ჩუმი ვნება {თავი 1}
06.01.2018, 15:48
-ყავას დალევთ თუ ჩაის? როგორ? არცერთი არ გსურთ? იქნებ ცხელი შოკოლადი გირჩევნიათ? კარგად მოთავსდით სავარძელში და ცოტა წავიჭორაოთ. დაღლილი  ხართ ძალიან თუ დასვენებული? მოკლედ, როგორც არ უნდა იყოთ იცოდეთ, რომ მეც თქვენნაირად ვარ. ალბათ გაინტერესებთ რატომ მოგიხმეთ, მაშინ ინტრესს დაგიკმაყოფილებთ და თხრობაზე გადავალ.  დარწმუნებული ვარ იცით ბათუმში ის ბარი, სადაც ცოცხალი მუსიკა სრულდება. თუმცა, როგორ არ უნდა იცოდეთ, იქ ხომ თინა მღეროდა.  საღამოს საათებში, კონკრეტულად რვიდან-ათამდე, მისი საოცრად მელოდიური ხმა იღვრებოდა და მსმენელს ატკბობდა. თანაც გიტარაზე რომ უკრავდა სიმღერის დროს... ზოგჯერ თავისი სიმღერების შემოპარებაც იცოდა. არ გეგონოთ ამით მსმენელს აფრთხობდა. ხალხს მოსწონდა და თანაც როგორ! 
თინა რვა წლის იყო მშობლები ავტოკატასტროფაში რომ დაეღუპა, ობლად დარჩენილი გოგონა ბებია-ბაბუამ გაზარდა. ბათუმში ქალაქიდან მოშორებით ცხოვრობდნენ. ვაჟის სიკვდილი მოხუცებს თინას არსებობამ გადაატანინათ. მათი პენსია და მანდარინის შემოსავალი საკმარისი იყო იმისთვის რომ მატერიალურად სხვის   დაუხმარებლად ეცხოვრათ. გოგონას "საზღვაო აკადემია" დაამთავრებინეს. თინას პროფესიული წინსვლა არ უცდია, რადგან მისი გონება მთლიანად მუსიკით იყო მოცული. ყოველი ბგერა მის ყურთასმენას იმდენად სიამოვნებდა, რამდენადაც ბრმას შეუძლია ხმით ისაზრდოოს. 
    ათი სრულდებოდა საათი. ის კი ბარში იყო და ბოლო სიმღერას ასრულებდა. მისი სიყვარულით სავსე თვალები მეგობრებისკენ იყო მიმართული. თვითონაც თინას  უმზერდნენ ასეთივე მზერით. დროდადრო გოგონასთან ერთად თვითონაც აჰყვებოდნენ ტექსტს... 

როცა სიმღერა დაასრულა, აპლოდისმენტების მოსმენისას ბედნიერმა გაიღიმა და თავი დაუკრა მაყურებელს მადლობის ნიშნად. გიტარა ბენდის წევრს გადააწოდა, თვითონ კი მეგობრებისკენ  წავიდა. გიგლა ხელებგაშლილი ელოდებოდა თინას, გოგონა  როგორც კი მათთან  მივიდა, გახარებული ჩაეხუტა მამაკაცს.
-როგორ ყოველთვის, შეუდარებელი მყავხარ. -უთხრა გიგლამ და თავზე აკოცა. 
-ორი ჭიქა გამოტოვე. -არყის ჭიქა გაუწოდა ეკომ. 
-გაგვიმარჯოს. -თქვა თინამ როცა დაჯდა და სასმელი ორგანიზმში ჩაუშვა. შეჩვეული იყო არაყს რომელიც ისეთი საშინელი იყო, თითქოს შიგნიდან იწვი და თვალები ცეცხლით გენთება. მაგრამ ლიმონი ცეცხლს ანეიტრალებს და შემდეგი ეტაპი უკვე სასიამოვნო ხდება.
ზოგადად როცა თინა სიმღერას ასრულებდა სახლში ბრუნდებოდა. არ უყვარდა ბარში დიდხანს დარჩენა. თუმცა  დღეს ეკოს დაბადებისდღე იყო, ამიტომ მეგობრები გვიანობამდე ერთობოდნენ.ღამის სამი იყო საათი როცა  დაშლაზე იფიქრეს. თინა გიგლას მკლავებში იყო მინაბული და ესაუბრებოდა. 
-რა სურვილიც არ უნდა მქონდეს?-გაკვირვებულმა ჰკითხა მამაკაცს, რომელმაც წამის წინ უთხრა რომ მისთვის შეუძლებელსაც შეძლებდა. 
-ხო თინა, რაც არ უნდა გსურდეს. 
-გამიცოცხლე მშობლები! -კატაგორიული ტონით თქვა და სიმთვრალისგან ჩაწითლებული თვალები ისე დააწვრილა, თითქოს დახუჭული ჰქონდა. 
-ბოლო ჭიქა არ უნდა დაგელია. 
-შენი პასუხი მარწმუნებს რომ ვერა, შეუძლებელს ვერ შეძლებ! -გაბუტული ხმით თქვა და გიგლას მკლავებს მოშორდა. გზისკენ მიიწევდა.  იქვე სწრაფად ტრიალი გააკეთა, შემდეგ კი ხელები გაშალა, წარბებ შეკრული უყურებდა მეგობარს და ხმამაღლა ამბობდა.
-ვერ მოახდენ სასწაულს გიგლა კეკელიძე! 
დაბნეული და რეტდასხმული ვუყურებ ამ გოგოს და ვფიქრობ რა ჯანდაბა აყვირებდა?! იქნებ მიეხედა მარჯვნივ და დაენახა მანქანა რომელიც უდიდესი სისწრაფით მისკენ მიჰქროდა.  არა, რა თქმა უნდა, თინა მას ვერ ამჩნევდა! 
ეკოს და თამარს შემზარავი კივილი, გიგლას ფერდაკარგული სახე და მანქანის  მუხრუჭების გამაყრუებელი ხმა ყურთასმენას ახშობდა, თუმცა უკვე გვიანი იყო წამის მეასედში მოხდა დარტყმა და გონდაკარგული თინა  ძირს დაეცა. 

****
-როგორ ვუთხრათ? -თქვა თამარმა როცა ეზოს კარი გააღო 
-შენ უნდა უთხრა, მე ვერ ვეტყვი. -ანერვიულებული ეკო თითებს ერთმანეთში ხლართავდა. 
-იქნებ არ ვუთხრათ სანამ გონს არ მოვა? 
-თამარ, ხომ თქვა ექიმმა არ ვიცით გონს როდის მოვაო. -თვალებში ცრემლებ ჩამდგარი ეკო ცდილობდა არ ეტირა. -თანაც უკვე ერთი კვირაა ვატყუებთ ვითომ ჩვენთან რჩება. 
-კარგი, ერთად ვუთხრათ მაშინ. -ატირებულმა თამარმა ხელმკლავი გამოსდო ეკოს და დაუკაკუნებლად გააღო სახლის კარი. 
-ხატია ბებია. -დაიძახა როცა მოხუცი მისაღებ ოთახში ვერ დაინახა. 
-აქ ვარ შვილებო. -სამზარეულოდან გაისმა მოხუცის ხმა. გოგონები მაშინვე იქეთ წავიდნენ.  ხატიას  ცომით მოსვრილი ჰქონდა ხელები. 
-თინა  სად არის? -იკითხა გიორგიმ რომელიც ყველს ფშვნიდა. 
-გიორგი ბაბუა, რაღაც უნდა გითხრათ, მაგრამ არ ინერვიულოთ კარგი? -მოხუცებმა მაშინვე მიანებეს მათ საქმიანობას თავს.  ანერვიულებული ხატიას ოხვრა აღმოხდა და აკანკალებული ხელებით გოგონებისკენ წავიდა. 
-რა მოუვიდა თინას? -ხმაათრთოლებული კითხულობდა ხატია და ფქვილით გასვრილ ხელებს თამარს კიდებდა მკლავებში. თამარი ერთიანად ათრთოლდა როცა თვალაცრემლებულ ხატიას შეხედა და ფეხებმოკვეთილი ცდილობდა არ წაიქცეულიყო.
-ხატია ბებია, საშიში არაფერია. უბრალოდ ავარიაში მოყვა და ახლა საავადმყოფოშია. თქვენ არ ინერვიულოთ, კარგად არის. -მოხუცის ხელებს თავისი ხელები დაადო ეკომ და ერთიანად გაქვავებულ თამარს მოაშორა. 
-წამიყვანეთ, ჩემს გოგოსთან წამიყვანეთ. -თქვა გიორგიმ და გასასვლელისკენ უბიძგა ყველას. მათი სახლიდან ბათუმის იმ საავადმყოფომდე, სადაც თინაა, ზუსტად ნახევარი საათის მანძილი იყო. ამ ნახევარ საათში ხატიამ ათჯერ დაკარგა გონება და ათივეჯერ ქმარმა მოასულიერა. 
* * *
ოთხ კედელში იჯდა, თითებს ერთმანეთში ხლართავდა და ფეხის მონოტონური მოძრაობის პარალელურად, თვალდახუჭული  ფიქრობდა. მომხდარმა გამოაფხიზლა. აღარ იყო სასმლით  გაბრუებული, თუმცა შესაძლებელია ითქვას რეალობას მაინც ვერ აღიქვამდა სათანადოდ. თვალწინ თეთრი, მოკლე ქვედაბოლო ედგა, რომელიც ქარის გამო ფარფალებდა. ჩახვეული კასეტასავით მხოლოდ მის სიფრიფანა სხეულს ხედავდა, ამის იქით არ მიდიოდა მისი ფიქრები.
ძმისთვის რომ დაეჯერებინა და სახლში ტაქსით დაბრუნებულიყო, ღამის გატარება წინასწარი დაკავების იზოლატორში არ მოუწევდა. 
და მაინც...
როგორ მოვიდა აქამდე? სასმელმა ისე როგორ გააბრუა რომ აზროვნების უნარი დაკარგა. 
ან რას სვამდა ამდენს...

გამეფებულ სიჩუმეს ნაბიჯების ხმა არღვევდა. 
-ჩოხელი, თავისუფალი ხარ. -თქვა პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა და კარი გააღო.
ჩოხელს სახის მკაცრ და მეტად ცივ ნაკვთებზე, ოდნავ გაუკრთა ღიმილი და სწორედ მაშინ გაახილა თვალება, როცა საკნის კარი მთლიანად გაიღო. როგორც კი საკუთარი ნივთები დაუბრუნეს "საპატრულო პოლიციის"  შენობიდან გავიდა.  
დილა იყო, მზე კი ბათუმს სასიამოვნოდ ათბობდა. 
საპატრულოს ეზოს წინ შავი "range rover sport" იყო გაჩერებული, კართან კი ახოვანი მამაკაცი მიყრდნობილი  და მისი მზერა ისეთი რისხვით სავსე, რომ იფიქრებდით ვიღაცის მოკვლა აქვს განზრახულიო.  
-გოგონა როგორ არის? - იკითხა ჩოხელმა როცა მასთან ახლოს მივიდა, ყოველგვარი მისალმების გარეშე გააღო მანქანის წინა კარი და მაშინვე დაჯდა. 
-გადარჩა, აი შენ კი საქმე ცუდათ გაქვს.-მას შემდეგ თქვა უფროსმა ჩოხელმა, როცა მანქანის საჭესთან დაჯდა. 
-თუ გოგონა კარგადაა, პრობლემაც მოგვარებულია. 
-ონისე, გითხარი კარგადაა-მეთქი? -გაკვირვებული უყურებდა ძმას, მას შემდეგ რაც მანქანა მთავარ გზაზე გაიყვანა. 
 ონისემ კონდინციონერი ჩართო, ცხელ ამინდზე მეტად, ემოციური ფონის გამო ცხელოდა.
-მაქსიმე, არ გვინდა  სიტყვებით თამაში. პირდაპირ მითხარი რა ხდება. -ხმა გაიმკაცრა ისედაც ბოხი ბარიტონის პატრონმა და მაისური გაიხადა. 
-საბარგულში ახალი მაისურია, გაგიჩერებ და ჩაიცვი. 
-არ მინდა, ასე კარგად ვარ. 
-სახლში არ ხარ. -ცდილობდა ძმისთვის მიეხვედრებინა, რომ მანქანაში წელს ზემოთ შიშველი არ უნდა მჯდარიყო. 
-მაქსიმე, თემას ნუ ცვლი. რა სჭირს გოგოს? -მის სახეს რომ ხედავდეთ, იფიქრებთ საერთოდ არ ღელავსო, რეალურად კი ერთი სული ჰქონდა როდის გაიგებდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. მართლაც ყელაფერი კარგად უნდა ყოფილიყო, სხვაგვარად ონისე ვერ იქნებოდა კარგად. 
-საქართველოდან უნდა წახვიდე, შესაძლოა გიჩივლონ. 
-უკვე მიჩივლეს. -წარბშეკრული უყურებდა ძმას, ხვდებოდა რომ მაქსიმე მნიშვნელოვან ამბავს უმალავდა. 
-ვლადი გელოდება, მისთვის სამსახური გამოიძებნება აქო.
-შეჩემა, მეტყვი რა ხდება თუ მე თვითონ დავადგე იმ გოგოს და გავიგო სიმართლე? -მოთმინების ძაფი გაუწყდა და ძლივს შეკავებული ხმით გამოსცრა კბილებშუა. 

-იმ გოგოს თინა ჰქვია. 
-რამდენი წლისა? 
-ოცდაოთხის. 
-რა სჭირს? 
-მომღერლად მუშაობდა ბარში. 
-რა სჭირს? 
-ამით ირჩენდა თავს,თუმცა სხვა პროფესიაც აქვს. 
-რა სჭირს? -წყობიდან გამოსულმა დაიღრიალა შემზარავად ცივი ხმით. არ მოსწონდა რომ მაქსი კითხვას ბანზე უგდებდა.
-რა სჭირს და აღარ ესმის! -ონისეს ღრიალი მოულოდნელი იყო მაქსიმესთვის. არ ელოდა და თავისდაუნებურად ასეთივე ხმით უპასუხა, შემდეგ კი განრისხებულმა დაარტყა საჭეს ხელი. 
-როგორ თუ არ ესმის? 
-დავარდნისას თავი ქვას ჩამოარტყა, ყურთასმენა ბოლომდე აქვს დაქვეითებული, ანაკუზა სჭირს. მეხსირებაც დაკარგული ექნება სავარაუდოთ.
-მერე? ოპერაცია? ჩვენ გადავიხდით ხარჯებს. 
-ამ ეტაპზე ოპერაციას ვერ გაუკეთებენ, სავარაუდოთ სამუდამოდ ყრუ დარჩება. 
მაქსიმეს სიტყვები მკაფიოდ სწვდებოდა ონისეს ყურთასმენას, იმდენად მოულოდნელი და უსიამო იყო ამის მოსმენა, რომ ერთიანად აივსო მწუხარებით. 
გრძნობდა  არასასიამოვნო შეგრძნებები როგორ ირეოდა მასში. ისეთი შეგრნება ჰქონდა თითქოს ტვინში სისხლი ექცეოდა. არა, შეუძლებელი იყო. სრულიად უდანაშაულო გოგონა იმსხვერპლა თავისი დაუდევრობის გამო და რუსეთში წასვლით უნდა ეხსნა თავი? რომელი ნამუსით? რომელი სინდისით უნდა გაეგრძელებინა მერე ცხოვრება? უეცრად თვალები სველი სითხით აევსო, ძარღვები დაებერა და ვერც კი გრძნობდა ძლიერად რომ ჰქონდა ხელები დამუშტული.
*****
თავში ყველაფერი არეული ჰქონდა. უკვე ერთი კვირა იყო რაც ციხიდან გამოვიდა და ამ ერთი კვირის განმავლობაში თინას გარდა ვერაფერზე ვეღარ ფირობდა. თავიდან არ იცოდა რა გაეკეთებინა, როგორ მოქცეულიყო. თუმცა ახლა იცოდა! ვერ მიატოვებდა, ასე უბრალოდ ვერ დაბრუნდებოდა რუსეთში. ყველაფერს მოიმოქმედებდა იმისთვის, რომ გოგონა კარგად ყოფილიყო. 

მანქანა საავადმყოფოს პარკინგზე გააჩერა.
მიმღებში თინა ბერიძის ექიმი მოიკითხა. ექთანმა კმაყოფილი სახით მიაცილა ზაზა დუმბაძის კაბინეტისკენ. 
-გამარჯობათ. -ხანში შესულ, წონა მოჭარბებულ კაცს ხელი ჩამოართვა. 
-დაბრძანდით. -ზაზამ თავისუფალი ადგილისკენ ანიშნა, თვითონ კი თავის ტყავის სავარძელში ჩაეშვა.
-თინა ბერიძის შესახებ მაინტერესებს ყველაფერი. -ხევსრუს ბოხი ბარიტონი ჰქონდა, სახის მკაცრი ნაკვთებით გამოირჩეოდა და სქელი შეკრული წარბები, რომელიც თითქმის არასდროს იყო გახსნილი, ცივი მამაკაცის იერს სძენდა.
-პაციენტი ორი დღის წინ მოვიდა გონს. აქვს მუდმივი ამნეზიის ნიშნები, თუმცა შეიძლება რამდენიმე თვეში ან წელში, აღიდგინოს მეხსირება. ეს ორგანიზმზეა დამოკიდებული. სრულიად აქვს დაქვეითებული სმენა და მეტყველების უნარი. ეს ყველაფერი მძიმე თავის ტრავმის შედეგია. მისი აღდგენა ამჯერად შეუძლებელია.  -ექიმის საუბარზე ონისე გრძნობდა როგორ მძიმდებოდა. სუნთქვა უჭირდა და ეგონა მალე ჟანგბადის უკმარისობა გაგუდავდა, თუმცა სახეზე არცერთი ნერვი არ შეტოკებია, ისევ წარბშეკრული და ცივი მზერით უსმენდა ზაზას. 
-როდის გახდება შესაძლებელი?-ხრინწიანი ხმა ძლივს დაიმორჩილა სამი სიტყვის სათქმელად. 
-მხოლოდ ნოლი მთელი ერთი პროცენტია იმის შანსი, რომ მეტყველებას და ყურთასმენას დაიბრუნებს. 
-სულ ეს არის რისი თქმაც შეგიძლიათ? -გრძნობდა ექიმის მშვიდი ტონი როგორ აღიზიანებდა, დაძარღვული ხელი მომუშტა ემოციების გასაკონტროლებელად. 
-ამჯერად სხვა ვერაფერს გეტყვით. უნდა დაველოდოთ პაციენტი როგორ გახდება. 
-კარგით, გმადლობთ. -სავარძლიდა წამოდგა და მხოლოდ მაშინ იგრძნო ამ რამდენიმე წუთში როგორ წართმეოდა ძალა. 
საავადმყოფოდან ეზოში გამოსულმა ყელთან მომდგარ მაისურს უხეშად დაეჯაჯგურა, ჰაერი არ ჰყოფნიდა. გონება თანდათან ხარშავდა ვითარებას, ხვდებოდა რა რთულ მდგომარეობაში იყო. მეხსიერების, სმენის და მეტყველების დაკარგვა... სამი რამ. ეს სამი რამ წამებში მომხდარმა ავარიამ გამოიწვია. რა მოხდებოდა რომ იმ ღამით არ დაელია. რომ დაეჯერებინა მაქსიმესთვის და სახლში ტაქსით დაბრუნებულიყო. მაშინ ხომ არ მოხდებოდა ავარია და ამ საბრალო გოგოს მომავალს არ გაუნადგურებდა. არ აქცევდა ისეთად როგორადაც აქცია. 
თითქმის ერთი საათი დაჰყო ფიქრში, ბოლოს თავის ხელში აყვანა შეძლო. საავადმყოფოს წინ მდებარე ჯიხურში ყვავილები იყიდა და უკან დაბრუნდა. ჰოლში ორი გოგო დაინახა, ერთ მამაკაცთან ერთად. ნაცნობმა სახეებმა როგორც კი ის შეამჩნიეს, განრისხებულებმა წაიწიენ მისკენ.
-კარგით, დამშვიდდით. მე ხომ ძალით არ მინდოდა შეყვარებულს დავჯახებოდი? -ხელები მაღლა ასწია და მტკიცე, ოდნავ ბრაზიანი ხმით თავისკენ წამოწეული გოგონები შეაჩერა. 
-შეყვარებულს? -გიგლაც წამოიწია წინ, ონისეს მკაცრი მზერა გაუსწორა.
-ჩვენს შესახებ თინას არაფერი მოუყოლია თქვენთვის? -ცალი წარბი მაღლა აზიდა და მწვანე თვალება გიგლას მზერა გაუსწორა. 
-ტყუობ, თინას რომ ვინმე ჰყოლოდა მეცოდინებოდა. -საჩვენებელ თითს ჰაერში ათამაშებს ეკო. 
-როგორც ჩანს არ გეცოდინებოდა რადგან არ იცი, ახლა კი თქვენის ნებართვით, ჩემს გოგოსთან შევალ. -გოგონები ხელის მოძრაობით გვერდით გასწია და პალატის კარისკენ წავიდა.
პალატაში როგორც კი შევიდა, აპარატზე მიერთებული თინა დაინახა. ყავისფერი თმები დაფენილიყო თეთრ ზეწარზე, სახეზე სასუნთქი აპარატი ეკეტა.  პატარა, ნაზ თითებზე კი ნემსები დაერჭოთ გადასხმისთვის.  მამაკაცი საწოლთან ახლოს მივიდა, მზერა ამღვრეულმა დახედა გალეულ, მისუსტებულ სხეულს. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ამოსულ ნახშირორჟანგს ხვნეშა ამოაყოლა. თინას სქელი წამწამები დაფენილი ჰქონდა სახეზე. მისი  ფერდაკარგული კანი ონისეში სევდას აღძრავდა. მარჯვენა ხელი დაცემისას დაურტყამს და ჭრილობები შეხვეული ჰქონდა. მოტეხილი მარჯვენა ფეხი მაღალზე ედო. ლავიწთან ჩალურჯება ეტყობოდა, ყელთან კი სისხლჩაქცევა. 
ებრალებოდა ეს გოგო ონისეს, ებრალებოდა და თანაც როგორ!
 მწვანეზე მიდიოდა ლამაზად, არხეინად, ჩქარა...
ვერ გაეგო რას გადმოუხტა გზაზე. როგორ ვერ შეამჩნია მიმავალი მანქანა. 
იქვე მდგარი ლარნაკიდან ძველ ყვავილები ამოიღო და ახალი ჩააწყო.
თინას თმებს თითები ჩააყოლა და ხელში საოცარი სირბილე იგრძნო.
კლინიკაში დიდხანს არ გაჩერებულა. როგორც კი გოგონები დაარწმუნა რომ თინას შეყვარებული იყო, კლინიკა დატოვა.

პ.ს 
დიდხანს ვფიქრობდი დავბრუნებულიყავი თუ არა ახალი ისტორიით, ბოლოს გადავწყვიტე რომ კი. უნდა დამეწერა რაღაც ახალი.
პირველ რიგში გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ფერადი წელიწადი გქონოდეთ.
რაც შეეხება ისტორიას, ამ ისტორიის სათაურზე, ერთი წლის წინ, მეგობართან ერთად გადავწყვიტე ჩუმი ვნება დამერქვა, მიუხედავად იმისა რომ ფილმის სათაური აღმოჩნდა მაინც არ გამომდის შეცვლა. რაც არ უნდა მოვუფიქრო, ვიცი ამაზე მეტად არაფერი მოუხდება.
იმედი მაქვს მოგეწონებათ.
კატეგორია: რომანი | დაამატა: ნინო-))
ნანახია: 1494 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
ახალი და თითქოს ნაცნობიც, ინტრიგით დაწყებული სიუჟეტის შენეული, სიყვარულით და სასიამოვნო ემოციებით გაჟღენთილი ახალი რომანი...
მოუთმენლად ველი გაგრძელება, ოღონდ არ დააგვიანო "შენებურად"
avatar