ერთისთვის ერთი? (თავი 10)
11.05.2017, 14:03
ლილიმ ტაქსი ქუჩის კუთხეში, ჭიშკართან გააჩერებინა. სავარძლიდან ყვითელი, ვარდისფერი და წითელი ჯუჯა ვარდებისგან გაკეთებული პატარა ყვავილების თაიგული აიღო და ნელი ნაბიჯით გაუყვა იმ ერთადერთის სამუდამო სახლისაკენ გზას. შავი მარმარილოს სასაფლაოში სამი ასათიანი განისვენებდა. ლევანი, მამამისი და პატარა რუსა. ლილი ფილაზე ჩამოჯდა და ქვაზე დახატულ ფოტოებს გახედა. მამა-შვილი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, ერთნაირი ღიმილი, თვალის ჭრილი და ცხვირი ჰქონდათ. გაახსენდა, გიას გარდაცვალების დღე. ქიმიის გაკვეთილზე ისხდნენ, ერთმანეთს პატარა ფურცელზე დაწერილ წერილებს აწოდებდნენ და იცინოდნენ. ათას სისუელესა და მასწავლებლის ვარცხნილობაზე ღლაბუცობდნენ. კარებზე კაკუნი გაისმა, სასწავლო ნაწილი შემოვიდა ასათიანო, გამოდი ერთი წუთითო. გაოცებული სახე მიიღო ლევანმა, ნეტავ ამჯერად რა დავაშავეო. მალევე დაბრუნდა, სახეზე გაფითრებული, დაფეთებული. ჩანთას დაავლო ხელი და გარეთ გავარდა. თვითონაც დააპირა წასვლა, მაგრამ უფლება არ მისცეს. შეყილაძე, ახლავე დაჯექი, ნუ გეშინია არ წაგართმევენ შენს პრინცსო, შეუღრინა პედაგოგმა. ჯოჯოხეთური ოცდახუთი წუთი ძლივს მიიზლაზნებოდა, როგორც იქნა დაირეკა ზარი და უკან გაედევნა. ყველა ოთახი მოიარა, მაგრამ ვერსად იპოვა. ფანჯრიდან გადაძვრა და სკოლიდან გაიპარა. გიჟივით მიირბინა ლევანის სახლამდე, არავინ დახვდა... უცნაურდ ეჩვენა, დედამისი არსად მუშაობდა, ამიტომაც ყოველთვის შინ იყო ხოლმე. მეზობლების ხმა შემოესმა, საცოდავი, ახალგაზრდა კაცი, ეს როგორ დაემართა. ან ამათმა რა უნდა ქნან ახლაო, ჩურჩლებდნენ. კიბეებზე ჩავიდა. რა მოხდა, ლალი დეიდა, ვინ გარდაიცვალაო მიიჭრა ნაცნობ ქალთან. წნევამ დაარტყა, ტვინში სისხლი ჩაექცა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა საცოდავი გია, შენი ლევანის მამაო. ფეხებში ძალა გამოეცალა, რომ არ წაქცეულიყო კიბის საფეხურზე ჩამოჯდა ტირილი დაიწყო... იმ დღეს მის ცნობიერებაში პირველად შემოვიდა სიკვდილი ამდენად ახლოს, ისეთი ძლიერი მის გარშემო ამხელა ცვლილებას რომ იწვევდა... შემდეგ კი, საშინელი დღეები, დედამისის, ბებიისა და მთელი ოჯახის გლოვა. ყველას ძალიან უყვარდა, ეს გულკეთილი და მუდამ მომღიმარი ბუთქუნა კაცი... მაშინ ვერავინ წამოიდგენა ხუთი წლის შემდეგ, ყველა რომ მიხვდებოდა თუ რამდენად ბედნიერი კაცი ყოფილა გია, ასე მოულოდნელად რომ წავიდა ამ ქვეყნიდან...
რუსამ კი ვერ მოასწრო ფოტოს გადაღება, მის ქვაზე მხოლოდ სახელი და გვარი ეწერა. ვერ მოიფიქრეს, როგორ უნდა დაეწერათ რომ დაბადებამდე, რამდენიმე წუთით ადრე გარდაიცვალა... ერთხელაც ვერ მოასწრო ამოსუნთქვა, თვალების გახელა, გაღიმება, სიცილი, ბავშვობა, გაზრდა, დაქალება, სიყვარული... დედამ ის ერთხელად კი, ვერ ნახა, არასოდეს არ ჩაუკრავს გულში და ნაზად მოფერებია... ერთი საერთო მოგონებაც არ ჰქონდათ, მხოლოდ ის ახსოვდა, თუ როგორ ურტყამდა ფეხს... მხოლოდ მისი მოძრაობა და გულის ცემა... სხვა არაფერი...
ლევანი ზუსტად ისე იღიმებოდა, როგორც იცოდა ხოლმე, მთელი გულით და გრძნობით. ლევან ასათიანი 1984-2004 ეწერა მისი სურათის ქვეშ. თითქმის ყოველ კვირას ამოდიოდა აქ, დაჯდებოდა და უყვებოდა მის ცხოვრებაში მომხდარ ამბებზე, მეგობრებზე, ყველა გეგმს აცნობდა და მოგზაურობიდან ჩამოსული დეტალებში უხსნიდა, სად და რა ნახა. მთელი ცხოვრება ერთად ოცნებობდნენ, დედამიწის გარშემო მოგზაურობაზე. ინდოეთის, აფრიკის, აზიისა და ამერიკის დათვალიერებაზე. კილიმანჯალოს მწვერვალის დაპყრობას, ავსტრალიაში კენგურუებთან შეხვედრასა და მთელი ევროპის მატარებლით შემოვლას აპირებდნენ. რომ გავიზრდებით... როცა ძალიან ბევრი ფული გვექნება... ასე იწყებოდა მათი მომავლის გეგმების დაწყობა, რომლებიც ვერასოდეს განახორციელეს. მის გარეშე შესრულებულ ოცნებებს კი, ტკივილის გემო ჰქონდა. თუმცკი, ლევანის სიკვდილიდან ერთი ან ორი თვის შემდეგ სწორედ, მათ მოახერხეს ლილის ჩაბნელებული ოთახიდან გამოყვანა, ფეხზე წამოყენება და სიცოცხლის სურვილის დაბრუნება. სახლში დაბრუნებული არავის ხმას არ სცემდა, იწვა საწოლზე და ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო ცხოვრება მის გარეშე. მისთვის აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი ლევანთან ასოცირდებოდა. ყველაზე უბრალო რაღაცაც კი მას აგონებდა. საკუთარ დედასაც, რომ უყურებდა იმას ფიქრობდა, თუ როგორ აჯავრებდნენ მას ერთად. ვერსად მიდიდოდა, ყველგან ის იყო. მისი ხმა ჩაესმოდა ყურებში... არ უნდოდა იმასთან შეგუება, რომ მას ვეღარასოდეს შეხვდებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად იძულებული იყო ეჭამა, ესუნთქა, ელაპარაკა... ხვდებოდა, რომ ყოველთვის ვერ იჯდებოდა ჩაბნელებულ ოთახში, ოდესმე უნდა დამთავრებულიყო მისი ტირილი, ფეხზე ამდგარიყო და სიცოცხლე თუ არა, არსებობა მაინც გაერძელებინა. ამაზე ფიქრი გულს ურევდა, საკუთარი თავი ეზიზღებოდა. ნეტავ, ის რას იზამდა მე რომ ვყოფილიყავი მის ადგილასო, ხშირად ფიქრობდა და ეგოისტურად, სწორედ ამას ნატრობდა... მის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე უნივერსიტეტში დამატებით საგნად იტალიური აირჩიეს. იტალიაში, რომ წავალთ ისე უნდა ვლაპარაკობდეთ ყველას იქაურები ვეგონოთო. ლევანი იტალიური ფეხბურთის, მილანის, მალიდინისა და ინძაგის ფანი იყო. ერთი თვეც არ იყო გასული მათი დაქორწინებიდან, მაისის ბოლოს ერთად რომ უყურეს ლიგის ფინალს, იუვენტუსის წინააღმდეგ პენალტების სერიაში 3-2 მოიგო მილანმა, გუშინდელივით ახსოვდა როგორ ყვიროდა და დახტოდა საყვარელი გუნდის ჩემპიონობით გახარებული და ლუდით ცოტათი შეზარხოშებული ბიჭი. მომავალ წელს თუ არა, იმის შემდეგ წელს ერთად უნდა ვუყუროთ ფინალს სტადიონიდანო ჰპირდებოდა ცოლს ლევანი... ვერ შეუსრულა, მილანი ისევ გავიდა ფინალში, მაგრამ ლევანი უკვე აღარ იყო... ლოგინიდან ამდგარმა, ისევ გაცოცხლებულმა ქვირვმა ქმართან ერთად ჩაფიქრებული ყველა ოცნების ასრულება დაისახა მიზნად. ლექციებზე დაიწყო სიარული, იტალიურის და ინგლისურის სწავლა გააგრძელა, მუშაობა დაიწყო და წარმატებული ქალი გახდა. მხოლოდ მაშინ ავიწყდებოდა ყველაფერი, როდესაც მუშაობდა, ამიტომაც ხშირად გათენებამდე იჯდა საბუთებთან, კომპიუტერის ეკრანის წინ და გონების გათიშვამდე იმ საქმეს აკეთებდა, რომელიც არც ისეთი გადაუდებელი და მოუსწრებელი იყო. რაც უფრო მეტ რამეს აკეთებდა, მით ნაკლებს ფიქრობდა... ეს კი საუკეთესო გამოსავალი იყო... სასოწარკვეთილებას მხოლოდ ასე ართმევდა თავს.
იტალიაში მოგზაურობის შემდეგ აქ მის საფლავთან პირველად იჯდა. მობუზული და შერცხვენილი, თვალს ვერაფრით აშორებდა იმ პატარა ბიჭის ფოტოს, რომელიც მანამდე მასზე ზუსტად ექვსი თვით უფროსი იყო. მისთვის დრო ოცი წლის ასაკში გაჩერდა, ლილი კი, მალე ოცდაცამეტის გახდებოდა...
-ჩემო პატარავ, მაპატიე- ხმადაბლა დაიწყო ლაპარაკი შავებში ჩაცმულმა გოგომ- ბოდიში, რომ მიგატოვე,. ამდენი ხანი შენთან ერთხელაც ვერ მოვედი. მეშინოდა და მცხვენოდა... ასე როგორ მოვექეცი-მეთქი ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ვხვდები ჩემი არ მოსვლით, უფრო რომ გატკინე. რამდენი ხანია ჩემთან სიზმარშიც კი, არ მოსულხარ გუშინ სიცისგან რომ ვიწვოდი, მაშინ მნახე მადლობა ამისთვის! იცი, დღეს მინდა ის სიმართლე გითხრა, წლებია რომ გიმალავ... გატყუებდი, აქ მოსული ისე ვიქცეოდი, თითქოს ძალიან კარგად ვიყავი. ისევ ისეთი ლაღი და ხალისიანი ვიყავი, შენ როგორიც გიყვარდი...ერთად რამდენს ვიცინოდით არა?! არასოდეს გენდომებოდა ატირებული და განადგურებული გენახე. შენი ცრემლების დანახვაზე გონება მეკეტება და თვალები მიბნელედებაო, მეუბნებოდი, მე კი ვმანიპულირებდი ამით და რაც არ უნდა დამნაშავე ვყოფილიყავი იქეთ გახვეწნინებდი შემირიგდი, მაპატიეო- ნაღვლიანად გაიღიმა და თვალიდან ჩამოგირებული ცრემლი მოიწმინდა- ლეკო, გახსოვს როგორ გაწვალებდი და გიშლიდი ნერვებს? ხანდახან ვფიქრობ, ცოცხალი რომ ყოფილიყავი ნეტავ, ისევ ერთად ვიქნებოდით, თუ გაუძლებდა ჩვენი სიყვარული ამდენს-მეთქი მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ, კი! ჩვენ ის ძალიან იშვიათი გამონაკლისი ვიქნებოდით პირველი სიყვარული ბოლოც რომ აღმოჩნდება ხოლმე... ამიტომაც გატყუებდი, თითქოს კარგად ვიყავი! ჩემს შესანიშნავ ცხოვრებაზე გიყვებოდი, მაგრამ ჩემთვის შენს გარეშე საოცრებამ და სასწაულმა აზრი დაკარგა. არასდროს მითქვამს, შენს გარეშე პირველად რომ ჩავედი იტალიაში რამდენი ვიტირე. მილანში სან სიროს სტადიონზე, კინაღამ მოვკვდი. იქ ყველაფერი შენს აუხდენელ ოცნებებს მახსენებდა... ყველაფერს შენი დაკარგვის, უშენობის სუნი და გემო ჰქონდა... ახლაც ვერ ვხვდები, როგორ დამტოვე... მაგრამ რა შენი ბრალია... ხომ არ გინდოდა ჩემი დატოვება? ასე მოხდა... ალბათ, შენთვის ასე ჯობდა. მე კი, დღეს იმის სათქმელად მოვედი, რომ ისევ ვიპოვე სიყვარული. ისევ ბედნიერი ვარ! მაპატიე, თუ გულს გტკენ ამ სიტყვებით, შენს შემდეგ უსულო გავხდი, ის დავკარგე, თითქოს შენ გაგატანე ჩემი გული და გრძობები... მხოლოდ სხეული ვიყავი, მაგრამ ისევ იქ, ჩვენი ოცნების ქვეყანაში ვიპოვე, ის ვინც შეძლო ჩემი დასახიჩრებული სულის უკან დაბრუნება, იქნებ შენ დაეხმარე? არ ვიცი, ჩემი თავი მეზიზღება ამას რომ ვამბობ, ალბათ, ეგოისტი ვარ. მაგრამ, რა ვქნა, ვიცი რომ საკუთარ თავზე მეტად გიყვარდი.. ვიცი, რომ არ გენდომებოდა მარტო ვყოფილიყავი... შენი და რუსას გარეშე... მე, ალბათ, ვერასდროს შევძლებდი შენს სხვასთან განაწილებას, მაგრამ მგონია შენ ეს შეძელი... გუშინ სიზმარში, მითხარი გიშვებო... მინდა ისევ იღიმოდეო.. ამიტომაც მოგდევდი, არ წახვიდე-მეთქი. დღეს აქ იმისთვის მოვედი, რომ გითხრა შენ, ყოველთვის ჩემი ლევანი იქნები, ჩემი პირველი სიყვარული, ჩემი საუკეთესო მეგობარი, ყველა ჩემი მოგონება შენ გიკავშირდება. შენს გარეშე მე არაფერი ვიქნებოდი და მადლობა ამისთვის, მაგრამ ახლა მგონი დროა გაგიშვა... ამდენი წლის შემდეგ, მოგცე უფლება, მშვიდად განისვენო... ჩემზე აღარ იდარდო... ანგელოზებთან ერთად მიხედო ჩვენს გოგონას... მჯერა, ოდესმე აუცილებლად შევხვდებით და გულში ჩამიკრავ, მეტყვი მომენატრე ლილიკო, სად იყავი აქამდეო...
ლილი ფეხზე ადგა და ქვასთან მივიდა, ფოტოს აკოცა. მისმა ცრემლებმა დაასველეს ლევანის ტუჩები, ლოყები და კისერი... ის იღიმებოდა, ზუსატად ისე როგორც იცოდა ხოლმე... მთელი გულით და გრძნობით... თვალები უბრწყინავდა!
კატეგორია: რომანი | დაამატა: mariammariam1
ნანახია: 1329 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
3o bb მართლაც ძალიან კარგი და ემოციურად დატვირთული ისტორიაა.ყოჩაღ** 3o bb
avatar