ერთისთვის ერთი? თავი 12 (დასასრული)
28.05.2017, 19:01
-რა სიმართლე?-შეცბა ნიკოლოზი
-მომისმინე და ეცადე მაპატიო
-რა უნდა გაპატიო? რაზე ლაპარაკობ?- წამოჯდა, თვალს ვერ აშორებდა
-პირველად გათხოვებიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ დავფეხმძიმდი-დაიწყო მან-მაშინ პატარა ვიყავი ბევრ რაღაცას ვერ ვხვდებოდი, საერთოდ არაფერი ვიცოდი. მეგონა უბრალოდ ციკლი მეწყებოდა, მერე არანორმალურად ამტკივდა მუცელი, ყურადღება არ მივაქციე. ბოლოს სისხლდენა დემეწყო. არ ჩერდებოდა. სასწრაფო გამომიძახეს და კლინიკაში გადამიყვანეს. აღმოჩნდა არც კი ვიცოდი, ისე დავკარგე პირველი შვილი- სევდიანი ხმით ლაპარაკობდა
-მერე?
-ძალიან განვიცადე, მაგრამ ექიმება დამამშვიდეს აუცილებლად გეყოლება კიდევ, ჯერ პატარა ხარ და სანერვიულო არაფერი გაქვსო. სულ ჩემთან იყო ლევანი, არ მშორდებოდა. უამრავი ბავშვი გვეყოლებაო, პირობას გაძლევო. შენ ძალიან კარგი დედა იქნებიო. ის, რომ არა ვერ გადავიტანდი ამ ყველაფერს. მართლაც სულ მალე -ლილის ხმა ებზარებოდა, ყელში მომდგარი ბურთი ახრჩობდა და ლაპარაკის საშუალებას არ აძლევდა- სულ მალე ისევ... ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, მისი გულის ცემის ხმაც მოვისმინეთ, ექოზე დავინახეთ როგორ მოძრაობდა. გვითხრეს ჯანმრთელი და ლამაზი გოგო გეყოლებათო. ისე გვიხაროდა ყველა სახლიდან გასვლაზე თითო-თითო წყვილი საბავშვო ტანსაცმელით ვბრუნდებოდით უკან. ჩვენც ბავშვები ვიყავით მაშინ, სათამაშო და გასართობი გვინდოდა ვერ ვხვდებოდით შვილის მნიშვნელობას. სახელიც შევურჩიეთ, რუსა. ვარდისფერი ოთახი მოვუწყვეთ თეთრი საწოლი და კარადა დავდგით. იმ აგვისტოს ლევანი დაიღუპა. არც მე და არც არავის გახსენებია იმ პერიოდში ჩემი მდგომარეობა. ოცი წლის ბიჭი მოგვიკვდა. მეორე დღეს მისი დასაფლავება უნდა ყოფილიყო. ჩვენს საწოლში მოკუნტული ვიწექი, განადგურებულს მხოლოდ სიკვდილი მინდოდა და უცებ მუცელზე მისი ფეხი ვიგრძენი. ისე ძლიერად მირტყამდა, გონს მოვედი და მაშინვე გამოვფხიზლდი... ნაზად მოვეფერე და იმ საშინელი დღეების განმავლობაში ერთადერთხელ გავიღიმე, დედა აქ არის, ნუ გეშინია, მარტო არ დაგტოვებ-მეთქი, ვუთხარი. მივხვდი ვინც დამეხმარებოდა ამხელა დანაკარგის შემდეგ, ვინ შემავსებდა და გამამთელებდა. ვის გამო ღირდა ყოველ დილით გაღვიძება. პირველად სწორედ, მაშინ გავაცნობიერე, რომ ზოგჯერ მშობელს უფრო მეტად სჭირდება შვილი, ვიდრე პირიქით. ეს პატარა დაუცევლი არსება, რომელსაც მხოლოდ მე ვყავდი დარჩენილი, ჩემთვის ყველაფერი იყო. მისი ხათრით აუცილებლად ავდგებოდი ფეხზე, ისევ გავიხარებდი. ვიცოდი მისი სახით დაკარგულ სიყვარულს უკან ვიბრუნებდი. მის დანახვაზე ლევანი ისევ ჩემთან იქნებოდა. ახლა მას უნდა ვყვარებოდი... ის უნდა გამფრთხილებოდა. ის ჩემთვის იმ იმედის სხივი იყო, რომელიც მეგონა მამამისთან ერთად სამუდამოდ გაქრა ჩემთვის. მივხვდი არ მქონდა სასოწარკვეთილების უფლება, მისთვის სიცოცხლე ღირდა. ის მე მაძლიერებდა, ჩემი საყრდენი იყო. ის რასაც, მის მიმართ განვიცდიდი სულ სხვა იყო. არაფერს არ ჰგავდა. იმდენად ძლიერი და ყველაფრის მომცველი მეჩვენა, თითქოს მანამდე საერთოდ არ ვიცოდი რა იყო სიყვარული და არასდროს არავინ მყვარებია. თითებზე გადავითვალე როდის დაიბადებოდა... დაახლოებით ორი-სამი კვირა გქონდა დარჩენილი შეხვედრამდე. დაიმედებულს ჩამეძინა, ისე აღარ მეშინოდა ხვალინდელი დღის გათენების და სამუდამო განშორების. შუაღამეზე ტკივილმა გამაღვიძა, სისხლში ვცურავდი. ვერც ვინძრეოდი, ვერც ვყვიროდი. ძლივს მოვძებნე ტელეფონი და ჩემი დედამთილის ნომერი ავკრიფე, სიმწრით მოვახერხე იმის თქვა, მიშველე-მეთქი. სამშობიაროში წამიყვანეს...
ლილი, რომელსაც ჰაერი აღარ ჰყოფნიდა ფეხზე წამოდგა და კარვიდან გავიდა, ქვაზე ჩამოჯდა, მიწას ჩაჰყურებდა, ტუჩებს იკვნეტდა და ცრემლებს მჯიღებით იწმენდდა. ნიკოლოზი უკან გაჰყვა, მის გვერდით დაჯდა და თავით მკერზე მიიხუტა, თმაზე ეფერებოდა, შუბლზე ჰკოცნიდა ჩუუ, შენთან ვარ ნუ გეშინიაო, ამშვიდებდა. მზე კი, ჯიუტად ამოდოდა, ჩიტებიც ჭიკჭიკებდნენ... საშინელებაა გათენება, როცა შენთვის არ თენდება. გინდა ბნელოდეს, სამუდამოდ დამთავრდეს ყველაფერი.... ტკვილის ერთი-ორად აუტანელს ხდის იმის დანახვა, თუ როგორ გრძელდება ცხოვრება, როდესაც შენთვის ვეღარაფერი შეიცვლება... ბოღმა და ბრაზი კისერში ხელს გიჭერს და გახრჩობს. რატომ არ იცდის? შენ არ გჭირდება, ის კი ამოდის, ყველაფერს ანათებს, გარემოს ედება თავისი ბოროტი ხელით და შენში გაჩენილ ხანძარს, რომელიც ყველა შინაგან ორგანოს, გულსა და შიგანს გწვავს, კიდევ უფრო მეტად აღვივებს. მისი სხვივები გახურებული შანთებივით სერავენ სულს, რომელიც ტკივილისგან იკლაკნება...
-მკვდარი დაიბადა. არ მინახავს... დედაჩემმა მითხრა, ძალიან ლამაზი იყო, ცისფერი თვალები და ქერა თმა ჰქონდაო. ლევანის გვერდით დავასაფლავეთ...- თითებს იმტვრებდა ატირებული ლილი. თვალებში ვეღარაფერს ხედავდა, აღარც ლაპარაკის ძალა ჰქონდა. დადუმდა, ძალიან დიდი ხანი დადუმდა... სხვა აღარაფერი დარჩენოდა. ამდენი სიტყვიდან ერთი სიტყვაც კი არ მოიპოვებოდა, იმის გამოსახატად, თუ რას გრძნოდა. ეგონა გული გაუსკდებოდა, თითოეული ამოსუნთქვა ისე უძნელდებოდა, თითქოს ფილტვებზე ვიღაც ხელს უჭერდა- აი, ამხელა კუბოში ჩაასვენეს -ხელით ძალიან პატარა მონაკვეთი მოხაზა, როცა ისევ შეძლო ხმის ამოღება- სულ პაწია... ლევანის დასაფლავებაზე არ ვყოფილვარ, არც მასთან გამიშვეს. ოპერაციას მიკეთებდნენ... სახლში დაბრუნებულს ორი ადამიანის ნივთების ალაგება დამჭირდა. ქმრისა და შვილის. მე თვითონ ავკეცე მისი პატარა საწოლი, ჩემოდანში ჩავალაგე მისი ჩაუცმელი ფეხსაცმელები, ფუშფუშა კაბები და ჯინსის შარვლები. ყველაფერი უპატრონო შვილ ბავშვთა სახლში წავიღე. მას შემდეგ დავიწყე იქ ასე ხშირად სიარული. ახლა უკვე დიდი გოგო იქნებოდა და სკოლაში ივლიდა ჩემი რუსა. სულ იმას ვფიქრობ, როგორი იქნებოდა, ვის ემსაგვსებოდა, როგორი გაიზრდებოდა. მაინტერსებს როგორ გაიცინებდა, ილაპარაკებდა, როგორ ვიმეგობრებდით და მომიყვებოდა თავის შეყვარებულებზე, კლასელებზე, იმედებსა და ოცნებებზე... როგორ გავათხოვებდი და როცა თვითონაც დედა გახდებოდა მის შვილებს დავიტოვებდი... რა მოხდებოდა ჩემს ნაცვლად, ის რომ გადარჩენილიყო?.. რატომ ის და რატომ მე არა? ვერ ვხვდები. დღემდე ვერ ვხსნი ამას. ლევანთან ერთად შვილიც დავკარგე და იმისი შანსიც, როდესმე ისევ ადამიანი გამხდარიყავი. ახალი ცხოვრება დამეწყო. ჩემი უკანასკნელი იმედი იმ პატარა სასახლით დავმარხე... მაშინ შეცდომა დაუშვეს, რაღაც მოხდა მითხრეს უშვილო ხარო. მაგრამ ჩემთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა? მე ხომ თავს სამუდამო მარტოობა მივუსაჯე. ახლახანს ექიმთან ვიყავი. გამოკვლევები ჩავიტარე პასუხი მომივიდა ხელოვნური განაყოფიერებითაც კი, ვერ შეძლებთ შვილის გაჩენასო. იტალიაშიც ამის გადასამოწმებლად წავედი, იქაც დამიდასტურეს. მე კი, მეგონა რახან შენ გიპოვე... ისევ შევძელი სიყვარული, იქნებ...იქნებ...-წინადადების დამთავრება ვეღარ შეძლო, ცხარე ცრემლებით ტიროდა. ნიკოლოზთან ჩახუტებული, განადგურებული, დაჭრილი ცხოველივით ტკივილისგან ბღაოდა...
ჩიტები ისევ ჭიკჭიკებდნენ, ბუნებას უკვე ეღვიძა და მზეც ანათებდა...
***
შუადღეზე დაბრუნდნენ თბილისში, მთელი გზა უჩუმრად გაიარეს. ნიკოლოზმა სახლში მიიყვანა ლილი და მასთან დააპირა ასვლა, მაგარამ სთხოვა დღეს არა, ცოტა დრო მჭირდებაო. განადგურებული და თავზარდაცემული პირდაპირ შინ წავიდა. არავისთვის არაფერი უთქვამს პირდაპირ თავისი ოთახში ჩაიკეტა. თითქმის მთელი დღე და ღამე გადაბმულად ეძინა. რუსა და მისი დასაფლავება ესიზმრებოდაა, მასზე ნაამბობმა იმხელა გავლენა მოახდინა ამ მდგომარეობას თავს თუ დააწყევდა არ ეგონა. საშინლად ეცოდებოდა საყვარელი ქალი, მისი ტანჯვის ყურება არ შეეძლო. ვერ ხვდებოდა რითი შეიძლებოდა მისი დახმარება. მითუმეტეს ახლა, როდესაც ის კვლავ საკუთარ თავში ჩაიკეტა და ისევ ინახავდა საიდუმლოებს. რამდენჯერმე დაურეკა, რამდენიმე წინადადებით შემოიფარგლა მათი დიალოგი. ისევ სთხოვდა მარტო მირჩევნია დარჩენაო. ისეთ ცუდ ხასიათზე დადგა, არც ჭამის და არც საწოლიდან ადგომის სურვილი არ ჰქონდა. გულს ვერაფერს უდებდა, წიგნი აიღო წასაკითხად, რომელიც მაშინვე გადააგდო. ერთი წინადადებიდანაც ვერ გამოიტანა აზრი.
-დედა, შეიძლება?-კარები შემიაღო თინამ, მხოლოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად-მოხდა რამე?
-არაფერი-ფილმს უყურებდა
-აბა რა გჭირს? გამოდი, ისადილე.
-არ მშია, დე-თვალს არ აშორებდა ეკრანს
-დამელაპარაკე რა, დედა, რამე პრობლემა გაქვს?-მის საწოლზე ჩამოჯდა
-არა
-იმ ქალის გამო ხარ ასე?
-ნუ ეძახი ეგრე, ათასჯერ გითხარი-გაღიზიანდა
-დაშორდით?
-არ დავშორებულვართ და არც დავშორდებით, ნუ გიხარიათ.
-არ მიხარია, ნიკოლოზ-ცრემლები მოადგა-მე შენი ტანჯვის ნახვას ყველაფერი მირჩევნია. სამი დღეა ლუკა არ გადაგიყლაპავს, ამ ჩახუთულ ოთახში იხრჩობი, სიგარეტის და უჰაერობის სუნად ყარს აქაურობა. არ შემიძლია შენი ასეთ მდგომარებაში ყურება.
-და რა გავაკეთო? რა შემოთავაზება გაქვთ ჩემთვის შენ და მამაჩემს?-ლეპტოპი გვერდზე გადადო, ირონიული ტონი არ შორდებოდა
-ისე მოიქეცი, როგორც შენ გინდა. შენ თუ ასე იქნები არაფერს არ აქვს აზრი ჩვენთვის.- თინა ადგა და ფარდები გადაწია, ფანჯარა გააღო-მოიყვანე აქ, გაგვაცანი. ასე აქეთ-იქეთ როდემდე უნდა იაროთ?
-კარგი რა, თინა-სახელით ძალიან იშვიათად მიმართავდა ხოლმე, დედას ნიკოლოზი.
-კარგი კი არა, ისე მოიქეცი როგორც მე გეუბნები. დაველაპარაკები მე მამაშენს, ალექსიც დამეხმრება. კატომაც იმ დღეს ლექციები წაუკითხა, იცი რა კარგი გოგოაო. ბებერივით ნუ იქცევი და ნუ ძველმოდურობო. ხომ იცი მარტო შენს დას უჯერებს ხოლმე. იქნებ დაწყნარდეს ცოტა-გაეღიმა ქალს-აქედან არავინ არ გაგიგდებს შენს ლილის, მაგის პირობას მე გაძლევ.
-აზრი არ აქვს, დედა, აზრი არ აქვს
-რატომ?-გაოცებული სახით შეხედა შვილს, რომელიც საშინლად დარდიანი ეჩვენა
-ყველაფერი აირია
-თავისი ქმრის გამო?
-არა, დედა. არაფერ შუაში არაა მისი ქმარი, 14 წლის წინ მოკვდა ის ბიჭი. ბევრად უფრო ჩახლართულადაა საქმე, ვიდრე გგონიათ. არ მინდა ამ თემის განხილვა რა.
-როგორც გინდა, დედი. შენ მოიფიქრე. ჩემთვის მთავარი შენ ხარ. ვინც შენ გეყვარება ის მეყვარება-თინა გარეთ გავიდა, კარებს მიეყრდნო. შვილთან საუბარმა დააფიქრა და გული ატკინა. მის თვალებში უდიდესი სევდა დაინახა. არ იცოდა რა ეღონა და ამის ეშინოდა.
კიდევ რამდენიმე დღე გაატარა გამოკეტილ ოთახში ნიკოლოზმა, ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო. თავის ცხოვრებას სხვა ვერ მოაწესრიგებდა, თვითონ უნდა ამდგარიყო და ებრძოლა იმისთვის, რაც ყველაზე მეტად უნდოდა. მონატრება ჭკუიდან შლიდა, მის გარეშე გატარებული თითოელი წამი სიყვარულს კიდევ უფრო მეტად უძლიერებდა. ხვდებოდა, მის გარეშე არაფერს არ ჰქონდა მნიშვნელობა. არც შვილი და არც არაფერი არ იყო მისთვის ისეთი ფასეული, როგორც ის. მისთვის ხომ დედამიწაზე ყველა ქალი გამქრალიყო, მხოლოდ ლილი დარჩენოდა. თვალის ჩინივით გაუფრთხილდებოდა, ვერ დაკარგავდა.
ფრთხილად დააკაკუნა მის კარებზე, კარგა ხანს არ ისმოდა პასუხი. ბოლოს გააღო, შავი გრძელი კაბა ეცვა. ისეთი ლამაზი იყო, ნიკოლოზს სუნთქვა შეეკრა. მაგრად მოხვია წელზე ხელები და გულში ჩაიკრა.
-როგორ ხარ, ლილ?
-არამიშავს, შენ?-ისეთი ნაღვლიანი იყო
-რაღაც უნდა გკითხო-იხტიბარს არ იტეხავდა, ხელჩაკიდებული გაიყავა მისაღებამდე. დივანზე დასვა, მის წინ ჟურნალების მაგიდაზე ჩამოჯდა
-რა უნდა მკითხო?-დაბნეული უცქერდა
-ცოლად გამომყვები?-ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო, თითზე გაუკეთა-არაფერი არ თქვა. გთხოვ მაცადე ჯერ მე გითხრა, არ ვიცი, მერამდენეჯერ გეუბნები ამას, მაგრამ არ დავიღლები და მილიონჯერ გეტყვი, რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. უშენოდ არ აქვს არაფერს აზრი, არც ექნება. ნებისმიერ რამეს ავიტან შენს გამო. არ მინდა არც ბავშვი და არც არავინ! მხოლოდ შენ მჭირდები, იმისთვის რომ ვიცხოვრო, ვისუნთქო, ვიფიქრო. რაც შენ გაგიცანი იმ დღიდან რაც არ უნდა მოხდეს, აღარაფრის არ მეშინია. ვიცი, რომ ჩემთან იქნები... მეიმედები... ჩემი სიმშვიდე ხარ! გთხოვ, გაატარე მთელი სიცოცხლე ჩემთან ერთად. მომეცი ნება მოგიარო, შენს გვერდით ვიყო და მიყვარდე, ბოლო ამოსუნთქვამდე. გპირდები ამას არაფერი შეცვლის, ვიცი ახლა რასაც ფიქრობ. ვიცი, რატომაც გამირბიხარ ბოლო დღეებია, მაგრამ დამიჯერე ჩემთვის სულერთია, არ მაინტერესებს. მერე რა თუკი არ გვეყოლება შვილები? ვიშვილოთ ან ძაღლები მოვიყვანოთ, მთელი სახლი ავავსოთ ლეკვებით. იცი რა საყვარლები არიან? არაფერს გთხოვ იმის გარდა, რომ უბრალოდ გიყვარდე და ჩემთან დარჩე. უარი არ მითხრა, მეც ხომ ვიცი რომ გიყვარვარ. ვიცი შენც გინდა ჩემთან, ხომ ასეა?-თავი დაუქნია, კიო.
ლილი დუმდა, მისი ლოყები ცრემლებმა დანამა. წარმოდგენაც არ ჰქონდა რა უნდა ეპასუხა, სათქმელი არაფერი ჰქონდა, გული ამოვარდნაზე ჰქონდა, სუნთქვა უჭირდა ნიკოლოზმა შუბლი, თვალები, ღაწვები დაუკოცნა. მის ათრთოლებულ ტუჩებს დაეწაფა, სათითაოდ გაუხსნა კაბის ღილები, მისი შიშველი სხეული მკლავებში მოიმწყვდია, ხელში ატაცებული საძინებელში გაიყვანა.
***
ჩაბნელებულ ოთახს ქუჩის ლამპიონების შუქი ოდნავ ანათებდა. ნიკოლოზი პირაღმა იწვა, ღრმად სუნთქავდა და სიგარეტს ეწეოდა. ლილი მის გვერდით მოკუნტულიყო, მისი თვალები ცრემლებით ივსებოდა, იმ თითს დასცქეროდა, რომელზეც მისი ცხოვრების ბეჭედი ბრჭყვიალებდა.
-ვერ გამოგყვები ცოლად-ძლივს ამოილუღლუღა
-რა თქვი?-გაოცებული სახით შეხედა, თითქოს ნათქვამი ვერ გაიგო.
-არ შემიძლია, მეგონა მოვერეოდი თავს და ამით ვიცხოვრებდი, ჩემთან დაგიტოვებდი, მაგრამ სინდისი არ მაძლევს ამის უფლებას. ყოველთვის როდესაც მოწყენილს დაგინახავ ან სხვის ბავშვს აიყვან ხელში იმაზე ვიფიქრებ, თუ რა დაკარგე ჩემს გამო. დანაშაულის გრძნობა გამაგიჟებს. გეფიცები, სიცოცხლეს დავთმობდი და შვილს გაგიჩენდი, მაგრამ ჩემი სიკვდილიც კი არაფერში გამოდგება, მაინც ვერ მოვახერხებ ამას. ალბათ, ასეა საჭირო და მე არ უნდა გავხდე დედა, ამიტომაც არ მინდა ბავშვის აყვანა. მაგას ვერც კი ვუშვებ, მეშინია... ხანდახან მგონია, რომ დაწყევლილი ვარ და სწორედ, ამიტომაც დავკარგე ორი შვილი. მაგრამ შენ არა. შენ არაფერი დაგიშავებია.
-ლილ, რა სისულელეს ამბობ?!-საწოლზე წამოჯდა, მისი ხელები მუჭში მოიქცია
-შენ არც კი იცი, რამდენი ხანია გებღაუჭები საკუთარ თავს ვუმტკიცებ, რომ შენ ისე გიყვარვარ ჩემს გამო ყველაფერს დათმობ. უჩემოდ ვერ გაძლევს, ასე ვერ მოვექცევი-მეთქი ვიმეორებ, მაგრამ ზუსტად იმიტომ, ასე ძალიან რომ გიყვარვარ და ახლაც, როცა უნდა გეზიზღებოდა ასეთი თვალებით მიყურებ, ვხვდები, რომ უნდა გაგიშვა. იმ განაჩენში ცხოვრებას ვერ მოგისჯი, რომელიც მხოლოდ ჩემია. გესმის?-არ ინძრეოდა ისე ლაპარაკობდა, თითქმის ჩურჩულით
-არა, არ მესმის
-გინახავს ოდესმე შენი თვალები, როდესაც ტასოს და სალოს ან ნებისმიერ ბავშვს ეთამაშები? გესმოდა, როგორი აღფრთოვანებით უყვებოდი უცნობ ადამიანებს შენს შვილებსა და შვილიშვილებზე? მე-კი, იქ ვიყავი! ვერ დავუშუვებ, რომ არ გაგრძელდე. საკუთარი თავის მსხვერპლად გაღების უფლებას არ მოგცემ. ნეტავ, ერთი წამით მაინც ვეჭვობდე, რომ ამის გამო გადაგიყვარდებოდი და მიმატოვებდი... იქამდე დავრჩებოდი შენთან სანამ არ წახვიდოდი. ახლა გგონია, რომ ხვდები რაზე ამბობ უარს, გგონია იცი რას ნიშნავს „არასდროს“ მაგრამ დამიჯერე, ცდები. ერთ დღეს აუცილებლად მოვა შენთან ის, ვინც ყველაფერს მოგცემს, რასაც იმსახურებ. მეც მეგონა, რომ ეს გამორიცხული იყო, მაგრამ ხომ ხედავ შენ გიპოვე?!-გაეღიმა- შენ ჩემზე მეტად გეკუთვნის მეორე შანსი. შენს დაკარგავს ვერასოდეს გადავიტან, მაგრამ ეს არ მოხდება, თუკი ჯანმრთელს და ცოცხალის დაგტოვებ და იმის იმედი მექნება, რომ ბედნიერი იქნები. არც ვიცი, როგორ აგიხსნა... თუკი მეცოდინება, რომ შენ ის გაქვს რაც გინდა და კარგად ხარ მეც მივიღებ იმას, რაც ყველაზე მეტად მჭირდება. აუცილებლად გაიცნობ იმ გოგოს, რომელსაც შეიყვარებ. შენ ისეთი სიყვარულის ნიჭი გაქვს, ეს ენერგია და ძალა არ დაიკარგება, არ გაქრება. მჯერა მე ამისი.
-გაგიჟდი?-ბრაზი ერეოდა
-მომეცი ნება იმ ქალად დავრჩე, ვინც გაგიჟებდა, რომლის გამოც ახალი ცხოვრება დაიწყე, ბედნიერი და მშვიდი იყავი და არა იმად, ვისთვისაც შენი ყველაზე დიდ ოცნებაზე უარის თქმა მოგიწია... ვისაც შეეწირე. შენ ახალი ფურცლის, ახალი წიგნის ღირსი ხარ და არა, უკვე დაწყებულისა და გაფუჭებულის. შემიძულე, ოღონდ შენი ყველა სურვილი განახორციელე. იყავი მსოფლიოში საუკეთესო მამა. გამოსცადე ის გრძობა, რაც მე დაუბადებელმა რუსამ მაჩუქა. ხელში აიყვანე, ჩაეხუტე, მისი ტკბილი სუნი შეიყნოსე, მოუსმინე მის სიცილს, გაიხარე მისით, როდესაც შენ დაგინახავს და შენკენ გამოიქცევა, ერთად ითამაშეთ ომობანა ან სახლობანა, ერთად დახატეთ, იმღერეთ და იცეკვეთ მის ქორწილში. მასთან ერთად ახლიდან დაიბადე... ჩემს ნაცვლადაც გყავდეს შვილები. აიხდინე ის ნატვრა, რასაც მე ვერასოდეს შევძლებ. სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. შენ მე გადამარჩინე, მადლობის ნიშნად გაგათავისუფლებ ჩემგან და ამ ტვირთისგან. გთხოვ, კიდევ ერთხელ დამიმტკიცე სიყვარული და შემისრულე ის, რასაც დამპირდი. შენთვის ყველაფერს შევძლებო, ჩემი ხათრით აიტანე უჩემობა. ყველას აჩვენე, რომ ჩემთან შეხვედრით არ დაღუპულხარ. მიაღწიე შენს მიზნებს, იყავი წარმატებული და საამაყო, გაახარე შენი ოჯახის წევრები. მე კი, მომეცი ნება რომ შენგან წავიდე. მინდა ის დამამახსოვრეს, თუ როგორ გიყვარდი რამდენიმე წუთის წინ, როდესაც ჩვენს გარდა ქვეყნად არავინ არ არსებობდა. ჩემთვის საკმარისია, შენს თავს გეფიცები, სრულიად საკმარისია.-ლილი გაჩუმდა, ფეხზე ადგა და ფერად ყვავილებიანი შავი საღამური პერანგი ჩაიცვა, თითიდან ბეჭედი მოიხსნა და ტუმბოს თავზე დადო. ფრთხილი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან, კართან გაჩერდა და მას შუბლი მიადო ცივ კედელს ნიკოლოზს უყურებდა, რომელიც იჯდა გაოგნებული, აწყლიანებული თვალებით და ერთ ადგილს მისჩერებოდა, ჯერ კიდევ ცდილობდა აზრის გამოტანას, იმ ყველაფრიდან, რაც მისი ცხოვრების ქალმა უთხრა- აღარაფერი მითხრა, ნუ შეეცდები ჩემს გადარწმუნებას. თუ გიყვარვარ ნუ მომაყენებ იმაზე უფრო დიდი ტკივილს, რასაც ახლა განვიცდი. ჩვენ ხომ არასდროს არ ვჩხუბობთ და უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის? ხომ ასეა?-მის პასუხს არ დალოდებია ისე გავიდა გარეთ
გონს მოსული ბჳჭი უკან გაედევნა, ის აივანის მოაჯირს მიყრდნობილი ჰორიზონტს გასცქეროდა, და კანკალებდა. მის უკან დადგა, ოდნავ მოიხარა, ნიკაპით მხარზე ჩამოეყრდნო, შემოეხვია და თმა გადაუწია, კისერში აკოცა
-მითხარი, რომ დამესიზმრა-ჩასჩურჩულა ყურში, ლილი მისკენ მოტრიალდა მკერდზე დაადო თავი და ამოიოხრა
-წამოდი, დავიძინოთ-ხელი ჩასჭიდა და სევდიანად გაუღიმა-დილამდე დარჩი, გთხოვ.

***
ნახევარის კვირის განმავლობაში ცდილობდა ნიკოლოზი ლილისთვის მიცემული პირობის შესრულებას, არ მოგძებნი, არ მოგაკითხავ და გაგიშვებო.. მის ეზოსთან აჩერებდა მანქანას და შუაღამემდე ომობდა მეორე მესთან, რომელმაც იცოდა ვერასოდეს მოახერხებდა მის გარეშე ცხოვრებას, თითქოს ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებდა. კიბეებზე აირბენდა და ბავშვივით აიტუზებოდა მის კარებთან დაკაკუნებას კი ვერ ბედავდა ის წამი აგონდებოდა, კარებთან რომ ჩაეხუტა და დააფიცა აღარ დაბრუნებულიყო ამის შემდეგ რა მოხდა აღარ ახსოვდა, როგორ ჩაჯდა მანქანაში, როგორ მივიდა სახლში, როგორ გათენდა მეორე დილა. ორშაბათს დილას სამსახურში წავიდა, იქნებ გული გადავაყოლოო. საღამოს გარეთ გამოსული მიხვდა, რომ მეტი ძალა აღარ ჰქონდა. მასთან წასვლა და მისი გადარწმუნება გადაწყვიტა, ასე ვერ დათმობდა, რამეს მოიფიქრებდა. საშინლად ნანობდა, რომ დაუჯერა. თავ-ბედს იწყევლიდა თავისი სისულელის გამო. რესტორანში მიაკითხა, იქ არავინ არაფერი იცოდა. არ მოსულა კარგა ხანიაო. არც შინ დახვდა, ტელეფონი ჯიუტად იმეორებდა, რომ აბონენტი მიუწვდომელია. მის ყველა მეგობართან დარეკა, ვერსად პოულობდა. ბოლოს ირასთან მივიდა, კარი ელენემ გაუღო
-მოდი, ნიკუშ-შეცბა გოგო მისი დანახვისას, მაგრამ არაფერი შეიმჩნია
-სადაა ლილი?-კიბეებზე ნარბენი ქოშინებდა
-წავიდა
-სად?
-იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად, გუშინ გაფრინდა
-მერე რესტორანი?-გულში რაღაც ჩასწყდა
-დედაჩემს დაუტოვა, შენ მიხედეო.
-სად წავიდა, მითხარი რა-განწირული ხმით შეეხვეწა
-არ ვიცი, გეფიცები
-სად წავიდა არ გითხრათ?-ეჭვის თვალით შეხედა
-არა, სოც. ქსელებით გვეკონტაქტება. ტელეფონის ნომერიც კი არ ვიცი
-მატყუებ?
-არა, დედას გეფიცები-ისეთი გულწრფელი იყო, ნიკოლოზი მაშინვე დარწმუნდა მის სიმართლეში და უსიტყვოდ გაბრუნდა უკან, მიხვდა დააგვიანა.
იტალიაში გაფრინდა, თვე-ნახევარი ეძებდა, ყველა ის ადგილი მოიარა, რაც ოდესმე უხსენებია, მის ნაცნობებთან, ბოლონიაში, მათ თეთრ კოტეჯში, არაფერი გამორჩენია. ბოლოს მიხვდა, აზრი არ ჰქონდა, თითქოს მიწამ უყო პირი, ვერ იპოვიდა. საქართველოში დაბრუნებული მასთან ყოველდღე მიდიოდა, უპასუხოდ აკაკუნებდა მის კარზე და ეძახდა. კიბეებზე ჩამოჯდებოდა და რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მეტად ნანობდა მის გაშვებას, მონატრება აგიჟებდა. მთელი წელი დადიოდა მის სახლთან მანამ სანამ ერთ დღესაც საშუალო ასაკს გადაშორებულმა ქალმა არ უთხრა, ჩემმა შვილმა და მისმა ცოლმა იყიდესო, თვალი მოჰკრა ლილის ბინა, რომელშიც ჯერ არაფერი შეცვლილიყო ყველაზე მთავარისა... იქ ის აღარ ცხოვრობდა... ანგარშმიუცემლად ჩაირბინა 3 სართული, გარეთ გავარდა ჰაერი აღარ ჰყოფნიდა, ცოტა და დაიხრჩობოდა. მიხვდა, უნდა შეგუებოდა იმას რომ ყველაფერი სამუდამოდ დამთავრდა.
***
იტალიაში ცხოვრების შემდეგ ლილი ისევ თბილისში დაბრუნდა. პატარა კაფე გახსნა, ყავის და ტკბილეულობის მოყვარულებისთვის. ორი ქუჩის კვეთაზე დიდი ფრანგული ფანჯრებითა და ფერად-ფერადი სავარძლებით, იქ მუდამ ისმოდა წყნარი მუსიკის ჰანგები, იგრძნობოდა ვანილის მოტკბო არომატი, სითბო და კეთილგანწყობა სუფევდა. ხშირად ეხმარებოდა მიმტანებს და თავადაც ემსახურებოდა კლიენტებს. ახლა გაცილებით მეტი თავისუფალი დრო ჰქონდა. შემოდგომის ერთ თბილ საღამოს დარბაზში ძალიან ლამაზი ორსული ქალი შემოვიდა, უზარმაზარი მუცლით. მრგვალ მაგიდასთან დაჯდა. ალბათ, მალე ელოდებაო, გაიფიქრა და მისკენ გაეშურა.
-გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება- მიესალმა და მენიუ მიაწოდა-მარტო იქნებით?
-გამარჯობა-ღიმილითვე უპასუხა- არა, ველოდები და როგორც კი, შემოვა ჩემი ქმარიც შეკვეთას მოგცემთ. კარგი?
-კარგი-უპასუხა და სხვა კლიენტებისაკენ აიღო გეზი. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და თავის სახელი გაიგო, ვიღაც ეძახდა. მაშინვე უკან მიიხედა
-ლილ, შენ აქ რა გინდა?-ნაცნობი და მონატრებული სახე დაინახა, რომელიც ფეხმძიმე გოგონას მაგიდასთან იდგა. ზუსტად ექვსი წლის, შვიდი თვისა და ცამეტი დღის შემდეგ ის იქ იყო, მის წინ, ძალიან ახლოს. ისევ ისეთი როგორიც დატოვა, ოდნავ შეცვლილი და დაკაცებული, მაგრამ მისი თვალები ისე ათბობდნენ, როგორც ადრე... მუხლები მოეკვეთა, ვეღარ სუნთქავდა
-ნიკოლოზ, როგორ ხარ?-მისკენ წავიდა და ჩაეხუტა, ლოყაზე აკოცა
-კარგად, შენ როგორ ხარ? როდის დაბრუნდი?
-კარგად მეც. წელიწად-ნახევარია თითქმის, ვერ გავძელი სამშობლოდან შორს
-მიხარია!- დიდხანს იდგა უხერხულად, ძლივს მოვიდა გონს და სკამზე გაოცებულად მჯდომ გოგოს მიმართა-ნუციკო, გაიცანი, ეს ლილია. ეს კი, ნუცაა-ერთმანეთს გააცნო
-ძალიან სასიამოვნოა!- თქვა გოგომ და ლილის კიდევ ერთხელ გაუღიმა
-ჩემთვისაც-გული ამოვარდნაზე ჰქონდა-მალე ბავშვს ელოდებით ხომ?
-ხო, თან ერთს კი არა ორს-გაიცინა ნუცამ. ის კი, თვალს ვერ აშორებდა იმ ულამაზეს ქალს, წითელი მოკლე კაბითა და თეთრი წინსაფრით მის წინ რომ იდგა. გაახსენდა, როგორ უყვარდა ის ამ ფერში, გაახსენდა როგორ უყვარდა...
-მიხარია, თქენი ამბავი! ჯანმრთელები და ბედნიერები გყავდეთ!
-მადლობა, ლილ!-ისევ ყურებამდე იღიმებოდა
-კარგი, მე დაგტოვებთ. თუ რამე დაგჭირდებათ აქ ვარ.-თქვა ლილიმ და თვალს მიეფარა. მოძრაობის უნარი დაკარგული ჰქონდა. სამზარეულოს შეაფარა თავი, ჩაკეცვამდე ცოტაღა აკლდა.
-ვინ იყო?-მიმართა ნუცამ ქმარს, როდესაც ის როგორც იქნა მის გვერდით დაჯდა
-ლილი იყო, ჩემი ლილი-ჩაიჩურჩულა იმ წერტილს მისჩერებოდა, საიდანაც ის რამდენიმე წუთის წინ გაუჩინარდა
-რაო?-ვერაფერი ვერ გაიგო, თან მენიუს კითხულობდა
-აა, არავინ. ძველი ნაცნობია. რამე აირჩიე?- გამოფხიზლდა
მიმტანს ორი ალუბლის ღვეზელი, კაპუჩინო და კენკრის ჩაი შეუკვეთეს. მხიარულად ლაპარაკობდნენ, თვალები უციმციმებდათ. სულ მალე კარებში ნიკოლოზმა ირა დაინახა, რომელმაც მაშინვე შეამჩნია ის და მისკენ წამოვიდა. ხელში ქერა, ცისფერთვალება, პატარა ბიჭუნა ეჭირა
-ირა, როგორ ხარ?-სიხარულით მიესალმა და მისკენ წავიდა
-კარგად, ნიკუშ. შენ?
-კარგად მეც. ბებია გამხდარხარ გილოცავ, რა საყვარელია!- ბავშვს მოეფერა და თმები აუჩეჩა, ლოყაზე უჩქმიტა
-ე, რას ჰქვია ბებია?! რა დროს ჩემი შვილიშვილია. ჯერ ახალგაზრდა ვარ, შემომხედე-აკისკისდა ირა
-ელენიკოს შვილი მეგონა. -ნიკოლოზიც აჰყვა სიცილში
-დეიდა გავხდი
-ჰა?- დაიბნა და ვერაფრით მიხვდა რას გულისხმობდა ქალი
-ლილიკოს შვილია.
-ეგ როგორ?- გაოცება ვერ დამალა
-ჩვენი თომა ჩვილ ბავშვთა სახლში დატოვეს, ძალიან ავად იყო, ბევრი პრობლემა ჰქონდა. ლილიკომ იქ გაიცნო, უმკურნალა და ისე შეუყვარდა ვერ დათმო, იშვილა. სამი ოპერაცია გავიკეთეთ, მაგრამ ახლა კარგად ვართ, ნამდვილი სუპერგმირია, ხომ ასე?-ბავშვს ეთამაშებოდა და ისე ჰყვებოდა ირა
სუნთქვა შეეკრა ნიკოლოზს, ვერაფრის თქმა ვერ მაოსწრო, ისევ ლილის ხმა გაიგო, რომელიც სამზარეულოდან გამოვარდა. ჩემი ბიჭი მოსულაო, ბავშვისკენ კუნტრუშით წამოვიდა, რომელიც დედის დანახვაზე სიხარულისგან გაიბადრა, და ორი კიჭი გამოაჩინა. მან ხელში აიტაცა და გულში ჩაიკრა. მისი თვალები ბედნიერებისგან ანათებდნენ!..

-----
დასასრული
კატეგორია: რომანი | დაამატა: mariammariam1
ნანახია: 1668 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
avatar
0 Spam
1
მართლაც რომ კარგი ისტორიაა.თითქოს დამწყდა გული ერთად რომ არ დარჩნენ მაგ.ყველაზე დიდსულოვნად მოიქცა ლილი რომ ნიკოლოზს მისცა იმის საშვუალება მამობის სიხარული შეეგრძნო.ყოჩაღ**კარგი და განსხვავებული იყო 3o 3o bb
avatar
0 Spam
2
მართლაც რომ კარგი ისტორიაა.თითქოს დამწყდა გული ერთად რომ არ დარჩნენ მაგ.ყველაზე დიდსულოვნად მოიქცა ლილი რომ ნიკოლოზს მისცა იმის საშვუალება მამობის სიხარული შეეგრძნო.ყოჩაღ**კარგი და განსხვავებული იყო 3o 3o bb
avatar
1 Spam
3
ბარემ აქაც ვიტყვი. ძალიან მომეწონა ეს რომანი და კარგი გოგო ხარ შენ, ასე განაგრძე ♥♥♥
avatar
0 Spam
4
ძალიან ვისიამოვნე! ყოჩაღ! ცოტა გული დამწყდა, სიყვარული დამარცხდა(?)
avatar