ფერების შემგროვებელი /1/
24.05.2019, 11:32

დღეს, როგორც აპრილს შეეფერება ისეთი მზიანი დღეა. თბილა მიუხედავად იმისა, რომ ათაში ერთხელ გრილი სიო უბერავს. ახლა 13:30 წთ- ია და როგორც ყოველთვის მუყაოს ყავის ჭიქით ხელში, სკვერში ვზივარ. სიმართლე გითხრათ გამწვანებით და სილამაზით ეს სკვერი ვერ დაიკვეხნის და არც ბავშვები დარბიან უხვად, თუმცა შესვენებაზე თანამშრომლებისგან თავის დასაღწევად გამოდგება. აქაურობა მგონი ერთადერთი ადგილია, სადაც ჩემს ცხოვრებას სკვერს იქეთ ვტოვებ და სხვების ცხოვრებაში დაუკითხავად ვძვრები, ახლაც დროს არ ვკარგავ და ხალხზე დაკვირვებას წარბაწეული ვიწყებ. ორი წელია რაც არქივში დაღამებამდე ვმუშაობ, ბუნებისგან ბოძებულ დღის სინათლეს მხოლოდ შენობის უკან მდებარე ამ სკვერში ყავით ხელში თუ ვეზიარები ხოლმე. არ აქვს მნიშვნელობა როგორი ამინდია, მთავარია ყოველთვის მოიძებნება აქ ჩემთვის ერთი ადგილი.

რაც დრო გადის მით უფრო ვრწმუნდები, რომ ამ სკვერს ჩემსავით მუდმივი სტუმრები ჰყავს, მართალია მათი სახელები არ ვიცი,  მაგრამ თითოეულის მიხვრა მოხვრას და გამომეტყველებას ზედმიწევნით ვიმახსოვრებ გონებაში, ამიტომაც ზუსტად ვიცი ვინ რომელ დღეს რომელ საათზე  და რითვის მოდის აქ.  განსაკუთრებით ერთი გოგო იქცევს ჩემს ყუადღებას, როდესაც მას ვაკვირდები დანარჩენები ფონურ გამღიზიანებლად იქცევიან ჩემი თვალისთვის და ყურადღებას მათ საერთოდ ვეღარ ვაქცევ. როგორც დედაჩემი იტყოდა მას ,,უცხო“ სტილი აქვს, ამას ამბობს იმ ხალხზე რომლებიც მასის ერთფეროვნებისგან თვალშისაცემად გამოიკვეთებიან ხოლმე და ეს ,,უცხო“ გოგო ,,კაი ტიპშაა“- დეიდაჩემისეული რეპლიკაც მას ზედმიწევნით უხდება. ზამთარ ზაფხულ მუხლს ქვემოთ კარგად ჩაცილებულ კაბებს ატარებს, სქელსა თუ თხელს სეზონის შესაფერისად, კიდევ ფერადი კოლგოტები მოსწონს ძალიან და ყოველ მის კაბას გემოვნებიანად უხამებს ფერებს. არასოდეს დამინახავს დუტის ქურთუკსა და შარვალში გამოწყობილი. ზამთარში მუდამ სხვადასხვა ფერის პალტო ან საწვიმარი აცვია, გაზაფხულსა და ზაფხულში ფარფატა ჭრელი ზედებითა და კაბებით დადის. კოლგოტების კოლექციასთან ერთად ვატყობ ბერეტების ფერადი კოლექციაც უნდა ჰქონდეს. ფერბის შემგროვებელიც კი შევარქვი, რადგან ყოველ მოსვლაზე სხვადასხვა ფერია. სიმართლე გითხრათ აქ დღეგამოშვებით დადის და  დღესაც არ არღვევს ტრადიციას, შორიდანვე ვამჩნევ  ჩითის  კაბაში გამოწყობილს. ისე დადის გეგონება მიწაზე ფეხს არ აბიჯებს, ვისაც ქართულ ცეკვებთან და განსაკუთრებით დაისთან შეხება გქონიათ მიხვდებით თუ რას ვგულისხმობ ფეხის მიწაზე არ დადგმაში. ერთი სიტყვით ეს გოგო კი არ მოდის, მონარნარებს. დღეს კოლგოტის ჩაცმისათვის ზედმეტად ცხელი დღეა და ამიტომ მუქი ყავისფერი შუზები შიშველ ფეხზე აცვია, მდოგვისფერი წითელყვავილიანი კაბა კი სიარულისას არც კი ირხევა, ცალ მხარზე წვრილზორტიანი ყავისფერი ჩანთა გადაუკიდებია და მარჯვენა საჩვენებელი თითით პერიოდულად  ჩანთის ტარს აწვალებს. მოკლე ხუჭუჭა ჩალისფერი თმები სახეზე უწესრიგოდ აყრია და თვალები ძლივსღა უჩანს. ვერასოდეს ვახერხებ მისი თვალის ფერის გარჩევას, სიმართლე გითხრათ, რამდენჯერმე მქონდა შანსი ახლოდან დავკვირვებოდი მაგრამ, რატომღაც ჩემს თავს უფლებას არ ვაძლევ ახლოდან შევხედო, მირჩევნია შორიდან დავაკვირდე მის ყოველ მოძრაობას და ნაკვთებს.  სკვერის შუა გულამდე მოდის, მერე წამით ჩერდება,  ძალიან ნელა ქუსლზე ტრიალდება  და თვალს ირგვლიმყოფთ გვავლებს. მზერას ჩემს უკან, იასამნის ხესთან აჩერებს,  მაშინვე აქეთკენ მოდის. ჩემსავით მყუდრო ადგილს არჩევს ამ სკვერში. იასამნის ხესთან პატარა სკამია ხის  ტოტებში ჩამალული. როდესაც ადგილი თავისუფალი ხვდება, ყოველთვის სწრაფი ნაბიჯით მიიწევს ხოლმე  საყვარელი ადგილისაკენ, თითქოს ეშინია ვინმემ არ დაასწროს იქ დაჯდომა.

პირველად ყოველთვის ჩანთას იხსნის, ორად კეცავს ჩანთის სახელურს და სკამზე ნაზად დებს, მერე ტრიალდება კაბის კალთებს მუჭში იქცევს, ოდნავ მაღლა წევს და ჯდება, ყოველთვის მარცხენა ფეხს გადაიდებს მარჯვენაზე, თითებს ერთმანეთში ხლართავს და მუხლს თავისკენ ექაჩება,  ცოტახანი ასე ზის.  ხალხს აკვირდება, რამდენჯერმე ჩვენი თვალებიც აწყდებიან ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ მშვენივრად ხვდება განსაკუთრებით მას რომ ვაკვირდები, თუმცა არასოდეს არ აპროტესტებს ამას. მალე  ჩანთას ხსნის, პატარა ბლოკნოტს იღებს და სწრაფად ფურცლავს, რაღაცას მონდომებით ეძებს, თუმცა ფურცლებშორის ვერაფერს პოულობს, ამიტომ ყავისფერ ჩანთას უბრუნდება, საკეტს სწრაფად ხსნის და ახლა მის ჩხრეკას იწყებს,  თუმცა გაბრაზებული გვედით აგდებს მას და ფეხზე დგება,  მარცხენა ხელს თმებში იცურებს და აქეთ იქეთ სიარულს იწყებს. ეს ყველაფერი წამებში ხდება, უცებ თავს ჩემკენ აბრუნებს და დამფრთხალი მიყურებს, შეშინებულ ძაღლს ჰგავს. თვალს ვერ ვაშორებ მის გარდასახვას, არ მაინტერესებს რომ გამომიჭირა და ასეთ მდგომარეობაში ვნახე, უბრალოდ არ შემიძლია თავი გვერდით გავატრიალო თითქოს იქ არ იყოს ისე. თვალი მიშტერდება, ზუსტად ვიცი როგორი უემოციო სახე და არაფრის მთქმელი თვალები მაქვს ახლა, მაგრამ ახლა ყველა კუნთი ფუნქციონირებას წყვეტს და ერთ ადგილას ვხევდები, მის სახეზე ღიმილს ვამჩნევ, რომლის აზრსაც ახლა ვერ ვწვდები. ტრიალდება და ბლოკნოტს ჩანთაში აბრუნებს, პარკიდან  ისე გარბის, როგორც ყველა, ვისაც საფრთხე ფეხდაფეხ მიჰყვება. მე კი შესვენება მეწურება. ზანტად ვდგები სკამიდან, დაცლილ ყავის  ჭიქას ნაგავში ვაგდებ. მოკლე, მოტმასნილ კაბას გაჭირვებით ვისწორებ და დინჯი ნაბიჯებით მივუყვები მტვრიან ასფალტს სამსახურამდე.

13:30 წთ. გუშინდელი დღისგან განხვავებით დღეს საშინელი თავსხმა წვიმაა,  რის გამოც დილით იძულებული გავხდი ერთი კვირის წინ კარგად დაკეცილი და საგულდაგულოდ შენახული ლაბადა გამომემზეურებინა და ჩავთბილულიყავი. შენობის მძიმე, რკინის კარს ხმაურით ვხურავ და ჯიხურს სადაც ყავას ვყიდულობ თვალებმოჭუტული ვუყურებ. სიმართლე გითხრათ ისეთ ხასიათზე ვარ ქოლგის გახსნაც კი მეზარება, ამიტომ ფეხებზე ვიკიდებ სულ მთლად რომ ვიწუწები და ხელში ქოლგა ჩაბღაუჭებული ყავის ჯიხურისკენ მივდივარ. ერთი ცუდი ჩვევა მაქვს, თუ კი რაიმეზე ვფიქრობ და ეს ფიქრები ძალიან ღრმად მიტოპავენ და ჩემს ცნობიერსაც თან წაიყოლებენ ხოლმე, მაშინ ირგვლივ ყველაფრის არსებობა მავიწყდება. ახლაც ასე მოხდა,  ფეხსაცმილის კაკუნით ლამის გადავირბინე გზაზე, თუმცა ამ ქვეყანაზე მანქანის დამუხრუჭების ხმამ და შემდგომ უკვე გამბულმა სიგნალმა დამაბრუნა. ფეხები ისე მიკანკალებდა მეგონა იქვე ჩავიკეცებოდი, არ მახსოვს ქოლგა ხელიდან როდის გამივარდა. სწრაფად ავიღე და მძღოლს მოვუბრუნდი რომელიც მანქანიდან გამოსულიყო და შეშინებულ-ბრაზმორეული სახით მიყურებდა. ალბათ რამდენიმე წუთი მტუქსავდა, რომ ლამის დიდ ცოდვაში ჩავაგდე და მკვლელი გავხადე, მე კი ლაპარაკის თავიც არ მქონდა და ხმას არ ვიღებდი, მანამ სანამ ყელში არ ამომივიდა მისი თავდასხმა და ეგოისტური გამოსვლები. ერთხელაც არ უკითხავს რამე ხომ არ დავიშავე ან როგორ ვგრძნობდი თავს. მის ყვირილს უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდი და მივიწევდი გაოცებული ყავის გამყიდველისაკენ. ქალი სულ მთლიანად გაფითრებული იყო და პირღია მომჩერებოდა. ყოველდღიურ, სტაჟიან თავაზიან კლიენტს. სევდიანი მზერა მტყორცნა და უხმოდ გატრიალდა ყავის მოსამზადებლად, აღარც უკითხავს როგორი მინდოდა. მე კი სიცივესთან ერთად ემოციური შოკი მიღებდა ბოლოს და კუნთების ცახცახს ვერაფრით ვწყვეტდი, თუმცა ცხელი ყავა ყველაფრის მკურნალი შეიძლება იყოს, თუკი ამას დაიჯერებ, მე კი ყავის ზებუნებრივი შესაძლებლობების მწამდა. როგორც ყოველ წვიმიან დღეს, სკვერში ქოლგით ხელში წინ და უკან ჩემს გარდა არც არავინ დადიოდა. გამვლელებს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ ხან საით და ხან საით. რამდენჯერმე იასამნის ხეს ჩავუარე,  მხვილ წვიმის წვეთებს ხარბად რომ იტოვებდა გაშლილ ყვავილის გულებში. მასში ჩამალულ ხის დაფხაჭნილ სკამსაც გავხედე და ცოტახანი მასზე დანით ამოტვიფრულ სახელების კითხვა განვაგრძე.

ზოგჯერ უმისამართოდ დავდივარ, მგონია დავიკარგები და გავექცევი ჩემს ცხოვრებას, რომელიც შინ ფანჯარასთან მჯდომი მელოდება, ყაისნაღით ხელში და ჩემს მომავალს ქსოვს. მივყვები უცნობ-ნაცნობ ქუჩებს, რომლებიც სად ან ვისთან მიმიყვანს არ ვიცი, თუმცა მთავარია მოვშორდე იმას რაც ცდილობს მთლიანად მშთანთქას და გამაქროს. უნამუსოდ გავურბივარ უცნობებს, ნაცნობებს, ნათესავებსა თუ ყველაზე ახლო მეგობრებსაც კი. გავურბივარ იქ სადაც მგონია რომ ვერ მომაგნებენ, თუმცა ყოველთვის ახერხებენ ჩემს პოვნას და გულთბილად მიკრავენ გულში გზააბნეულს. აქაურობაც ერთგვარი სამალავი გახდა ჩემთვის. დარსა თუ ავდარში. იმდენად მძულს და ენერგიას მართმევს თანამშრომლების ვერ ჩამოყალიბებული ნიღბები, რომ მათთან გაჩერებას წვიმაში დგომა, ჭუჭყიანი ბუნებით ტკბობა და სრულიად უცხო ხალხის კანში შეძრომა მირჩევნია, ჩემი უემოციო, უმიმიკო სახით.  თვალს მაჯაზე დამაგრებული საათისკენ ვაპარებ და სწრაფად ვაგდებ მუყაოს ჭიქას აყროლებულ სანაგვეში. როგორც ყველა წვიმიან დღეს ახლაც ხუთ წუთს ვაგვიანებ სამუშაო ადგილზე. უკანა გზაზე მეტად დაკვირვებით ვამოწმებ გზას და ისე გადავდვარ შენობის მხარეს. რკინის კარს მთელი ძალით ვექაჩები, ქოლგას ვხურავ და სახეს ჭუჭყიანი წვიმის წვეთებს ვუშვერ, ხვალ აუცილებლად გამოვა მზე.

კატეგორია: რომანი | დაამატა: NANO
ნანახია: 340 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar