ლურჯის გრადაცია [3 თავი]
11.11.2017, 19:31

რეზი !

რატომ რეზი ?! რა უნდა აქ რეზის ?! რა პრობლემა შეიძლება ჰქონდეს მდიდარ, გაბღენძილ, მექალთანე და მუდმივად ცანცარა ადამიანს ?!

თვალებში მიყურებდა და მზერით მჭამდა. ახლაღა შევამჩნიე, რომ მისი თვალები მუქი კონიაკისფერი იყო. ვგრძნობდი, რომ დიდხანს არ უნდა მეყურებინა მათთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სადღაც ჩამითრევდნენ. სადღაც, საიდანაც ვერ ამოვბობღდებოდი, საიდანაც თავს ვერასოდეს დავაღწევდი. „რებე ! როდის დაიწყე მხატვრული და გაურკვეველი საუბარი ?!“ ვეკითხები საკუთარ თავს და მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ. ის კი დაჟინებულ მზერას არ მარიდებს. მთელი სხეული მეწვის და ღაწვები მეფაკლება. რატომ იწვევს ის ჩემში ამ რეფლექტორულ რეაქციებს ? ვბრაზდები მე. რატომაა ის ასეთი ძლიერი გამაღიზიანებელი ჩემი ორგანიზმისთვის, მაგრამ იქნებ არა მარტო ჩემთვისაა და სულ ტყუილად ვდარდობ ამაზე.

ოთახის კარი იღება და შემოდის ფსიქოლოგი. ოცდაათს მიტანებული ქალია. მუხლამდე გამოყვანილ შავ ქვედაკაბაში და თეთრი ფერის პერანგშია გამოწყობილი. ამაყი იერით და თავდაჯერებული მზერით, თუმცა მისი თვალები და ღიმილი საოცარ სითბოს ასხივებენ. ეს ქალბატონი მონარინჯისფრო წითელ აურას ატარებს. ერთდროულად არის ძალიან ვნებიანიც და თბილიც. მაგრამ ტანჯვის კვალიც ეტყობა.

„რებეკა რას ბოდავ ?“ - ვეკითხები საკუთარ თავს და თავს რამდენიმეჯერ სხვადასხვა მხარეს ვიქნევ. თითქოს ამით განვდევნი საკუთარ ფიქრებს გონებიდან.

- გამარჯობა ! მე გახლავართ ფსიქოლოგი მერი გოგიბერიძე და დღეს გესაუბრებით თქვენთვის საინტერესო თემებზე. - გაისმა მისი წკრიალა ხმა და უნებურად ყველას გაეღიმა. დაძაბულობა წამიერად მოიხსნა და ღრმად ამოვისუნთქეთ. მაგრამ რას ვეტყოდი მე მას ჩემ შესახებ ? ფერებზე ვიტყოდი ? თუ ჩემს შიშებზე ? უცნაურ შეგრძნებებზე თუ... რეზისკენ გამექცა მზერა. იმწამსვე დავრწმუნდი იმაში, რომ სანამ ეს მონსტრი აქ იჯდა და მბურღავდა თავისი სულისშემძვრელი თვალებით, მე არაფრის თქმა არ შემეძლო. ყველაზე კარგ შემთხვევაში ბლუკუნს დავიწყებდი და ორიოდე სიტყვასაც კი ვერ მოვაბამდი თავს. მაგრამ მომენტალურად ჩემი გონება დალაშქრა ფიქრმა. რას აკეთებს რეზი ჩანადირი აქ ? გავიფიქრე თუ არა ირონიული ღიმილი ავიკარი სახეზე. რაც რეზიმ შეამჩნია და წარბი შეკრა.

- მსურველებს გთხოვთ წამოდგეთ და საკუთარი თავი წარადგინოთ. შემდეგ უკვე ვისაუბრთ იმ პრობლემებზე, რომლის წინაშე ჩვენ დავდექით და ერთად, კოლექტიურად გადავჭრათ ისინი. - სიტყვა „კოლექტიურად“ ქალბატონმა მერიმ წარმოთქვა ხაზგასმით, რითაც ჩვენი ყურადღება გაამახვილა მასზე. ყველა დაიძაბა. პირველი არავის სურდა ყოფილიყო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ჩემ წინ ჰაერი შეირხა და ფეხზე წამოდგა რეზი... პირი ოდნავ შევაღე და თვალის გუგები გამიფართოვდა. რეზი ემზადებოდა საკუთარ თავზე სასაუბროდ...

მახსოვს რამდენიმეჯერ შევესწარი დერეფანში გოგონების დიალოგს რეზისთან დაკავშირებით. რომ მას არაფერი ადარდებს, რომ არაფერი აწუხებს და ის ყველაზე ბედნიერი ადამიანია მთელ პლანეტაზე. უყვარს ელენე და ჰყავს ენ-რაოდენობით მეგობარი. ერთობა ყველგან, სადაც მოეპრიანება და იღვიძებს იქ, სადაც გულს გაუხარდება. აი ასეთი იმიჯით სარგებლობდა ეს ადამიანი უნივერსიტეტში და მის ფარგლებს გარეთაც კი. მთელი ქალაქი გიჟდებოდა მასზე. შეიქმნებოდა თუ არა რაიმე სახის პრობლემა, ჭირი იქნებოდა თუ ლხინი, რეზი იყო ყველგან და ყოველთვის. ამასთანავე, ნებისმიერი საქმე, რომელშიც ის იღებდა მონაწილეობას არ ეხებოდა თავად მას. 99% მისი საურთიერთო წრის თემა იყო. მოიცა, საკუთარი ფიქრები გადავახვიე... 99% არ ეხებოდა მას... ანუ... ანუ... ჯანდაბა რებე, ნუ ფიქრობ და მოუსმინე, ნუ ფიქრობ და მოუსმინე. ჰო, აი ასე...

სკამის საზურგეს მივეყრდენი და მოუთმენლად ველოდებოდი, როდის დაიწყებდა ის საუბარს.

- რეზი ჩანადირი. 21 წლის. სტუდენტი სამედიცინო ფაკულტეტზე. მაქვს პრობლემა... - აქ რეზი შეყოყმანდა და ცალი თვალით გადმომხედა. ამოიხვნეშა და გააგრძელა... - დედაჩემთან მაქვს პრობლემები. ჩემსა და მას შორის უზარმაზარი უფსკრულია.

- რაში გამოიხატება ეს ? - დაკვირვებული მზერით შეათვალიერა მერიმ რეზი.

- მას არ სურს ვიყო ისეთი, როგორიც ვარ. - ვატყობდი, უჭირდა ამაზე საუბარი.

- როგორი ხარ შენ ? - გვერდიდან მოუარა მერიმ.

- მე მამაჩემი არ ვარ. - კბილებში გამოსცრა რეზიმ და თვალებში გამხეცება დაეტყო. შევცბი და მერის შევხედე. მას არ გაჰკვირვებია, როგორც სჩანს ჰქონია მსგავს თემებთან შეხება.

- ჰო, შენ მამაშენი არ ხარ. შენ ხარ რეზი, ადამიანი, რომელიც არის სრულიად დამოუკიდებელი და რომელსაც აქვს სრული უფლება, რომ იყოს ის, ვინც არის. - თქვა მერიმ.

- ყველას არ აქვს საშუალება იყოს ისეთი, როგორიც არის... - ამოიკნავლა ზემოთ ხსენებულმა ორმოციოდე წლის ქალმა.

- თქვენი სახელი ?

- სოფია.

- წარმოგვიდგინეთ საკუთარი თავი, გთხოვთ.

- სოფია, 37 წლის, მაღაზიის გამყიდველი. - თითქმის ჩურჩულით მიუგო მას სოფიამ.

- სოფია, რისი თქმა გსურთ იმით, რომ ყველას არ აქვს საშუალება იყოს ისეთი, როგორიც არის ? - მერი მას მიუბრუნდა.

- გარემო არ უწყობს მას ხელს ამაში... მისთვის ძალიან რთულია შეებრძლოს იმ პირობებს, რაშიც მას ცხოვრება უწევს...

- ებრძვის კი ის საერთოდ ამ პირობებს ? - ეღიმება მერის.

- რა თქმა უნდა ებრძვის ! - შეშფოთდა სოფია.

- რა გზებით ებრძვის ?

- გამოთქვამს პროტესტს.

- მხოლოდ პროტესტის გამოთქმა საკმარისია ქალბატონო სოფია, როგორ ფიქრობთ ? - ეკითხება მერი და ხმას უდაბლებს.

- რას გულისხმობთ ? - კვლავ უსუსტდება ხმა სოფიას.

- იმას ვგულისხმობ, რომ მხოლოდ სიტყვებით ბრძოლა არაფერს იზამს, მით უმეტეს ამგვარი სიტყვებით, როგორც თქვენ მოგვახსენეთ. პროტესტი. რა არის პროტესტი ? პროტესტია აშკარა უკმაყოფილება, რომელიც ზოგ შემთხვევაში აგრესიულ გამოვლინებას ჰპოვებს. უკაცრავად, არა ზოგ შემთხვევაში, არამედ 80% შემთხვევებისა წარმოადგენს აგრესიას. რომელიმე თქვენგანმა სცადა ე.წ. პროსტესტი მშვიდად გამოეხატა ? - იკითხა მერიმ და თვალი მოავლო წრეს. - დარწმუნებული ვარ არა. რადგან თავად სიტყვა პროტესტის გამოყენება, უკვე აგრესიას იწვევს ქვეცნობიერად, მიუხედავად იმისა, რომ მას მსგავსი კონტექსტი საერთოდ არ გააჩნია.

- ანუ საკუთარ თავად ყოფნა არ უნდა ვცადოთ პროტესტის გზით ? - დაეჭვებით იკითხა რეზიმ.

- უნდა ვცადოთ, მაგრა, არა იმ პროტესტის გზით, რომელსაც თქვენ გულისხმობთ. უნდა შეგვეძლოს სიტუაციის განმუხტვა, საკუთარი აზრის დაფიქსირება და მოსაუბრისათვის საფიქრალი მასალის მიცემა. ანუ ჩვენ არ უნდა დავუდოთ მას საკუთარი თავი ფაქტის სახით, ჩვენ ნაწილნაწილ უნდა მივაწოდოთ მას ინფორმაცია, რომელსაც იგი პერიოდულად გადაამუშავებს და მხოლოდ ამის შემდეგ იძულებული იქნება მიიღოს ის, როგორც ფაქტი.

- ხშირად საკუთარი თავის პოვნა ძალიან რთულია... - ჩემთვის მოულოდნელად ხმას ვიღებ მე.

- თქვენი სახელი ? - მეკითხება მერი.

- რებე სხიერელი, სამედიცინოს სტუდენტი, 20 წლის.

- რისი თქმა გინდა კონკრეტულად რებე ?

- იმის, რომ ხშირად ადამიანები საკუთარ თავს დაკარგულად გრძნობენ, საკუთარი ადგილი ვერ უპოვიათ ცხოვრებაში და იდენტობას კარგავენ. - ვთქვი მე და თითქოს გონება გამინათდა. კრემისფერი ხალხი... ეს ის ადამიანები იყვნენ, რომელთაც არ გააჩნდათ საკუთარი იდენტობა, რომელთაც სურდათ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება, მაგრამ არ გამოსდიოდათ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ბევრ მათგანს ჰქონოდა გარკვეული თანამდებობა, საკუთარი ადგილი, ეს მხოლოდ მოჩვენებითი ფაქტორი იყო მათი იდენტობისა. საზოგადოება გულისხმობს ოჯახსაც, სამეგობრო წრესაც, ნათესაურ კავშირებსაც. ეს ადამიანები იტანჯებოდნენ შიშით, რომ ერთ მშვენიერ დღეს დაკარგავდნენ - მოპოვებულ ადგილს, რომ მათ თავისუფლად ჰკრავდნენ ხელს და ჩაანაცვლებდნენ სხვა ადამიანით. ისინი იტანჯებოდნენ საკუთარ თავში დაურწმუნებლობლობით. ისინი ვერ ტკბებოდნენ წამით. სასოწარკვეთით ებღაუჭებოდნენ წარსულს და მომავალს, შედეგად კი აწმყოს ივიწყებდნენ.

- და შენ როგორ ფიქრობ, საკუთარი თავის პოვნა როგორაა შესაძლებელი ?

- მმ... - ჩავფიქრდი მე. მე ვიცნობ საკუთარ თავს ? მე ვიცი ვინ ვარ ? ვიპოვე თუ არა ჩემი „მე“ ? შენ იპოვე ?

- პასუხი არ გაქვს ? - დაჟინებით მეკითხება მერი. მე კი კისრის ძარღვი ამეწვა რეზის მზერისგან.

- არ მაქვს... - თავი ჩავქინდრე მე და სასოწარკვეთამ ამიტანა. ნუთუ ამდენი ხანი სიცრუეში ვცხოვრობდი ?

- საკუთარი თავის პოვნა შეგვიძლია სხვებთან ურთიერთობისას, საკუთარი თავის პოვნა შეგვიძლია ბუნებაში, ხელოვნებაში, პროფესიაში...

- სიყვარულში... - ხმა ამოიღო დაბალმა ალკოჰოლიკმა და თვალები ცრემლით აევსო. გული მომიკვდა... ძალიან დიდ და ძლიერ ტკივილს იტევდა მისი მომწვანო, წყლიანი თვალები. დაშვებული ტუჩის კუთხეები ტანჯვას ასხივებდნენ და მძიმე სუნთქვა სასოწარკვეთას გასცემდა.

- დიახ, სიყვარულშიც...- თქვა მერიმ და დადუმდა.

...

საკმაოდ გაგვიგრძელდა საუბარი სხვადასხვა თემაზე. თითქოს ამ საუბარმა დამამშვიდა, მაგრამ ამასთანავე ამაფორიაქა და მაიძულა უფრო მეტი მეფიქრა საკუთარ თავზე. მაგრამ ჩემი ფიქრები უნებურად რეზისკენ იპარებოდნენ და თავგზას მირევდნენ. გულის ბაგაბუგს ვერაფერი მოვუხერხე. არითმია ნამდვილად არ მჭირდა, მაშ, რა იყო ეს ?

ქალბატონმა მერიმ მომხიბლა პირველივე ფრაზიდან. მას ბევრი ესმოდა და სვამდა ზუსტ კითხვებს კიდევ უფრო მეტის გასაგებად. მე ამ თვისებაზე ოცნებაც კი მიჭირდა.

მოულოდნელად გამოვფხიზლდი და შევამჩნიე, რომ კვლავ ღამით მიწევდა სახლში დაბრუნება. ამის გაცნობიერებასთან ერთად ჩემი შიშები დაბრუნდნენ და ჩაებღაუჭნენ ჩემ სამყაროს. ეს ეს იყო ვაპირებდი სირბილით წავსულიყავი სახლისკენ, რომ რეზის ხმის ტემბრმა ჟრუანტელი მომგვარა.

- გაგიყვან. - მისკენ შევბრუნდი და როგორც მე მომეჩვენა, შევეჩეხე მის სევდიან თვალებს. ძალიან ღრმა თვალებს... მეც კი ვამჩნევდი მათ სიღრმეს.

- ა-არა, გმადლობ. - ხმა გამიტყდა. სასწრაფო წესით შევბრუნდი, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა ვერ მოვასწარი. მხარზე შემოხვეული რეზის მძიმე ხელი ვიგრძენი, რომელმაც მის სხეულს მიმაკრო. გული საგულედან ამოვარდნას ლამობდა, შიშმა შეიპყრო ყველა ჩემი ატომი.

„განმეორედება, განმეორდება, განმეორდება. არ ენდო, არ ენდო, არ ენდო !“ მიწიოდა გონება, ყურები დამიგუბდა და ნისლმა მოიცვა პეიზაჟი. წარსულის განმეორება არ მსურდა, არ მსურდა !

- წამოდი. - ჩუმად თქვა მან. შემეშინდა, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და შევხედე. - ნუ მიყურებ დამფრთხალი შვლის თვალებით, არ ვიკბინები. - წარმოთქვა და მანქანისკენ შემაბრუნა.

- გამიშვი... - ამოვიკნავლე მე და უკან დახევა ვცადე.

- თუ გამექცევი დაგიჭერ და... - ეშმაკურად გაიღიმა მან.

- გთხოვ, ძალიან გთხოვ... - ყელში ბურთი მომაწვა, მან კი თავი გაიქნია და სხვა გზა არ დამიტოვა. უნდა წავყოლოდი. ვერ ვიყვირებდი, ხალხის მეშინოდა, ამავდროულად კი მეშინოდა რეზის... ჩავჯექი მანქანაში და მოვიკუნტე, გულისცემის დაოკებას ვცდილობდი, მაგრამ პირიქით, შემცივდა და ავკანკალდი.

- მომისმინე. - დაიწყო რეზიმ, როდესაც მანქანა ადგილს მოსწყდა. - ის, რაც დღეს მოისმინე, უნდა დაივიწყო, თითქოს არც ყოფილა, წაშალე გონებიდან. - მისკენ ვიყურები და ვამჩნევ მის დაჭიმულ ყბის კუნთს. უნებურად მეღიმება, ამ ღიმილს კი შარფში ვმალავ. თავს ვუქნევ და მინას ვედები. - კარგი გოგო ხარ. - ეღიმება მას, მაგრამ ნერვიული იერი თითქოს იმატებს მასში.

- მაშინ...

- ?

- მაშინ შენ თქვი, რომ რაღაც არ მოგეწონა... რას გულისხმობდი ? - გამახსენდა ჩვენი პირველი დიალოგი.

- წიგნის ჭიავ, ფიქრი გყვარებია. - ეცინება მას.

- დიახ მიყვარს. - ვბრაზდები მე.

- ჰოდა იფიქრე.

- მიპასუხე.

- იფიქრე-მეთქი.

- მიპასუხე რეზი ! - აშკარად მეტყობა სახეზე გაბრაზება.

- რებე ! - მანქანა გზიდან გადაჰყავს და აჩერებს. მე ვფრთხები და გადასვლა მინდა, მაგრამ არ გამომდის, ჩაკეტილი ვარ. ჩემკენ იწევს და შუბლს შუბლზე მადებს. მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეფინება და ჩასუნთქვის საშუალებას არ მაძლევს. ღრმად სუნთქავს და თვალებში მიყურებს. მე მის მზერაში ვიძირები, მე მის მზერაში ვხედავ იმას, რაც არასოდეს არავის თვალებში არ შემინიშნავს. წარმოუდგენელია ადამიანს აღაგზნებდეს ის, რომ სხვამ მის შესახებ რაღაც გაიგო. რაღაც, რაც ბნელით და საიდუმლოებითაა მოცული მის ცხოვრებაში. რეზი ახლა მხეცს ჰგავს. მშიერ მხეცს, რომელსაც კუთვნილ ტერიტორიას ართმევენ. მაგრამ მე ? მე რა შუაში ვარ ? ვერაფერს ვხვდები, ის კი მიახლოვდება და მისი ტემპერატურის შეგრძნება შეუხებლადაც კი შესაძლებელი ხდება. ხელს წელზე მიცურებს და მე პანიკური შეტევა მეწყება. ყურთან ჩურჩულით და ხრინწიანი ხმით ამბობს: - შენ ფერს მე ვერ ვარჩევ... შეცვლილხარ ნაცრისფერო. - მეუბნება და მომენტალურად მშორდება. მანქანას ელვის სისწრაფით წყვეტს ადგილს და სულ რაღაც ერთ წუთში ჩემი სახლის წინ ვდგავართ. ხმის ამოუღებლად გადავდივარ ავტომობილიდან და კარს ძლიერად ვიჯახუნებ. რაც შემიძლია ამაყი იერით შევდივარ სახლში და როგორც კი ვამჩნევ, რომ წავიდა, ისტერიკული ტირილი მიტყდება.

ვტირი, ვერ ვჩერდები. მტკივა.

იარები გაიხსნა, ჭრილობები კვნესიან.

გრძნობა იქ ღრმად შთაინთქა, შენობები მღერიან...

ვინ არის ? რა არსებაა ? რა უნდა ჩემგან ? ან რას ნიშნავს შევცვლილვარ, რატომ ნაცრისფერი ? არაფერი მესმის. სრულიად არაფერი... მტკივა, ძალიან მტკივა. ჩემი არარსებული სულიერი სამყარო მტკივა. თითქოს რაღაც ინგრევა ჩემში. ინგრევა, რათა ახალი წარმოიშვას. რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს ? რა იცის რეზიმ ჩემს შესახებ ? რა ჯანდაბა ხდება ? არაფერი, ვგრძნობ, რომ არაფერი იცის. ის სხვანაირად აღიქვამს ყველაფერს... ყველა ფერს... უბრალოდ სხვანაირად...

ტირილში ჩამეძინა. ძილში ვსრუტუნებდი და წარსული მახსენდებოდა... დამესიზმრა ყველაზე საშინელი დღე ჩემ ცხოვრებაში...

ვეხუტები, ისიც მეხუტება. წელზე ხელს მიცურებს და სხეულზე მიკრავს. ძალიან თბილა... თითქოს მშვიდად ვარ, მყუდროდ, მაგრამ შინაგან მკრთალ შფოთს ვერაფერს ვუხერხებ... თავს მის კისერში ვრგავ და ვცდილობ მოვწყდე რეალობას. სურნელი მაბრუებს, არც სუნამოსია, არც სხვა რამ ხელოვნურის. ბუნებრივი არომატია... ვიძირები სადღაც შორს, მაგრამ შფოთი მაინც ჩემთანაა. ვგრძნობ მისი ხელი როგორ მიწევს საჯდომისკენ. ვფხიზლდები და ვფრთხები, უკან დახევას ვცდილობ და არ გამომდის. ეს არ უნდა მოხდეს !“ მიწივის ქვეცნობიერი. მისი ძლიერი მკლავები კი მთელ სხეულზე მედება და განძრევის საშუალებას არ მაძლევს. ვუძალიანდები, ვთხოვ, ვევედრები, რომ გამიშვას. ვტირი, ვფართხალებ და იქვე საწოლზე ვადენ ზღართანს. ვცდილობ დრო ვიხელთო, ხელიდან დავუსხლტე და გავთავისუფლდე. კარისკენ მივღოღავ, მაგრამ მისი დიდრონი ხელები უკან მიმათრევენ. სასო წარმეკვეთა, საწოლის თავს ვეხეთქები და მძაფრ ტკივილს ვგრძნობ ზურგის არეში. წუთით გონება მებინდება, ის კი ამით სარგებლობს და ზემოდან მექცევა... ბოლო გაბრძოლებასაც ვცდილობ და უიმედობა ბნელში მიმათრევს...

კივილით ვიღვიძებ, საწოლიდან მომენტალურად ვდგები და მივრბივარ. მთელი სახლი შემოვირბინე. აბაზანაში შევდივარ და მოულოდნელად ჩემი ანარეკლი მაჩერებს უზარმაზარ სარკეში. არასოდეს მიყვარა სარკეები, მეზიზღებოდა ჩემი ანარეკლი, ჩემი სხეული, თვალები, ტუჩები. იმის შემდეგ ყველაფერი მეზიზღებოდა !

ვუახლოვდები და ვეხები სარკის ცივ ზედაპირს. არასასიამოვნო შეგრძნება მეუფლება და ვამჩნევ როგორ შევცვლილვარ... ლურჯი თვალები ჩამმუქებია, შავი თმა კიდევ უფრო გამუქებულა, დავსუსტებულვარ... როგორ ვოცნებობდი დასუსტებაზე ბავშვობაში, მაშ, რატომ არ მიხარია ახლა ეს ? რატომ ჩამომტირის სახე, რა სჭირს ჩემ თვალებს... ძველებურზე უფრო მეტად როგორ ჩაქრნენ ?... ეული ცრემლი აპობს თვალის ღარს და მიწვავს სახეს. წამით მეჩვენება, რომ თითქოს ჩემ უკან ის დგას... დგას და ცალყბად მიღიმის. სუნთქვა მეკვრება და განძრევასაც ვერ ვბედავ. თვალებს ვხუჭავ... რამდენი დრო გადის ? არ ვიცი... ის ვიცი, რომ თვალდახუჭული და აკანკალებული დიდი ხანია ვდგავარ... ძალიან დიდი ხანია...

კატეგორია: რომანი | დაამატა: Yume
ნანახია: 822 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar