გარყვნილი ვალსი [ 6 ]
30.07.2017, 16:07
...
საკუთარი ჩამოუყალიბებლობა მე ბოლოს მომიღებს. როგორ შეიძლება ორი ადამიანი ერთდროულად მოგწონდეს ? სისულელის ერთ-ერთი მკვეთრი გამოვლინებაა... ადამიანმა უნდა იცოდეს რა უნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ორი კურდღლის მადევრის როლში გამოვა. შესაძლოა მეტიც... გაურკვევლობა ყველაზე ამაზრზენი გრძნობაა, რაც კი შეიძლება დაეუფლოს ადამიანს. ის გღრღნის შიგნიდან და გაკარგინებს ყველაზე ძვირფას წუთებს, რომელთა გადაქცევა ბედნიერებად შესაძლოა სიცოცხლის ფასიც კი ღირდეს.
იქნებ ჯობია ბოლო-ბოლო დაჭკვიანდე ბეატრის და გააკეთო არჩევანი ? მაგრამ... ოჰ ეს მაგრამ, მაგრამ, მაგრამ... საკუთარ თავში გარკვევა უნდა სცადო მაინც.
ნიკის სუნთქვა მოშიშვლებულ მხარზე მეცემა და ცეკვას მაგონებს. უცნობთან არაამქვეყნიურ ცეკვას....
არა.
ჯანდაბა !
არ შეიძლება...
ავწრიალდი ნიკის ხელებში და შევატყე, რომ შეცბა. ხელები მოადუნა და თავისუფლად სუნთქვის საშუალება მომცა, ამ ისედაც პატარა ორმოში.
- ამოვძვრეთ... - ჩურჩულით ამოვიკნავლე მე.
- მართალი ხარ. - კვლავ მოირგო გულგრილობის ნიღაბი. - მოდი. - მითხრა და ჩაიცუცქა. თავიდან ვერ მივუხვდი, მაგრამ შემდეგ მუხლებით მის მხრებს დავეყრდენი და „მიწა“ დაიძრა.
ერთი მცდელობა, მეორე, მესამე...
ერთი, ორი, სამი...
ნიკი გასწორდა და სულ რამდენიმე მილიმეტრი იყო ხსნამდე...
- წვდები ? - ამომძახა ყრუდ. როგორც არ უნდა მეცადა, არ გამომივიდა. ქვემოთ ჩავხედე და უიმედოდ გავაქნიე თავი. რამდენიმე წამში მუხლებზე შემოჭდობილი ძლიერი ხელები ვიგრძენი, წამოვიწიე, ცოტაც, აი ცოტაც... ჯანდაბა ! არ გამომდის. ნიკი ამჩნევს, რომ ვწვალობ და კიდევ უფრო მაღლა მწევს.
ჰოპ ! და ნანატრი მილიმეტრები უკვე ჩემ ხელთაა.
რის ვაი ვაგლახით ამოვბობღდი ზედაპირზე და ნიკს ჩავხედე. მის განუყრელ მეგობარს ეალერსებოდა. სიგარეტს მოუკიდა და მისი დიდი, რბილი ტუჩები შემოაკრო. ყელში ნერწყვი მძიმედ გადავაგორე, გულის ბაგაბუგის ჩახშობა ვცადე და ჩავძახე.
- ხელი მომეცი !
- ჰმმ ?
- ხელი მომეცი ამოგიყვან. - ვთქვი მე და შევეჩეხე მის ლურჯებს. დედამიწა დატრიალდა და ასკინკილით შემოუარა მზეს. თითქოს ქვიშის საათი ხელებში ჩამეფშვნა და დრო გაჩერდა. წამი წუთს ეალერსებოდა, წუთი საათს... მისი თვალები გამოსცემდნენ სრულიად განსხვავბულ მუხტს, სრულიად სხვა შეგრძნება დაეუფლა ჩემ „მე“-ს ამჯერად, სუნთქვა შემეკვრა... ნიკი კი თითქოს განცდას მიმიხვდა და მისი ბოხი ხმა მჭექარე ექოს სახით გაისმა და ჩურჩულად დაიღვარა სიჩუმეში.
- წამი გეპარდის სისწრაფით მიჰქრის,
წუთი მას მწევარივით მისდევს კვალდაკვალ,
საათი დაღლილი მხეცივით მირბის,
დღე-ღამე კი კუსავით მას მისდევს თანდათან.
კვირა კუების ნაკრებია შვიდი,
თვე კი ამ შვიდების ერთობაა ხანდახან,
წელიწადი თვეების ოჯახია დიდი,
საუკუნე ოჯახების შეკრებაა მარადჟამ. - წარმოდგენაც არა მაქვს რა ვუპასუხო. თვალის გუგები გამიფართოვდა და სახეზე აშკარა აღფრთოვანება აღმებეჭდა. ხელი ჩამკიდა და საოცარი სიმსუბუქით ამოხტა ორმოდან. მომიახლოვდა და თავი ჩემ მხარზე დადო, ლავიწზე თითები აათამაშა და ჩაიჩურჩულა.
- შენ გეპარდის სისწრაფით მიჰქრი... - და წამიერად მომცილდა. მომენტალურად ვიგრძენი, როგორ დამიმძიმდა სხეული და თვალთ დამიბნელდა. უკუნეთ წყვდიადში ამოვყავი თავი და მხოლოდ მისი ზღვისფერი თვალები ანათებდნენ სადღაც შორს... მინდოდა შევხებოდი, მინდოდა დაპატრონებოდი ამ მკვეთრ სილურჯეს, ჩემ საკუთრებად გარდამექმნა, მაგრამ...
ცხოველის ღრენამ გამომაფხიზლა. ამჯერად დედა ფოცხვერი შემოგვეგება და მთვარის შუქზე აელვებული ეშვებითა და ბრჭყალებით მოიწონა თავი. ძალაუნებურად შევკრთი და თვალებით ნიკის ძებნა დავიწყე. მან მკლავზე ხელი მომიჭირა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
- მშიერია. - თქვა მან გაყინული ხმის ტემბრით, რამაც მე კიდევ უფრო ჩამძირა შიშის მორევში.
- არა... - ამოვიკნავლე მე. - მისი კნუტი ვიპოვე და ბუნაგში შევიყვანე...
- გიჟი ხარ შენ ! - შემომღრინა ნიკმა. ვერ გადავწყვიტე იმ მომენტში გაბრაზებული ნიკის უფრო მეშინოდა თუ გააფთრებული ფოცხვერის.
- ბედის ანაბარად ვერ მივატოვებდი ! - გავიბუტე მე. ჰაჰ ბეატრსი, მშვენიერი დრო იპოვე გასაბუტად !
- ნაბიჯი უკან. - დავემორჩილე. ფოცხვერმა კი შესაბამისად ერთი ნაბიჯით წინ წამოიწია. ესეს იყო ნახტომისთვის მოემზადა და მოულოდნელად ჩვენ უკან გაისმა ანალოგიური ღრენა და ამჯერად მეორე უფრო მოზრდილი და მსხვილი ფოცხვერი დავლანდე. დედა შედგა და დაკვირვებული მზერა შეავლო ახლადგამოჩენილ მხეცს. ის სავარაუდოდ მამრი იყო. შენიშნა თუ არა ეს, მდედრი დაფრთხა და უკან დაიხია.
საინტერესო სანახაობა გაიშალა ჩვენ თვალწინ. არც ერთ მაგთანს აღარ ვახსოვდით არც მე არც ნიკი. თურმე ცხოველებს თავისებური ფლირტის ხელოვნება ჰქონდიათ. მდედრი გარბის მამრი მისდევს, მდედრი თითქოს მამრის ხელშია და ჰოპ მომენტალურად უსხლტება ხელიდან. გაოცებული ვუმზერდი ამ ყველაფერს და სიცილს ძლივს ვიკავებდი. ნიკს გავხედე და მკრთალი ღიმილი შევნიშნე მის ბორდოსფერ ტუჩებზე. მოზრდილი ნერწყვი გადავყლაპე და ვიგრძენი როგორ შემეფაკლა ღაწვები. ჯანდაბა ! რა მჭირს ?
- წავედით. - დამთბარი ხმით თქვა ნიკმა.
ჩემი წინ მიდიოდა. ძალიან მაღალი იყო, თვალები შემრჩა მის დაკუნთულ მხრებზე, მან კი თითქოს იგრძნო და ოდნავ შეარხია ისინი. მიწას დავაცქერდი და ვცდილობდი მზერა მისკენ არ გამოპარვოდა, მაგრამ თითოეული ჩემი მცდელობა კრახით სრულდებოდა...
...
ჩვენ გაუჩინარებას დიდი მღელვარება მოჰყვა კოლექტივში. შევედით თუ არა ზღაპრულ ადგილას მხოლოდ დენისი აღმოვაჩინეთ. ის კი რამდენიმე წამი გაშტერებული იდგა შემდგომ კი ისე დაიღრიალა ფოცხვერი მიმიქარავს. ღრიალზე ყველა შემოავრდა და დაგვინახეს თუ არა სიხარულის ყიჟინა დასცეს.
კეტრინი დაფეთებული მომვარდა და ყველაფერი გამომკითხა, მეც არაფერი დავუმალე და მოვუყევი. სარა და ჯონი სიცილით ისმენდნენ ფოცხვრებზე მოყოლილ ამბავს, ხოლო დენისი და კეტრინი საკმაოდ უცნაური მზერით გაუმასპინძლდნენ ერთმანეთს. მომეჩვენა თითქოს ეშმაკური ღიმილით დაურთეს დესერტად. ლუსი კი ეგრევე ნიკს ჩამოეკიდა კისერზე, რითაც როგორც ხვდებით, ჩემი ძალიან მძაფრი, თუმცა კი დაფარული გაღიზიანება გამოიწვია. თუმცა ვგონებ ნიკმა შეამჩნია და ტუჩის კუთხე ჩატეხა. ღმერთო, როგორ მეზიზღებოდა ის იმ მომენტში.
...
შუაღამეა.
ყველას სძინავს. მე კი თვალის მოხუჭვა არ შემიძლია.
თავის დაზღვევის მიზნით გარეთ დავდგით კარვები და არა ვულკანში.
მე კი უმოქმედობა მკლავს. უფრო სწორად უმოქმედობით გაკაფული ბილიკი, რომელზეც დაუკითხავად მიაბიჯებს ათასი ჯურის ფიქრი და ნელ-ნელა ბოლოს მიღებს. ამიტომ მძიმედ წამოვდექი და ვულკანში „ჩავედი“.
მომაჯადოებელი დუმილი შერწყმული მთვარის ვერცხლისფერ ელვარებასთან, რომელიც ათასფერად ცეკვავს ლურჯი წყლის მომნუსხველ ზედაპირზე და გატყვევებს...
მომინდა ეს ლურჯი და ვერცხლისფერი ჩემ სხეულზე შერწყმულიყო, ამიტომ აუჩქარებლად გავშიშვლდი და ამავე ტემპით ჩავედი წყალში.
გრილი სითხის მოლეკულები მალამოსავით დაედო თითქოს ჩემ გატანჯულ სულს სხეულის გავლით. საოცრად მოვდუნდი და მივუშვი ყველა ჩემი ფიქრი ბილიკზე, სადაც ისინი ახლა უკვე განაბულები იდგნენ და ადგილიდან არ იძვროდნენ.
სმენა, შეგრძნება, მხედველობა, ყნოსვა, გემო...
ყველა გრძნობა დამეხშო.
ვიძირებოდი
სადღაც...
სად ?
არ ვიცი.
მაგრამ ვიძირებოდი და მსიამოვნებდა.
ვგრძნობდი.
რას ?
არ ვიცი.
მაგრამ ვგრძნობდი.
აფორიაქება ისე ოსტატურად იყო შერწყმული სიმშვიდესთან...
ხმაური სიჩუმესთან...
დუმილი ჩურჩულთან...
......
მოულოდნელად გამოვფხიზლდი. დაფეთებული, შეშინებული, ნასიამოვნები და გაგიჟებული.
და მხოლოდ მწველი კოცნისგან დატოვებულ კვალს ვგრძნობდი ლავიწთან, რომელმაც ვნებად დამღვარა.
ლურჯები...
დილით გადავწყვიტეთ ჩანჩქერისკენ გაგვესეირნა და გვებანავა კიდეც. გზად კეტრინი დამემგზავრა და ერთხანს მდუმარედ მიმზერდა. თითქოს სურდა, რომ საუბარი მე წამომეწყო, თუმცა იმდენად გაბრუებული ვიყავი გუშინდელის შემდეგ, რომ არაფრის თავი არ მქონდა, მეტიც საუბრის თავიდან აცილებაც კი მსურდა. შემდეგ როგორც ჩანს ვეღარ გაუძლო ჩემ დუმილს და ხმადაბლა მკითხა.
- მოგწონს ?
- მმ ?
- ნუ ისულელებ თავს ტრის, მოგწონს ?
- მომწონს. - ღრმად ამოვიხვნეშე და მიწას დავაცქერდი.
- მასაც მოსწონხარ.
- ზუსტად მაგიტომ აი... - დამცინავი ტონით ვთქვი და ნიკის კისერზე შემოსკუპებულ ლუსიზე ვანიშნე.
- გაბრაზებს. - სიცილით გააქნია თავი ჩემმა მეგობარმა და თვალი ჩამიკრა.
- ცუდად თამაშობს, ძალიან ცუდად. - გაბრაზდი მე.
- შენ ? ნუთუ შლიაპიანი დაგავიწყდა ?
- არა, მაგრამ..
- რა მაგრამ ?
- მართლა არ ვიცი კეტრინ, მართლა... - სიტყვის დასრულება არ დამცალდა ისე ამიცურდა ფეხი კლდის თავზე და ვიგრძენი როგორ ვვარდებოდი...
ჯანდაბა !
მხოლოდ თვალებით შველის თხოვნა მოვასწარი და ნიკის სასოწარკვეთილი ლუჯების დანახვა.
მეტი არაფერი მახსოვს...
........
სულელურმა წრიპინმა გამომახიზლა. ირგვლივ მედიკამენტების მძაფრი სურნელი იდგა და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.
„გტკივა...
ტკივილი...
მოუშუშებელი ჭრილობა, უმოგონებო გრძნობა, გააზრებული და ნახევრად ხორცშესხმული ფიქრები, გვამებივით რომ დახეტიალობენ ამ ტყეში, მუდმივი წინააღმდეგობა მათთან, განდეგილი სინდისი, რომელიც დახშულია სამყაროს ზემოქმედებისგან და ვიღაც. ვიღაც, ვინც ჩაგრჩა და ვიღაც, ვინც არ ირხევა ჯერ კიდევ.
არ ეხება იმას, რასაც შეუძლია შეეხოს მხოლოდ ის.
როცა შეეხება მაშინ მოკვდები.
არ მივცემ საშუალებას, რომ შეეხოს...“
...
შლიაპა ?!
...
ვცდილობ წამოვდგე.
ჰარი... რატომ ჰარი ? რატომ მესიზმრება წლების შემდეგ ჰარი.
ჰარი ??!
**************
სუნთქვა მიჭირს, კისრის სისხლძარღვები მეკუმშება და ჟანგბადის მოწოდება თითქოს წყდება. აპარატის წრიპინი ინტენსიურად ჩამესმის და მოგონებები ყელში მებჯინებიან.
კარი იღება და ნიკი შემოდის. მისი სილურჯე უკვე აღარაა ისეთი მკვეთრი, ჩაქრა თითქოს. ძალიან ახლოს მოდის ჩემთან და გაცოფებული ტონით ჩამჩურჩულებს ყურში.
- აღარ გაბედო, გესმის ?! მეორეჯერ აღარ გაბედო საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდება. - საპასუხოდ სათქმელს თავი ვერ მოვუყარე. ის კი უკანმოუხედავად გავიდა.
„ნეტავ რა უშველის მოუშუშებელ იარებს ? იარებს, რომელთა განკურნებაც ფაქტობრივად შეუძლებელია, რომელთა საკუთარ ტყავზე გამოცდა ბეწვის ხიდის ტოლფასია, რომელთა შეხება კიდევ ახალ იარებს წარმოშობს. თითოეული მიკარება ჭრილობაზე მარილის მოყრის იდენტური ქმედებაა, რომლისგანაც გამოწვეულ ტკივილს ხმოვანი ბგერებით ვერ დაღვრი სივრცეში. სინდისის ქენჯნა კი მთელი ცხოვრების მანძილზე მოსვენებას დააკარგინებს მიყენებული ტკივილის გამო და ყველაზე უცნაური და საშინელი ისაა, რომ იგივეს გაიმეორებდა წარსულში, რომ დაბრუნებულიყო...“
...
აიშე შემოვარდა გაგიჟებული.
დაფეთებული დედის თვალები.
საოცარი ტკივილი მისი მკერდის არეში და ყელში გაჩხერილი ხორხი.
მერე იყო ებბი...
ჩემი სიცოცხლე, ჩემი გამაყუჩებელი, ჩემი ერთადერთი, ჩემი ებბი...
მისი დაძახებული „დე-და“ მთელ სიცოცხლეს მირჩევნია.
ვხვდები, რომ არავინ მჭირდება მის გარდა. არც ნიკი, არც შლიაპიანი, არავინ...
მხოლოდ ჩემი ებბი, მხოლოდ მისი რიტმული სუნთქვა და საოცარი სურნელი...
...
- ბეატრიის! - შორიდან ხელს მიქნევს სარა.
- ბატონო !
- ამ საღამოს ჰომ გახსოვს ?! - თითის ქნევით მეკითხება ის.
- მახსოვს მახსოვს. - სიცილით ხელს ვუქნევ და სახლისკენ მიმავალ გზას მივუყვები.
...
კლდიდან ვარდნის შემდეგ რამდენიმე კვირაა გასული. თითქოს ყოველივე ისე მიდის, როგორც უნდა წავიდეს, მაგრამ ნიკის მხრიდან ვგრძნობ განსაკუთრებულ გულგრილობას. სიმართლე გითხრათ მასთან დაახლოების სურვილი იმ შემთხვევის შემდეგ ეჭვქვეშ დამიდგა, მიუხედავად იმისა, რომ კატასტროფულად მიზიდავდა.
...
ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ფაქტი იმისა, რომ არ შემეძლო ცეკვა რამდენიმე ხნის განმავლობაში. ეს მტანჯავდა და სულს მიღრღნიდა. ქვეცნობიერს ფლეთდა და ცნობიერებას მიცამტვერებდა ჩემი ვარდის ფერის და ყველაზე მუქი არომატის გაქრობა ცეკვის გაქრობასთან ერთად.
სახლისკენ მიმავალს ძალაუნებურად თვალები კვლავ „ჩემი“ მიტოვებული შენობისკენ გამირბის, შემდგე ფეხებიც მიჰყვება, სული კი პეპელასავით მიფარფატებს.
როგორც კი შემდგი ფეხი, მაშინვე...
მუსიკის ჰანგები აპობენ სივრცეს...
იმ სივრცეს, სადაც დუმილი ამაყად ზის პედესტალზე, სადაც სიჩუმე სუფევს აწ და მარადის...
მელოდიური ნოტები წვეთ-წვეთად იღვრება შენი სულის ყველაზე ბნელ წყვდიადში და გეჩურჩულება. მათი ექო ამბობს შენთვის ფრიად ნაცნობ სიტყვებს და გეალერსება ტკივილამდე მონატრებული ფრაზებით. მისი ალერსი კი შენში იწვევს ტანჯვის შედეგად გამოწვეულ სიამოვნებას, რაც შემდგომ შენში გარდაიქმნება ერთადერთ ნათელ წერტილად, რომელიც შენ სიბნელეს კიდევ უფრო მუქ ფერებში ხატავს და გატყვევებს.
შენ კი წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც არ გაგაჩნია...
შენ იძირები...
იძირები იქ, სადაც ყოფნა არასდროს მოგწონდა.
იძირები იქ, სადაც ყოფნა გაიძულეს მოგწონებოდა...
აკორდს აკორდი მისდევს, ნაბიჯს ნაბიჯი, ნოტს ნოტი, ტრიალს ტრიალი, ჩასუნთქვას ამოსუნთქვა, ფეხის წვერებზე აწევას ტერფებით შეხება იატაკზე...
სულიერ ორგაზმს ვაღწევ და სულმოუთქმელად გავრბივარ ამ ადგილიდან. სხეული მიხურს, გონება მებინდება, ვბედნიერდები და ამ ბედნიერების გაზიარება მხოლოდ ჩემ გოგოსთან მინდა. კუნთები ტკივილს იწყებენ, ჟანგბადის მიწოდება წყდება, რამდენიმე წუთი ? შეუძლია კი ადამიანს რამდენიმე წუთი შეიკავოს სუნთქვა სპეციალური ვარჯიშის გარეშე ? წარმოდგენაც არა მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ეს რამდენიმე ხანი ჩემში საუკუნედ დაიღვენთა და გააპო ჩაკეტილი სივრცე ჩემ შიგნით. დედამიწა დატრიალდა და მხოლოდ ჩემი შეგრძნებები არსებობდა იმ უხილავ გალაქტიკაში, სადაც მე ვქმნიდი, მე ვხატავდი, მე ვწერდი, მე ვცეკვავდი, ვსუნთქავდი, ვკლავდი, ვაცოცხლებდი, ვაშენებდი და კვლავ ვანგრევდი ჩემ კუთვნილ გრძნობას, აურაცხელი რაოდენობის, სხვადასხვა სიმძაფრის გრძნობას, რომელიც ჩემი მაცოცხლებელი წყარო იყო.
მივედი თუ არა სახლში ჩემ სიყვარულს მოვეხვიე, ხოლო საპასუხოდ მისი პატარა ხელების შეგრძნება კისერზე იყო ცრემლების ნაკადის სათავე...
რა მატირებდა ?
არ ვიცი...
მგონი ბედნიერება.
თუმა რა აზრი აქვს.
მსიამოვნებდა და ვტიროდი.
კიდევ კარგი ებბის არ შეშინებია...
...
საღამოც დადგა და მეც მდიდრულად გამოვეწყვე.
დღეს კეტრინი საკუთარ რესტორანში მართავდა წვეულებას.
სადაც მე შემეძლო მეცეკვა...
მეცეკვა ისევე თავდავიწყებით, როგორც შენობაში ?
ნუთუ შემიძლია მე სხვის თვალწინ გავაშიშვლო ჩემი სული ?
შეუძლია კი საერთოდ ვინმეს ?
სულის სიშიშვლემდე გახდა შეუძლია საზოგადოების თვალწინ...
არ ვიცი.
მაგრამ ის ვიცი, რომ ძალიან რთულია, ძალიან....
...
შუა საუკუნეების სტილის წვეულება გამოდგა. ბორდოსფერი ფარდები ამშვენებენ რესტორნის უზარმაზარ კედლებს. ამავე ფერის ქსოვილი ეალერსება მრგვალ, შახმატურად მდგარ მაგიდებს. სცენაზე ორკესტრი ემზადება ჰარმონიული მელოდიის დაღვრისათვის, ხოლო მე მონუსხუlი ვუმზერ როიალთან მდგარ შლიაპიანს.. რამდენი ხანია არ მინახავს ? თვლა ამერია... მაგრამ მონატრებით გრძნობის ჩახშობა ჩემში არ შემეძლო... წითელი ფერის, ბარძაყთან ჩახსნილ კაბაში, რომელსაც ღრმა დეკოლტე ამშვენებდა, თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობდი და სხეული მიხურდა. ერთი სული მქონდა როდის აათამაშებდა ის როიალზე საკუთარ, ღვთაებრივი ნიჭით დაჯილდოებულ თითებს და დაღვრიდა სივრცეში მომაჯადოებელ მელოდიას, რათა მე განმეხორციელებინა მცდელობა საკუთარი სულის გაშიშვლებისა...
ნიკს ვერ ვხედავდი, თვალებით ვეძებდი და ტუჩს ვკბენდი, ვერ ვიპოვე... თითქო გულის დამწყდა.
- ბეატრის ! - უეცრად გავიგონე დედაჩემის ხმა.
- აიშე ?! - გამიკვირდა მე, მივედი და გადავკოცნე. - აქ როგორ მოხვდი ?
- კეტრინმა დამპატიჟა. - გაიკრიჭა აიშე.
- როდის მოასწარით ერთმანეთის გაცნობა ? - თითქოს შევშფოთდი მე, შემდეგ კი ორივე ავხარხარდით.
- ძალიან საყვარელი და გულწრფელი გოგოა. - გაებადრა სახე აიშეს შორიდან მომავალი კეტრინის დანახვისას.
- აიშეე ! - გამოქანდა კეტრინი და კისერზე ჩამოეკიდა დედაჩემს.
- ჰეეი, ვეჭვიანობ ! - ტუჩები გამოვბურცე მე.
- ჩემია ! - ენა გამომიყო კეტრინმა და აიშეს უფრო მაგრად მიეკრო. სულში სითბო მეღვრებოდა მათი ყურებისას. მოულოდნელად გული შემიქანდა, აიშეს სასოწარკვეთილი გავხედე და წამოვიკივლე.
- ებბი ?!
- დამშვიდდი. - ახარხარდა აიშე.
- დენისს ეთამაშება. - გაეცინა კეტრინსაც.
- წავალ ვნახავ. - ჩავიბურტყუნე მე.
მართლაც დენისს ეთამაშებოდა ჩემი ბარტყი. ჭკუამხიარული დენისიც თითქოს სამი წლის გამხდარიყო და ცოცხალი თავით არ აძლევდა ებბის მის საყვარელ სათამაშოს, რაზეც ებბი ცრემლისღვრით პასუხობდა დენისი კი მის ტირილს ვერ უძლებდა და გულში იკრავდა. გავთბი და თვალზე ცრემლი მომადგა.
რა იქნებოდა ?
რა მოხდებოდა ჩემ შვილს მამა რომ ჰყოლოდა ?
მხოლოდ დედას შეუძლია ყველაფერი მისცეს ბავშვს ?
არა...
ერთი მშობელი ვერაფერს გახდება იქ, სადაც ორივემ უნდა იმოქმედოს. ბავშვის ფსიქიკა სანახევროდ ჩაკეტილი იქნება და ...
არა ბეატრის. ნუ ფიქრობ, ახლა არა, ოღონდ ახლა არა...
კატეგორია: რომანი | დაამატა: Yume
ნანახია: 1015 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar