ლურჯის გრადაცია [2 თავი]
10.11.2017, 19:06
...
რეზის გვერდით მთელი ლექციის დროს თავს საკუთარ ტყავში ვერ ვგრძნობდი. მზერა მისკენ მეპარებოდა და პერიოდულად მის ჩატეხილ ტუჩის კუთხეს ვამჩნევდი. ამ მომენტებში ვწითლდებოდი და ვცდილობდი ყურადღება მომეკრიბა, მაგრამ არ გამომდიოდა. 
ლექციის დასრულებისთანავე ტყვიასავით გავვარდი გარეთ. სახლისკენ მიმავალ გზას სირბილით გავუყევი და სიმშვიდისკენ ვისწრაფვოდი. ათას თვალს ვგრძნობდი მომართულს ჩემკენ, ათას ყურს, რომელთაც ჩემი გულისცემაც კი ესმოდათ და შეეძლოთ დაეშავებინათ ჩემთვის.  ო, როგორი აუტანელია ეს ყველაფერი. ნაცრისფერი, დამიბრუნე ჩემი ნაცრისფერი. 
მეტკინა. რა მეტკინა ? არ ვიცი. ფიზიკურად მტკიოდა სხეული და მტკიოდა რაღაც სხვა... შინაგან წვას ვგრძნობდი. თითოეული ორგანო ალმოდებულივით მუშაობდა. 
სახლში შევედი, ყველა საკეტი გადავკეტე. ფანჯრები ჩავრაზე და სქელი ფარდები ჩამოვაფარე. მაგრამ ადგილს ვერ ვპოულობდი. თითქოს იმ უზარმაზარ, გალავნით გარშემორტყმულ უკაცრიელ ქალაქში, სადაც მხოლოდ მე ვცხოვრობდი, შემოფრინდა პატარა, ფერადი ჩიტი, რომელმაც ძალიან, ძალიან დამაფრთხო. არც მისი მიღება შემეძლო, არც განდევნა. ვერ ვუახლოვდებოდი. პანიკურად მეშინოდა მისი... 
სახლში ვერ გავჩერდი. უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობდი თავს. თითქოს კედლებიც კი მიყურებდნენ, მისმენდნენ და დამცინოდნენ. დამცინოდნენ უწყინარი ჩიტის გეშინიაო. მაგრამ მე ვიცოდი, ვიცოდი, რომ ეს არსება უწყინარი არ იყო. მეშინოდა, ძალიან მეშინოდა ტკივილის...  ამიტომ ისევ გარეთ გავედი. 
ხალხს ვაკვირდებოდი და ვცდილობდი ყურადღება გადამეტანა. ამ უცნაურ და ახალ შეგრძნებას ვერ დავნებდებოდი. მაგრამ შენ უნდა დანებდე, შენ უნდა მიჰყვე სულის ძახილს და საკუთარ თავს უნდა მოუსმინო. აუცილებლად უნდა მოუსმინო. არ გაექცე მას. მე მან მასწავლა საკუთარ „მესთან“ ლაპარაკი...
ვიდექი შუა ქუჩაში და სულელივით ვაკვირდებოდი ადამიანებს. ფერები თავში თავისით მომდიოდა. ის, რასაც ვხედავდი შეუძლებელი იყო არ ყოფილიყო რეალური. ნათლად ვარჩევდი ადამიანების ირგვლივ მათ ფერებს. აურასავით ტრიალებდა, შემოხვეოდა თითოეულს და ეფერებოდა. კვამლისფერი იყო ერთი, ერთიც ყვითელი. ყავისფერსაც შეხვდებოდით აქა-იქ. ღიმილისფერი წარმოგიდგენიათ ? რამდენიმე ეგეთიც იყო. კრემისფერები სჭარბობდნენ.... საოცარი იყო ამის დანახვა. სამყაროს სულ სხვა თვალით შევხედე. მან მაჩვენა თავისი საოცარი ბუნების მემილიონედი ნაწილი და სურდა სანაცვლოდ მეც მიმეცა რაღაც. ის მეთამაშებოდა. ხსნიდა კარტებს და მაიძულებდა გამეხსნა მეც. მაგრამ მე მისთვის არ მითხოვია არა-ფერი, მან კი ყველა-ფერი მაჩუქა. 
„წვიმის წვეთებით ატირდა ზეცა და დამისველა მოკლული სული... 
გრძნობის დაფლეთით დამაფრთხო ზეცამ და გამიტეხა ნაქსოვი გული...“
ცაში ავიხედე და წვეთებს მივეცი საშუალება დაჰპატრონებოდნენ ჩემს სხეულს. უცნაურად ვგრძნობდი თავს. თითქოს ეს მე არ ვიყავი. არა, ეს მე ნამდვილად არ ვიყავი. ვიღაც სხვა ფლობდა ჩემს რაობას და ეთამაშებოდა ბუნებას. მაგრამ მეშინოდა, მეშინოდა იმის, რომ მისი თამაში დასრულდებოდა ფატალურად. ყველაზე საზარელი რა შეიძლება მომხდარიყო ? სიკვდილი ? მე მისი არ მეშინოდა... ჰო, მე სიკვდილის არ მეშინოდა. მე მეშინოდა ტკივილის. ის მე მატკენდა და გამანადგურებდა. 
მოსიარულე გვამი ბევრად უფრო საშინელია, ვიდრე გვამი, რომელიც მიწაში დევს. გაუფრთხილდი საკუთარ „მე“-ს. არავის მისცე უფლება გაქციოს ცოცხალ გვამად. ცოცხლად არასდროს მოკვდე, ნუ დაკარგავ ადამიანურ ღირებულებას. 
ბუნების ცრემლებით გაიჟღინთა რებე...
ბუნების ცრემლებმა დაასველა რებე...
ბუნებამ შთანთქა რებეს რაობა...
ბუნებამ შექმნა არარაობა...
....
სახლისკენ მივავალს, გზად მყუდრო ლიტერატურული კაფე შემხვდა. გადავწყვიტე შევსულიყავი. არასდროს მჩვევია სპონტანური გადაწყვეტილებები, მაგრამ ამჯერად რაღაც ჩემში მთელი არსებით ითხოვდა შესვლას. 
არ გეტყვი, რომ სპონტანურად უნდა გადაწყვიტო ყველაფერი, მაგრამ მინდა გითხრა, რომ როცა შენ შიგნით რაღაც ითხოვს, ძალიან გთხოვს, მაშინ აუცილებლად უნდა გააკეთო. იმიტომ, რომ ამ დრო შენი ქვეცნობიერი გეძახის. შენი სული გეთამაშება, აჰყევი მას თამაშში, მერწმუნე არ ინანებ. 
შევდივარ და სრულიად სხვა სამყაროში ვხვდები. ხის ინტერიერი და შახმატურად გაწყობილი მაგიდები. მოჩუქურმებული სკამები და  მოთეთრო-მოკრემისფერო ფარდები თითოეული მაგიდის ირგვლივ. მაგიდების გარდა იქვე, ცოტათი მოშორებით იყო რამდენიმე პუფი, სადაც შეგეძლო უფრო  თავისუფლად და კომფორტულად მოკალათებულიყავი. კაფეს მხოლოდ 35% იყო შევსებული. წვიმიან ამინდში ლიტერატურული კაფესათვის საკმაოდ ბევრია ვგონებ. მშვიდი მუსიკა მყუდროების განცდას ქმნიდა და სასიამოვნოდ გელამუნებოდა გულზე. ბართან მივედი და ბარმენს მწვანე ჩაი ვთხოვე. შეკვეთა რამდენიმე წუთში მზად იყო და მეც სხეული გამითბა. ალკოჰოლური სასმელების რაოდენობამ ლიტ. კაფეში გამაკვირვა, თუმცა ჩემი ყურადღება მათი თაროს ზევით გაკრულმა ფრაზამ მიიქცია. 
„გემი სახელწოდებით „წყნარი ნავსადგური ნაპირიდან შორს არასდროს წავა.“
ბარმენს შევხედე, მას კი კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. 
- ვისი ფრაზაა ? - ვეკითხები მე.
- დეილ კარნეგის.
- და რატომ გაქვთ ის ასე... - სიტყვებს ვერ ვპოულობ და ხელით ვანიშნებ. ბარმენს ეცინება და მპასუხობს. 
- აქ გვაქვს საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა. ბევრი მოდის და ორჭოფობს წიგნის არჩევის დროს. თითქოს რისკზე წასვლა არ სურთ. ეს ფრაზაც შესაბამისად მოერგო სიტუაციას.  აბსურდულად ჟღერს წიგნის არჩევის დრო გარისკვა, მაგრამ დამწყები მკითხველები დაახლოებით ასე აღიქვამენ ახალი წიგნის გადაფურცვლას. ვერ ხვდებიან, რომე ნებისმიერ წიგნში არის რაღაც აზრი ჩადებული. თუნდაც იფიქრო, რომ წიგნი სულელურია, ეს შენში საკუთარ პოზიციას ამყარებს, ამიტომ სულელური წიგნიც კი პლიუსია. - იღიმის ის. ძალიან უხდება ღიმილი. 
- ზოგადად რისკზე წასვლა არ მიყვარს. - ცივად მივუგე მე. - ზოგადად და არა წიგნებთან მიმართებაში. - დავაკონკრეტე მე. 
- რატომ ? - კვლავ ეღიმება მას.
- თავზეხელაღებული ნამდვილად არ გახლავარ. - ვეუბნები და მოზრდილ ყლუპს ვაგორებ ყელში. 
- გარისკვა - არ ნიშნავს თავზეხელაღებულად ყოფნას. საღად მოაზროვნე ადამიანი გონივრულ რისკზე მიდის, თუმცა ნებისმიერი რისკი შეიძლება კრახით დასრულდეს. 
- ზუსტად ეგ კრახი მაფერხებს. 
- თუ კრახის საფრთხე არ არის, ესეიგი ქმედებას რისკი არ ჰქვია. რისკი ადრენალინია, ექსტრემალ ადამიანს შეუძლია როგორც მოიგოს, ასევე წააგოს. გონივრული რისკის შემთხვევაში კი წაგების შანსი გაცილებით ნაკლებია. 
- უსაფრთხო გზები მირჩევნია. - არ ვტყდებოდი მე. 
- ვინც რისკზე უარს ამბობს თავს არიდებს „დამარცხების აგონიას“, მაგრამ ის ვერასოდეს შეიგრძნობს „გამარჯვებისგან მოგვრილ აღტაცებას“. ჭკვიანი იყო კარნეგი. - ამბობს იგი და სიგარას აბოლებს.
- ანუ მე ვერასოდეს ვიგრძნობ ამ აღტაცებას ? - წარბი შევკარი მე. 
- თუ არ ცდი, ვერ გაიგებ. - მხრები აიჩეჩა ბარმენმა და კიდევ ერთი ჭიქა ჩაი გამიმზადა. - ცდა ბედნის მონახევრეაო, ჰო გაგიგია. - დარჩენილი დრო სიჩუმეში გავატარეთ. მე ბარმენის, უფრო სწორად კარნეგის სიტყვებზე ვფიქრობდი, ის კი მშვიდ მუსიკას უსმენდა, რომელიც სულისშემძვრელ ნოტებად იღვრებოდა ამ დუმილში. 
...
ადამიანებს წარმოდგენაც არა აქვთ, თუ რაოდენ დიდ ძალას ფლობენ მათი ფიქრები. მათ განწყობაზეა დამოკიდებული როგორ დღეს გაატარებენ ისინი ხვალ. შეძლებენ თუ არა დაშვებული შეცდომის გამოსწორებას. არასოდეს მისცე უფლება პესიმიზმს შენზე იმოქმედოს. ის ქმნის შენში მოჩვენებით წინააღმდეგობას. შენ კი ფიქრობ, რომ არ გაქვს უნარი გადალახო ბარიერი. მაგრამ ცდები. შენივე შექმნილ წინააღმდეგობას შენვე დაანგრევ ერთი ხელის მოსმით, მთავარია აკონტროლო საკუთარი ფიქრები. მართალია, ეს მარტივად არ გამოგივა, მაგრამ ვარჯიშის შემდეგ ეს შენი ცხოვრების სტილი გახდება, რომელიც მუდამ ღიმილს გიქადის. მაგრამ შენ მეტყვი, მუდმივად ღიმილი ჰომ მოსაწყენია? მე კი გიპასუხებ, რომ აუცილებელი არაა ფიქრების ასივე პროცენტი აკონტროლო... იცოდე, შენი ცხოვრება შენზეა დამოკიდებული. იქნები თუ არა შენ წარმატებული, იქნება თუ არა შენი ცხოვრება საინტერესო, გექნება თუ არა წითელი დიპლომი და იქნები თუ არა მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე,  ეს ყოველივე დამოკიდებულია შენ ფიქრებზე, შენს მიზნებზე და შენს ენთუზიაზმზე. მე ამ დასკვნამდე მან მიმიყვანა, მან მე გამაფერადა. არ მისცე უარყოფით მუხტს საშუალება, რომ გაგანაცრისფროს.
...
მივუყვები უკაცრიელ ქუჩას და არაფერი მადარდებს. შიშები დაიფანტნენ და დამტოვეს სრულიად მარტო. როგორი უცნაური გრძნობაა არა მარტოობა ? სხვადასხვანაირ შეგრძნებას აღძრავს იგი ადამიანებში. ზოგს მოსწონს, ზოგს კი ეშინია. აი მე კი ახლა ვერაფერს ვგრძნობ. ერთადერთი, რაც გონებაში მიტრიალებს არის დიადი გალაკტიონის ლექსი „მე და ღამე“. მეზიზღება ღამე, თან მიყვარს ის... ფიქრები გღრღნიან, გფლეთენ, გკლავენ და დილას კვლავ აღდგები მკვდრეთით. საათობით ბრძენი ბუს მსგავსად ფხიზლობ. მიშტერებიხარ ჭერს და არ იცი, რატომ ფიქრობ. ფიქრობ ერთდროულად ყველაფერზე და არაფერზე.
ყველა-ფერი, არა-ფერი... 
ხანდახან კი თითქოს ხმაც კი ჩაგესმის. იმდენად ნათლად ჩაგესმის, რომ წამოიწევი ხოლმე საწოლიდან, რათა შეამოწმო რეალურია თუ არა ის ხმის ტემბრი, რომელიც დუმილში იღვრება და შენ ფიქრებს აფრთხობს. სინამდვილეში კი ეს ხმაც შენი ფიქრის ნაყოფია. აზრები მატერიალიზდებიან და ფსიქიკას გინგრევენ, ამ დროს კი შენ ფიქრობ, რომ მათი კონტროლი არ შეგიძლია. ცდები... შენ უბრალოდ არ გინდა... აი ასე, არ გინდა. მოინდომე გულწრფელად და ყველა-ფერი გამოგივა.
სახლის კარს ვაღებ და მისი ჭრიალი აყრუებს მთელ ბინას. კედლებს ვეხები და ისე შევდივარ საძინებელში. სინათლის ანთება არ მინდა, თითქოს ის უზარმაზარი სარკე, რომელიც ოთახში დგას აირეკლავს იმას, რაც მე არ ვარ და მანდვე ჩაიბეჭდება ის, რასაც მე არ წარმოვადგენ. ვიცვლები, ვგრძნობ, რომ ვიცვლები და ამის მიზეზს ვერ ვხვდები. ნუთუ ის ერთადერთი სიტყვა... არა, არა, შეუძლებელია. 
საწოლზე მოწყვეტით ვეშვები და მოგონებებს ვაძლევ უფლებას შემოიჭრან ჩემს ცნობიერებაში. ყველას აქვს ისეთი მოგონებები, რომელთა ხსენებაც არ სურთ. რომელნიც სადღაც იქ, ღრმად ქვეცნობიერშია ჩაფლული და ხელშეუხებლად განისვენებენ. განისვენებენ ? არა. ისინი ჯერ კიდევ ცოცხალნი არიან და საკუთარ ჟამს ელოდებიან, რათა კვლავ წაგლეკონ. 
დაივიწყეთ ! დაივიწყეთ ყველაფერი, რაც კი ტკივილს გაყენებთ. არაფერს მისცეთ უფლება ობის სახით მოეკიდოს თქვენ სულს. ნუ ებღაუჭებით წარსულს ! გათავისუფლდით მისგან. გახდი თავისუფალი !  
ფრაგმენტულად მახსენდება ჩემი ბავშვობა. ობლად გატარებული ბავშვობა ჩემს ტყუპისცალთან ერთად. რებე და რენა. კუპრივით შავი თმა და ზღვისფერი თვალები. პატარა თხელი ცხვირი და მომცრო ტუჩები. 
განუყრელი ორი ტყუპი ჰაეროვნად დაფარფატებს,
განუყრელი ორი ტყუპი თავშესაფარს აფერადებს... 
...
ვერც ამ ღამით შევძელი დაძინება. დილით სარკეში ჩახედვის შემეშინდა. თვალის უპეები შეშუპებულიყვნენ, თეთრი გარსი ჩასისხლიანებულიყო და მთქნარების რეფლექსი, ჟანგბადის აღსადგენად, მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა. 
მაშინ, როცა დილით ყავის დალევის სურვილიც არ გაქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ის თქვენი ყოველდღიური ნარკოტიკია, დროა ფსიქოლოგს მიმართოთ. 
რადგან შიშებმა დროებით მიმატოვეს, დრო ვიხელთე და ფსიქოლოგის კურსებზე ჩავეწერე. ასე მე უკეთ გავუგებდი ადამიანებს და იმედი მქონდა, რომ საკუთარ თავსაც. ბოლობოლო იმ ფაქტის ახსნას შევეცდებოდი, რომ ორ ფეხზე მოსიარულე, მოაზროვნე და მგრძნობიარე არსებების ირგვლივ ვხედავდი ფერებს. 
ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება კრემისფერმა მიიქცია. 70% მთელი რაოდენობისა ამ ფერს წარმოადგენდა. საინტერესოა, რა ჰქონდათ მათ საერთო. აი ნაცრისფერი, ანუ ჩემ-ფერი ხალხი არაფრით გამოირჩეოდა ბრბოში. ეს ადამიანები სრულიად შეუმჩნეველი რჩებოდნენ თავად ნაცრისფერი ბრბოსთვისაც კი. არასასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, მაგრამ ვიცოდი, რომ ნებისმიერ ფაქტს ჰქონდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. ამით თავს ვიმშვიდებდი. ან რა მაღელვებდა ? წარმოდგენაც არა მაქვს.
დღეს არც ერთი ლექცია არ მქონდა, ამიტომ უნდა მომეფიქრებინა რაზე დამეხარჯა თავისუფალი დრო. მიუხედავად იმისა, რომ ძილი აშკარად მაკლდა, მაინც არ შემეძლო დაძინება. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ არჩევანი სეირნობაზე შევაჩერე. მაინტერესებდა ვიგრძნობდი თუ არა მე, იმ ემოციურ დატვირთვას, რომელსაც შენ განიცდი გარეთ გასვლისა და უბრალოდ ბუნებასთან საუბრისას. ( ბუნებას თუ არა, ურბანისტულ პეიზაჟს ჰომ უმზერ ). მაინტერესებდა კონკრეტულად რა იცვლებოდა ჩემში, მინდოდა გამეანალიზებინა ყოველივე.  იქვე სკვერში დავჯექი ფერად სკამზე, თვალები დავხუჭე და ყური დავუგდე ქარის მიერ ხეების ფოთლებთან შესრულებულ სონატას. სასიამოვნოდ მელამუნებოდა გულზე, აი ლიტ-კაფეში დაღვრილი მელოდიის მსგავსად. მაგრამ ეს სხვა იყო, თითქოს რაღაც უხილავი და ყოვლისშემძლე გაძლევდა საშუალებას მოგესმინა მისი სევდისათვის და გაგეცნობიერებინა მისი სიდიადე.  თვალი გავახილე და ადამიანებს შევხედე. მათ ირგვლივ კვლავ ტრიალებდა ფერთა გამა და მიზიდავდა.
უეცრად რეზი დავლანდე ელენესთან ერთად. უღიმოდნენ ერთმანეთს და როგორც მე მომეჩვენა, აფრქვევდნენ სიყვარულს. ელენე გაუჩერებლივ ტიტინებდა, ხოლო რეზის მოსმენის გარდა სხვა გზა არ ჰქონდა. უსმენდა თუ უბრალოდ თავს უქნევდა ? არ ვიცი... როცა ბიჭი თავს იკატუნებს თითქოს გისმენთ, მცირეხნიანი  გაბუტვა არაჩვეულებრივი ხერხია, რომ შემდეგი რამდენიმე წუთი მოფერებასა და ალერსში გაატაროთ. ვგონებ, რაღაც მსგავსი შინაარსის ფილოსოფიას მოუხმო ელენემ და ჩემდა გასაკვირად გაამართლა. რა სულელურია. ნუთუ ასეთ მარტივ თეორიებს ეყრდნობა ურთიერთობა ?  
რეზი მოეხვია მას და.. შემამჩნია. თვალი თვალში გამიყარა, მე კი უსიამოვნოდ გამკრა გულში. მისი დაჟინებული მზერა მაფორიაქებდა და მაიძულებდა ბროწეულისფერი მიმეღო, ამის გამო კი საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი. 
„იდიოტი ხარ რებე, თავშეკავების უნარი არ გაგაჩნია, შეგრცხვეს !“ ვუმეორებდი საკუთარ თავს და ვცდილობდი მისკენ არ გამეხედა, მაგრამ როგორც მიხვდი ვერ მოვითმინე და მზერა მისკენ გავაპარე. რეზის ტუჩები ვარდივით მოეკუმა და თვალს მიკრავდა. ჯანდაბა ! კრეტინო ! შეყვარებულს მაინც არ ეხუტებოდე ! სახეზე აშკარა ბრაზი დამეხატა, რადგან რეზიმ გემრიელად გადაიხარხარა. ელენეს ხელი გადახვია და გზა განაგრძო. 
ძალიან გაბრაზებული წავედი ფსიქოლოგის სეანსზე. ალბათ მეტყობოდა კიდეც, რადგან იქ მისულს ყველა მერიდებოდა. საშუალო ზომის ოთახში წრიულად იყო განლაგებული სკამები. კედლები ღია მარჯნისფრად შეეღებათ და ოდნავ მუქი მარჯნისფერივე ფარდები ჩამოეფარებინათ უზარმაზარ ფანჯრებზე, რომელიც ადამიანის სიმაღლისა იყო. 
ერთ-ერთ სკამზე მოვკალათდი და რამდენიმე ადამიანი შევამჩნიე ჩემ გვერდით. ერთი იყო მამაკაცი ოცდაათ წლამდე, საკმაოდ კარგად ჩაცმული, თუმცა არაოფიციალურ ფორმაში. ფეხს ნერვიულად ათამაშებდა და საკუთარ თავს ებრძოდა თითქოს.  მის გვერდით ორმოცამდე ქალბატონი იჯდა, რომელსაც თვალებში შიში უკრთოდა და ტუჩს იჭამდა. უცხო იყო მისთვის მსგავსი შეკრებები. ჩემს მეორე მხარეს იჯდა დაბალი, შეუხედავი და ნახევრად მძინარე მამაკაცი, რომელიც როგორც სჩანს ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა. მის გვერდით კი წვერმოშვებული და გრძელთმიანი მამაკაცი, რომელიც დაბალს აფხიზლებდა. შემეძლო გამეკეთებინა დასკვნა, რომ ერთად იყვნენ, ერთი და იმავე პრობლემით. ჩემ პირდაპირ გავიხედე და.... ჯობდა არ გამეხედა. 
კატეგორია: რომანი | დაამატა: Yume
ნანახია: 828 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
avatar
1 Spam
1
ცოტა განსხვავებულად წერ, უფრო ფილოსოფიურია, მომწონს, ველოდები გაგრძელებას
avatar
0 Spam
3
უღრმესი მადლობა <3
avatar
1 Spam
2
მსიამოვნებს ამ ისტორიის კითხვა, კარგი გოგო ხარ ძალიან და გაგრძელებას ველი❤❤❤❤
avatar
0 Spam
4
გმადლობ ^----^ <3
avatar