ავტომატიანიII(ნაწილიIV)
15.08.2018, 21:29
ერთად.
ანას ეძინა, კოსტას ხელს ძილშიც მთელი თავისი ძალებით უჭერდა თავისას და კაცმა არ იცის რას ნიშნავდა ეს ჟესტი..
კოსტამ თვალებიც კი ვერ დახუჭა, გაფაციცებით აკვირდებოდა მისთვის გაჩენილ სასწაულს და ყველა შეხედვაში პოულობდა რაღაც ახალს..
“შენ ყველაზე კარგად იცი როგორ მიყვარხარ. ახლაც, როცა გძინავს, გრძნობ როგორ ვაყოლებ გულისცემას შენს მშვიდ სუნთქვას.. 
შენი თვალებია ჩემი სულის სიმშვიდე, შენი მუდმივად ამღვრეული თვალები..“
ანა ძილშიც გრძნობდა კოსტას დაჟინებულ მზერას, იმხელა სითბო იღვრებოდა ავტომატიანის თვალებიდან, ანას სახის ყველა ნაკვთი სათითაოდ ეწვოდა ისე, თითქოს ცეცხლი წაუკიდესო.
კოსტას საკუთარ ფიქრებში ჩაეძინა, ანა კი მზერის დანაკლისმა გააღვიძა.. მთელი არსებით გაუღიმა მის წინ ჩაძინებულ კოსტას და ფრთხილად გაეცალა სიყვარულისგან გაბრწყინებულ ოთახს.
გარეთ გავიდა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ნანგრევებში ამოსულ მცენარეებს დაუწყო თითებით თამაში, მოულოდნელად რიგითი შენიშნა და მისკენ გაემართა.
-ილარიონ!
-ანა!-ფიქრებიდან ძლივს გამოერკვა რიგითი, ღიმილი შეაგება ახლად შეძენილ მეგობარს და მისკენ დაიძრა.
-კოსტას სძინავს?
-ხო. შენ რას აკეთებ აქ?
-აქაურობით ვტკბები, სანამ აქ არ დავბრუნდი, იქამდე ვერ მივხვდი როგორ მენატრებოდა ჩემი ქვეყანა, ჩემი ომისგან განადგურებული ქალაქები.. ახლა უკვე როცა აქ ვარ, როცა იმ ჰაერს ვისუნთქავ რომელმაც გამზარდა, ვგრძნობ რომ სწორედ ეს იყო რაც მაკლდა..
-როცა სხვაგან ხარ მაშინ უფრო მძაფრად გრძნობ მონატრებას.
-კი, ნამდვილად ასეა. რამდენჯერმე დავიწუწუნე კოსტასთან, მენატრება ჩემი კუთხეები-მეთქი, მერე ლაპარაკს ავყევით და რომ შევეკითხე შენ არ გენატრება შენი სამშობლო, სხვაგან როცა ხარ-მეთქი, არაო გამომიცხადა, გაოცებული ვუყურებდი, ვერ წარმომედგინა როგორ შეიძლებოდა ადამიანს რომელიც ყველაფერს ათასმაგად აფასებს და გრძნობს, თავისი სამშობლო არ ენატრებოდეს-მეთქი, მერე განმიმარტა რომ საკუთარივით ეთავისებოდა ყველა ის ადგილი სადაც ფეხს დადგავდა, ან თუნდაც არ დადგავდა.. ამიხსნა, რომ მისთვის სამშობლო არ არსებობს, რადგან მისი სახლი დედამიწაა.. გაოცებული ვუყურებდი, მერე ბევრი ვიფიქრე, ბუნდოვნად, მაგრამ მგონი მივხვდი რასაც გულისხმობდა.-ღიმილით დაასრულა მონოლოგში გადასული დიალოგი ილარიონმა და თვალები ცისფერ ცას გაუსწორა.
-კოსტა სხვა ადამიანია, მეც ხშირად მაკვირვებს თავისი პასუხებით. ჯერ კიდევ ომში ვიყავით, ჩვენს ცხოვრებას რომ ვგეგმავდით, ჩემი ინიციატივით, რა თქმა უნდა,-ხმამაღლა გაიცინა ანამ.-კოსტას არ უყვარს გეგმები. ვკითხე, სად უნდა ვიცხოვროთ ეს ყველაფერი თუ დამთავრდა, სად უნდა წავიდეთ, სიმშვიდე სად უნდა ვიპოვოთ-მეთქი, აღელვებულმა მიპასუხა, არ ვაპირებ ვიპოვო ადგილი სადაც თავს მშვიდად ვიგრძნობთ და იქ ოთხ კედელ შუა გამოვიკეტოო.. მაშინ გავბრაზდი, მერე მივხვდი, კოსტას ერთადერთი რაც არ შეუძლია, გაქცევაა. გაქცევა და გაჩერება, ის მუდმივად ეძიებს რაღაც ახალს, მუდმივად მოძრაობაშია..
-გეთანხმები.. ერთი შეხედვით თითქოს კოსტასგან ჩვენ დანარჩენები არაფრით განვსხვავდებით, თითქოს სრულიად იდენტურები ვართ, თუმცა რეალურად ჩვენსა და კოსტას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა..-რიგითი ისე გაჩუმდა თითქოს თავისი ნათქვამი გადაამოწმაო.
-რას გულისხმობ?-ხმამაღალი ტონით შეეცადა მის გამოფხიზლებას ანა.
-ჩვენ ყველას ორი თვალი გვაქვს, მაქსიმუმ სამი ან თუნდაც ოთხი, კოსტას კი იმდენი თვალი აქვს რამდენი ადამიანიც არსებობს ამქვეყნად.. ის ყველას თვალებით იყურება, მსოფლიო თვალები აქვს.. ამიტომაც ვერ შევძელი მისი მიტოვება. როცა ის მიყურებდა მომაკვდავი თვალებით, ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს მთელი სამყარო მიყურებდა მისი თვალებიდან.. ეს თვალები არ ასვენებენ კოსტას.. მათში ვარსკვლავების ჩაჭედებას ცდილობს გამუდმებით.. მე კი მისი თვალები არ მასვენებს..
ილარიონს გრძნობები მოაწვა, თვალები მარილიანი სითხით აევსო, ლაპარაკი ვეღარ ან აღარ გააგრძელა..
-შენს თავს ვერ პატიობ?-ხელი მხარზე დაადო თანაგრძნობის ნიშნად ანამ.
-რაზე მეკითხები?-გონს უცბად მოეგო ილარიონი და პირვანდელი სახე დაიბრუნა.
-კოსტაზე. ვერ პატიობ რომ ესროლე, ხვდები რომ თვითონ გაპატია მაგრამ მაინც გამუდმებით ებრძვი შენს თავს. ვერ აპატიე, გერჩივნა კოსტასაც არ ეპატიებინა და სამაგიერო გადაეხადა, ასე უფრო მშვიდად იგრძნობდი თავს. ახლა შენ გინდა რაიმე ავნო საკუთუარ თავს, პასუხი აგებინო, მაგრამ არც ეს შეგიძლია, გამბედაობა არ გყოფნის, ამიტომ ხარ მუდმივად აფორიაქებული, სიმშვიდე დიდი ხანია დაკარგე..
ილარიონი გაოცებული აკვირდებოდა ანას, ამ ყველაფერს საკუთარ თავთანაც კი არ აღიარებდა, ამიტომ ვერაფრით ხსნიდა როგორ მიუხვდა განცდებს..
-არ მეგონა ასეთი შესამჩნევი თუ იყო.-სიმწრით ჩაიცინა ილარიონმა, შეწინააღმდეგებას უკვე აზრი აღარ ჰქონდა.
-დარწმუნებული ვარ არ გეგონა. ჩვენს ტკივილს გულში ყოველთვის ძალიან ღრმად ვმარხავთ, თუმცა გვავიწყდება რომ აქედან,-სახეზე თითით ანიშნა,-ვერაფერს წავშლით.. ეს დაჭიმული ძარღვები, ისეთი გაბერილი რომ სადაცაა გაწყდება, გაგცემს ილარიონ, შენს ტკივილსა და მღელვარებას გასცემს.. ეს ცხოვრების კანონია, ჩვენ ყოველთვის იმას ვგავართ რაც ვართ, ნიღბები უვადო არ არის, მათაც გასდით ვადა.. ამიტომ ნუღარ შეეცდები პრობლემების დამარხვას და დამალვას, ეს მაინც არასდროს გამოგივა. დაასრულე შენს თავთან ბრძოლა.-მისი ხელი ხელებში მოიქცია და ისე გაუღიმა, თითქოს მისი ერთადერთი მეგობარი ყოფილიყოს..-აპატიე ამ ხელებს ილარიონ.. არ იცოდნენ რას აკეთებდნენ.. აპატიე ამ ხელებს, ჩემი ავტომატიანი სწორედ მათ გადაარჩინეს..-აუღელვებლად დაასრულა, სახეზე სიმშვიდე დასთამაშებდა.
-არ შემიძლია ანა, ფიქრებს ვერ ვიშორებ, კოსტა სასწაულმა გადაარჩინა, მაგრამ ეს სასწაული რომ არ მომხდარიყო? მართლა რომ მომკვდარიყო? წარმოგიდგენია?! შენთანაც კი ვერ დაბრუნდებოდა.. მითხარი ამას როგორ მაპატიებდი?? ახლა ყველაფერს მარტივად უყურებთ იმიტომ რომ ის ცოცხალია, ამიტომ მპატიობ, თორემ ჩემ გამო რომ დაგეკარგა შეგზიზღდებოდი, ჩემი დანახვაც არ გენდომებოდა.. ისე შეგზიზღდებოდი როგორც მე მეზიზღება საკუთარი თავი, ან უფრო მეტადაც..
-ილარიონ, საუბედუროდ გავიწყდება ერთი მთავარი მცნება, გავიწყდება, რომ მხოლოდ ერთი დრო არსებობს ამქვეყნად და ეს დრო აწმყოა, ის რაც ახლა, ამ მომენტში ხდება! მასთან სხვა ყველაფერი უძლურია, მასთან ყველაფერი ნამსხვრევებად იქცევა, ის ყველაზე მყარი დროა.. და ხო, ახლა, ამ აწმყოში, კოსტა ცოცხალია, სხვას კი უკვე აღარაფერს აქვს მნიშვნელობა.
ილარიონს თავისდაუნებურად გაეღიმა, ანას მადლიერი თვალები შეანათა და ფეხზე წამოდგა.
-ცოტას გავივლი, ჩემიანებს მოვინახულებ, მზის ჩასვლამდე დავბრუნდები.
-თავს გაუფრთხილდი ილარიონ, სულ ერთი არ ხარ.-ფეხზე წამოდგა და კვლავ საძინებლისკენ გაემართა.
კოსტას უკვე ეღვიძა, თუმცა ადგომას არ ჩქარობდა.
-გამარჯობა.-ჯერ თვალებით გაუღიმა ანას, შემდეგ თვალების ბრწყინვალებას ააყოლა სახის თითოეული ნაკვთი. აშკარა იყო, ასეთ ბედნიერს დიდი ხანია არ გაუღვიძია.. ან კი სძინებია აქამდე ასე ღრმად? სიზმრად ქცეული ფიქრები არასდროს აძლევდნენ მოსვენებას..
-როგორ გეძინა?-უკნიდან მოხვია ანამ სიყვარულისგან გაყინული ხელები და თბილად გაუღიმა.
-ასე კარგად არასდროს მძინებია.
-არც ისეთი კომფორტული ლოგინია, თუ შეიძლება საერთოდ რომ ეს ვუწოდოთ.-ხმამაღლა გაიცინა ანამ.
-ილარიონი სად არის?
-თავისიანების მოსანახულებლად წავიდა.
-დამლოდებოდა გავყვებოდი, მარტო სად უნდა იბოდიალოს.-ხასიათი წაუხდა კოსტას.
-არამგონია მასზე კარგად იცოდე მისი ქალაქის ქუჩები.-ისევ გაიცინა ანამ.
ავტომატიანმა გულზე მიიკრა და როგორც ყოველთვის ახლაც თმაზე დაუწყო გრძელი თითებით თამაში.
*
-ატყობ რომ მზე არ ჩქარობს ჩასვლას?-ღიმილით გახედა ანამ მის გვერდზე მინდორში წამოწოლილ კოსტას.
-ხო, ეს ჩვენი ერთად ყოფნის მზეა.-თვალები ზანტად გაახილა კოსტამ, გარემო ერთი თვალის მოვლებით მოათვალიერა, კმაყოფილებისგან სუნთქვა შეეკვრა.
მინდორში ისხდნენ, ერთად.. სამყაროს იდილია თოთოეულ დეტალში იგრძნობოდა.
-არ ვიცი მეჩვენება თუ ყველაფერი ახლა უფრო ფერადია, როცა შენ დაბრუნდი.
-აი, ხომ გითხარი საჩუქრად უჩინარი ვარდისფერი სათვალეები ჩამოგიტანე-მეთქი.-ხმამაღლა გაიცინა კოსტამ.
-ხო.. მაგრამ მაგ ვარდისფერს სათვალეებსაც კი არ შეუძლიათ იმის შეცვლა რაც ამ ქალაქში ხდება.. გული მიკვდება რომ ვუყურებ, არც კი მჯერა ოდესმე თუ ისევ დაიბრუნებს თავის დიდებას. ჩვენ ყველა ვცდილობთ მისთვის სარგებლის მოტანას, თუმცა მგონი გვერდს ვუვლით იმ ფაქტს რომ ეს ქალაქი უკვე მკვდარია.. მგონი უბრალოდ უნდა ვაღიაროთ ეს და თავი დავანებოთ, მოსვენების საშუალება მივცეთ, მკვდარს მაინც..
-ეს ქალაქი ცოცხალია ანა! შენს წინ მილიონი გვირილა იგრძელებს კისერს, მილიონობით გვირილა ეფიცხება მზეს.. ეს გვირილებია ამ ქალაქის გულისცემა.. სულ რომ ყველაფერი განადგურდეს, სანამ ერთი ყვავილი მაინც იარსებებს, ეს ქალაქი ცოცხალი იქნება! ასე რომ, ჯერ დაინახე რაც არის, დააფასე და მეტი შემდეგ მოითხოვე.. თორემ თუ მხედველობა ერთხელ წაგერთვა, ვერც ვერასდროს დაიბრუნებ, რაც არ უნდა გაიმეტოს სამყარომ შენთვის, მაინც ვერაფერს დაინახავ და თუ არ გინდა ეს მოხდეს, გაწმინდე შენი ვარდისფერი სათვალე და თვალებიც უფრო მძაფრად გაახილე. ჯერ დაინახე, შეიგრძენი ეს გვირილები,ასე მორცხვად რომ გიხრიან თავს, და მერე გადაწყვიტე მკვდარია თუ ცოცხალი ეს ქალაქი...
კატეგორია: რომანი | დაამატა: salommes13
ნანახია: 198 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
"...ჯერ დაინახე რაც არის,დააფასე და მეტი შემდეგ მოითხოვე" ძალიან კარგი სიტყვებია! ისე,, დანახვასაც ნიჭი უნდა. smile
avatar