ლურჯის გრადაცია [1 თავი]
09.11.2017, 19:33

რა ფერის ხარ შენ ?

როგორი გემო და არომატი გაქვს ?

საკუთარ მელოდიას როგორ აღწერ და როგორი სტრუქტურა გაქვს შენ ?

...

ყოველთვის, ყოველთვის რაც თავის მახსოვს ნაცრისფერი ვიყავი... მუდამ ერთფეროვანი რუტინა ფლობდა ჩემ ცხოვრებას, მე კი თითქოს არაფერი მანაღვლებდა. მისგან თავის დაღწევის სურვილიც კი არ ყოფილა ჩემში არასდროს. ვერ ვიტყოდი, რომ მაწუხებდა, რომ დისკომფორტს მიქმნიდა მანამ, სანამ მას არ შევხვდი. ის უბრალოდ შემოვიდა ჩემი ცხოვრების უზარმაზარ კარიბჭეში და შეცვალა ყველაფერი. ყველა ფერი...

ზეთის საღებავებით მომიხატა სიცოცხლე და გამალურჯა... ლურჯის გრადაციად გარდამქმნა და სიცოცხლე მომაწყურა...

ის ფერადი იყო... არის... იქნება...

იცი ? ღმერთივითაა. აი იმ ღმერთივით ყველა რომ თაყვანს სცემს. მაგრამ მას მხოლოდ მე ვცემ თაყვანს, ის მხოლოდ ჩემი სიწმინდეა, მხოლოდ მე მეკუთვნის და მე ვამაყობ ამით. შენ გყავს ასეთი ადამიანი ?

...

- ჰეი, წიგნის ჭიავ ! - მომაძახა ერთმა გაბღენძილმა, თავში ავარდნილმა, მთელ უნივერსიტეტში ცნობილმა ბიჭუნამ. ბიბლიოთეკაში ვიჯექი და გულმოდგინედ ჩავკირკიტებდი სამედიცინოს უზარმაზარ პროგრამას. წარმატებული სტუდენტი გახლდით და აუცილებელი იყო ყველაფერი დეტალებში მცოდნოდა. მისთვის ნამდვილად არ მცხელოდა, ამიტომ წავიყრუე, თითქოს არ გამიგონია. მხოლოდ წუთით შეიცადა და კვლავ გამომელაპარაკა ოდნავ შეცვლილი ხმით. - შენ გელაპარაკები ნაცრისფერო ! - გულზე ეკალივით დამესო ეს ფრაზა, რას ნიშნავს ნაცრისფერო ? მომენტალურად ავწიე თავი და შევეჩეხე მის თვალებს. ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩეოდნენ, მაგრამ მათი სიცივე ჩემზე მოქმედებდა და უსიამოვნო ჟრუანტელს მგვრიდა. ცივი იყო, მაგრამ გამოკრთოდა მათში რაღაც, რასაც ვერ ავხსნიდი. სევდა ? ნაღველი ? არ ვიცი. ვერასოდეს ვერკვეოდი ადამიანებში და ეს მძაბავდა მათთან ურთიერთობისას.

- უკაცრავად, მე მომმართავთ ? - ჩურჩულით ვეკითხები და სახე მიჭარხლდება. არასოდეს გამოვლაპარაკებივარ უცხოს.

- ჰო, ჰო, შენ. აი ეგ წიგნი მომაწოდე. - აგდებით მეუბნება და მიმითითებს ზუსტად იმ წიგნზე, რომელიც გადაშლილი მაქვს და გატაცებით ვკითხულობ.

- კი, მაგრამ... - დავიბენი მე. - ვკითხულობ...

- არ მაინტერესებს, სწრაფად ! - მისი მბრძანებლური ტონი და გაყინული ხმის ტემბრი შიშს მგვრიდნენ, არც უსიამოვნო ჟრუანტელს იშურებდნენ ჩემთვის. წიგნი აკანკალებული ხელით მივაწოდე და თვალებში ჩავხედე, მან კი თბილად გამიღიმა და მითხრა. - კარგი გოგო ხარ ! - თავს ვუქნევ და არ ვიცი როგორი გამომეტყველება აღვბეჭდო სახეზე. მისი მომენტალური ცვლილება მანცვიფრებს და მაფრთხობს.

- მაგრამ... - აყოლებს იგი. - არ მომეწონა ის, რომ... - ინტერესიანი მზერა შევავლე, ამ მცირე დიალოგში რა შეიძლება მოგეწონოს ან არ მოგეწონოს ადამიანს ? ან რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ თქმისთვის დრო დაეხარჯა ? ორგანულად ვერ ვიტანდი დროის ფუჭად ფლანგვას, ამიტომ ყოველ ზედმეტ სიტყვაზე ვღიზიანდებოდი. შესაბამისად ადამიანებს განვერიდე, რადგან ისინი ყბედობაში ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრ დროს ხარჯავენ ! ბიჭმა კი ცალყბად გაიღიმა და თვალებით რაღაც მანიშნა. იქვე დადებული ბიოლოგიის სახელმძღვანელოზე, სადაც ეხატა ჭია. გავბრაზდი და ბრაზიანი მზერა შევავლე, მან კი გაიცინა და თქვა: - ის, რომ... ჰმ დაფიქრდი. - და ტყვისავით გავარდა ბიბლიოთეკიდან.

რა ჯანდაბა ხდება ?

მის თავხედობაზე ვბრაზდები, თან მეცინება, თან ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს... წუთიერად ვფიქრდები მის ნათქვამზე და მთელი არსებით ვიჭრები მასში, მაგრამ მოულოდნელად ვაცნობიერებ, რომ დროს ვფლანგავ და რაც შეიძლება სწრაფად ვცდილობ ავანაზღაურო იგი. სამწუხაროდ საჭირო წიგნი ვიღაც, მოიცა რა ერქვა ? მგონი რეზი, ჰო რეზიმ კულტურულად "ამახია", ამიტომ გამიჭიანურდა სწავლა და ლამის შუაღამემდე შევყევი საჭირო ინფორმაციის მოპოვებას. ძალიან დავიღალე და სკამის საზურგეს მივეყრდენი. „საკმარისია-მეთქი“ გავიფიქრე და ნივთები ჩანთაში სწრაფად ჩავალაგე. ერთხელ შევავლე იმ ადგილს თვალი, სადაც რეზი იჯდა...

გამოვედი თუ არა ბიბლიოთეკიდან შევამჩნიე, რომ კარგა შეღამებულიყო. არ მჩვევია ხოლმე ღამით სიარული, ამიტომ ნაბიჯს ავუჩქარე და თითქმის სირბილით გავუყევი ქუჩას. მეზიზღებოდა ის, რაც შიშს მგვრიდა. ვერ ვუძლებდი იმას, რაც ტკივილს მაყენებდა. ახლაც კი მეშინოდა. თავადაც არ ვიცი, ვისი ან რისი მეშინოდა. ქუჩა გაჩახჩახებული იყო დღესავით. მაღაზიის ვიტრინები კი ცისარტყელასავით ანათებდნენ და თვალს მჭრიდნენ. ათასი ჯურის ხალხი ჯერ კიდევ დადიოდა ტროტუარზე და გაქვავებული სახით უმზერდა ერთმანეთს. დადიოდა თამამად და არანაირი შიში არ ეხატებოდა სახეზე. მე კი ლამის მივრბოდი. გული ამოვარდნას მქონდა, თითოეული მათგანის მეშინოდა. თითქოს რაიმეს დაშავება შეეძლოთ, თითქოს ცოტაც და შეეხებოდნენ ჩემ ნაცრისფერი რუტინას და შეცვლიდნენ. მეშინოდა ცვლილებების. არ მინდოდა სიახლე და გულისტკენა. კისრამდე მყოფნიდა ის, რაც გამაჩნდა. მეტს ვეღარ ავიტანდი. რეპლიკა „ნაცრისფერო“ სიმართლედ მეჩვენა...

შენ აიტანდი ? განადგურებულ ცხოვრებას კიდევ უფრო გაანადგურებინებდი ვინმეს ? არავინ იზამს ამას. ( თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც) მე კი ზედმეტად მქონდა გამოხატული თავდაცვის ინსტინქტი. არ დაუშვა, რომ ასე დაგემართოს შენც. თავდაცვის მიზნით არ შეიჭრა იქ, სადაც ორმაგად უფრო დაზარალდები არსებულთან შედარებით.

როგორც კი სახლში შევედი და კარი რამდენიმე საკეტით გადავკეტე, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი თავი სამშვიდობოს. შემდეგ გამეცინა. ამ სულელურ შიშებზე გამეცინა და ჯანდაბა, მერამდენე წელიწადია ასე ვიტანჯები და შემდეგ სულელივით, ისტერიკულად მეცინება. თავს საშინლად ვგრძნობ, აშკარად ვგიჟდები... ფსიქოლოგს უნდა მივმართო, აუცილებლად. მაგრამ ფსიქოლოგიც ჰომ სიახლეა ? არა, არა. გამორიცხულია, არსად წასვლას არ ვაპირებ. ვაანალიზებ ჩემს მდგომარეობას, მაგრამ მაინც არ შემიძლია. უბრალოდ არ შემიძლია...

თუმცა შენ უნდა შეძლო, შენ ეს შეგიძლია. არ არსებობს „არ შემიძლია“, არსებობს „არ მინდა“. არ მისცე უფლებას შიშებს მოგიღონ ბოლო. ამოძვერი იმ ჭაობიდან, სადაც ისინი გითრევენ. გახდი თავისუფალი !

სამზარეულოში გავედი და მწვანე ჩაი გავიკეთე. პლედი მოვიგდე მხრებზე და ფანჯრის რაფაზე ავძვერი. საკმაოდ დიდი იყო და ჩემნაირი სუსტი თავისუფლად დაეტეოდა. თავი მინას მივადე და ჩავფიქრდი. უწყვეტ ფიქრებს მივეცი უფლება დაჰპატრონებოდნენ მთელ ჩემს რაობას. როცა ვკითხულობდიხოლმე, ვამჩნევდი, რომ უმრავლესობას პერსონაჟებისა და ალბათ მწერლებისა, ასე ყოფნა სიამოვნებდათ და ეს საოცარ ემოციებს აღძრავდა მათში. ამ სიტუაციას ვგულისხმობ, ჩაი, პლედი, სიცივე, ბუხარი და გაწვიმდა... ალბათ შენც მოგწონს, იძირები საკუთარ სამყაროში, ეფერები იარებს და უღიმი ჯერ კიდევ ცოცხალ ნაგებობებს.

მე კი... მე კი ვერაფერს ვგრძნობდი. ვერ ვგრძნობდი. არ შემეძლო.

ალბათ ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელიც იყო სრულიად უემოციო. ყველაზე საშინელი ალბათ ის იყო, ალბათ... რომ მე ეს დისკომფორტს არ მიქმნიდა. უბრალოდ ვერ ვგრძნობდი, რა იყო ამაში ცუდი ? არც არაფერი. მშვიდად ვიყავი. როცა არ გრძნობ ვერც ტკივილს განიცდი, რადგან უბრალოდ ვერ გრძნობ. დაცული ხარ, უსაფრთხოდ ხარ. არაფერს არ ეჯაჭვები. მიჯაჭვულობა ღუპავს ადამიანს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ არ მიეჯაჭვონ. თითქოს ჰაერივით სჭირდებათ ეს, მე კი ვაკუუმში ვარ. ემოციების გარეშე კი, როგორც ამბობენ, გული არ გიტყდება და სრულიად გულგრილი ხარ ადამიანების მიმართ. ის შიში, რასაც მე განვიცდიდი იყო ფიზიკური შიში. სულიერებისა მე არაფერი გამეგებოდა და არც ინტერესს იწვევდა ჩემში.

შენ კი უნდა დაინტერესდე, აუცილებლად უნდა დაინტერესდე. სულიერება, გრძნობა, ემოციები ეს ყველაფერია. ყველა ფ ე რ ი ა. იპოვე შენი ფერი. მე მან დამაინტერესა და არ ვნანობ.

მოულოდნელად ჩემს გონებაში გაიელვა ნაცნობმა სიტყვამ: „ნაცრისფერო !“

უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. მიუხედავად იმისა, რომ ვაანალიზებდი ამ ნათქვამის სისწორეს, მაინც არ მსიამოვნებდა ის, რომ ამ ფაქტს აღნიშნავდნენ. უცნაურად აღნიშნავდნენ. ადარებდნენ ჩემს ცხოვრებას ფერს. ამ ფერს...

საინტერესო აღქმაა არა ფერები ? ძალიან უცნაური, მიმზიდველი და საკმაოდ მძაფრი. არასოდეს დაფიქრებულხარ რა ფერი გაქვს ? მე მისმა ფრაზამ მაიძულა დავფიქრებულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად გამაღიზიანებლად იმოქმედა, მე მისი ფრაზით ერთდროულად აღვფრთოვანდი და დავმწუხრდი. თუმცა მეტად ხელოვნურად გამომივიდა გულგრილი ადამიანის კვალობაზე, ასე მგონია...

საწოლში ჩავესვენე და ფერებზე ფიქრს თავიდან ვერ ვიცილებდი. დროს ვკარგავდი. ო, როგორ მეზიზღება დროის კარგვა... მაგრამ თავს ძალა ვერ დავატანე, რათა არ მეფიქრა. თითქოს მსიამოვნებდა მათზე ფიქრი. ვფიქრობდი, რა ფერის იყვნენ ადამიანები. მე ისინი არ მიყვარდა. არ მიყვარდა ადამიანები, მათ მიმართ სრულიად გულრილი ვიყავი. მაგრამ ინტერესი ჩამესახა გამეგო ირგვლივ მყოფთა უცნაური ფერები. მათგან ყველაზე საინტერესო კი აღმებეჭდა ჩემს ცნობიერებაში. ალბათ ხვდები, რომ რეზის ფერი თავისთავად მაინტერესებდა. საკუთარი თავი დავიჭირე ფიქრზე, რომ ადამიანებს როგორც დასაკვირვებელ ცხოველებს ისე ვუმზერდი. ღმერთიც ასე უმზერს ხოლმე მათ ? ჩავფიქრდი. ბიოლოგიის კითხვამ გამომათაყვანა, მაგრამ მაშინ ბიოლოგია იყო ის, რისთვისაც ვცოცხლობდი.

ვფიქრობდი, განუწყვეტლივ ვფიქრობდი. ვფიქრობდი ყველაფერზე. ვფიქრობდი აწმყოზე, წარსულზე, მომავალზე... ფერებზე, არომატზე, გემოზე... ბავშვებზე, ქალებზე, კაცებზე... ექიმებზე, პროფესიაზე, საზღვრებზე.... ჩარჩოებზე, ფილოსოფიაზე, რეზიზე...

ამასობაში შემომათენდა კიდეც. ტრადიციულად ავდექი. გამოსაფხიზლებლად ცოტა წავივარჯიშე, უზომოდ ტკბილი ყავა გავიკეთე და კარადიდან ფუნთუშა გამოვიღე. მადიანად ჩავკიბიჩე და წიგნი გადავშალე. სამწუხაროდ კონცენტრაცია ვერ მოვახდინე. ვკითხულობდი ერთ გვერდს და მეორეზე გადასვლისას ვაცნობიერებდი, რომ სრულიად არაფერი მახსოვდა წინადან. ასე გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში. საკუთარ თავზე ძალიან გავბრაზდი. გქონია ასეთი შემთხვევა ? ალბათ არ გსიამოვნებდა, ისევე, როგორც მე. თუმცა გააჩნია რაზე ფიქრობ ამ მომენტში, არა ? გააჩნია რას იწვევს შენში შენივე ფიქრები...

მე კი რეზის ფრაზა ამომიტივტივდა თავში. „არ მომეწონა ის, რომ...“

ნეტავ რა არ მოეწონა ? მართლა არ მესმის, რა შეიძლება მოგეწონოს, ან არ მოგეწონოს რამდენიმე ფრაზიან დიალოგში. მართლა შეუძლიათ ადამიანებს ასე სწრაფად შექმნან შენზე პირველი შთაბეჭდილება ? შენშიც იქმნება იგი ასე მარტივად ? იცვლება თუ არა ის მაშინ, როცა ახლოს იცნობ ადამიანს... ჩემთვის ყოველივე ეს უცხოა, ახალია და საშიში. საკუთარ თავს ვერ ვუტყდები, რომ ჩემში ინტერესი შეიქმნა ჩანასახოვან სტადიაში. მინდა გავიგო. გავიგო რაც შეიძლება მეტი, მინდა შევიცნო ადამიანი. ჩავძვრე მის ტყავშ და გავიგო მისი ფერი.

ჯანდაბა ! მორჩი ამაზე ფიქრს !

შავ შარვალს ვიცმევ, ასეთივე ფერის პულოვერს და მონაცრისფრო ქურთუკს ვიგდებ მხრებზე. რამდენიმე წამის განმავლობაში დაჰიპნოზებულივით ვუმზერ, მაგრამ შემდეგ ვფხიზლდები, ჩანთას ვავლებ ხელს და გარეთ გავდივარ. გამვლელებს ვაკვირდები და ვცდილობ მათი ფერი ამოვიცნო. ისეთი შეგრძნება დამეუფლა მათი ყურებისას, თითქოს ირგვლივ მათივე ფერი ტრიალებდა. ო, როგორ მსურდა ნამდვილად ასე ყოფილიყო. მაგრამ რატომ მსურდა ? წარმოდგენაც არა მაქვს.

ჩემში რაღაც მიჩქმალული ირხეოდა რიტმულად.

ჩემში რაღაც დამალული იღვიძებდა გიჟურად.

უნივერსიტეტს ვუახლოვდები და იქვე შეკრებილ ხალხს ვამჩნევ. ადრე გულგრილად ჩავუვლიდი მათ და ყურადღებას არ მივაქცევდი, მაგრამ ახლა რაღაც მექაჩებოდა იქეთკენ. თითქოს აუცილებლად უნდა მივსულიყავი ბრბოსთან. ასეც მოვიქეცი და კალათბურთის თამაშს შევესწარი. ერთი ერთზე თამაში.

მიყვარდა ხოლმე გვერდიდან ყურება სხვადასხვა თამაშებისა, მიუხედავად იმისა, რომ წესებში ვერასოდეს ვერკვეოდი. თვალს მჭრიდა აზარტულობა, გამარჯვების სურვილი, მიზნის განხორციელებისკენ სწრაფვა. მიზნის ცნება გულისხმობს საკუთარ თავში დარწმუნებულობას, საკუთარი შესაძლებლობების, ძლიერი და სუსტი მხარეების ზუსტ შეფასებას და მათ შესაბამისად მოქმედებას, ძლიერის მხარის განვითარებას და სისუსტის დაძლევას. ამასთანავე მიზნის მიღწევისათვის აუცილებელი კომპონენტია ენთუზიაზმი. ეს ის საიდუმლო ინგრედიენტია, რომელიც ადამიანს ბედნიერად აგრძნობინებს თავს და ცხოვრების ხალისს აძლევს, აზარტულს ხდის, ითრევს და უფრო მეტის მიღწევისკენ უბიძგებს. ამ შემთხვევაში მიზანი მოწინააღმდეგის განადგურება იყო.

რამდენიმე წუთი ვუყურებდი პაექრობას, ორქულიანი და სამქულიანი ბურთების კასკადი ეცემოდა კალათებში ორივე მხრიდან. ერთ-ერთმა მოთამაშემ მყისიერად ჩამიქროლა და მასში რეზი ამოვიცანი. მან ტუჩის კუთხე ჩატეხა და ბოლო ბურთი აჩუქა კალათს. სტვენა გაისმა და თამაშის დროც ამოიწურა. განსხვავება მოთამაშეებს შორის მდგომარეობდა მხოლოდ ერთადერთ ქულაში. რეზიმ გაიმარჯვა. ბრბო კი აწრიალდა. მისი ნახევარი აჟიტირდა, ნახევარი კი დამწუხრდა. ძალაუნებურად ვაკვირდებოდი ხალხს და ვამჩნევდი, რომ ეს მგვრიდა თავისებურ სასიამოვნო განცდას.

რეზი ხალხისკენ შებრუნდა და ფართოდ გაიღიმა. ნელი ნაბიჯით დატოვა სათამაშო ადგილი და ჩემ გვერდით გაჩერდა, დაიხარა და ყურში ჩამჩურჩულა.

- შენ სადღაც იქ, რაღაც მძიმე ძალიან მაგრად გტკივა... შენ სადღაც იქ, რაღაც მწარე არასდროს არ გაგიქრება... შენ სადღაც იქ, რაღაც მტანჯველს აფლეთინებ საკუთარ სულს... არავის არ უზიარებ გასაჭირს. თვალები კიი... ოჰ, ეს მოღალატე თვალები რებე... - თქვა და ლოყაზე ტუჩები შემახო. ყოველივე ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ არავის შეუმჩნევია. ჩემი სახელი მხოლოდ ლექტორებისგან და მასწავლებლებისგან მესმოდა ხოლმე, მაგრამ რეზის მიერ წარმოთქმული სულ სხვა იყო.... თითქოს სამყარო დარტიალდა და შეიღება მრავალ-ფერად... ასკინკილით შემოვუარე გალაქტიკას და ისევ დავუბრუნდი საკუთარ თავს. მუხლები ამიკანკალდა და გული საგულედან ამომიხტა. თვალთ დამიბნელდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში გონს ვერ მოვეგე. ლოყა, რომელსაც ის შეეხო სასტიკად მეწვოდა. შეხებასაც კი ვერ ვბედავდი, თითქოს მეტკინებოდა... თვალები მაგრად დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე. რაღაცის თქმა მსურდა, მაგრამ ყელიდან სუსტი ხავილის გარდა არაფერი ამოვიდა. თვალი გავახილე და დავინახე...

რეზი კისერზე მისი შეყვარებული ჩამოეკიდა. ტუჩებზე წაეტანა და ვნებიანად აკოცა. თუ არ ვცდები ელენე ჰქვია. გულის კუნჭულში რაღაცამ გამკრა, მაგრამ იმდენად დარეტიანებული ვიყავი არ შევიმჩნიე. რომც არ ვყოფილიყავი, ვერ შევიმჩნევდი. ამის უფლება არ მქონდა.

საპირფარეშოში გავედი და ცივი წყალი შევისხი სახეზე. საკუთარ თავს ჩავხედე თვალებში და ვკითხე. „რა გჭირს რებე ? არაფერი მომხდარა, ნუ გეშინია, ნუ...“

რამდენიმე წუთი დამჭირდა და როგორც იქნა დავმშვიდდი. გონს მოვეგე და ლექციაზე შევედი. იმდენად ჩაფლული ვიყავი წიგნებში, რომ ვერც კი შევამჩნიე, რომ გვერდით ვიღაც მომიჯდა. მხოლოდ შუა ლექციაზე, როცა ლექტორმა კითხვა დასვა, ავიღე თავი წიგნიდან და შევხედე მას. ჩემ გვერდით ვიღაც საპასუხოდ მოემზადა, მეც ავტომატურად გავიხედე მისკენ. ჯანდაბა ! ეს ბიჭი ლატარიაში მოვიგე ?! როგორც მიხვდი, რეზი იყო. მან მშვიდად, აუღელვებლად და ამომწურავად უპასუხა ლექტორის შეკითხვას, რისთვისაც დამსახურებული შექება მიიღო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად არანაირი ემოცია არ აღბეჭდვია სახეზე. ჩემკენ მოაბრუნა თავი და ტუჩის კუთხე ჩატეხა. უკვე კატასტროფულად მაღიზიანებდა მისი ეს ჟესტი.

- „მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!“ - გალაკტიონის ლექსის ბოლო სტროფი წამიკითხა ჩურჩულით და მგზნებარედ. მე კი თავზარი დამეცა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს მან ჩემზე ყველაფერი იცოდა. უსუსურობის განცდამ ამიტანა და ძალიან შემეშინდა. შიშმა შთანთქა თითოეული ჩემი ატომი, მან კი ეს შეამჩნია და თვალი ჩამიკრა. ლექტორს მიუბრუნდა და დარჩენილი დროის განმავლობაში ჩემკენ არც გამოუხედავს.

კატეგორია: რომანი | დაამატა: Yume
ნანახია: 1052 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar