ შემეძლო... – თან არც მიჭამია და კუჭი გამიხმა.
– ნათიასთან არ ყოფილხარ? ადრე მოხვედი, – საათს დახედა.
– არა, სახლში არ იყო, – ვიცრუე და ტანში გამცრა იმის გახსენებისას, რა მოხდა ნათიას სახლთან.
მართალია, საჭმელი ვჭამე, მაგრამ მთელ ორგანიზმში ისევ ვგრძნობდი სისუსტეს. სკამზე დაჯდომასაც ვერ ვახერხებდი, დივანზე ვიყავი წამოწოლილი და ტელევიზორის ეკრანს მივჩერებოდი.
ცოტახანში ვიგრძენი, რომ მთელი სხეული მიხურდა. როგორღაც მოვახერხე და დივნიდან წამოვდექი, თერმომეტრი ავიღე და სიცხე გავიზომე. საერთოდ სიცხეს იშვიათად მაძლევდა, ამიტომ მაღალი ტემპერატურა თავიდან გამიკვირდა, მაგრამ როგორც კი განვლილი დღე გავიხსენე, ჩამეცინა. ირონიულად, სიმწრით ჩამეცინა...
– დე, – დედას მეორე ოთახში გავძახე და საკუთარი ხმა ვერ ვიცანი.
– რა იყო? – სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა და როგორც კი დამინახა, კარებთან შედგა.–სიცხე გაქვს? აი, გუშინ და დღეს თხლად რომ გეცვა, მაგის ბრალია, – თავი გადააქნია და თერმომეტრი გამომართვა.
მალიანიან ჩაის ვსვამდი და თან ცრემლები მდიოდა. დედა და მამა, ორივე გაკვირვებულები მიყურებდნენ, რა მოხდაო.
– სიხცხე მაქვს და შემიცოდეთ, ნერვებს ნუ მიშლით, – საცოდავად ვბუტბუტებდი და ცრემლებს ვყლაპავდი.
მამა გვერდზე მომიჯდა და ჩამიხუტა. ჩემი თავი მხარზე დაიდო და თმებზე მეფერებოდა.
– რატომ მაქვს სიცხე? რატომ? – ტირილს უფრო ვუმატე.
სინამდვილეში მხოლოდ მე ვიცოდი, რისგან ტიროდა ჩემი გული და რატომ ვყლაპავდი ცრემლებს. რატომ უნდა დამმართნნოდა ეს მე? რატომ ვარ ასეთი გულობრყვილო?
სახლის ტელეფონმა დარეკა და როგორც დედას სიტყვებიდან გავიგე, ელე იყო. ყურმილი მომაწოდა და მეორე ოთახში გავიდა.
– ხო, – უხასიათოდ ვუპასუხე.
– გოგო, სად ხარ შენ? რისთვის გინდა მობილური? მოსაკლავი ხარ!
– სიცხე მაქვს, ვკვდები, დამინდე, – თავი შევაცოდე.
– რა გჭირს თუ არ მეტყვი, სიცხე კი არა, მე მოგკლავ! მობილური რატომ გაქვს გათიშული?
– დაჯდა ეტყობა, ვწევარ და ვერ ავდგები. ცოტახანში დავჯდები კომპიუტერთან და მოგწერ. სიცხის გარდა არაფერი არ მებრძვის ახლა, – ჩავიდუდღუნე და გავთიშე.
მობილური ათასჯერ მაინც მქონია გათიშული, ოღონდ მაშინ მართლა დასატენი იყო ხოლმე ძირითადად. ადრე არასდროს აუტეხავს ელეს ამხელა ამბავი, შეიძლებოდა უბრალოდ აღენიშნა რომ მე ტელეფონის ღირსი არ ვარ... ალბათ სწორედ ესაა მეგობრობა, როცა რაღაცას, გულის კუნჭულში მაინც გრძნობ უთქმელად. ელეს ტონზე კი მივხვდი, რომ იცოდა, რაღაცას ვუმალავდი.
დაახლოებით ღამის თერთმეტზე დავჯექი კომპიუტერთან და სოციალურ ქსელში შევედი. გოგოები დავამშვიდე და ვუთხარი, რომ ხვალ ვნახავდი. როგორც კი ნინო დავინახე ხაზზე, სანამ მე მივწერდი, თვითონ მომწერა.
– აბა, რა ხდება?
– არაფერი კარგი.
– მომიყვები?
– არ ვიცი. ჯერ არც მე ვიცი არაფერი. უბრალოდ ძალიან ცუდად ვარ და მინდა, რომ საკუთარ გულისცემასაც ვერ ვგრძნობდე.
– როცა შეძლებ მომწერე, – იყო მისი პასუხი. მიხვდა, რომ ახლა არ შემეძლო, ახლა არაფერი არ შემეძლო...
ცრემლები ისევ გადმოვყარე და უხმოდ ავტირდი. ხელებმა თავისით ჩართეს მობილური. 32 გამოტოვებული ზარი იყო კახასგან, 5 საბასგან და ორი მესიჯი. კახასი არ გამიხსნია, საბასი ვნახე: „უნდა გელაპარაკო“.
„მადლობა, არ მინდა“_ მივწერე და გასუსული დაველოდე პასუხს. პასუხი არა, მაგრამ ზარი შემოვიდა საბასგან, მე კი მაშინვე გავთიშე.
„არ დამირეკო. არც შენი ხმის გაგონება მინდა“– ხელის კანკალით მივწერე. ვიცოდი, საბა პირველ რიგში კახას ბავშვობის ძმაკაცი იყო და მერე ჩემი მეგობარი. მართლა მისაბაძი მეგობრობა ჰქონდათ, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ცალკე იმაზე მტკიოდა გული, საბამ რომ არაფერი მითხრა, არც კი მიმანიშნა. გამორიცხულია არ სცოდნოდა ამდენიხანი.
„ხვალ დილით გამოდი და ვილაპარაკოთ მე და შენ“.
ვიცოდი, საბას დილა რომელი საათი იყო და ისიც ვიცოდი, რომ ასეთ მდგომარეობაში ხვალ შუა დღემდე ვერ ავდგებოდი. არაუშავს, მიცადოს...
მეორე დღეს, რა თქმა უნდა, გვიან გავიღვიძე. დედა ძლივს დავარწმუნე, რომ სუფთა ჰაერზე გასეირნება კარგად იმოქმედებდა ჩემზე. გასვლისას ჩემი ოთახის ფანჯრიდან გავიხედე და სკამზე მჯდომი საბა დავინახე.
ეზოში ჩავედი თუ არა, მაშინვე საბასკენ წავედი და წინ დავუდექი.
– გავისეირნოთ, – წამოდგა და წინ გამიძღვა.
მეც უთქმელად გავყევი უკან, პარკში სკამზე ერთმანეთის პირდაპირ დავსხედით.
მე ჩუმად ვიყავი, ის კი ყველაფერს ყვებოდა. ყველაფერს მიხსნიდა იმ ადამიანის მაგივრად, რომელსაც წესით ევალებოდა ეს.
ვუსმენდი და სიმწრით მეღიმებოდა, საკუთარ თავს დავცინოდი, ჩემს ბედს დავცინოდი და საერთოდ ჩემს ყველა გრძნობას ვნანობდი. რატომ? იმიტომ, რომ ისევ ჩემი სისულელისა და სიდებილის გამო, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი ყველა იმ გრძნობის გამო, რასაც კახას მიმართ ვგრძნობდი, ყველა ჩახუტება არასწორად მეჩვენებოდა.
სახლში ფიზიკურადაც და მორალურადაც დაღლილი მივედი. მაშინვე კომპიუტერი ჩავრთე და ნინოს მივწერე.
– შვილი ჰყავს.
– რა? – წარმოვიდგინე, როგორ გაუფართოვდა თვალები გაკვირვებისგან.
– უფრო სწორად, ეყოლება. გუშინ ვნახე იმ გოგოსთან ერთად, შვიდი თვისაა. დღეს საბას ველაპარაკე და ყველაფერი მომიყვა.
– რაო?
ჯერ ის საშინელი დღე მოვუყევი დეტალურად, მერე უკვე საბას მოყოლილი. თურმე, ორივე რომ ასე ხშირად დადიოდა ქალაქგარეთ, სწორედ ამის გამო იყო. კახა და დეა ადრე შეყვარებულები ყოფილან, ამ საწყალ გოგოს თურმე უყვარდა და, დარწმუნებული ვარ, დღემდე უყვარს. როგორც საბა ამბობს, დეა იცოდა, კახას რომ არ უყვარდა. რას იტყვის აბა, ჩემმა ძმაკაცმა გამოიყენა და მერე მიატოვაო?! სულ ცოტახნის წინ გაუგია დეას ორსულობის ამბავი შემთხვევით და იმის მერე ეს ორი დარბის აქეთ–იქით. საბას და კიდევ ერთი ძმაკაცის გარდა, არავის სცოდნია.
– და როდის აპირებდა ჩემთვის თქმას? ბავშვი რომ დაიბადებოდა, რომ გაივლიდა და მამას დაუძახებდა? – თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი.
– გეტყოდა, აბა რას იზამდა. ჯერ ისიც არ იცის, თავის ოჯახს როგორ უთხრას, – მხრები აიჩეჩა საბამ.
– როგორც გააკეთა, ისე! – ნერვებმოშლილმა წამოვიყვირე და ჩქარი ნაბიჯით გავეცალე იქაურობას.
– იცი, ახლა როგორ უარყოფითად ვარ მის მიმართ განწყობილი? – ვწერდი ნინოს. – აი, თავს რომ მოტყუებულად ვგრძნობ, ეგ ცალკე თემაა. ასეთი რაღაცები გულს მირევს! ერთ წამში დამეკარგა შთაბეჭდილება. რას ქვია ოჯახს როგორ უთხრას?! რა, პატარა ბავშვია?! ამის დამალვას თუ ეცდება, ნული კი არა, საერთოდ მინუსებში გადავა ჩემთვის! და თურმე რატომ მაქვს ასეთი რეაქცია! იდიოტი! – თვალებიდან ცეცხლებს ვყრიდი და ისე ვურტყამდი კლავიატურას ბეჭდვისას, ბეწვზე გადარჩა.
– თვითონაც ცოდოა, ტას. აბა, დაფიქრდი, სრულიად მოულოდნელად, შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მამა ხდება. მის ადგილას ყველა დაიბნეოდა და ეს ნორმალური რეაქციაა. უნდა დაელაპარაკო, მოუსმინო მაინც, ის ამას იმსახურებს, ორივე იმსახურებთ და გჭირდებათ ეს. ის გოგო შენამდე იყო!
როგორც ყოველთვის, ნინოს საუბარი ჭკუაში დამიჯდა. მართალია, არ ვიცოდი როდის შევძლებდი კახასთვის თვალებში ჩახედვას ისე, რომ მას იქ ზიზღი არ დაენახა, მაგრამ ვიცოდი, რომ უნდა დავლაპარაკებოდი, უნდა გაგვერკვია. ვიცოდი, რომ ლელა ჩემამდე იყო, მაშინ მე კახას არც ვიცნობდი, მაგრამ მისი საქციელი იმდენად გულს მირევდა, რომ საღად აზროვნების უნარს ვკარგავდი.
ცოტახანში ჩემი გოგოები ამოვიდნენ ჩემთან. ყველაფერი დეტალურად მოვუყევი და მათ სახეებს დავაკვირდი. ყველას ისე ჰქონდა თვალები გაფართოებული, იფიქრებდით, უცხოპლანეტელი დაინახესო.
– დამპალი! საზიზღარი! იდიოტი! ეს როგორ გააკეთა? საბაც უნდა მიაყოლო მაგას!
ასეთი და ამაზე უარესი სალანძღავი სიტყვებით შეამკეს კახა, მაგრამ იმაზე ერთხმად ყველა თანხმდებოდა, რომ უნდა დავლაპარაკებოდი.
ამ დროს თეონამ მომწერა, რომელთან ერთადაც გეოგრაფიაზე დავდიოდი. დღეს კი გაკვეთილი გავაცდინე, სიცხე კიდევ მქონდა, თან გარეთ გასვლა არ მინდოდა და დედა დავარწმუნე, სახლში დავეტოვებინე.
„ტასო, დღეს ვიღაც ბიჭმა მოგაკითხა მასწავლებლის კორპუსთან. შენ გიკითხა და ვუთხარი, რომ დღეს არ იყავი“.
დიდი ფიქრი არ სჭირდებოდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო.
– უიმე, საწყალია რაღაცნაირად, – თქვა გვანციმ.
– ეს მოაშორეთ აქედან, ვერაა, – თვალები დააბრიალეს ქეთიმ და სალომ.
– მე ვერ ვაპატიებდი, – ჩაიბუტბოდა ელემ.
მე? მე... მე არ ვიცი, რა და როგორ უნდა მეპატიებინა მისთვის... ერთადერთი ის ვიცოდი, რომ უნდა დავლაპარაკებოდი...
.....
დაგვიანებისთვის დიიდი ბოდიში. მოვიშორებ ფინალურ გამოცდებს ცოტახანში და ვეცდები ყოველდღე დავდო ხოლმე. მადლობა რომ კითხულობთ <3
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: TaMo
ნანახია: 1059 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar