ერთისთვის ერთი? (თავი 11)
24.05.2017, 12:01
ლილის ბოდვამ მაშინვე გამოაფხიზლდა ნიკოლოზი, დაფეთებული ფეხზე წამოხტა. პანიკაში ჩავარდა, მეტყველების და აზროვნების უნარი დაკარგა. გაოგნებული იდგა და უყურებდა თუ როგორ ეძახდა თავისი საყვარელი ქალი სხვას. დედამისის სიტყვები გაახსენდა, ლევანი იქნება მისთვის სიყვარულის მაგალითი და მას ბოლომდე ვერასდროს დათმობსო. ახლა კი, მისი ყველაზე დიდი შიში, მისი ღამეული კოშმარი აქ იყო, ცხადში მის წინ გრიგალივით ტრიალებდა. ვერსად გაექცეოდა, ვერაფერს იღონებდა, მოულოდნელად მოვარდნილი ქარი მის სიმშვიდეს ულმობელად ანგრევდა, ყველა მისი იმედისა და ოცნების კოშკს მიწასთან ასწორებდა. აივანზე გავარდა, იქნებ სუფთა ჰაერმა მიშველოსო. ეჭვიანობა ჭკუიდან შლიდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს მის გარდა არაფერი აღარ არსებობდა. კისერზე უჭერდა ხელს და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. დილისკენ ისევ მასთან მივიდა, გვერდით მიუწვა და დაღლილობისა და ფიქრისაგან გაითიშა. რამდენიმე საათში შუბლზე მისი ტუჩები იგრძნო "მადლობა, ჩემო ბიჭო. წავალ ახლა მე და მალე მოვალ, შენ აქ იყავიო" საბანი გაუსწორა და გაუჩინარდა. არაფრის თავი არ ჰქონდა, ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ რომც შეძლებოდა არაფერს ეტყოდა. მეორე მხარეს გადაბრუნდა და თვალები დახუჭა.
თავის ტკივილმა გააღვიძა, გამშრალი ყელი საშინლად აწუხებდა. ლასლასით გავიდა სამზარეულოში და წყალი დალია. სახლში უნდოდა დაბრუნება, მაგრამ ასე ვერ გაუჩინარდებოდა. სინდისი აწუხებდა, იქნებ თეოს გამო ვისჯები ასეო. ერთი სული ჰქონდა სახლში როდის დაბრუნდებოდა, რამე მიზეზს მოიფიქრებდა და სასწრაფოდ გაიქცეოდა. აქ ყველაფერი მას უკავშირდებოდა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სჭირდებოდა. ოთახებში ბოდიალი დაიწყო, დივანზე წამოწვა. ჭერში იყურებოდა მოსვენებას ვერ პოულობდა, უსიამოვნო ფიქრები თავს არ ანებებდნენ ვერ ხვდებოდა რა უნდა ეთქვა ან მოემოქმედებინა, ლაბირინთიდან გამოსავალი არსად ჩანდა, ისე ვერ გააგრძელებდა ურთიერთობას თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრამ მის გარეშეც რომ არ შეეძლო?! ვეღარ წარმოედგინა ძველი ცხოვრება, მის გარეშე საერთოდ როგორ ძლებდა. მაგრამ ახლა ამდენი წლის წინ გარდაცვლილი კაცის მეტოქეობა აგიჟებდა, საბრძოლველიც რომ არავინ იყო. ადამიანის გონება ყველაზე საშიში მტერია, ვერაფერს უხერხებ ისე გამარცხებს. ბოლოს ისევ ძილი მოერია. ლილიმ გამოაფხიზლა. დავბრუნდიო. ხმა არ გაუცია, არც განძრეულა. ის ფრთხილად მიუახლოვდა და მის თავთან იატაკზე დაჯდა
-რაღაც უნდა გითხრა-ჩასჩურჩულა ყურში
-რა იყო?-ისევ უძრავ მდგომარეობას ინარჩუნებდა
-მიყვარხარ!
-რა?-წამოჯდა, ამდენი ხნის განმავლობაში ლილის მისთვის, არასდროს არ უთქვამს ეს ასე პირდაპირ. ყოველთვის, როცა თვითონ ეუბნებოდა, ის ან სხვა რაღაცაზე გადაიტანდა საუბარს ან კოცნიდა და ეხუტებოდა. ეს თითქოს ცხადი იყო, მისი ყველა ქმედება ამას გამოხატავდა, მაგრამ... მაგრამ ეს ის სიტყვაა, რომელიც ყველა ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა მოისმინოს მისგან ვინც გაგიჟებით უყვარს, ის კი, თავს იკავებდა, თითქოს რაღაცას ეჭვობდა ან მერყეობდა. იქნებ არც უნდოდა. ახლა კი ამის გარდა ყველაფერს ელოდა, ეჭვიის ჭიისაგან შეჭმული ბიჭი, თითქოს მისი სიტყვები ჰაერი იყო, რომელიც ასე სჭირდებოდა, როგორც იქნა ამოისუნთქა
-ჰო, მიყვარხარ და მადლობა ამისთვის!- ნიკაპით მის მუხლს დაეყრდნო, ხმადაბლა ლაპარაკობდა-არ მეგონა, თუ ოდესმე ეს მოხდებოდა. ლევანის შემდეგ არც კი წარმომედგინა, თუ ვინმე მისნაირად შემიყვარდებოდა. ამიტომაც არ ვეძებდი სიყვარულს. ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა-მეთქი, შენ ის მოახერხე რომ მისნაირად კი არა ისე შემიყვარდი, როგორც მარტო შენ შეიძლება მიყვარდე! ჩემთვის გაუგებარია, მაშინ იტალიაში რა დამემართა. როგორც კი დაგინახე, რაღაც ვიგრძენი, ის რაც ჩემზე გაცილებით ძლიერი იყო. იქნებ მართლა არსებობს ერთისთვის ერთი და მაშინვე გიცანი? იმიტომაც გაგეცანი, იმიტომაც დაგთანხმდი ყველა სისულელეზე? მე თვითონაც ვიცი, ახლა რასაც ვამბობ, ნორმალური რომ არაა და შეშლილის ნაბოდვარს ჰგავს. მაგრამ შენ მაპოვნინე საკუთარი თავი, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ დავკარგე. ჩემთვის ის სასწაული ხარ, რომლის არსებობის აღარ მჯეროდა... მკვდარი ვიყავი და გამაცოცხლე! მე არ მინდოდა ეს ყველაფერი, უფრო სწორად არც ვიცოდი, თუ მინდოდა, მაგრამ შენ მაიძულე... სიხარული და ბედნიერება მაჩუქე. შენი სითბოთ, შენი მზრუნველობითა და შენი სიჯიუტით ისევ ადამიანი გავხდი და ვერც კი მივხვდი ეს როდის და როგორ მოხდა. ამიტომაც მილიონჯერ და მილიარდჯერ გაგიმეორებ, რომ მიყვარხარ, მიყვარხარ და მიყვარხარ! მთელი არსებით, სულით და გულით!-ცრემლები ასველბდნენ მის სახეს, დამუნჯებული ნიკოლოზი კი, ვერაფერს ამბობდა. სიმშვიდე ისევ უკან დაუბრუნდა... უფრო მყარად.. არსად აპირებდა წასვლას... მისი ლილი ხომ მასთან იყო!
***
ალექსი სამსახურიდან შესვენებაზე გამოვიდა, მხოლოდ მსუბუქად წახემსების დრო ჰქონდა, სახლში ადიოდა ხოლმე, მაგრამ უამრავი საქმის გამო ამას დღეს ვერ ახერხებდა. ცალმხრივ გზაზე მოძრაობდა და იქეთ-აქეთ იყურებოდა, იმ კაფეს ეძებდა, სადაც რამდენიმე დღის წინ თანამშრომელთან ერთად ისადილა. მოულოდნელად ტროტუარზე ლილი შეამჩნია, რომელიც მისი საწინაღმდეგო მიმართულებით ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა, თითქმის მირბოდა, ქარი თმას უწეწავდა, მიუახლოვდა თუ არა დაინახა, რომ ის ტიროდა. ქუჩაში მარტო, მობუზული და რაღაცანაირად საწყალი მოდიოდა და ცხარე ცრემლებით ქვითინებდა. საშინლად შეეცოდა, ვერაფრით შეძლებდა მშვიდად ეჭამა, როცა ასეთ მდგომარეობაში ეგულებოდა ძმის საყვარელი ქალი. მანქანა უწესრიგოდ პირველივე შესაძლებლობისთანავე გააჩერა და მისკენ გაიქცა, ძლივს დაეწია. მკლავზე ჩასჭიდა ხელი, მოატრიალა. გოგო შიშისგან შეხტა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, მისთან შეხვედრას არ ელოდა. სასწრაფოდ მოიწმინდა თვალები, გაოცებული უყურებდა, რა გინდაო, ეკითხებოდა უსიტყვოდ
-ლილი, უკაცრავად რომ შეგაშინე-ქოშინებდა შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ალექსი
-არაუშავს, რა ხდება?-ცოტათი გონს მოდიოდა
-დაგინახე და ვერ ჩაგიარე. ხომ მშვიდობაა?
-კი, ყველაფერი კარგადაა. ნახვამდის-წასვლა დააპირა
-სად მიდიხარ? გაგიყვან
-არსად არ მივდივარ, ვსეირნობ.
-მაშინ ჩემთან ერთად წამოდი, ყავა დავლიოთ.
-არა, მადლობა
-გთხოვ რა-ისე გულწრფელად შეეხვეწა, უარი ვეღარ უთხრა, დაემორჩილა.
დაბნეული და გაურკვევლობაში მყოფი ლილი მანაქანაში ჩაჯდა. ვერ ხვდებოდა რა უნდოდა ალექსს მისგან, არ დათანხმდებოდა, უბრალოდ არ უნდოდა ძმებს შორის ისედაც დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო გაერთულებინა. უხერხულ სიჩუმეს მხოლოდ მუსიკის ჰანგები არღვევდა. ნაღვლიანად იყურებოდა ფანჯრიდან და ფიქრობდა, ცოტა ხნით საკუთარ თავთან დარჩენას ნატრობდა. მალევე მივიდნენ იმავე ქუჩაზე რაღაც კაფეში.
-იცი, დიდი ხანია მინდოდა იმაზე ლაპარაკი, რაც მაშინ მოხდა- წამოიწყო საუბარი ალექსიმ, როგორც კი მიმტანს ორი ესპრესო შეუკვეთა-ვერასდროს ვიპოვე შესაფერისი მომენტი. ან თუ უფრო გულწრფელი ვიქნები, ვერ გადავდგი პირველი ნაბიჯი. დღეს კი, შენთან შეხვედრა თითქოს ნიშანი იყო ჩემთვის. სულ იმაზე ვფიქრობ, ყველაფერი თუ პირიქით მოხდებოდა რას იზამდა ნიკოლოზი და მიუხედავად იმისა, რომ მე მირჩევნია ვცდებოდე, დარწმუნებული ვარ, ჩემს გვერდით დადგებოდა და მთელი ოჯახის წინააღმდეგ გაილაშქრებდა. კბილებით დამიცავდა, მეც და ჩემს სიყვარულსაც
-არა, ალექს,-შეაწყვეტინა სიტყვა-მე მესმის შენი და თქვენი მშობლებისაც. ასეთ შემთვევაში მეორე მხარეს დგომა, რასაც ნიშნავს ვიცი. არ მყავს ძმა, მაგრამ და მყავს და თუკი ჩავთვლიდი რომ ის საფრთხეშია, მისთვის ყველაფერს გავაკეთებდი. მართლაც, არ იყო ჩვენი შეხვედრა და პირობები სახარბიელო. საცოლე, ასაკობრივი სხვაობა, ჩემი ქმარი-ნაღვლიანად ამოიხრა- ჩვენნაირი ამბავი სხვას რომ შემთხვეოდა, ალბათ, მეც ასე ვიფიქრებდი და შევეწინააღმდეგებოდი ჩემი ოჯახის წევრს. არ ვიცი, როგორ აგიხსნა ან აქვს თუ არა ამას აზრი, მაგრამ როცა ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, თეოსთან დაშორების შესახებ არაფერი ვიცოდი. გულწრფელად გეუბნები, სხვის ურთიერთობაში არასდროს ჩავერეოდი. არც მის გამოყენებას ვაპირებ რამეში...
-არ აქვს ახლა მაგას მნიშვნელობა. მთავარი ისაა, რომ მართლაც არაა ჩემი საქმე ვინ ეყვარება და ვინ არა ამხელა კაცს, ბავშვი ხომ არაა?! სტუმრად მოსულები სახლიდან გაგყარეთ და სწორად არ მოვიქეცი. ბოდიშს გიხდი, იმ სიტყვებისთვის რომელსაც არ იმსახურებდი-სიბრალულის გრძნობა არ ეშვებოდა.
-რაც მოხდა, მოხდა. უბრალოდ, მინდა იცოდე რომ მართლა მიყვარს ნიკოლოზი. შეიძლება ეგოისტურად ვიქცევი, იქნებ მისთვის არ ვარ ის საუკეთესო, რაც ჩვენ ყველას მისთვის გვემეტება. ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ყველაფერია, რაც კი გამაჩნია-მის ხმაში ისეთი სევდა ისმოდა, ალექსს გული უკვდებოდა
-მჯერა შენი. ერთი რამ ნამდვილად ვიცი, თამუნას ასე არასდროს მოექცეოდა ჩემი ძმა, როგორც მე მოვიქეცი. ამას ვერ ვპატიობ თავს. თუ რამეში ეჭვი არ მეპარება ისაა, რომ ჩემი ცოლის და შვილების გამო, ნიკოლოზი სიკვდილსაც არ შეუშინდებდა. მე კი რითი ვუხდი სამაგიეროს? წეღან რომ დაგინახე, მივხვდი რომ ეს იყო ჩემი შანსი ის გამეკეთებინა, როგორც თვითონ მოიქცეოდა. მარტოს ვერ დაგტოვებდი
-რაღაც პრობლემა მაქვს, ისეთი არაფერი ხდებოდა- თავის მართლება დაიწყო ლილიმ თავისი ცრემლების გამო
-ყველაფერი მოგვარებადია. თუ შემიძლია შენი დახმარება შენთან მიგულე.
-მადლობა-გაუღიმა და ყავა მოსვა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მიუტანეს
-საღამოს ჩვენთან მოდით, კატოც იქნება. კიდევ ერთი შანსი მივცეთ ერთმანეთს.
-ვეცდები, ვეტყვი.. თუ დამთანხმდება-ყოყმანობდა გოგო
-შენ თუ სთხოვ ყველაფერს შეგისრულებს-ალექსის თვალებში კეთილგანწყობა შეიმჩნეოდა.
ლილი იქიდან პირდაპირ თავის რესტორანში წავიდა, ჩანთიდან დიდი, კლინიკიდან წამოღებული, კონვერტი ამოიღო. კიდევ ერთხელ, უკვე მეათასეჯერ წაიკითხა. ნაღვლიანად ამოიხვნეშა და თავის სავარძელში ჩაეშვა. თავი მაგიდას დაადო. ახლა რა ვქნაო, იმეორებდა. ტელეფონი აიღო და პაოლინასთან დარეკა. დიდ ხნიანი საუბრისა და მოკითხვების შემდეგ შეეკითხა მის სამსახურში, რამდენად კარგი ექიმები იყვნენ. რამდენიმე დღეში ჩამოვალ და შენი იმედი მექნებაო, უთხრა და მის თვალებში კიდევ ერთხელ აინთო იმედის სხივი. მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერის ეკრანს არ მოშორებია, მისთვის საინტერესო ინფორმაციას იძიებდა. ინტერნეტში ეძებდა გამოსავალს. საშინლად დაიღალა, მიხვდა სხვა რამეზე უნდა გადაეტანა ყურადღება, ასე შეიშლებოდა. დარბაზში გავიდა და მარის ხელის დაქნევით მიესალმა, რომლიც საქსაფონზე უკრავდა. ერთი ჭიქა ნახევრად-ტკბილი წითელი ღვინო აიღო და მის მოსასმენად დაჯდა. ნაზმა ბგერებმა სევდა ცოტათი გაუქარვეს, ოდნავ დამშვიდდა. ახლა ჩვეულებრივად უნდა ყოფილიყო, არაფერი შეემჩნია მალე ხომ ნიკოლოზი უნდა მოსულიყო, რომელიც ძლივს დაარწმუნდა ძმასთან სტუმრობის აუცილებლობაში. ასე დროს ვერ უღალატებდა, მის გამო არეული ურთიერთობების დალაგებაში უნდა დახმარებოდა. იქნებ მართლაც, შემთხვევითი არ იყო მისი და ალექსის შეხვედრა იმ დღეს. ათასი რამ უნდა მოეფიქრებინა, ამ ეტაპზე სიმართლის თქმა არ ღირდა. გზად მოატყუა ბიჭი, იტალიაში სამსახურის საქმეზე მივდივარო.
***
ალექსის სახლში ისეთი მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო დახვდათ, ნიკოლოზი დარწმუნდა შეუძლებელი არაფერი იყო. კარგად იცოდა თინაზე ყველა დიდი გავლენის მოხდენა სწორედ მას შეეძლო. ეს უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. მათი თანადგომა ჰაერივით სჭირდებოდა. ამ ბოლო დროს საშინლად აწუხებდა და გულს უღრღნიდა ის დუმილი, რომელიც მისი ხელის მოტეხვის შემდეგ გამეფდა მათ ოჯახში. ხანდახან იმასაც ფიქრობდა, იქნებ ისევ ის ჯობდა, დღე და ღამე რომ მეჩხუბებოდნენო. ახლა კი, თითქოს ეს საკითხი სამუდამოდ დაიხურა, გაუვლის და გონს მოვაო. არადა, მისთვის ეს არ იყო უბრალო ახირება, იცოდა, მთელი ცხოვრების ლილისთან ერთად გატარება უნდოდა, რასაც მშობლები აუცილებლად შეეწინააღმდეგებოდნენ. ორივე მხარე მისთვის უძვირფასესი იყო. არცერთის გარეშე არ წარმოედგინა ცხოვრება, ვერცერთს დაკარგავდა. ამიტომაც ყველა შესაძლო შემთხვევას განიხილავდა, როგორ შეიძლებოდა ამ სიტუაციის მოგვარება. ახლა კი, თითქოს ყინული ნელ-ნელა ლღვებოდა, შვილისა და რძლის დამოკიდებულება დედ-მამის პოზიციას ცოტათი მაინც შეცვლიდა. იქნებ ოდესმე მათაც მიეღოთ მისი საყვარელი ქალი. სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდა, იმედი გაუჩნდა. 20 მაისს, მისი დაბადების დღე ერთად გაატარეს, საღამოს კი, აეროპორტში მიიყვანა და მილანში გაუშვა ლილი. თვითონაც უნდოდა წასვლა, მაგრამ სამსახური, ახალი პროექტი და ათასი საქმე ჰქონდა. იმდენად კარგად მიდიოდა ყველაფერი, რომ მათი უპატრონოდ დაყრა და გაქცევა უპასუხისმგებლობა იქნებოდა. ჯერ კიდევ დასამტკიცებელი ჰქონდა, რომ გაიზარდა და თეოსთან დაშორება არ ნიშნავდა ძველ, უსაქმურ ცხოვრებაში მის დაბრუნებას. პირიქით, ახლა ისეთი მონდომებული და შემართებული იყო, როგორც არასდროს. ძმამ ვახშმის დროს, არაერთხელ აღნიშნა მიხარია, შენი წარმატებებიო. სწორედ მისი დახმარებით დაიწყო მუშაობა და კომპანიის დამფუძნებლებთან ახლოს ურთიერთობა ჰქონდა, ალბათ, ეკითხებოდა ხოლმე მის ამბებს. ახალი წამოწყებაც მოუწონა. მოეჩვენა, რომ მისით ამაყობდა კიდეც.
მონატრებამ და განშორებამ გრძნობები კიდევ უფრო გაუძლიერა, იმაში დაარწმუნა, რაც დიდი ხანია იცოდა. ეს ქალი სიცოცხლეზე მეტად უყვარდა და მას არასდროს დათმობდა, მის გარეშე ვერ გაძლებდა და უნდოდა ყოველთვის გვერდით ჰყოლოდა. საგულდაგულოდ არჩევდა ადგილებს და ვითარებას, სად და როგორ ეთხოვა მისთვის ხელი და გული. ბევრი ფიქრის შემდეგ ისევ მათი საყვარელი ადგილი მთა აირჩია. ლილი არ იყო ის გოგო, რომელსაც ყვავილები, გადაპრანჭული რესტორნები და სანთლის შუქზე რომანტიული ვახშამი მოხიბლავდა. მას ლაშქრობები, ჭუჭყიანი ბათინკები, კარავი, ვარსკვლავები და ნაკვერჩხალში შემწვარი კარტოფილი ერჩია. სწორედ ეს უყვარდა მასში ყველაზე მეტად. ვერაფრით ხსნიდა, როგორ შეეძლო ყოფილიყო ქალური და მომხიბვლელი მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელში, მოტკეცილი კაბითა და დეკოლტით და მეორე მხრივ, მისი სტიქია კაცივით ჩაცმული ცხენზე ამხედრებული ჯირითი ყოფილიყო, საძილე ტომარაში დაეძინა და მძიმე ჩანთით კილომეტრები ევლო. მისთვის ამოცანა და დაბრკოლება მხოლოდ ის იყო, რომ ის უკვე იყო გათხოვილი. უკვე სთხოვეს ცოლობა, უკვე დაიწერა ჯვარი და გადაიხადა ქორწილი. არ უნდოდა ლილისთვის ეს ნიკოლოზის ხათრით მიღებული გადაწყევტილება, მისი მხრიდან მსხვერპლის გაღება, ყოფილიყო. ყველაზე მეტად კი, მისი ჭრილობის გახსნის, მისი გულის ტკენის ეშინოდა. მაგრამ რისკზე წავიდა, მტკიცედ გადაწყვიტა როგორც კი ჩამოვა ჩოხში წავიყვან და იქ დავინშნებითო.
მთელი კვირა არჩევდა ბეჭედს. ამ თემაზე არასოდეს ულაპარაკიათ, წარმოდგენაც არ ჰქონდა როგორი უნდა ეყიდა, ამიტომაც დახმარება თავის დას სთხოვა, რომელიც მის პოზიციას იჭერდა, უნდა იბრძოლო და არ დაუჯერო დათოს და თინასო. კატოს ასე უბრალოდ არავინ მოსწონდა, მისი გულის მოგება საკმაოდ რთული მისი იყო. ფრთაშესხმული და გახარებული დაბრუნდა შინ ოქროს ბეჭდით. ვეღარ ითმენდა, ერთი სული ჰქონდა ლილის თითზე ენახა, ის ხომ ყველაფერს ალამაზებდა. მასთან ერთად ყველაფერი ბრწყინავდა. საოცარი სურვილი ჰქონდა მასთან ერთად ახალი მიზნებისა და გეგმების შესრულების. ყველაფრის თუ არა, ბევრი რამის ნულიდან დაწყება და სულ სხვანაირი ერთობლის ცხოვრების დაწყების. ბინის ძებნა დაიწყო, რამდენიმე წლიანი სესხს ავიღებ ბანკიდან და ნელ-ნელა დავფარავო. მტანჯველი ორი კვირა ნელ-ნელა მიიზლაზნებოდა. მისი უკან დაბრუნების დღე ახლოვდებოდა. სულმოუთქმელად ელოდებოდა, როდის აიყავნდა ხელში და გულში ჩაიკრავდა მისი ოცნების ქალს, ყურში ჩასჩურჩულებდა თუ როგორ ვერ ძლებდა უმისოდ და არასდროს, არასდროს უნდოდა მის გარეშე დარჩენა.
***
მისაღებ ოთახში დივანზე იყვნენ წამოწოლილები, უწესრიგოდ ეყარა იატაკზე ჩემოდანი და ჩანთა. ეტტა ჯეიმსის კონცერტის ჩანწერი ჰქონდათ ჩართული და იმას უსმენდნენ. ნიკოლოზის მკერდზე ედო თავი და მშვიდად სუნთქავდა. თითქოს ამდენი ხნის განშორების შემდეგ აღარფერი იყო სათქმელი, უჩუმრად მასთან ერთად ყოფნა, მისი სუნთქვისა და გულის ცემის მოცემა ახლა ყველაფერი იყო, რაც სჭირდებოდა. დროის გაჩერებას, სამუდამოდ ასე ყოფნას ნატრობდა.
-იტალიაში რომ მითხარი აქაური საჭმელები მეზიზღება უკვეო, გახსოვს?-მოულოდნელად თავი წამოწია-ახლა გაგიგე რას გულისხმობდი. მთელი ორი კვირა მარტო მწადები და ქაბაბები მენატრებოდა
-ჰა ჰა, მართლა?-ახარხარდა ბიჭი- მე არა?
-შენც, მაგრამ ქართული სამზარეულო უფრო.
-ხოდა გაგიშვებ უკან-თმაზე ეთამაშებოდა
-წამოდი რა, სადმე დავლიოთ და ძალიან ბევრი ვჭამოთ.
-რომელი საათია იცი?
-კი, ხუთი ხდება. სადღეღამისოში ჩავუჯდეთ მამაპაპურად-ფეხზე წამოხტა და ჩემოდანი გახსნა, ტანსაცმელი ამოიღო, სასწრაფოდ ჩაიცვა წითელი, ზოლებიანი კაბა.-მიდი, მიდი, ადექი
ნიკოლოზი გაოცებული უყურებდა, სიცილს ვერ იკავებდა, ბოლოს მიხვდა და თვითონაც წამოდგა, უსიტყვოდა დაემორჩილა. მზე ჯერ არ იყო ამოსული, დაცლილ ქუჩებში ადამიანის ჭაჭანება არ იყო. შუქნიშნებზე მხოლოდ ყვითელი ფერი ციმციმებდა, მთვარისა და ლამპიონების შუქი ანათებდა თბილისის ყველაზე გრძელ გამზირს. მთელს ქალაქს ეძინა, ისეთი სიმშვიდე და სიწყნარე სუფევდა ვერც კი, წარმოიდგენდი რომ სულ მალე აქაურობა უამრავი მანქანითა და მოფუსფუსე ხალხით აივსებოდა, ახმაურდებოდა და გაგიჟდებოდა. რადიოდან მუსიკა ისმოდა, ლილი ფანჯრიდან იყურებოდა და სიგარეტს ეწეოდა.
-ლილ, პარასკევი, შაბათი-კვირა რას აპირებ?-შეეკითხა ნიკოლოზი, როდესაც უკვე პატარა რესტორანში ისხდნენ
-რავიცი, არც არაფერს. ხდება რამე?- ისე უპასუხა თავი არ აუწევია, ჭამა გააგრძელა
-გუდამაყრის ხეობაში ვაპირებ წასვლას და ვიფიქრე იქნებ შენც გინდოდა-ვითომ აქ არაფერიო, ისე მშვიდად ჩაილაპარაკა. ლუდი მოსვლა
-სერიოზულად?-ცხელი ხინკალი თეფშზე დააგდო, წვენი გადმოიღვარა-რას ჰქვია მინდა თუ არა?-სიხარულისგან რა ექნა აღარ იცოდა
-წამოხვალ ანუ?
-წამოვალ, ხო წამოვალ-აკისკისდა პატარა გოგოსავით
მთელი ორი დღე გადაბმულად ეძინა, ძალებს იღდგენდა. დროებით გათიშა გონება. გამოსავლის მოძებნას შეეშვა. გადაწყვიტა დინებას გაჰყოლოდა და მიხვდებოდა თუ როგორ მოქცეულიყო. ამ ეტაპზე მაინც არაფრის შეცვლა არ შეეძლო, მერე რაღაცა გამოჩნდებოდა. გადაწყვიტა დროისთვის დრო მიეცა.
დილით ადრე გავიდნენ თბილისიდან. საბარგულში კარავი, საძილე ტომრები და ზურგჩანთები ჩაალაგეს. საქართველოს ულამაზესი კუთხისაკენ გაეშურნენ. ნიკოლოზი ისეთ კარგ ხასიათზე იყო, ვერ ისვენებდა ხმამაღლა ჰყვებოდა რადიოში ჩართულ სიმღერებს, აღტკინებული ცმუკავდა, ერთი სული ჰქონდა როდის ჩავიდოდნენ. სერიოზული გეგმები ჰქონდა დალაგებული. გზად ორი მოხუცი კაცი შენიშნეს ხელს იქნევდნენ, გაგვიყოლეთო. გაუჩერეს და სულ რაღაც ნახევარი საათის სავალ მონაკვეთზე დაიმგზავრეს.
-შვილებო, საით მიდიხართ?-წამოიწყო საუბარი ერთ-ერთმა მათგანმა
-ჩოხში მივდივართ, ძია-უპასუხა ნიკოლოზმა და სარკიდან ჭაღარა უფრო ასაკიან კაცს შეხედა-ლაშქრობას ვაპირებთ
-სტუმრად მიდიხართ ვინმესთან?
-არა, ძია. კარავი მიგვაქვს, იმას გავშლით და იქ დავრჩებით.
-თეთრი და შავი არაგვის შეერთების ადგილი ნანახი გაქვთ?
-მე კი-დიალოგში ჩაერთო ლილი, თვითონაც სასიამოვნოდ აღელვებული იყო
-კიდევ ერთხელ უნდა ნახოთ, შვილო.
-აუცილებლად ვნახავთ
-შვილები გყავთ?
-ჯერ არა-თქვა ნიკოლოზმა
-დიდი ხანია დაოჯახდით?-მათი ურთიერთობის სახის გარკვევას, ზრდილობიანად ცდილობდა
-არა, ძია. ახალდაქორწინებულები ვართ-მოიტყუა ბიჭმა, როცა შეამჩნია ძველ ყაიდაზე მოაზროვნე მოხუცებს არ მოეწონებოდათ შეყვარებულების ღამის ერთად გათენების იდეა. ლილის გაეღიმა, თვითონაც მიხვდა რატომ იცრუა.
-ხოდა გამრავლით და გაიხარეთ, ბაბუ!
-იმდენი შვილი და შვილიშვილი გვეყოლება, ზურიკელასავით მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით-თვალები აუციმციმდა და ლილის თვალი ჩაუკრა, რომელმაც ამის გაგონებაზე ფერი დაკარგა. დარჩენილი დროის განმავლობაში ხმა აღარ ამოუღია და მხოლოდ თავს იქნევდა ყველა შეკითხვაზე.
რამდენიმე საათიანი ფეხით სიარულის და უამრავი პატარა ხიდის გადალახვის შემდეგ მიაღწიეს დანიშნულების ადგილს. აქ სულ სხვანაირი ჰაერი იყო, გული სულ სხვანაირად ცემდა. სხვანაირი თავისუფლებაა მთაში, აქ ყველაზე კარგად ხვდები რომ ის არსებობს, ის ვინც შექმნა ეს საოცრება არაფრიდან... აქ ისევ ისეა ყველაფერი, როგორც ჩაიფიქრეს... ადამიანის დამანგრეველი ხელი არ შეხებია. არ გაუკაფია ტყეები და მათ ადგილას მრავალ სართულიანი ცათამბჯენები არ აუშენებია. არ უცდიათ ზეცაში ბაბილონის გოდოლით ღმერთს მიწვდენოდნენ. აქ სუნთქვა გეკვრის და მზად ხარ მუდამ აქ იყო. სვა კამკამა წყალი და ხიდან ჩამოყრილი ნაფოტით გათბე, პატარა მელაკუდებს ეთამაშო და მგლებს საკვების მოპოვებაში დაეხმარო. გუნება გამოუკეთდა და გამხიარულდა ლილი. დაღლილ-დაქანცული მინდორზე გაწვა, ღუბლებში ჩამალულ მზეს უყურებდა, ფრინველებს ითვლიდა და ნაკადულის ხმას უსმენდა.
***
ცეცხლის პირას კუბოკრული პლედში გახვეულები ისხდნენ და თბებოდნენ. ნიკოლოზი მათარიდან კონიაკს წრუპავდა, ხელი ჰქონდა გადახვეული ლილისთვის, რომელიც, რკინის ჭიქით ცხელ ჩაის სვამდა. ისეთი სიმშვიდე და სიმშვიდე სუფევდა, გარშემო არაფერი მოძრაობდა. მხოლოდ პატარა მდინარის ჩუხჩუხი არღვევდა მყუდროებას. მთვარის შუქი ანათებდა მწვანე მდელოს და მძაფრი ყვავილების სუნი მოჰქონდა ნაზ სიოს.
-რაღაც უნდა გკითხო-დიდხნიანი სიჩუმის შემდეგ დაიწყო ბიჭმა
-გისმენ-თავი მხარზე დაადო
-წეღან მანქანაში იმ კაცებს რომ ვუთხარი, აუცილებლად გვეყოლება ძალიან ბევრი შვილი- მეთქი, ამის გაგონებაზე სახე შეგეცვალა საშინლად მოიწყინე. რამე მოხდა?
-არაფერი
-მითხარი!
-მე არ შემიძლია შვილი გაგიჩინო
-რატომ? -შეცბა ნიკოლოზი- არ გინდა?
-არა-ლილი ადგა და კარვისკენ წავიდა. უხმოდ ჩაწვა საძილე ტომარაში. ცრემლები ახრჩობდა, ვეღარ სუნთქავდა.
ნიკოლოზი კი ძალიან დიდი ხანი გარეთ იჯდა მანამ, სანამ ცეცხლი ბოლომდე არ მიილია. აქა-იქ ნაკვერჩხალი ძლივსღა ბჟუტავდა. პლედიც გვერდით ეგდო, სიცივისგან კანკალებდა. თვალს ვერ აშორებდა კოცონის ნარჩენებს, რომელიც ახლა მისი ოცნებების სასაფლაოს წააგავდა. რამდენი ხანი გეგმავდა აქ ამოსვლას, მთაში მილიონი ვარსკვლავის ქვეშ მისი ლილისთვის სამუდამო ერთგულების ფიცის მიცემას. ჯიბეში იმდენად მწვავედ გრძნობდა ბეჭდის ყუთს, ეგონა დაწვავდა. ახლა კი ხვდებოდა, ლილის მისთვის შვილის გაჩენა არ უნდოდა. იქნებ ამას ლევანის ხათრითაც აკეთებდა. ვერაფერს ხვდებოდა იმის გარდა, რომ ხელის თხოვნას აზრი არ ჰქონდა არასდროს დასთანხმედებოდა. განთიადისას საშინლად დაღლილმა კარვის კარი გახსნა და შიგნით შეძვრა, მთელი ღამის ფიქრის შემდეგ გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული. ჩიტები უკვე ჭიკჭიკებდნენ, ბუნება იღვიძებდა.
-მოხვედი?-მოესმა ჩურჩული
-მოვედი -თავი მუცელზე დაადო- რაც არ უნდა მოხდეს მაინც მეყვარები. რომ გძულდე მაინც მეყვარები. მე ხომ ვიცოდი, შენ ლევანს ვერასდროს დაივიწყებდი. რა შენი ბრალია. მასთან ერთად გინდოდა ბევრი შვილი... ახლა კი გგონია უღალატებ თუკი შენს ბავშვების მამა სხვა იქნება. ვიცი, რომ გიჭირს. შენს თავს გეფიცები ვეცდები შევეგუო... აღარ მენდომება. ერთ სიტყვასაც კი აღარ ვიტყვი ამ თემაზე. ოღონდ უშენოდ ცხოვრება არ მომიწიოს, ყველანაირ მსხვერპლს გავიღებ. შეიძლებოდა ისედაც არ მყოლოდა, ხომ არის ამისი შანსიც?.. ყველაფერს შევეგუები. უშენობას კი ვერ... -ცრემლები მოადგა
-არა, ლევანი არაფერ შუაშია. იმ დღეს როცა გითხარი მიყვარხარ მეთქი, მანამდე მის საფლავზე ვიყავი, გავუშვი. შენთან ერთად ვაპირებდი ახალი ცხოვრების დაწყებას, მაგრამ... მაპატიე გთხოვ-ლილიც ატირდა-ჩემი ბრალია ადრე უნდა მეთქვა. სიმართლე არ უნდა დამემალა.
-რა სიმართლე?-შეცბა ნიკოლოზი
-მომისმინე და ეცადე მაპატიო
-რა უნდა გაპატიო? რაზე ლაპარაკობ?- წამოჯდა, თვალს ვერ აშორებდა
კატეგორია: რომანი | დაამატა: mariammariam1
ნანახია: 1139 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
არ დაუშვა რომ აბორტი ქონდეს გაკეთებული შენ შეგიძლია გამოასწორო მდგომარეობა.არ ვიცი შენს ჩანაფიქრს პატივს ვცემ მაგ.იმდენად მინდა ნიკოლოზის ბედნიერება ეს შემთხვევა ჩემი აზრით გაანადგურებს.წარმატებები. 3o 3o 3o
avatar