ფერების შემგროვებელი /5/
11.06.2019, 21:04

თუ კი გატყდი და წამში რაღაც აზრი აგეკვიატა, შენ კი საშუალება მიეცი, რომ მთლიანად გშთანთქას, მაშინ ჩათვალე რომ ღრმა ჭაობში ორივე ფეხით ხარ ჩაფლული და რაც უფრო ეცდები გაექცე მას მით უფრო ჩაგითრევს სიღრმისკენ, სუნთქვას შეგიკრავს და მალე მთლიანად მოგინელებს.

 როგორც კი მისი დაღუპვის ამბავი შევიტყე მაშინვე გამიჩნდა აზრი, რომ ეს ჩემი სასჯელი იყო და დავისაჯე ჩემი ეგოისტობისთვის. მე ჯერ ხომ მხოლოდ ანდრო მინდოდა მყოლოდა, მინდოდა ჩემთან ყოფილიყო, ჩემთვის გაეღიმა, მე მომფერებოდა, მე ვყვარებოდი და გავეღმერთებინე. ამ დროს კი დავივივწყე რა უნდოდა ანდროს ჩემს გარდა. არასდროს მიკითხავს მისთვის რა სურდა რეალურად. ყოველთვის ჩემი სურვილები ეხვეოდნენ გარსს, ის კი არასოდეს მიდიოდა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. მაშინაც როცა სახლიდან წამოვედი და გამოვუცხადე დღეიდან უკვე შენთან ვიცხოვრებთქო, სიხარულის მიუხედავად მას მე არჩევანის უფლება მოვუსპე. მერე კი მოულოდნელი სიხარულით მოვწამლე, იმ სიხარულით რომელიც ნამდვილად ანცად დახტოდა მის თვალებში, მერე კი ამასაც მოვუღე ბოლო, თუმცა სამაგიერო მანაც და ჩვენმა შვილმაც მწარედ გადამიხადა.

 სინანულს ლიმონზე მჟავე გემო აქვს, რომელსაც ვერაფრით ვერ გაანეიტრალებ. გგონია დრომ მიშველა? დრომ გამაფერადა?სულაც არა, უბრალოდ დღეების მიმოცვლასთან ერთად ჩემს ტრაგედიას ფერი შეეცვალა და დავაბიჯებდი ქუჩებში ისე თითქოს ჩემს ზურგს უკან ამოფარებული ტკივილი სრულად დამალული მყოლოდა. გამითენდა დღეები, რომლებიც საერთოდ არ დამიგეგმავს. ჩემი წარმოსახვითი მომავალი ერთ წელში განადგურდა. ჩემი ოცნებები, საპნის ბუშტივით გაქრა და დავრჩი რეალობაში, რომელსაც დიდი ხანი ვუარყოფდი. ვერაფრით ვერ ვიჯერებდი, რომ ქმართან ერთად შვილიც დავკარგე.  რაც არ უნდა საშინლად ჟღერდეს, ანდროს გარეშე ცხოვრებას ვეჩვეოდი, შეიძლება ამაში მის მიმართ გაჩენილი საშინელი ბრაზი მეხმარებოდა. მაგრამ ვერაფრით ვიჯერებდი იმას რომ შვილიც დავკარგე. ირგვლივმყოფთაგან მესმოდა, რომ მკვდრები ყველაზე საცოდავები არიან, მიწაზე დარჩენილებს კი ყოველთვის გვეშველება და გამოჩნდება იმედი, რომელიც სიცოცხლის გაგრძელების განმაპირობებელი სტიმული იქნება. მე კი მძულდა მათი მონაჩმახი. სულაც არ იყვნენ მკვდრები ცოდონი, შესაძლოა ყველაზე ბედნიერად ეცხოვრათ იქ საიდანაც არავინ არასდროს მობრუნებულა, სადაც ღმერთმა უწყის ცეცხლის ალები დაკრთიან თუ ია-ვარდი ჰყვავის. მე კი აქ მწვავდა ჯოჯოხეთის ცეცხლი, ისე რომ ალი არ მეკიდებოდა. ზუსტად ვიცოდი თავს ბედნიერად ვერასოდეს ვიგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ ვსუნთქავდი, ვარსებობდი და ჩვეულებრივად ვუყოლებდი  ცხოვრებას ფეხს. ეს ყველაფერი კი ნებრისმიერ კარგად დაპროგრამებულ რობოტს შეეძლო, არათუ მე.

ერთ დღეს კი მამამ დამირეკა და დედაჩემის ავადმყოფობის  შესახებ შემატყობინა და მთხოვდა მივსულიყავი მათთან, არც ისე ხშირად მივდიოდი მშობლიურ სახლში და ძირითად დროს ჩემი და ანდროს ბინაში ვატარებდი, რაღაცნაირი ბრაზი მიბყრობდა და ვერ ვგუობდი მშობლებთან ერთად ერთ ოთახში ყოფნას და მათ ხელოვნურ თანაგრძნობას, რადგან ზუსტად ვგრძნობდი, რომ ჩემი საერთოდ არ ესმოდათ და არც ისე სტკიოდათ ტკივილი რომელიც შინაგანად მჭამდა, ამიტომაც ვარიდებდი მათთან სტუმრობას თავს და თუ კი ვხვდებოდით სადმე, ვირგებდი ახალ ნიღაბს, რომელსაც არც თუ ისე ბევრი ღარი ჰქონდა სახეზე. აღმოჩნდა, რომ მივდიოდი დედასთან, რომელიც ყოველ დღე ელოდა სიკვდილს, რომელსაც არავინ იცის რეალურად როგორი ფორმა და სახე აქვს, წესით დარდი, სინანული და ტკივილი უნდა მეგრძნო, იმ წუთებში კი სინანულის ზედმეტად პატარა დოზით და მოვალეობის მოხდის დიდი სურვილით ვსულდგმულობდი. სიმართლე ვთქვა სანამ 15 წლის გავხდებოდი ჩვეულებრივი დედა იყო, ავტორიტარული აღზრდის სტილით,  მერე კრიზისული პერიოდი ორივეს დაგვიდგა, მეც შევიცვალე და ჩვენს შორის იმხელა უფსკრული გაჩნდა, რომ მასში ჩავარდნის შიშით არცერთი არ ვიწყებდით მყარი ხიდის აგებას.

როდესაც მშობლიურ სახლში მივედი, დედა ძალიან დაუძლურებული მეჩვენა. მამა ხელის კანკალით აჭმევდა საჭმელს. რაღაცნაირი, ჩემთვის გაუგებარი სიყვარული აკავშირებდა ამ ორს. მახსოვს ფეხაკრეფით შევიპარე ოთახში და მათ პირდაპირ - სავარძელზე ჩამოვჯექი. დედამ როდესაც დამინახა გაოცდა, თვალები გაუნათდა და გამიღიმა, მაგრამ წამიერად, მერე ამოუცნობმა სევდამ მოიცვა მისი თაფლისფერი თვალები და მამას ჩემთან მარტო დატოვება სთხოვა.

დედაჩემსაც როგორც დედების ურავლესობას, მიაჩნდა რომ ყოველთვის ზედმიწევნით იცოდა რა მჭირდებოდა მე და რა იყო ჩემთვის ყველაზე კარგი. მას სიცოცხლის ბოლო წუთამდე ეჯერა, რომ ძალიან დიდი სიკეთე გამიკეთა. სურდა ნაკლები ტვირთი მეზიდა, გამეგრძელებინა ცხოვრება ისე როგორც მის შვილს ,,შეეფერებოდა“ ანუ ჩემს ასაკში არ უნდა მყოლა ქმარ-შვილი, მთელი ჩემი რესურსი სწავლასა და მეგობრებთან ერთად გართობაში უნდა ჩამედო და რაც მთავარია დედასთან მიჯაჭვულობა არ უნდა გამეწყვიტა. თითქოს დედაჩემმა ჩემი დაბადებისას უარი თქვა ჩემთვის ჭიპლარი გადაეჭრათ და მისგან გავეთავისუფლებინე. თითქოს ისევ მის ნაწილად აღმიქვამდა და ვერც კი უშვებდა იმ ფაქტს, რომ მისგან დამოუკიდებლად ბედნიერად ცხოვრება შემეძლო.

კატეგორია: რომანი | დაამატა: NANO
ნანახია: 66 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar